36
1 ესეების კონკურსი ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში

ესეების კონკურსი 'iStory

Embed Size (px)

DESCRIPTION

ANI-ის ესეების კონკურსი - iStory პუბლიკაციაში წარმოდგენილია „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის - “iStory” გამარჯვებულების ისტორიები. ესეებში პროექტის მონაწილეები ყვებიან ამბავს იმ ცვლილების შესახებ, რომელიც პროექტმა მათ და მათ თემს მოუტანა - თუ რა გავლენა იქონია და შეცვალა პროექტში ჩართვამ მათ ცხოვრებაში, როგორ აისახა პროექტში მონაწილეობა მათ სამოქალაქო აქტივიზმზე და რამდენად შეცვალეს თავიანთი და სხვების ცხოვრება უკეთესობისაკენ.

Citation preview

Page 1: ესეების კონკურსი 'iStory

1

ესეების კონკურსი

ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში

Page 2: ესეების კონკურსი 'iStory

2

პროექტი ‘ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’ (ANI)

ANI-ის ესეების კონკურსი - iStory

“ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ეროვნული ინტეგრაციის გასაძლიერებლად საქართველოში. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ჩამოყალიბებას, სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებებით არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას გაცვლითი პროგრამებისა და სოციალური მედიის გამოყენებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეროვნული დისკუსიის წახალისების მიზნით რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებას, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს დახმარებას.

პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვასა და ახალგაზრდების საერთო კვალიფიკაციის ამაღლებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვაში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებას ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სტერეოტიპების წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობით; მოხალისეობრივი აქტივიზმის, თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას ახალგაზრდებს შორის, მათ შორის სოციალური მედიისა და კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშუალებების ეფექტური გამოყენებით.

პროქტის ფარგლებში ფუნქციონირებს 13 ახალგაზრდული ცენტრი 13 ქალაქში (თბილისი, თელავი, გორი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ნინოწმინდა, ახალციხე, ახალქალაქი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი), რომელშიც მთლიანობაში 3000-ზე მეტი წევრია გაერთიანებული.

პუბლიკაციაში წარმოდგენილია „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის - “iStory” გამარჯვებულების ისტორიები. ესეებში პროექტის მონაწილეები ყვებიან ამბავს იმ ცვლილების შესახებ, რომელიც პროექტმა მათ და მათ თემს მოუტანა - თუ რა გავლენა იქონია და შეცვალა პროექტში ჩართვამ მათ ცხოვრებაში, როგორ აისახა პროექტში მონაწილეობა მათ სამოქალაქო აქტივიზმზე და რამდენად შეცვალეს თავიანთი და სხვების ცხოვრება უკეთესობისაკენ.

Page 3: ესეების კონკურსი 'iStory

3

ავტორები

ვიქტორია ეგიანი ბესიკ ხოზრევანიძე ანა ქურციკიძე

საბა ჩინჩალაძესედა საფარიანი

ანნა ტურიაშვილი

მარიამ თოფჩიშვილი ნინო ბერიძე

ხატია ზუხუბაია სოფო თათარაშვილი

მედეა ანაკიძე გვანცა ჩოგოვაძე

სალომე დეკანაძელელა შარაძე

გიორგი ლოლაძე სოფიო კომახიძე

Page 4: ესეების კონკურსი 'iStory

4

ვიქტორიაეგიანი

Page 5: ესეების კონკურსი 'iStory

5

ANI -ის პროექტის დაწყებამდე ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივი, პასიური ტემპით მიმდინარეობდა. ჩემი ყოველდღიური მარშრუტი სახლითა და სკოლით შემოიფარგლებოდა, უცხო გარემოს რატომღაც ვუფრთხოდი.

პროექტის შესახებ ზრდასრულთა ცენტრის კოორდინატორისგან შევიტყვე. ძალიან ბევრი ვიფიქრე, წავსულიყავი თუ არა გასაუბრებაზე. ერთის მხრივ, მინდოდა რამე შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ვფიქრობდი, რომ პროექტის მონაწილეებს კონკურენციას ვერ გავუწევდი. როცა პროექტის შესახებ გავიგე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, რადგან ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა და ამ ფაქტმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი გარე სამყაროსგან ჩემს მოწყვეტას და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას.

