22
1 FB.COM/GROUPS/ELLIB მორჩილაძე აკა წიგნიდან აპოკრიფები ჰოლმსის საშაქრე დოქტორ უოტსონის მგზავრობა, მის მიერვე აღწერილი ეს იყო გაზაფხულის ადრიან დილით. ამ დილას ჯერ ვერც კი უწოდებდი განთიადსა თუ რიჟრაჟს. ცხოველმყოფელი მზის ღონიერი სხივები, რომლებიც, ჩემდა გასაოცრად, ერთნაირად ათბობენ ღირსეულ და უღირს ადამიანებს, ჯერ უსუსტეს ღვიძილსაც კი არ ამცნობდნენ ბუნებას. მთის ნიავის უცნაურად თამამი ჰაერის ნაკადულები გვცემდა ცხვირში და გულის ძილის მოგვრის ნაცვლად, გვაფხიზლებდა ჩვენ, დილიჟანსში მსხდომთ. მოკლედ, ღამე იყო. ამასვე მიმტკიცებდა ჩემი ფრანგი თანამგზავრი ჟოფრუა დე სავინიაკი, როგორც თვითონ აცხადებდა, მარკიზი მოლენბუ. მაგრამ როდის აქეთაა, რომ მარკიზები საერთო დილიჟანსებს სამ-სამი დღის განმავლობაში ელიან პატარა და მყრალი ქალაქების, აგრე დავარქვათ, სასტუმროებში? თუმცა, ფრანგებისაგან რას გაიგებ? ამ ხნისა მოვიყარე და ფრანგი არ მენახა. ახლა კი ვნახე და დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ამ ხალხს შეუძლია ერთდროულად ღამის დილიჟანსში ჯაყჯაყი და თანაც თავისი წარმომავლობით ტრაბახი. ფრანგის გარდა, ჩვენს ეკიპაჟში წევრად იყო ერთი ახალგაზრდა, ტანდაბალი კაცი, ხშირი წვერითა და მგზავრობაში შელანძღული სამოსით, ერთთავად მდუმარე და დაკვირვებული, ალბათ შორიდან მოდიოდა. ფრანგის და ახალგაზრდა კაცის გარდა, ეკიპაჟს მოჰყვებოდა ერთი წირპლიანი, უღირსი ხელქვეითის იერის ადამიანი, რომელსაც რაღაც სამხრეები და პორტუპეა კი უბრწყინავდა ბეჭებსა და გულისფიცარზე, მაგრამ დაბეჯითებით ვერც ახლა ვიტყვი, ოფიცერი იყო, თუ არა. ანკი როგორ ვიტყვი, როცა ამ ქვეყანაში ყველას, მეეზოვესაც კი სამხედრო სამოსი აცვია?

წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

  • Upload
    -

  • View
    621

  • Download
    48

Embed Size (px)

DESCRIPTION

მოიძიე წიგნებიhttps://www.facebook.com/groups/ELLIB/pdf doc ebup mobi

Citation preview

Page 1: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

1

FB.COM/GROUPS/ELLIB

მორჩილაძე აკა

წიგნიდან აპოკრიფები

ჰოლმსის საშაქრე

დოქტორ უოტსონის მგზავრობა, მის მიერვე აღწერილი

ეს იყო გაზაფხულის ადრიან დილით. ამ დილას ჯერ ვერც კი უწოდებდი განთიადსა თუ

რიჟრაჟს. ცხოველმყოფელი მზის ღონიერი სხივები, რომლებიც, ჩემდა გასაოცრად,

ერთნაირად ათბობენ ღირსეულ და უღირს ადამიანებს, ჯერ უსუსტეს ღვიძილსაც კი არ

ამცნობდნენ ბუნებას. მთის ნიავის უცნაურად თამამი ჰაერის ნაკადულები გვცემდა

ცხვირში და გულის ძილის მოგვრის ნაცვლად, გვაფხიზლებდა ჩვენ, დილიჟანსში

მსხდომთ.

მოკლედ, ღამე იყო. ამასვე მიმტკიცებდა ჩემი ფრანგი თანამგზავრი ჟოფრუა დე სავინიაკი,

როგორც თვითონ აცხადებდა, მარკიზი მოლენბუ. მაგრამ როდის აქეთაა, რომ მარკიზები

საერთო დილიჟანსებს სამ-სამი დღის განმავლობაში ელიან პატარა და მყრალი ქალაქების,

აგრე დავარქვათ, სასტუმროებში?

თუმცა, ფრანგებისაგან რას გაიგებ? ამ ხნისა მოვიყარე და ფრანგი არ მენახა. ახლა კი ვნახე

და დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ამ ხალხს შეუძლია ერთდროულად ღამის დილიჟანსში

ჯაყჯაყი და თანაც თავისი წარმომავლობით ტრაბახი.

ფრანგის გარდა, ჩვენს ეკიპაჟში წევრად იყო ერთი ახალგაზრდა, ტანდაბალი კაცი, ხშირი

წვერითა და მგზავრობაში შელანძღული სამოსით, ერთთავად მდუმარე და

დაკვირვებული, ალბათ შორიდან მოდიოდა.

ფრანგის და ახალგაზრდა კაცის გარდა, ეკიპაჟს მოჰყვებოდა ერთი წირპლიანი, უღირსი

ხელქვეითის იერის ადამიანი, რომელსაც რაღაც სამხრეები და პორტუპეა კი უბრწყინავდა

ბეჭებსა და გულისფიცარზე, მაგრამ დაბეჯითებით ვერც ახლა ვიტყვი, ოფიცერი იყო, თუ

არა.

ანკი როგორ ვიტყვი, როცა ამ ქვეყანაში ყველას, მეეზოვესაც კი სამხედრო სამოსი აცვია?

Page 2: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

2

“მეტის ღირსი ხარ, ჯონ”, – ვეუბნებოდი საკუთარ თავს. – “მესამე კვირაა გზაში ხარ და

ახლა წუწუნს აზრი არა აქვს. საერთოდ, მეგობრობას წუწუნი არ უხდება. რახან

დათანხმდი, უნდა გაჩუმდე კიდეც”.

ჩემი მეგობრის, სულგანათლებული შერლოკ ჰოლმსის გულისთვის, სამკვირიან

მგზავრობას კი არა, სამეფოს ყველაზე სახელგანთქმულ დამნაშავეებთან შებმასაც არ

დავრიდებივარ.

სიმართლე რომ ვთქვა, აქეთ გამომგზავრება უფრო იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჰოლმსი

მომენატრა. სწორედ შარშან გაზაფხულზე იყო, რომ ჩემმა მეგობარმა სამოგზაუროდ წასვლა

გადაწყვიტა, მე და ჩემს მეუღლეს გამოგვეთხოვა და ჩვეული ირონიით გამომიცხადა:

“ძვირფასო უოტსონ, ეგებ თქვენ თქვენი ავღანური საბრძოლო თავგადასავლებიც

გყოფნით, ან კიდევ შვეიცარიის ალპებში გატარებული მძიმე დღეების გახსენება... მე კი,

მოგზაურობა მომენატრა”.

ამის შემდეგ ჰოლმსი სრულიად მოულოდნელი ადგილებიდან მიგზავნიდა წერილებს.

ამ წერილებით, რომლებიც ჩემს საკუჭნაოში ინახება, საუცხოო სამოგზაურო რვეულის

შედგენა შეიძლება და, ალბათ, ამასაც მოვახერხებ ოდესმე, მაგრამ ახლა ის მინდა

გითხრათ, რომ მისი უკანასკნელი წერილი სულ სხვა შინაარსისა იყო. ჰოლმსი მთხოვდა,

რომ აღგვედგინა ჩვენი წყვილი, უკანასკნელად გვემუშავა ერთად და ერთი საკმაოდ

დელიკატური საქმის გამოძიების შემდეგ სამუდამოდ გავყრილიყავით, როგორც

თანამოსაქმენი.

ამიტომაც ვიჯექი ახლა დილიჟანსში. ზურგს უკან მრავალი ათასი მილი იდო. ხუმრობა

ხომ არ არის? დედამიწა ხომ არსად იწყება და არსად მთავრდება.

ამ ღამით, უფრო კი დილით, მე მაოცებდა ცრუ მარკიზის უდარდელობა. ის პირდაპირ

ბოთლიდან ხვრეპდა რაღაც საზიზღარ სითხეს და აქაური ბუნების სიდიადესა და ხალხის

მკაცრ ადათებზე ჰყვებოდა. ესო, ამბობდა დე სავინიაკი, მთების პოლინეზიააო. აქ

ჩაცმული მაიორები ცხოვრობენო. ამან, რა თქმა უნდა, თავიდანვე დამაეჭვა, რადგან

ხსენებული ფრანგი არ გახლდათ იმ სულიერი წრთობისა და, თუნდაც გარეგნული

ვაჟკაცობის კაცი, რომ პოლინეზიელებით დასახლებულ მთებში ამგვარი სითამამით

გარჯილიყო.

ბუნების სიდიადე და სილამაზე სიდიადედ და სილამაზედ იყოს, ღამით მე ვერაფერს

ვხედავდი. იქაური სილამაზე სულ განზე დამრჩა და მთის ჩქარი მდინარის ხმაურიც კი

ვერ ესალბუნებოდა ჩემს ყურს, რადგან ამ დაუსრულებელ რაფსოდიას დილიჟანსის

რახრახი სჯობნიდა. თანაც, რაოდენ ცრუ და სულელურიც უნდა ყოფილიყო, ფრანგის

ნაამბობი მოქმედებდა და მე ბრემ სტოკერის საშინელი წიგნი, “ვლახეთის კლდეებში

გაჭრილი გზა” მახსენდებოდა.

შვებას ის მგვრიდა, რომ ერთი წლის უნახავ მეგობართან შესახვედრად მივიჩქაროდი.

– ცხენები სწორედ იქ უნდა გამოვიცვალოთ.

Page 3: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

3

– რომელი საუკუნეა? კაღტუშის დროება აქ გაცოცხლებულა. აი, შეხედეთ ამ უბღალო

მოხელეს, – ხმას დაუწია მან. – აი, ეს არის ამათი ქვეყანა. წაგიკითხავთ დე კიუსტინის

წიგნი?

– არა, – მივუგე ალალად.

– ოო, თქვენთან ძნელია მეცნიერულად საუბარი, – ჩაიცინა მან.

– თქვენთან კი – ადამიანური საუბარი.

– ლაღსის შემდეგ იქნება ანანუღი, – რუკა გაშალა მან, – ჩემი ბოლო სადგუღი აღის

ტიფლის. თქვენი?

– ჩემი ლარსია, – მივუგე თავმობეზრებულმა.

– აბა, ღა ცხენების გამოცვლა აგიტყდათ? – თითქოს ეწყინა მას.

– თუ უკაცრავად არ ვიყო, – თქვა უცებ იმ წვეროსანმა ახალგაზრდა კაცმა ჩემზე უარესი

ფრანგულით – თქვენ ანგლიიდამ მობრძანდებით?

– დიაღ.

– ერთს შეგეკითხებით.

– ინებეთ.

– როგორ არის მდგომარეობა ჩარლზ პარნელისა1 დღეს?

აი, ასეთ კომპანიაში მოხვედრილს ერთი ფიქრიღა მქონდა – დროზე ჩამეღწია ლარსში,

სადაც ჩემი ერთი წლის უნახავი მეგობრისაგან დამხვდებოდა ან რაიმე ცნობა, ან ცხენი და

მეგზური.

გენერალ ყაზიბეგის, იგივე გაგი ჩოფიკაშვილის ღამეული სტუმრები

იქნებოდა საღამოს ცხრა საათი, როდესაც, სოფელ ყანობს მიადგა რამდენიმე

შეიარაღებული ცხენოსანი. ესენი იყვნენ შამსუდინ ბეგის ყმები, რომლებიც მთელს ხევში

დაეძებდნენ იქაურ ბატონსა და მმართველს, გენერალ ყაზიბეგს. შამსუდინის კაცები უკვე

ყოფილიყვნენ გენერალ ყაზიბეგის ორ რეზიდენციაში, მაგრამ დაუდგრომელ სამხედროს

ორივედან გაესწრო მათთვის.

– ვინ მოდის? – იკითხა გუშაგმა.

– ალაჰი იყოს შენი მფარველი, შამსუდინის ყმები ვართ, – იყო პასუხი.

– რა გინდათ?

Page 4: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

4

– ჩვენი ბეგის საჩუქარი ჩამოვუტანეთ თქვენს ბატონს, – ჩამოქვეითდა მოწინავე მხედარი.

– მაშ კარგი, წამოდით...

და გუშაგი გაუძღვა ჩაჩნებს ორსართულიან სახლის გალავნიან ეზოსაკენ.

გენერალი ყაზიბეგი დაუხვდა მოსულებს ხის სკამში ფართო მაგიდასთან მჯდომი და

მთვლემარე. ყველამ ცალ მუხლზე დაიჩოქა.

– ჩვენი პატრონის, შამსუდინის საჩუქარი, – ტომარა დაუდეს ფეხებთან ყაზიბეგის ბატონს.

– სტავროპოლიდან მოუვიდა.

გენერალი წამოდგა, გადმოდგა ორიოდე ნაბიჯი ჩაჩნებისკენ და უთხრა:

– მადლობა და ჩემი ერთგულება გადაეცით შამსუდინ ბეგს. თქვენ შეგიძლიათ, ამაღამ

მოისვენოთ და პური მიიღოთ ჩემს სახლში.

– მადლობთ ბატონო, შენი ჭერი წმინდაა ჩვენთვის, მაგრამ გზა გრძელია და ფეხს უნდა

ავუჩქაროთ.

ამაზე გაიყარნენ.

ოთახში მარტოდ დარჩენილმა გენერალმა მსახურს უხმო.

– სტუმარს დაუძახე და სანდროს მასწავლებელიც შემოიყვანე, მოგვითარგმნოს.

ოთახში ტანხმელი, მაღალი კაცი შემოვიდა. გენერალმა გაბადრული სახით და ხელის

მოხდენილი მოძრაობით მიუთითა სავარძელზე. ამ დროს გამოჩნდა მეორე კაციც,

საღამოურ ხალათში ჩაცმული, თმაგაწეწილი და სათვალემორგებული.

– აბა, კარაჩოლავ, – მიმართა გენერალმა ამ მეორეს, – პერევედი, ჩტო ხატელ, ვსო პრინისლი

ი მოჟეტ მუზიციროვატ.

ამ სიტყვებზე მან გახსნა ტომარა და იქიდან ამოალაგა დიდი რვეულები და ვიოლინოს

ყუთი.

– ოჰო, ნოტები, – თქვა მაღალმა კაცმა და რვეულის ყდას დახედა – შუბერტი. მაგრამ ეს

ვიოლინო არ არის. ეს ალტია.

– თქვენი ჭირიმე, მადლობა უთხარით, – აღმოხდა ხალათიანს.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა მაღალმა – გულიც გაუსკდება, ამის ახსნა

რომ დავუწყო.

გენერალმა ხელები მოიფშვნიტა და მასწავლებელს მიმართა:

– აბა, კარაჩოლავ. ახლა თუ ავუსრულე ყველაფერი, ხომ მაპოვნინებს ლომისის საგანძურსა.

ამ ჭკვიან კაცს მე ხელიდან ვერ გავუშვებ და შენც პირდაპირ უთხარი, რომ რაც მალე

ააწრუპუნებს მაგ ვიოლინოს და ამით ფიქრებს მოიჯარავს თავში, მით მალე წავა ქალაქსა...

ოხ. ეს რუსულად უნდა მეთქვა...

Page 5: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

5

– გითარგმნოთ, მისტერ ჰოლმს? – მიუბრუნდა იტალიელი მაღალს.

– არა. ფლიბუსტიერების ენა საერთაშორისოა, – გაიღიმა მან.

იქნებოდა საღამოს ათი საათი, როცა სოფელ ყანობიდან ჭენებით გამოვარდა რამდენიმე

შეიარაღებული ცხენოსანი.

დოქტორ უოტსონის საუზმე ლარსის სადგურში

ბოლოს და ბოლოს, როდესაც დავშორდი ცრუ, თუ მართალ მარკიზ მოლენბუს, შვებით

ამოვისუნთქე და შევედი ლარსის სადგურში, სადაც ჩაის სვამდნენ ჩემი ახალგაზრდა

თანამგზავრი და ერთი სრულიად უცნობი და გაქუცული ოფიცერი. ახალგაზრდა კაცმა,

რომლის გვარის გამოთქმაც ახლა გამიჭირდება, სუფრასთან მიმიწვია. ოფიცერმა თამამად

ჩამომისხა ჩაი და უცერემონიოდ განაგრძო საუბარი ჩემთვის უცნობ და ალბათ, რუსულ

ენაზე.

ჩაი კი ჩამომისხეს, მაგრამ მისი დალევა ჩემთვის შეუძლებელი შეიქნა, რადგან სითხე ესხა

თხელ, გამჭვირვალე ჭიქაში, სწორედ რომ ჭიქაში და არა ფინჯანში და ამ ჭიქას ყური არ

ჰქონდა. მე კი, რა გასაკვირია და, თითები მოკალული არ მქონდა. გულისხმიერმა

ახალგაზრდა კაცმა ჩემი გაჭირვება ამოიცნო და ჭიქიდან ლამბაქზე გადმომისხა ჩაი, ეს

რუსული წესია და ასე დალიეო.

ისინი საუბარს განაგრძობდნენ, მე კი ლამბაქიდან ვხვრეპდი ჩაის.

ჰოლმსისა არაფერი ისმოდა. არც ჩემი მეგობარი ჩანდა, არც მისგან გამოგზავნილი წერილი,

არც ცხენი. პარნელის მოღვაწეობით დაინტერესებული ახალგაზრდა წუთი წუთზე ელოდა

ცხენებს, რათა სამხრეთისაკენ წასულიყო. ფრანგს მართლაც, რომ ჰერცოგულად დაუხვდა

ეკიპაჟი და წავიდა. გაქუცული ოფიცერი კი აქვე ახლოს მსახურობდა.

მათი ლაპარაკის მე არაფერი მესმოდა, მაგრამ ჩანდა, ოფიცერი ცნობისმოყვარეობას

შეეპყრო და ხშირად გამოაპარებდა ხოლმე ჩემსკენ თავის უფერო თვალებს.

ბოლოს ახალგაზრდა კაცმა ღიმილით მომმართა:

– ამ ბატონს აინტერესებს, ვინა ხართ. ატყობს, რომ ევროპელი ბრძანდებით და დიდ

სიამოვნებას მოჰგვრის თქვენთან გასაუბრება. თარჯიმნად მე გამამწესა და არც ვიცი,

როგორ გამომივა ეს საქმე. თანახმა ხართ?

მე მივუგე, რომ მედიდური კაცი არ გახლავართ, მაგრამ დაღლილი ვარ და თანაც, წერილის

ან ცხენის მომლოდინე, და ვეჭვობ, საუბარი საინტერესო გამომივიდეს.

Page 6: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

6

– არა უშავს, – ტაში შემოჰკრა ოფიცერმა და ახალგაზრდა კაცის მეშვეობით დამეკითხა: –

სადაური ხართ?

– ინგლისელი, – მივუგე მე.

– ოო, დიდად მეამა, რომ ინგლისელი ხართ, – პაპიროსი გააბოლა მან. – რაც კი ცხოვრებაში

ინგლისელი მინახავს, ყველა ჭკვიანი გამომდგარა. მეორე ინგლისელი ხართ, ვისაც

შევხვედრივარ... ახლა მითხარით, ვინ ითვლება ინგლისში ყველაზე გამოჩენილ კაცად?

– ძნელი სათქმელია, – აბა, როგორ უპასუხებ ასეთ სულელურ შეკითხვას?

– ახლა ინგლისს მეფე ჰყავს, თუ დედოფალი?

– დედოფალი.

– მაშ, საწყენად ნუ მიიღებთ და ქალების ხელმწიფობისა მე არა მწამს. ქალი ჩექმას ვერ

ჩაიცმევს და თქვენს სახელმწიფოს რომ ომი მოუხდეს, ჯარს ვინ გაუძღვება?

– ჩვენს სამეფოს ყოველთვის ომი აქვს და გენერლები ღირსეულად უძღვებიან საქმეს.

– ყოველთვის ომი აქვს? მაშ, ძლიერი ქვეყანა ყოფილა.

– რუსეთზე ძლიერი კი არის, – მითხრა ახალგაზრდა კაცმა, – კარგი ქვეყანაა, მაგრამ რატომ

სტანჯავს ირლანდიას?

– მე ექიმი ვარ, – ვუპასუხე მას, – მე ყოველ ავადმყოფს ერთნაირად მოვუვლი.

როგორ შეიტყო ოფიცერმა, რომ მე ექიმი ვარ, ძნელი სათქმელია. მან წვეროსან

ახალგაზრდას ხელი წაატანა და რაღაც უთხრა.