ასე რომ, ჩემთვის ეს პროექტი ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. გასაუბრებაზე „დემოკრატ მესხთა კავშირში“ მივედი, სადაც სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა - მეგობრული და თბილი. ამან ჩემი მღელვარება გადაფარა. ჩემდა გასაკვირად, გასაუბრებამ კარგად ჩაიარა და პროექტის მონაწილე გავხდი. ეს ფაქტი თან მაშინებდა და თანაც მახარებდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან საკუთარი აზრის გამოთქმის მრცხვენოდა, მის დაცვაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. მეგონა, თუ აზრს გამოვხატავდი, საზოგადოება არასწორად მიიღებდა. არ ვიცოდი აუდიტორიასთან, ჯგუფთან ურთიერთობა, მაგრამ იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობდნენ და გამოცდილებას გვიზიარებდნენ, ყველა კომპლექსი ნელ-ნელა დავძლიე. ყოველ შეხვედრასა და ტრენინგზე ვგრძნობდი პროგრესს. ვცდილობდი ყველა აქტივობაში ჩავრთულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა ამ ღონისძიებებში. რაც მთავარია, ყველაფერი ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და ნაძალადევი არ იყო. ცენტრში იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, რომ როცა ღონისძიებები მთავრდებოდა, სახლში დაბრუნება აღარ მინდოდა. ცენტრი ჩემ მეორე ოჯახად იქცა.

იმ ფონზე, როცა უამრავ ინფორმაციას ვიღებდი ადამიანის უფლებების, ლიდერობის, მოხალისეობის და სხვა თემების შესახებ, მივხვდი, რომ სამართლებრივი საკითხები ძალიან მიზიდავდა; ამან კი ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა.

სურვილი გამიჩნდა, რომ ადამიანთა უფლებების დამცველი გავმხდარიყავი და ჩავაბარე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე და დასახულ მიზანს მივაღწიო. ANI-ის პროექტის დამსახურებაა, რომ ჩემი ადგილი ვიპოვე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს გადაწყვეტილებას არ ვინანებ. ვფიქრობ, ისეთ გამოცდილებას ვერსად მივიღებდი, რომელიც ANI-ის პროექტმა მომცა და გზა გამიხსნა სხვა პროექტებში წარმატებისკენ.

პროექტში მიღებულ შთაბეჭდილებებს მეგობრებსაც ვუზიარებდი, რის შემდეგაც მათაც უჩნდებოდათ გაწევრიანების სურვილი, რათა საკუთარ თავზე გამოეცადათ ეს სიკეთეები. დარწმუნებული ვარ, მათაც დიდი გამოცდილება მიიღეს ANI-ის პროექტის ფარგლებში და რაც მთავარია, ბევრი კარგი ახალი მეგობარი შეიძინეს საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორც მე.

ის ფაქტი, როცა საქართველოს 13 ქალაქში თუნდაც ერთი ნაცნობი ან მეგობარი გყავს, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ANI-ის პროექტი ყველაზე ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში და მასზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, რადგან მხოლოდ პოზიტიურ მოგონებებს უკავშირდება.

მიხარია, რომ ასეთ არაჩვეულებრივ პროექტში მონაწილეობის ბედნიერება მხვდა წილად. მეამაყება, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ!

Page 6: ესეების კონკურსი 'iStory

6

ბესიკხოზრევანიძე

Page 7: ესეების კონკურსი 'iStory

7

,,სანამ ადამიანის სულში არ შეაღწევ, მანამ ნუ განსჯი“ - დაახლოებით ერთი წლის წინ მეგონა, რომ ამ ფრაზის მნიშვნელობა მესმოდა. სინამდვილეში კი მეც ქსენოფობიით სავსე ბრბოს ,,ღირსეული” წარმომადგენელი ვიყავი და ისევე როგორც ამ ბრბოს თითოეულ წევრს, მეც მაწუხებდა ,,ციგნების თავხედობა“.