– მეჭეჭი ჰქონია და როგორ მოვირჩინოო? – გადმომცა შეკითხვა ახალგაზრდამ.

– ძმარმჟავა უნდა დაიწვეთოთ ან ცარცი წაისვათ.

უთარგმნა თუ არა ახალგაზრდამ ეს სიტყვები ოფიცერს, ეს უკანასკნელი ზეწამოიჭრა და

მხურვალედ ჩამომართვა ხელი.

– მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისელები ჭკვიანი ხალხია! – შესძახა მან. –

ცხოვრებაში მეორე ინგლისელი ვნახე და მანაც ბრძნულად მირჩია. აჰ, რა ხალხია ეს

ინგლისელები...

– პირველმა რა გირჩიათ? – ვკითხე უაზროდ.

– პირველმა ქურდების გამოჭერის ხერხი მასწავლა. ეჭვი მქონდა, რომ ჩემი დენშჩიკი

შაქარს მპარავდა, მაგრამ როგორ ვამხელდი? იმ ინგლისელმა მითხრა, საშაქრეში ცოცხალი

ბუზი ჩასვი და როცა მას თავს ახდი, თუ ბუზი ამოფრინდება, დარწმუნდები, რომ შაქარი

არავის მოუპარავს, თუ არაფერი ამოფრინდა, მიხვდები, რომ დენშჩიკს უეშმაკნიაო!.. აი,

ასეთი ჭკვიანი კაცი იყო...

Page 7: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

7

ამ სიტყვებზე სადგურის შენობის კარი ხმაურით გაიღო და ოთახში შემოვარდა ახოვანი,

წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში კომბალი ეჭირა, კეფაზე კი ჩერქეზული

ქუდი მოეგდო. ის მოხდენილი მოძრაობით გამოექანა ჩვენი მაგიდისაკენ და ჩემს გვერდით

მჯდომ წვეროსან ახალგაზრდას გადაეხვია.

– ილიკო! – შესძახა მან.

– სანდრო! – გაეხარდა ჩემს თანამგზავრს.

ხვევნა-კოცნას რომ მორჩნენ, ჩემმა თანამგზავრმა მოწიწებით წარმადგინა:

– ბატონი უოტსონი, ინგლისიდან! ეს კი, – მომიბრუნდა მე,– აქაური მეცხვარეა, სანდრო...

ჩემი ძველი ნაცნობი.

– რამ გადმოგაგდოთ ჩვენს მხარეში? – ეს კაცი საუცხოოდ ფლობდა ჩვენს ენას...

– ეეე, – გამიკვირდა მე, – საჭიროებამ...

– ნუ გიკვირთ, ჩვენში ყოველი მეცხვარე ლაპარაკობს თქვენს ენაზე, – მერე კი ოფიცერს

შეხედა თვალების ბრიალით, – ამას რა უნდა აქ?

– დაწყნარდი, სანდრო, ჩემი ხათრით, – ფრანგულად მიეფერა ჩემი თანამგზავრი, – ჩაიზე

დავპატიჟე.

– რუსის დაპატიჟება როგორ შეიძლება? მასპინძლად გაგიხდება...

– ასეც იყო, – გამეცინა მე და საათი ამოვიღე. შუადღე სრულდებოდა.

როდემდე უნდა ვმჯდარიყავი ამ უბადრუკ ადგილას?

ეჰ, ჰოლმს, ჰოლმს...

ორი რაინდის საუბარი დუქანში

იქნებოდა შუადღის ორი საათი, როდესაც ლარსის ფოშტის სადგურის პირდაპირ მდებარე

დუქანში, სადაც შეიყრებოდნენ ხოლმე უდარდელი მგზავრები, კიდევ უფრო მეტად

უდარდელი ოფიცრები და საზოგადოდ აღიარებული ლოთები, სანდრო და ილიკო

მაგიდასთან ჩამოსხდნენ ერთ ბოთლ ღვინოსთან.

– შენ სვამ? – ჰკითხა ილიკომ.

– მე? ეს ახმეტის ღვინოა, ილიკო, ერთი სტაქანი შეიძლება.

Page 8: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

8

– კარგი, ოღონდაც, შენი დათრობა რომ მახსოვს, იმას აღარ მოვითმენ.

– ახლა კარგადა ვარ, – გაეცინა სანდროს.

– რასა იქმ, ჩემო სანდრო? რას საქმიანობ? – მხარზე მოუსვა ხელი ილიკომ.

– მხიარულადა ვარ, გასართობს რა გამოლევს? – ბოთლს წამოავლო ხელი სანდრომ, – რაც

საგიჟედან გამოვიქეცი, ხევში ვარ, მამაჩემთან.

– საგიჟედან? საგიჟეში რა გინდოდა? – გაოცდა ილიკო.

– ორ წელიწადს იქ ვიყავი გამოკეტილი.

– რათა, სანდრო?

– მე ხომ ხალხს ცუდად ვცნობილობ? სათვალეს კიდევ ვერა ვგუობ. ჰოდა, სადგურში

რელსზედ დავმდგარვარ, წამოსული მატარებელი ვერ დამინახია.

– მერე? – გაოცდა ილიკო.

– მერე ახლოს რომ მოვიდა, დავინახე და აი, ამ ხელებით გავაჩერე!... მაშ.

– შენ რა გითხარი, სანდრო, შენ რა გითხარი, – ხითხითებდა ილია.

თითო სტაქანი რომ დაცალეს, ისევ ილიამ ჰკითხა:

– აქ რას აკეთებ? გამოქცეულის პირობაზედ იერი კარგი გაქვს.

– მამაჩემთან ვარ, – უპასუხა სანდრომ, – ცეცხლსავით ეშინია ჩემი აბობოქრებისა. რუსის

გენერალია და მე თუ დავითვრები, რუსებს მათრახითა ვცემ... კიდევ... კიდევ ცხვარში

მივყვები ხოლმე ბიჭებსა... კიდევ, წუწურაქ მამაჩემს იტალიურის მასწავლებელი

ვაქირავებინე ტფილისიდამა და ვსწავლობ...

– მაშ, დროს ტყუილად არა ჰკარგავ, – სერიოზულად წარმოსთქვა ილიამ, – კარგია, ჩემო

სანდრო, კარგია... ჩვენ ახლა სწორედ ასეთი საქმე გვჭირდება. გარესამყაროს უნდა

მოვფინოთ ჩვენი ამბავი. ვერა ჰხედავ, რა ხდება იმ შენ საყვარელ იტალიაში, ანაც

ირლანდიაში? ხალხი ამდგარა უცხო ბატონობასთან საომრად...

– კი, კარაჩოლაცა ჰყვება...

– კარაჩოლა ვინ არის?

– ჩემი იტალიურის უჩიტელი. იტალიელებს ლაპარაკი უყვართ, ის ინგლისელი კი ხმას არ

იღებს...

– ჰო, ჩუმი კაცია, ერთად მოვედით კავკავიდან.

– ვინა?

– ვინა და უოტსონი, სტანციაზედ რომ გაგაცანი.

Page 9: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

9

– ეეე, – ხელი აიქნია სანდრომ და თვალები გადააბრიალა, – მე სხვა ინგლისელზედ

გეუბნები. მამაჩემსა ჰყავს შინ. ჭკვიანი კაციაო, ლომისის განძეულს მაპოვნინებს, რუსთ

ხელმწიფეს ჩავუტან და შენი შვილის ნათლია შეიქნებაო. აბა, ასეთი რუსეთუმე გინახავს?

– ეს არის ჩვენი ჭირი, – მოიწყინა ილიკომ, – და ის ინგლისელი რას ამბობს?

– რა უნდა თქვას, არის დადუმებული... ყანობშია, პაპაჩემის სახლში, არ უშვებს მამაჩემი...

– ფიე, – ხელი დაიკრა მუხლზე ილიკომ, – გაგონილა?

– მაშ...

– შენ კიდევ უყურებ ამ საქმესა და სტკბები, არა?

– მე, – შეცბა სანდრო, – მე რომ გავიგე, რომ ლარსში ხარ, აქეთ გამოვიჩქარე. აი, ძაღლი

ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო... დახე, ვინ შემოვიდა დუქანში?

ილიკომ შემოსავალ კარში გაიხედა და დაინახა ერთ ჭრელაჭრულა ჟილეტში ჩაცმული,

ქულაჯამოგდებული ქონდრისკაცი, რომელსაც ხელში შოლტი ეჭირა და აქეთ-იქით

აცეცებდა თვალებს.

– ვინ არის?

– ჩემი უჩიტელია, კარაჩოლა... რამ მოახეტა აქა?

– კარაჩოლა გვარია?

– კარაჩოლა ჩვენ დავარქვით. მაგის გვარია კარაჩიოლი, – უთხრა სანდრომ და მთელი ხმით

შეჰყვირა – კარაჩოლავ! აბა, მოდი აქა!

– მეტს ნუღარ დალევ, – წაიჩურჩულა ილიკომ.

შერლოკ ჰოლმსის აუცილებელი ნაამბობი

ინგლისელ ხალხს დიახაც უნდა შეუქო მოგზაურობისა და თავგადასავლების წყურვილი,

მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ დღევანდელმა ჯენტლმენმა მხოლოდ იმ ქვეყნებში უნდა

დასცეს სამოგზაურო კარავი, რომელთა შესახებაც ორი წინადადება მაინც ამოუკითხავს

“ბრიტანიკაში”. მე არასოდეს მაინტერესებდა დედამიწის სიმრგვალე. ჩემთვის დღესაც

სულერთია, ბრტყელია ჩვენი სამყარო, თუ ბურთსა ჰგავს, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი

მდგომარეობა სულაც არ არის ისეთი, რომ კაცი გაახალისოს.

ჩემი მთავარი გასაჭირი ის გახლავთ, რომ არა მაქვს რუკა. რუკის გარეშე კი უცხო მხარეში

ბოდიალი სისულელეა. არც ისეთი სულელი ვარ, ამხელა გზაზე რუკის გარეშე

Page 10: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

10

წამოვსულიყავი. მქონდა რევოლვერი, ჭოგრიტი და წერაყინი, მაგრამ ახლა აღარაფერი

მაქვს და ერთადერთი ჩემი იმედი ჩემი კეთილი უოტსონია. მესამე კვირაა, გულისხმიერი

იტალიელი ყოველ ცისმარე დღეს მიემგზავრება უახლოეს სადგურზე და უოტსონს ელის.