მეგობრებთან ერთად ქუჩაში არხეინად მოსიარულეს მაღიზიანებდა, როცა მოწყალებას მთხოვდა მშიერი, ,,თავხედი ციგანი“, რომელსაც სალანძღავი სიტყვებით ,,ვამკობდი“ და რა თქმა უნდა, ბოშაც აგრესიით მპასუხობდა.

მისი დამცირების შემდეგ მედიდურად მივაბიჯებდი მეგობრებთან ერთად და ვამაყობდი, რომ მე ეს გავაკეთე. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუ როგორ შეეძლო ბოშას ჩემნაირად ეფიქრა, რამე ეგრძნო ან საერთოდ რაიმეთი მაინც ჩემი მსგავსი ყოფილიყო. მე ვიცოდი და ამაში საკმაოდ მყარად ვიყავი დარწმუნებული, რომ ყველა ბოშა თავს გამოძალვით ირჩენდა.

ერთი წლის წინ მეგობრის თხოვნით ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში გავწევრიანდი, რომელიც მისვლის დღიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. იქ არსებული გარემო მაგრძნობინებდა, რომ ეს იყო ადგილი, სადაც ყველას უანგაროდ უყვარდა ერთმანეთი. ეს ერთი, არცთუ ისე პატარა ოჯახია, სადაც ყოფნა არასოდეს მბეზრდება.

16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უნდა წავსულიყავით სკოლაში, სადაც ბოშები სწავლობდნენ. მიკვირდა, შეიძლება კი ბოშა სწავლობდეს?! ამიტომაც, გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ აქტივობაში.

საკლასო ოთახში შესვლისას ბავშვები მორცხვად იყურებოდნენ. ცოტა უცნაირად მომეჩვენა ბოშების მსგავსი საქციელი, მაგრამ შევეცადე გაოცება დამემალა. ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელმა მათ სთხოვა, რომ ,,ბოშური“ ეცეკვათ და ისინიც ღიმილით დათანხმდნენ. ცეკვავდნენ ენერგიულად და ვხედავდი, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ.

უცებ უკნიდან ვიღაცამ ზურგზე ხელი დამადო; შევცბი და სწრაფად მოვიხედე. ჩემს უკან პატარა გოგონა იდგა და აციმციმებული თვალებით მიყურებდა. მორიდებით მკითხა: ,,შეიძლება შენთან სურათი გადამიღოს იმან?“ (მიმითითა ჩემს მეგობარზე, რომელსაც ფოტოაპარატი ეჭირა). ცოტა დავიბენი, მაგრამ სწრაფადვე დავთანხმდი, მეგობარს ვთხოვე ფოტო გადაეღო და დავიხარე პატარა გოგონასკენ. მან ხელები კისერზე მომხვია, ისე მაგრად, ისე მაგრად, თითქოს მისი ახლო ნათესავი ვყოფილიყავი, რომელიც დიდი ხანი არ ენახა. იმ მომენტში მისგან ისეთი დიდი სითბო ვიგრძენი, რომ ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება... ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გოგონა გვერდიდან არ მომშორებია, მოჰყავდა მისი მეგობრები და მაცნობდა სათითაოდ. მეც ღიმილით ვეგებებოდი.

წამოსვლისას გოგონამ მკითხა: ,,ხომ მოხვალ კიდევ?“ მეც დაუფიქრებლად ვუპასუხე: ,,რა თქმა უნდა, რა მოგიტანოთ?“ შერცხვა და მიპასუხა: ,,ზღაპრები, ოღონდ ნახატები, რომ აქვს’’. გოგონას დავპირდი, რომ ,,ნახატებიან ზღაპრებს“ მივუტანდი და დავემშვიდობე.