ჩემი გამოთვლით, საშინელი და ზანტი რუსული ფოსტა არცთუ ხეირიანად ატარებდა ჩემს

წერილს თავის სადგურებს შორის. აი, ვარშავიდან კი წერილი ნაბიჯს აუჩქარებდა. ამიტომ,

თუკი უოტსონი ჩემს დაძახილზე შეკრავდა ბარგს, ეს სამი კვირა სწორედ ის დროა (მეტიც

კი), ლარსის სადგურზე რომ უნდა გამოჩენილიყო.

მაგრამ უოტსონი ჯერჯერობით არ ჩანს და მე სულ უფრო მერიდება იმ პატარა

იტალიელისა, უშურველად რომ მიეშურება ყოველ დილით ლარსში და სადილისთვის

დაქანცული ბრუნდება. იტალიელი ერთადერთი ჩემი იმედია. რა თქმა უნდა, შემიძლია

გაქცევა, მაგრამ შერლოკ ჰოლმსი ის კაცი არ არის, რომ პროვიანტისა და რუკის გარეშე

გაიქცეს. მე აივნიდან ვაკვირდები გარემოს და ვხვდები, რომ შორს ვერ წავალ, იმიტომ, რომ

გენერალი თავის ბომბორა ნაგაზებს, ჯარისკაცებს და ხელქვეითებს დამადევნებს.

მე სხვა გეგმა მაქვს და უოტსონიც ამისთვის გამოვიძახე. ეს არის ერთადერთი გეგმა,

რომელიც გაამართლებს, რადგან გენერალი უვიცი და ბრიყვი კაცია. მაგრამ მან იცის

ერთადერთი რამ, მან იცის ძალის გამოყენება და საკმარისად მამაცი ადამიანიც ჩანს.

ყველაფერი კი ავსტრიელი ბარონის კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერის ბრალია.

სწორედ ეს ბარონი შემომიჩნდა ბაზელში: “წავიდეთ პეტერბურგში, წავიდეთ

პეტერბურგში, ვნახოთ რუსული ზამთარი...” აბა, რა სანახავია რუსული ზამთარი და თანაც

გაზაფხულზე? კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერს ხათრი ვერ გავუტეხე, პეტერბურგში

კი ხსენებულმა ბარონმა ყველაფერი წააგო, ვინაიდან ფული გამოითხოვა და ერთ

განთქმულ სპირიტისტსაც გადაეკიდა, რომელიც გრაფ სენ-ჟერმენის ნათლულად და მადამ

ბლავატსკაიას შვილად ასაღებდა თავს. ამ პირწავარდნილი თაღლითის სეანსებზე ერთი-

ორჯერ მეც გახლდით, და არა ხსენებული თავქარიანი ბარონის, არამედ არტურ კონან

დოილის ხათრით, რომელსაც წიგნებიც კი დაუწერია სპირიტიზმის გამო. ამ კაცს და მის

ნაწერებს მე პატივს ვცემ, მაგრამ სპირიტიზმის სეანსმა ხუმრობის გუნებაზე დამაყენა.

ერთ კვირაში ვენაში უნდა დავბრუნებულიყავით და ვფიქრობდი, გრაფს იქ

გამოვეთხოვები-მეთქი, რადგან წესი არ არის, ჯენტლმენმა შუა გზაში მიატოვოს თუნდაც

თავქარიანი თანამგზავრი, და რაოდენი იყო ჩემი გაოცება, როცა ერთ ყინვიან დილით

გამეღვიძა სასტუმრო “მაჟესტიკის” აპარტამენტში და ტორშერზე ვიპოვე ბარონ

კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერის წერილი იმის თაობაზე, რომ გაიძვერა

სპირიტისტთან ერთად მიემგზავრება სამხრეთში, კერძოდ კი კავკასიის გულსა და უდიდეს

ქალაქ ტიფლისში, სადაც ხალხი ხუთ ენაზე ლაპარაკობს და სადაც თავისი სპირიტისტული

სკოლა გაუხსნია ცნობილ გურჯიევს.

უნდა ვაღიარო, რომ გამიხარდა. ვიფიქრე, ორიოდ დღეში მოვაგვარებ საქმეებს და ამ

პირქუშ ქალაქს გამოვეთხოვები-მეთქივები-მეთქი, მაგრამ ჩემს შვებასა და სიხარულს

არცთუ კეთილი ბოლო ჰქონდა. ყველაფერი კი ჩემი მოუწესრიგებლობის ბრალია. ბარონმა

რომ სმა დაიწყო და გულჯავრიანად უჯდა ბანქოს მაგიდას, ვიფიქრე, სიფრთხილეს თავი

არ სტკივა-მეთქი (მით უმეტეს, იმ შემთხვევის შემდეგ, როცა გამწარებულმა თავისი

ცარიელი საფულის ხიდიდან გადაგდება სცადა, საფულეში კი მისი პასპორტი და სავიზო

ბარათები იდო) და მთელი საბუთები ჩემს ტყავის საქაღალდეში შევინახე. ბარონს კი

Page 11: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

11

ვუთხარი, მთელი თქვენი სამოგზაურო ქაღალდები ჩემი საწერი მაგიდის მარჯვენა ქვედა

უჯრაში დევს, ხსენებულ შავ საქაღალდეში-მეთქი.

კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერი დიდი ქერქეტი ვინმეა, ადრიან დილით შევიდა

კაბინეტში, საქაღალდეს ხელი წამოუსვა და წავიდა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ

ჩემი საბუთებიც ამ საქაღალდეში ინახებოდა. ასე დავრჩი უსაბუთოდ ისეთ ქვეყანაში,

სადაც მეეტლესაც კი სამხრეები დაუმშვენებია.

სწორედ ამის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორმა

ათწუთიანი აუდიენცია მოიღო ჩემთვის და მე მთელი ჩემი გასაჭირის შესახებ ვუამბე.

ხსენებულმა დიდმოხელემ მითხრა, რომ კარგად მიცნობს და მისთვის დიდი პატივია ჩემი

ხილვა. ამ უსარგებლო ქათინაურებმა დაიჭირა ათწუთიანი აუდიენციის ოთხი წუთი.

საქმის გამო კი გენერალ-გუბერნატორმა მომიგო, რომ ერთადერთი, რითაც შეუძლია

დამეხმაროს, ესაა დროებითი საბუთი, რომელიც ტიფლისამდე დაადასტურებს ჩემს

პიროვნებას, ტიფლისში კი აუცილებლად უნდა გავემგზავრო და იქ მოვიძიო ჩერჩეტი

ბარონი.

– ეგ პატარა ქალაქია, სრულ საათნახევარში აღმოაჩენთ იმ თქვენს ავსტრიელს, – ჩაიბუხუნა

გენერალმა. და ამის შემდეგ ავსტრო-უნგრეთი იმპერიაა,

კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერი კი ამ იმპერიის უგამოჩენილესი გვარი!..

გენერალ-გუბერნატორი ამაყი იყო.

მე კი, აღარ მოვყვები ჩემი კავკასიისკენ მგზავრობის ამბავს. მოგახსენებთ მხოლოდ იმას,

რომ ერთ მშვენიერ დღესაც (დილა იყო) ჩავედი სადგურ ლარსში, სადაც უნდა მიმეღო

ცხენი სადგურ ანანურამდე, სადგურ ანანურიდან კი ეკიპაჟით გავემგზავრებოდი

ტიფლისამდე, სადაც ქალაქის გენერალ-გუბერნატორს წარვუდგენდი სარეკომენდაციო

წერილს პეტერბურგიდან, რაიც სულელი ბარონის პოვნაში გამიმართავდა ხელს.

სწორედ აქ მოხდა ერთი ამბავი. უფრო სწორად, სადგურში გადავეყარე ერთ ქეციან

ოფიცერს (ასეთი ოფიცრები არასოდეს მინახავს), რომელიც ელაქლაქებოდა იტალიელს

(რომელიც შემდგომში ჩემი ერთგული კაცი შეიქნა) და ამ ოფიცერმა მთხოვა, ჩაიზე

დამპატიჟეო, რის შემდეგაც გამიბა სულელური საუბარი თავის პრობლემებზე, იტალიელს

კი აიძულებდა, რომ ყველაფერი დაწვრილებით ეთარგმნა ჩემთვის. მისი ერთ-ერთი

დარდი იყო შაქრის ფასი და მისივ კუთვნილი საშაქრიდან დაკარგული ნატეხები. მე ამის

გამო ბევრი ვიცინე და ხუმრობით შევთავაზე, იქ ცოცხალი ბუზი ჩაემწყვდია, რომელიც, რა

გასაკვირია და, საშაქრის თავსახურის ახდის შემდეგ, ამოფრინდებოდა. ამით ოფიცერი

სულ იოლად შეიტყობდა, მოპარეს, თუ არა შაქარი.

ზემოხსენებული საუბრიდან ორიოდ საათის შემდეგ მე მამცნეს, რომ სამი ცხენით,

გამყოლის თანხლებით ანანურს გამგზავრება შეიძლებოდა. ის იყო, მოვამთავრე სამზადისი

და ბარგი შევკარი, რომ სადგურის ოთახში შეშლილივით შემოვარდა ერთი გოლიათურად

აღნაგი კაცი, რომელიც იმ წრიპა იტალიელს მოათრევდა თან. ამ კაცს ჰქონდა უგრძესი

წვერი და უგრძესი ულვაში, ასე რომ, რაბიდრანანთ თაგორსაც (კოლონიელი პოეტია) კი

გაეჯიბრებოდა. იგი მეტაკა, ამიტაცა ხელში და დამიწყო ლოშნა. მხოლოდ ამის შემდეგ

წარმომიდგა იტალიელის თარჯიმნობით და მითხრა, რომ არის ამ ოლქის მმართველი და

გენერალი.

Page 12: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

12

ღმერთო ჩემო, რამდენი გენერალია ამ ქვეყანაში!

ხოლო რახანაც მე, ასეთი გამოჩენილი და ჭკვიანი კაცი მის საგამგებლო მიწაზე ვდგავარ,

უეჭველად უნდა ვივახშმო მასთან ერთად. გენერალმა მითხრა, რომ თავისი პირადი

ეკიპაჟით გამამგზავრებს ტიფლისს, ოღონდ კი დავთანხმდე და დავაგემოვნო მის

მზარეულთა კერძები.

მე სულელმა წარმოვიდგინე, რომ გენერალს მართლა სმენია ჩემი სახელი. მერეღა გაირკვა,

რომ საშაქრის ოინით აღტაცებულ ოფიცერს ეამბნა მისთვის, ვიღაც ძალიან ჭკვიანი

უცხოელი ზის ლარსის სადგურშიო, და გენერალსაც თავისი მზაკვრული გეგმა შეუდგენია.

რაღა დასამალია და, ვახშამზე დამათვრეს. არ ვიცი, ბევრი დამალევინეს, თუ ღვინოში

რაღაც ჩამირიეს (ჩემი სასმელი ზომა სამი ბოკალით შემოიფარგლება). მეორე დღეს

საერთოდ ვერ ავდექი და ლოგინშივე მასვეს ერთგვარი ცხარე ლუდი, რის შემდეგაც

მკვდარივით დამეძინა. გონს მოვედი ადრიან დილით, მთის სოფელში, დიდ, კოშკიან

სახლში, სადაც ეზოში ჩასვლისთანავე ნაგაზები გამომენთნენ და მიმახვედრეს, რომ ტყვე

ვარ. საღამოს მოვიდა გენერალი იმავ იტალიელის თანხლებით, დიდად მაქო, მადიდა და

მთხოვა დახმარება ერთ პატარა საქმეში. მე მივუგე, რომ მივსდევ ჩემს პასპორტს და

ვერაფრით დავყოვნდები. ამან ძალიან განარისხნა გენერალი და დამიდასტურა ის, რასაც

უკვე ვგრძნობდი – მე მის ტუსაღად ჩავითვლებოდი მანამდე, სანამ არ ვიპოვნიდი რაღაც

საგანძურს.

ამაზე გავიყარეთ და მთელ ერთ კვირას ვუფიქრდებოდი ჩემს მდგომარეობას და

ვიკვლევდი გაქცევის ხერხებს. დავრწმუნდი, რომ მარტო ვერაფერს მოვახერხებდი.

სწორედ ამის შემდეგ დავიახლოვე იტალიელი, საცოდავი, ორიოდ გროშს გამოდევნებული

კაცი, რომელიც გენერლის ხულიგან ვაჟს პეტრარკას სტრიქონებს უკითხავდა. იტალიელი

მხდალი, მაგრამ ერთგული კაცი გამოდგა. რაც შეეხება თავად გენერალს, ვერ იყო მთლად

ჭკვიანი, ოღონდ იმ თავისი ოლქის მართვა-გამგეობისა ყველაფერი გაეგებოდა, ისევე,

როგორც რომელიმე ქონდარა რაჯას. რაც იცოდა, იცოდა, რაც არადა, არც აინტერესებდა.

მალევე მივხვდი, რომ მისთვის კულტურული შოკი უნდა მომეწყო და ამ მხრივ გარკვეული

წარმატებებიც მქონდა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი იმ ოხერი განძის

ადგილსამყოფელის პოვნას და გენერალსაც გვარიანი ჯაფა დავაყენე ძველ თქმულებათა

გაუთავებელი გამოკითხვით.

ამასობაში კი ჩამოიქნა ჩემი გეგმაც, რომელიც ვერასგზით განხორციელდებოდა ერთგული

და ჩემი საუცხოოდ მცნობი კაცის გარეშე. ასეთად უოტსონი მიმაჩნდა. იტალიელმა

მოახერხა წერილის გაგზავნა, მაგრამ უოტსონი არ ჩანს. ვუყურებ ამ მთებს და ვარ. ამაში

აღარაფერია სასიამოვნო. ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ბარონმა

კირშკოხენმანდერშლეხტერბლიხერმა ტიბეტისკენ გაუტია თავის სპირიტისტებთან

ერთად და მაშინ აღარ ვიცი, რა ვქნა. როგორმე ხომ უნდა გავაღწიო ამ სამხედრო

ქვეყნიდან?

იმ განძსაც მოვძებნიდი – რა პრობლემაა? მაგრამ თქმულებებმა დამარწმუნა, რომ

არავითარი განძი არ არსებობს. გენერალი ამას არც დაიჯერებს და ვშიშობ, დილეგში არ

გამომკეტოს. სახლს ისედაც ოცდაათი შეიარაღებული მსახური იცავს. ერთადერთ გზად

გენერლის გაბითურება რჩება. ეს არის ჩემი გეგმა.

Page 13: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

13

გეგმა საუცხოოა, ოღონდ კი უოტსონი გამოჩნდეს. მას იუმორი და მახვილგონიერება

აკლია, მაგრამ შესრულებაში საუკეთესო ნიშანს იმსახურებს...

თავადი სანდრო და თავადი ილიკო კედელთან მიაყენებენ დოქტორ უოტსონს

– რა გნებავთ, სერ, და საერთოდ, რას ნიშნავს თქვენი ასეთი ამპარტავნული შემოჭრა? –

პალტოს ჯიბეში ჩემი “ვებლეის” ტარი მოვსინჯე და ჯიქურ შევხედე სადგურის

მოსასვენებელ ოთახში შემოჭრილ ორ ახალგაზრდას, რომელთაგან პირველი პარნელის

მოტრფიალე თანამგზავრი გახლდათ, მეორე კი – პოლიგლოტი მწყემსი.

ამ უკანასკნელმა რაღაც გადაულაპარაკა მეორეს და წინ წამომიდგა მთელი ახოვანებით.

– ჩვენი შემოჭრა გამოწვეულია სრულიად განსაკუთრებული მიზეზით, – თქვა მან

უბოდიშოდ. – ეგებ თქვენთვის უცნობიც იყოს, მაგრამ სრული შვიდასი წელიწადია, ჩემი

კეთილშობილი საგვარეულო განაგებს პროვინციას, რომლის მიწაზეც თქვენ ჩამოხდომა

ინებეთ...

– და ამისთვის საჭიროა მოსასვენებელ ოთახში შემოჭრა? – ვკითხე მკაცრად, – თუნდა

თქვენი გამგებლობა იყოს, ყველა ქაღალდი წესრიგშია. ჭვირნიშნიანი რუსული

ქაღალდებიც მივიღე...

– მოვა დრო, სერ, და ეგ რუსული ჭვირნიშნები წყალს გაჰყვება,1 – დაჯერებით თქვა

პარნელის მოტრფიალემ.

– და ამით რა? – არად ჩავაგდე მისი პასუხი და გავიფიქრე: “ოჰ, ჰოლმს, ჰოლმს”.

– და ამით ის, რომ აუცილებლად უნდა გამოგვიცხადოთ მიზეზი თქვენი ჩამოსვლისა აქ, –

მომთხოვა მაღალმა.

– როგორც გატყობთ, თქვენ არსად მიგეჩქარებათ და აქ რაღაცას ელით, – დაურთო

დაბალმა.

– ეს ჩემი პირადი საქმეა, – ვუთხარი გაბრაზებით.

– იყოს თქვენი პირადი საქმე, ჩვენ ამას არ დაგიშლით, – მედიდურად მომიგო მაღალმა. –

მაგრამ ვშიშობ, დიდხანს არ მოგიხდეთ აქ ყოფნა, ვინაიდან, წერილი, რომელსაც თქვენ

ელით, ბატონო უოტსონ, ჩემს ხელთაა!

წერილიო! აი, აქ კი დამცეცხლა. საიდან უნდა სცოდნოდა ამ ავყია ახალგაზრდას ასეთი

რამ? თუმცა, მშვიდად ვუპასუხე:

– არც კი ვიცი, რაზე ლაპარაკობთ. მე აქ გულშემატკივარი არა მყავს. მე მოგზაური ვარ.

Page 14: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

14

– სასაცილოა, პირდაპირ, – ტახტის კიდეზე ჩამომიჯდა ეს ახოვანი ახალგაზრდა. – თქვენი

მეგობარი ტყვედ არის, თქვენ კი აქ არხეინობთ.

– ვინ მეგობარი? – აქ კი მართლაც, დამცეცხლა და თანაც მეორედ. ვინ იყვნენ ეს

ახალგაზრდა კაცები? საიდან იცოდნენ, რომ აქ ჩემი ძვირფასი მეგობრის, შერლოკ ჰოლმსის

საძებნელად ჩამოვედი? ალბათ, წერილიდან. ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს ყმაწვილები

შანტაჟისტები არიან, მე კი შეფილდელი ბრუქსი ვარ. მაგრამ იმის გაფიქრება უფრო

მზარავდა, რომ ჰოლმსი სადღაც ჰყავთ გადამალული... ეს ტანმორჩილი ახალგაზრდა

ტყუილად არ იჯდა დილიჟანსში ჩემთან ერთად. მერე რა, რომ თაღლითური

გამომეტყველება არც ერთს აქვს და არც მეორეს. ზულუსთა იმპერატორ კეჩვაიოსაც

კეთილშობილური იერი ჰქონდა, მაგრამ ლორდ ჩელმსფორდს რვაასი ჯარისკაცი

გაუწყვიტა.

იმედად ჩემი ძველი “ვებლეი” მრჩებოდა.

– თქვენ არ იფიქროთ, სერ, რომ ჩვენ თქვენი მტრები ვართ, – თქვა უცებ ტანდაბალმა. –

თქვენ ვერასგზით მოახერხებთ თქვენი მეგობრის გამოხსნას. ვერასგზით, თუ ჩვენ არ

დაგვიხმარებთ. მას ძალიან მახვილგონივრული ხერხი მოუგონია, მაგრამ აქ ამ გეგმის

ამოქმედება შეუძლებელია...

– სად არის ჰოლმსი? – ვიკითხე სასოწარკვეთით.

– აი, წერილი, – გამომიწოდა მაღალმა გახსნილი კონვერტი.

– ის გახსნილია, – შევშფოთდი მე.

– მაშ, არადა, დაწეპილი იქნება, – ახითხითდა მაღალი და ღვინის სუნი ამოუშვა პირიდან.

მღელვარედ დავეწაფე ჩემი მეგობრის ნაწერს და მალევე მივხვდი, რომ მოსულები სრულ

სიმართლეს ამბობდნენ. ელდანაცემი, საგონებელში ჩავვარდი. ჰოლმსს მართლაც, დაესახა

გაქცევის გეგმა, მაგრამ მეტად ახირებული. წერილში მიხსნიდა, რომ შემიძლია,

ყველაფერში ვენდო ამ წერილის გადმომცემ მასწავლებელ კარაჩიოლის და მასთან ერთად

ვიმოქმედო. იქვე შეედგინა საინტერესო ნახაზები, რომელთა შესწავლაც დამეხმარებოდა

მონგოლფიეთა საჰაერო ბურთის აგებაში. წერილშივე იყო მისამართები ქალაქ კავკავში

მცხოვრები უცხოელებისა, რომლებიც საჭირო პარუსინის და გაზის ხელსაწყოების შოვნაში

დამეხმარებოდნენ. ამის შემდეგ მე კვლავ დამიკავშირდებოდა კარაჩიოლი და ჩვენ საჰაერო

ბურთის მეშვეობით გავჩერდებოდით იმ კოშკის სახურავზე, სადაც ჩემი მეგობარი იყო

გამოკეტილი. ათრთოლებული ხელებით გადავდე წერილი გვერდზე და იატაკს

დავაშტერდი.

– ასე თქვენ მეგობარს ვერ გამოიხსნით, – მითხრა პარნელის გულშემატკივარმა, – თქვენ

ვერ იშოვნით საჭირო ხელსაწყოებს. ტიფლისში კიდევ ხო, მაგრამ აქ ვერა.

არ მიპასუხია.

– თქვენი ბედი, რომ წერილი ჩვენ ჩავიგდეთ ხელში, – ახლა საუბარს დაბალი

წარმართავდა.

Page 15: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

15

– მაშ, მაშ, – დაურთო ბრგემაც.

– თქვენს შორის კარაჩიოლი რომელია? – ვკითხე მე.

– არც ერთი, – მითხრა ჩემმა ოდინდელმა თანამგზავრმა, – თქვენ უკეთ უნდა გაერკვეთ

არსებულ სურათში. თქვენი მეგობრის დამტუსაღებელი არის ამ პროვინციის გამგებელი,

გენერალი უგრძეს ულვაშით. აი, – მიათითა თავის კომპანიონზე – ამ კარგი ჭაბუკის მამა.

კარაჩიოლი კი გახლავსთ ამავე ყმაწვილის მასწავლებელი იტალიური ენისა...

ამის გამგონეს უკვე მეოთხედ მეცა ელდა. თუ მერამდენედ? აღარც კი დამითვლია. და სანამ

აღმომხდებოდა განწირულობის შეძახილი იმისდა გამოსახატავად, რომ ჰოლმსის წერილი

მტერმა ჩაიგდო ხელში, დაბალმა ახალგაზრდამ შემაჩერა თავისი ჯიქური მზერით:

– სანამ აშფოთდებოდეთ, მოგვისმინეთ, – თქვა მან, – თქვენ ჩვენში უფრო იპოვით

მოკავშირეს, ვიდრე მტერს, ვინაიდან ჩვენ, ახალი თაობა, ჩვენი ტანჯული სამშობლოს

ძველგაზრდებს ვერ ვუგებთ. ჩვენთვის მიუღებელია ამათი წესი და ზნე. იმათი

მედიდურობა, უსწავლელობა და ფუყე ლაპარაკი. აქედამ კი ის, რომ ჩვენთვის ის თქვენი

ამხანაგი, მოსული განათლებული ევროპიდამ, ვინ იცის, რა საქმისთვის, სულით

მოკავშირე გახლავს. თანაც ის დატყვევებულია სრულიად უაზრო მიზეზით. შეიტყო რა

გენერალმა, რომ ნასწავლი კაცია, გამოკეტა კოშკში, რათა ამ კაცმა თავის მეცნიერულობით

აპოვნინოს შორიახლო დაფლული საგანძური, რომელიც ან დაფლულია, ან არა. ან

საერთოდაც საგანძურია, ან არა... ამით გენერალს იმპერატორის წყალობისა და

დაწინაურების იმედი აქვს.

– რა სისულელეა, – წავიბურტყუნე მე.

– ჩვენ მოვიფიქრეთ ერთადერთი სწორი გეგმა თქვენი ამხანაგის გამოხსნისა, მაგრამ თქვენი

ნდობა გვჭირდება.

– თითს გავალოკინებთ! – შესძახა პროვინციის მმართველის შვილმა.

– ჩემი ნდობა? – გამიკვირდა გულწრფელად, – მე მაქვს სხვა გამოსავალი ნდობის გარდა?

– თქვენ შეგიძლიათ, საჰაერო ბურთი გააკეთოთ, – ამიხსნა პარნელის მოტრფიალემ, –

მაგრამ ეს ზღაპარია.

– მაშ, გამომიცხადეთ თქვენი აზრი, – ვუთხარი მტკიცედ.

– ჩვენ ორი დღე გვჭირდება ამ საქმისთვის და თანაც ერთი კარგი სამართებელი, რათა

წვერი გავიპარსო. მეტი არაფერი, – მომიგო მან, – სხვა თქვენ არ შეგეხებათ. აქ დადგებით,

სასტუმროში, თქვენი ამხანაგი უვნებელი მოგივათ და გაემგზავრებით, სადაც

მოგესურვებათ.

– კარაჩიოლი?

– კარაჩიოლიმ იტალიანური უნდა შემასწავლოს.

ეს კაცი მეცხვარედ დავისახე და გრაფის ერთადერთი მემკვიდრე კი გამოდგა.

Page 16: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

16

ამ სიტყვებზე გამომეთხოვნენ თავის დაბლა დაკვრით და რაღა უნდა მექნა მე, ჯონ

უოტსონს, დაგდებულს ლარსის სადგურის ცივ ტახტზე? მქონდა სხვა გზა, გარდა

ნდობისა?

ეჰ, ჰოლმს, ჰოლმს, რა მოგზაურობა აგიტყდათ?

შეძლებისდაგვარი განმარტება

არტურ კონან დოილის საზოგადოების თავმჯდომარის

დოქტორ ვენედიუს ვუზლისა

“ჰოლმსის საშაქრე”არის უკანასკნელი თხზულება არტურ კონან დოილისა, რომელიც

ავტორს დაუმთავრებელი დარჩა. “კონან დოილის საზოგადოების” უმთავრეს

ამოცანათაგანი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა-გამომზეურებაცაა. ამას

კი განსაკუთრებული მუშაობა სჭირდება. მრავალ დაუმთავრებელ თხზულებას შორის,

“ჰოლმსის საშაქრე” ერთადერთია, რომლის გამოც შესაძლო დასასრულის ვერსიათა

გამოთქმაა შესაძლებელი. არ დავმალავ და ამ შემთხვევაში ჩვენ იმედს გვიღვივებდა

“დიკენსის მოყვარეთა კლუბის” მიერ დამუშავებული დასასრული ამ დიდი მწრელის

დაუმთავრებელი წიგნისა “ედვინ დრუდის საიდუმლო”. მივბაძეთ რა დიკენსელთა

მაგალითს, ჩვენც ვცადეთ, გამოგვექვეყნებინა ჩვენეული ვერსია “ჰოლმსის საშაქრის”

უკანასკნელი თავისა. თუმცაღა, ჩვენ არ მივსდევთ იმ ამპარტავნულ აზრებს, რომ პაწაწინა

“ჰოლმსის საშაქრე” “ედვინ დრუდს” გაუტოლდება თავისი მწერლური გაქანებით.

უბრალოდ, ჩვენეული ლოგიკის გამოცდის სურვილი გვქონდა.

***

მაშ აგრე: “ჰოლმსის საშაქრის” გეოგრაფია სრულიად უცხო გახლავთ კონან დოილის

შემოქმედებისთვის, კერძოდ კი – ჰოლმსის თავგადასავლებისთვის. თუკი დოილი გასცდა

სამხრეთ ინგლისის საზღვრებს, ჰოლმსის საგმირო საქმეთა აღწერისას, მხოლოდ ერთხელ –

მან შვეიცარიის ალპებში შეახვედრა სახელოვანი მაძებარი და პროფესორი მორიარტი. ეს

იყო და ეს, თუკი ჰოლმსი გასცდებოდა ბრიტანეთის საზღვრებს, მხოლოდ ფიქრით.

“ჰოლმსის საშაქრის” შემთხვევა კი სრულიად განსაკუთრებულია, რადგან გეოგრაფიულად,

ამ მოთხრობის მოქმედება ვითარდება დღევანდელი წითელი რუსეთის ტერიტორიაზე,

ძველი რუსეთის იმპერიის სამხრეთით, კავკასიის მთიანი მასივის დასახლებულ

ადგილებში. რუსეთის იმპერიის აბრამსისეულ ატლასში ჩვენ მოვიძიეთ ყველა ის ადგილი,

რომელიც დამოწმებული აქვს სერ არტურს. ტექსტში ხშირადაა ნახსენები ქალაქი

Page 17: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

17

ტიფლისი, მაშინ კავკასიური გუბერნიის ცენტრი, დღეს წითელი რუსეთის შემადგენელი

ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს დედაქალაქია.

ცნობილია, რომ კონან დოილი არასოდეს ყოფილა რუსეთში, ამიტომ მოთხრობის წერისას

ატლასებით თუ სარგებლობდა. მოთხრობის მთავარ მოქმედ პირთაგან გამორჩეული ორია–

თავადი ილიკო და თავადი სანდრო, შვილი ოლქის მმართველი გენერალი ყაზბეგისა.

აქედან პირველი არის პეტერბურგიდან ტფილისისკენ მომავალი ახალგაზრდა. მეორე,

ტფილისის საგიჟეთიდან (სავარაუდოდ) გამოქცეული ახალგაზრდა, რომელიც მამის

სახლშია გაჩერებული. როდესაც ეს გმირები მიმართავენ უოტსონს, მათი ლაპარაკი

მიმდინარეობს ევროპულ ენებზე, მაგრამ როცა ერთმანეთში საუბრობენ, ავტორი არ

აღნიშნავს მათი საურთიერთო ენის წარმომავლობას. აქედან კი, სათუოა მათი ეროვნული

წარმომავლობის დადგენა, რადგან კავკასია თავისი ტომობრივი შემადგენლობით, მეტად

ჭრელია.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ ლარსის გუბერნიული კუთვნილება სადაოა, ხოლო

ოლქის მმართველი გენერალი ყაზბეგი (მას თხზულებაში სხვა გვარიც აქვს) უფრო

სამხრეთისკენ მომზირალი კაცი ჩანს, ვიდრე ჩრდილოეთისკენ.

აი, ამ ეტაპიდან, ჩვენი გამოკვლევის წარმატება მთლიანადაა დაკავშირებული ლონდონის

უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრასთან, ასევე პროფესორ სტივენსონთან

ედინბურგიდან, პროფესორ ლენგთან და პროფესორ რეინფელდთან. სწორედ ამ

მეცნიერთა დახმარებით გაერკვა “კონან დოილის საზოგადოება” “ჰოლმსის საშაქრეში”

გათამაშებული ამბის რაობაში. კავკასიის ისტორიისა და ლიტერატურის ამ საუკეთესო

მცოდნეთა მეშვეობით ჩვენ ამოვხსენით სერ არტურის მისწრაფებანი.

დავიწყოთ, ასე:

კონან დოილის მოთხრობის ხერხემალს წარმოადგენს ნაწარმოები ქართველი მწერლის

ილია ჭავჭავაძისა – “მგზავრის წერილები”. მეტიც, ამ ნაწარმოებიდან სერ არტურს აუღია

არა მხოლოდ მოგზაურობის მარშრუტი, არამედ პერსონაჟებიცა და ამბებიც. თავადი

ილიკო “ჰოლმსის საშაქრისა” გახლავთ სწორედ ხსენებული ჭავჭავაძე. სიტყვა “საშაქრეც”

ფიგურირებს “მგზავრის წერილებში,” საშაქრიდან ამოფრენილი ბუზიც და ჩერჩეტი

ოფიცერიც, ოღონდ კონან დოილს ეს სიუჟეტები თავის სასარგებლოდ მოუხმარია და არა

პირდაპირ გადმოუღია. მოქმედება კიიქაც და აქაც ლარსში ხდება. ის, რომ თავადი ილიკო

არის მოღვაწე ილია ჭავჭავაძე, ეჭვს არ იწვევს. იმიტომ, რომ ჭავჭავაძე არა მხოლოდ

მწერალი იყო, არამედ ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის მოთავეც. ჩანს, ეს

კონან დოილმაც კარგად იცოდა (გაიხსენეთ თავად ილიკოს გაუთავებელი რეპლიკები

ჩარლზ პარნელისა და ირლანდიის თავისუფლებაზე).

ახლა კი – ვინ არის თავადი სანდრო? დასაბუთებულია, რომ ამ გმირის პროტოტიპი

გახლავთ ასევე ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი, შვილი გენერალი ყაზბეგისა,

რომელიც მართლაც, რომ იყო ოლქის მმართველი და პატრონი. გენერალი ყაზბეგი

“საშაქრეში” მოიხსენიება გაგი ჩოფიკაშვილის გვარით. ყაზბეგები მართლაც ერთ დროს

ყოფილან ჩოფიკაშვილები, მაგრამ გაგი ჩოფიკაშვილი გახლავთ ერთ-ერთი ვერაგი გმირი

ყაზბეგის რომანებისა. თავად ალ. ყაზბეგი რომანებისა და პიესების აურაცხელი ოდენობის

დამწერი, მართლაც მოხვდა საგიჟეთში და იქვე აღესრულა, როგორც შეშლილი. მანამდე კი

მან ღარიბ ხალხს დაურიგა მთელი თავისი ქონება და ხელმოკლედ ცხოვრობდა, როგორც

Page 18: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

18

მეცხვარე. მოთხრობაში დამოწმებული იტალიელი კარაჩიოლი კი უნდა იყოს გამოძახილი

იმ მრავალრიცხოვანი გუვერნიორებისა და აღმზრდელებისა, რომლებიც გარს ეხვივნენ

ალექსანდრე ყაზბეგს ბავშვობაში. ყაზბეგი თავისი გუნებით იყო პატრიოტი მწერალი და

აღწერდა რუსების თვითნებობას კავკასიაში. ის რომ რუსთა მტერი იყო, “ჰოლმსის

საშაქრეშიც” ჩანს. კონან დოილს გამოუყენებია მის თხზულებათა ერთი მოტივიც,

ჩოფიკაშვილის ავტორიტეტი ჩერქეზებთან.

ასე რომ, ეჭვები აქაც გაფანტულია. სუფთად გარეგნული იერითაც კი კონან დოილს

პროტოტიპებისთვის მიუმსგავსებია თავისი გმირები.

კავკასიის მთიანეთი ლეგენდების მხარეა. აქედან უნდა იყოს ლომისის საგანძურიც.

საზოგადოდ კი ლომისი მთელ ქრისტიანთა ერთ-ერთი უძლიერესი ხატი ყოფილა.

მაგრამ “კონან დოილის საზოგადოებას” კვლევისა კვალად უკვირდა, საიდან უნდა

სცოდნოდა ამგვარი სიზუსტით კავკასიური ისტორია და ლიტერატურა სერ არტურს? მისი

შემოქმედების არც ერთი ეტაპი არ წარმოგვიჩენს მწერლის ინტერესს კავკასიის ან

საქართველოსადმი. თანაც, ქართული ლიტერატურა არასოდეს თარგმნილა ევროპულ

ენებზე იმგვარი მასშტაბებით, რომ ის საფუძვლიანად გადაფურცვლის საგანი შექმნილიყო.

სერ არტურის ინტერესი ცხოვრებაში სხვა იყო. ანდა ჰქონია კი ურთიერთობა სერ არტურს

რომელიმე კავკასიელთან?

მაგრამ აქაც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია პროფესორმა ლენგმა. მისი რწმუნებით,

ლონდონში ყოველთვის ცხოვრობდნენ კავკასიელები, ამათ შორის კი – ცნობილი

რევოლუციონერი ჩერქეზოვი.

ეს ქართველი თავადი (იქ ყველა თავადი იყო ბოლშევიკურ ანექსიამდე) იმდენად შეეპყრო

ანარქისტულ იდეებს, რომ რუსეთის იმპერატორის მოკვლაც კი გადაეწყვიტა.

ტუსაღობიდან გაქცეული ლონდონში ცხოვრობდა და სწერდა თავის ანარქისტულ წიგნებს.

ის იყო მარჯვენა ხელი განთქმულ კროპოტკინისა. კროპოტკინის მასშტაბი კი საუკუნეს

გადასწვდება.

ჩვენი საზოგადოების არქივარიუსს, ბატონ ჯონათან ჰეი ენდრიუსს დაევალა სერ არტურის

საზოგადოებრივი მიმოწერისა და დღიურების გაჩხრეკა, რითაც ამ მეორეხარისხოვანი,

თუმცა, არცთუ ურიგო მტკიცებულების მოძიებას ვცდილობდით. თუკი რამ აღმოჩნდა

კატალოგში “CH”-ზე დაწყებული, ან ჩარინგ კროსი იყო, ან ჩესტერფილდი, ანაც

ჩესტერტონი და ჩელსი.

მაგრამ, სრულიად მოულოდნელად, საზოგადოებრივი მიმოწერის ფონდში აღმოჩნდა

ვინმე თავად კონსტანტინ ნაკაშიძის ორი მოკლე ბარათი არტურ კონან დოილისადმი. ეს

ბარათები უბრალო მოკითხვისა იყო. ფასდაუდებელმა მისტერ ენდრიუსმა კი სერ

არტურის 1911 წლის დღიურში, მაისის თვის განყოფილებაში ნახა ჩანაწერი – “ზეგ, 4პ.მ.

შეხვედრა ვიკონტ ნაკაშიძესთან”. კრებულ “ლონდონის უცხოელებში” კ. ნაკაშიძე

მოხსენიებულია არა ბიოგრაფიულ განყოფილებაში, არამედ საერთო სიებში. ამით მისი

ვერაფერი გავიგეთ. არ შემორჩენილა “ჰოლმსის საშაქრის” სამუშაო ქაღალდებიც. ჩვენ მას

მივაწერთ კონან დოილის სიცოცხლის ბოლო თვეებს, აქედან 1911 წლამდე კი მრავალი

წელიწადია. რას ელაპარაკებოდა კონან დოილი ნაკაშიძეს? ამის სამტკიცი ბევრი არაფერი

Page 19: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

19

გვაბადია, მაგრამ ფაქტია, რომ ის იყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც სერ არტური

იცნობდა.

სავარაუდოა, რომ კონან დოილს ჰქონდა ნაკაშიძისგან მიღებული ინფორმაციით სავსე

რვეული, რომლის ძიებაც ამ წუთამდე გრძელდება ჰორშემის ფონდში. პროფესორ

სტივენსონის მოწმობით, კონან დოილი ფლობს მდიდარ ინფორმაციას, დონალდ

რეინფელდის თქმით, კი მას აქვს უაღრესად ამომწურავი და კვალიფიციური ინფორმაცია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვიკონტი ნაკაშიძე ერთადერთ ინფორმატორად ჩანს და

ამის სიმტკიცის ძებნა გრძელდება.

ახლა კი, დავუბრუნდეთ მთავარს, ანუ ვერსიას.

რით შეიძლება დამთავრდეს ნაწარმოები? დავიწყოთ იმით, რომ “საშაქრის” ჰოლმსი

არატიპიური ჰოლმსია. ის ბევრჯერ ჩავარდნილა გასაჭირში, მაგრამ გამოსავალიც თავად

უპოვნია. ამ შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ქართველი თავადები დაუმტკიცებენ ექიმ

უოტსონს, რომ ჰოლმსის გამონაგონი უვარგისია და ამით თავს ვერ გადაირჩენს. ისინი

თავის გზას და ხერხებს სთავაზობენ უოტსონს. უფრო სწორად, მათ თავისი გზა და

ხერხები აქვთ, მაგრამ უოტსონისგან მხოლოდ ნდობას მოითხოვენ. როგორ დამთავრდება

ეს ისტორია?

ერთადერთი მოთხრობა, რომელშიაც ჰოლმსი სრულად გამარჯვებულად (მორალურადაც)

ვერ ჩაითვლება, არის “ბოჰემიაში მომხდარი აურზაური”. დანარჩენ შემთხვევებში ჰოლმსი

სწორუპოვარია. “ჰოლმსის საშაქრე” თავისი ტონალობითა და მიმართულებით აგრძელებს

იმ ხაზს, რომ ჰოლმსი გამარჯვებული გამოვიდეს.

მაგრამ როგორ?

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სხვისი ხელით. ეს სრულიად აშკარაა, რადგან

შერლოკ ჰოლმსი ალტზე დაკვრის მეტს ვერაფერს მოახერხებს.

რამდენიმე ვერსიიდან ყველაზე ცხოველმყოფელი იყო შტურმის ვერსია.

გავითვალისწინეთ რა თავად ილიკოს მოჯანყე სული და თავად სანდროს გიჟმაჟი ბუნება,

ეს სრულიად მისაღები იქნებოდა. მისაღები იქნებოდა, რომ არა ორი რამ: ერთი, რომ

კავკასიური ტრადიციით ტაბუირებულმა კაცმა საკუთარ ოჯახს თოფით და ლაშქრით

შეუტიოს და მეორე, რომ გენერალ ყაზბეგს გვარიანი ჯარი ჰყავს. ილიკომ და სანდრომ კი,

აბა, ვინ უნდა იქირავონ. პროფესორმა რეინფელდმა თქვა, ალბათ, ოსებიო, დაქირავებულ

მოლაშქრეთა ცნობილი ტომიო, მაგრამ აქვე დაურთო, რომ გენერალი დაიცავდა ჰოლმსს

არა როგორც ტყვეს, არამედ, როგორც სტუმარს, და მორალური კანონი მას ყოველთვის

გაამართლებდა.

მაშ, რჩებოდა ერთი გზა – ჰოლმსის მოხერხებით და მოტყუებით გამოხსნა. როგორც

ქართულ ანდაზაშია, მოხერხება ძალას ყოველთვის აჯობებს. მაგრამ რა უნდა

მოეხერხებინათ შეთქმულებს ისეთი, რომ ჰოლმსი თოფიანი ხალხით გარშემორტყმული

კოშკიდან გამოეხსნათ? დონალდ როინფელდთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ

ჩვენ ამოსავალ წერტილად ავირჩიეთ იმ დროის ქართველი თავადების გაურკვევლობა

გარე სამყაროში და გაუნათლებლობა. გენერალი ყაზბეგი კი იყო გენერალი, მაგრამ ეს

წოდება წარმომავლობით მოსდგამდა და არა განათლებით და კარიერით. “საშაქრეში”

კარგად ჩანს, რომ ეს კაცი პრიმიტიული მითების ტყვეობაშია და სამყაროსაც ხეპრეულად

Page 20: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

20

აღიქვამს. აქედან დავასკვნით, რომ ნასწავლ და განათლებულ ილიკოსა და სანდროს მისი

მოტყუება შეეძლოთ, თუკი გადალახავდნენ გენერალ ყაზბეგის ავადმყოფურ ეჭვიანობასა

და სიმკაცრეს, ასევე, უნდობლობას უქნარა და გიჟმაჟი შვილისადმი.

რით გადაილახებოდა გენერლის ეს თვისებები?

რაღა თქმა უნდა, ნდობით შეუცნობლისადმი. რადგან კავკასიის არაინფორმირებულ ხალხს

ახასიათებს სრულიად ბრმა რწმენა რიგი ეთნოგრაფიული ადათებისა და რიტუალებისა,

რაზეც თაღლითები ხშირად ითბობენ ხოლმე ხელს. ამის მაგალითები მრავლად მოეძევება

პროფესორ რეინფელდს.

მანვე მიგვაქცევინა ყურადღება იმ სიტყვებზე, რომლებსაც წარმოთქვამს თავადი ილიკო

სერ არტურის ტექსტის ბოლოს: “ერთი კარგი სამართებელი მინდა წვერის გასაპარსად და

მეტი არაფერი”. ჩვენ ეს დაღლილი მგზავრის ოცნებად ჩავთვალეთ, მაგრამ პატივდებულმა

რეინფელდმა აქაც აგვიხილა თვალი და განგვიმარტა, რომ კავკასიაში წვერის გაპარსვა

სულაც არ ნიშნავს ლონდონში წვერის გაპარსვას. აქ იმ ეპოქაში თითქმის ყველა წვეროსანი

გახლდათ და რახან ილიკომ წვერის გაპარსვა გადაწყვიტა, აუცილებლად რაღაც

მნიშვნელოვანი ჩაიფიქრაო.

რა არის წვერის გაპარსვა ასეთ დროს? უეჭველად, გარდასახვაა. აქ თვალწინ დაგვიდგა

სურათები აღმოსავლური თეატრისა, სადაც ქალთა როლებსაც კაცები თამაშობენ. მაშ,

თეატრი. წარმოდგენის გათამაშება იმგვარად, რომ გენერალი გაბრიყვდეს, სხვა ვერსია არ

არსებობს! მაგრამ როგორ?

“კონან დოილის საზოგადოება” მადლიერია ყველა მეცნიერისა, მაგრამ განუზომლად –

მისტერ დონალდ რეინფელდისა, რომელმაც გამოამჟღავნა კავკასიისა და საქართველოს

ყოფისა და ლიტერატურის უძირო ცოდნა. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა პერსონაჟად უნდა

გარდასახულიყო თავადი ილიკო, მან მომიგო! “იმად, ვისაც წარმოუდგენლად

ენდობოდნენ, ვისიც სჯეროდათ და ვისაც გრძნეულად თვლიდნენ ტიფლისის გუბერნიის

მიყრუებულ სოფლებში”. “და ვინ იყო ასეთი?” ვკითხეთ მოუთმენლად. “რა თქმა უნდა,

მკითხავი, ანუ მარჩიელი. მოხუცი ქალი, რომელიც სოფელ-სოფელ დადიოდა და წარსულს

საზღვრავდა, მომავალს კი წინასწარმეტყველებდა. ამათი უმრავლესობა თაღლითი იყო,

ექიმბაში”.

ამ არაორდინარულმა აზრმა ჩვენ თავი მოგვაწონა, მაგრამ, მაინც ძნელი იყო წარმოდგენა

იმისა, რომ ახალგაზრდა მოღვაწე ბებერ მკითხავად წარდგებოდა, მას ნიღაბს არ ახდიდნენ.

ეს საღამოს პირის და ქართველთა არტისტულობის საქმეაო, მომიგო რეინფელდმა და

ყველანი გაგვაოცა, როცა აღგვიწერა სცენა ილია ჭავჭავაძის ერთი მოთხრობისა, სადაც

მკითხავი აბითურებს ერთ თავადიშვილს და მის ცოლს. ეს ყველაფერი მეტად საინტერესო

იყო, და რაც მთავარია, მომხიბვლელი, ვერსიის ჩამოსაქნელად.

მაგრამ მოტივი? როდესაც ხმა გავარდებოდა, მარჩიელი ჩამოვიდაო, რას უნდა მიეზიდა

თავადი ყაზბეგი მის მოსასმენად? ეგებ განძის ამბავს? მაგრამ რახან ვერსიის დამუშავებაც

დავიწყეთ, სერ არტურის უკიდეგანო ფანტაზიაც მოვიხმეთ და ამგვარად ჩამოვქენით

მოთხრობის დასასრული:

Page 21: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

21

ექიმ უოტსონთან გასაუბრების შემდეგ, ილიკომ და სანდრომ ლარსის სადგური დასტოვეს

და თავიანთი გეგმა აამოქმედეს. ილიკო სასტუმროში წავიდა და იქ მოითხოვა საყიდლად

ერთი ხელი ნახმარი ტანსაცმელი მოხუცებული გლეხის ქალისა, ნაქსოვი ხელთათმანები

და ასეთი საგნები. სანდრო კი მივიდა შინ და იმგვარი ალიაქოთი ატეხა, რომ ჯაჭვზე

დასაბმელი შეიქნა. მან თავი მოიგიჟიანა და ელდაცემული მშობლების თვალწინ გიჟური

წარმოდგენები გაითამაშა, ისე რომ, ძლივს ჩააწვინეს ლოგინში, რათა მშვიდად

დაეღამებინათ. დილამდე ბორგავდა და ვითომდა აწუხებდა თავის ქალის წნევა. მერე

კვლავ დაიწყო ხელსმოხვედრილის ლეწვა. შეშფოთებულმა გენერალმა კაცი გაგზავნა

კავკავში ექიმის მოსაყვანად.

აი, სწორედ ამ დროს ამოქმედდა შეთქმულებთან პირშეკრული მასწავლებელი კარაჩიოლი,

რომელმაც დაზაფრულ გენერალს განუცხადა, რომ ლარსში რომელიღაც განთქმული

მკითხავ-ექიმბაში მოსულა და სანამ ექიმი გამოჩნდება, მისი მოყვანაც შეიძლება.

ასე რომ, სცენაზე გამოდის მარჩიელად გადაცმული ილიკო, რომელიც ოჯახის

წარსულიდან ჰყვება დაუჯერებელ ფაქტებს და თან რიტუალებს ატარებს. მოაქვს ჯადოები

და სხვა საჭირო რამეები. სანდროს ავადმყოფობის გამო ის ეუბნება გენერალ ყაზბეგს, რომ

ლომისის ხატი გამწყრალია და სასჯელად შვილის სიგიჟე მოგივლინაო. შენ და ერთ კაცს,

ეშმაკის მოციქულს, ლომისის განძის პოვნა დაგისახავთ, ამის დღე კი ჯერ არ

გათენებულაო.

ილიკო-მკითხავი ჯერ შესაწირს (რეინფელდის ტერმინი) ჩამოუთვლის ყაზბეგს, მერე კი

ეტყვის, ეშმაკის მოციქულს გამოშორდი და შენი შვილიც გამოჯანსაღდებაო. შემდეგ ის

აცხადებს, რომ მოციქული სახლშია და შეუცდომლად მიდის იმ კუთხისკენ, სადაც

ჰოლმსის აპარტამენტია. შეშინებული გენერალი მას გააჩერებს და ყურს მიუგდებს

სანდროს გულსაკლავ ყმუილს, ზედა სართულიდან რომ ისმის. ის უხვად ასაჩუქრებს

მკითხავს და ეზოდან ისტუმრებს.

ღამით, ლარსის სადგურზე მოდის ჰოლმსი, სადაც მას უოტსონი და ილიკო ელიან. ისინი

ცხენებზე სხდებიან და სამხრეთისკენ მიჰქრიან.

ჰოლმსი აღტაცებულია ორი ახალგაზრდა თავადის გამომგონებლობით...

აი, ასეთია ჩვენი ვერსია და დასანანად კი გვრჩება ორი რამ: ერთი, რომ ვერ დავადგინეთ,

ვისგან მიიღო ასეთი ამომწურავი კონსულტაცია სერ არტურმა და მეორეც ის, რომ

“ჰოლმსის საშაქრეში” დრო სრულიად აღრეულია. ჰოლმს-უოტსონის მხრივ მოქმედება

უნდა ვითარდებოდეს 1905 წლის შემდგომ, ილიკოს მხრივ 1860-იან წლებში, სანდროს

პროტოტიპი კი გარდაიცვალა XIX საუკუნის 90-იან წლებში უკვე როგორც ჭარმაგი კაცი.

ამის მიუხედავად, სერ არტურ კონან დოილის უკანასკნელი მოთხრობა უკვდავად

მიგვაჩნია თავისი მოულოდნელობითა და სირთულით. საკვირველი და საკვლევი კი

ჯერაც ბევრია.

1957 წ.

Page 22: წიგნიდან აპოკრიფები - მორჩილაძე აკა

22