ეიფორიაში ვიყავი, ჩემს გონებაში გადატრიალება მოხდა. მინდოდა უკან დაბრუნება და იმ გოგონასთვის ბოდიშის მოხდა იმის გამო, რასაც მე მათზე ადრე ვფიქრობდი. მივხვდი, რომ ჩემდამი მათი აგრესია ისევ და ისევ ჩემი ბრალი იყო. ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მათაც შეუძლიათ სიყვარული, ცდილობენ იყონ კარგები და არიან კიდეც.

ქუჩაში ბოშას დანახვისას ის გოგონა მახსენდება და როცა მოწყალებას მთხოვენ, მოკრძალებით ვეუბნები უარს ფულის არქონის შემთხვევაში. მართალია უარის გამეორება შეიძლება რამდენჯერმე მომიხდეს, მაგრამ ბოლოს მაინც სევდიანი თვალებით შემომხედავენ და მიდიან.

მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა უმცირესობების უფლებები, რაშიც ეს პროექტი მეხმარება. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი თუ მცირე ძვრებით, შევქმნით უკეთეს საზოგადოებას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ ბოშებს სკოლაში და რა თქმა უნდა, პატარა გოგონასა და მის თანატოლებს დაპირებული ,,სურათებიანი ზღაპრებიც“ მივუტანეთ.

Page 8: ესეების კონკურსი 'iStory

8

ანაქურციკიძე

Page 9: ესეების კონკურსი 'iStory

9

თითქმის ერთი წელია, რაც მე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი და პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) მონაწილე ვარ. იმის მიუხედავად, რომ ერთი წელი არც ისე დიდი დროა, ANI-ის მეშვეობით მივიღე ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება, რითაც ნამდვილად შემიძლია ვიამაყო.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დაახლოებით, ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით გავიარე გრიშაშვილის ქუჩაზე, სადაც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს, და შევესწარი ცენტრის წევრების აქტივობისთვის მზადებას - მათ ხელნაკეთი ბარათები უნდა დაერიგებინათ ქველმოქმედებისთვის მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ამან ძალიან დამაინტერესა და მეც აქტივობის მონაწილე გამხადა. კარგად მახსოვს ის ემოცია, რაც ყოველი ბარათის გაყიდვამ და იმის გააზრებამ მომიტანა, რომ ჩემი პატარა წვლილით მეც შემიძლია სხვა გავაბედნიერო.

სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რიც გამოც მე იმ დღესვე ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი გავხდი. ნელ-ნელა თბილ და მეგობრულ გარემოში უფრო მეტი და მეტი შევიტყვე პროექტისა და ჩვენი ცენტრის შესახებ. მოხალისეობრივ და სათემო აქტივობებს დაემატა ტრენინგები, დებატები, დისკუსიები, სემინარები, შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან, ადვოკატირების კამპანიები, თანატოლთა განათლება, საზაფხულო სკოლა, გაეროს მოდელირება- ეს ყველაფერი სულ უფრო მმატებდა მოტივაციას.

პროექტში ჩართვამდე თითქმის არ მქონდა წარმოდგენა სამოქალაქო აქტივიზმისა და არაფორმალური განათლების შესახებ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის აქტივობები იყო ჩემი პირველი „გზამკვლევი“, რომ გავმხდარიყავი ღია და თავისუფალი მრავალფეროვნების მიმართ. ამ ერთმა წელიწადმა ტოლერანტად გადამაქცია.

პროექტის დახმარებით შევიძინე ლიდერისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელოვანი უნარები, გამიუმჯობესდა კომუნიკაცია; შევიცვალე საზოგადოების მიმართაც, უფრო ინტეგრირებული გავხდი.

ANI-ის ფარგლებში გავიცანი და დავუმეგობრდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ ასზე მეტ აქტიურ ახალგაზრდას. თავადვე შევძელი დამეგეგმა და განმეხორციელებინა ჩემი იდეები. ჩემთვის საინტერესო მიმართულება ავირჩიე და გავხდი სხვადასხვა ქვეკლუბის მონაწილე. წილად მხვდა ბედნიერება და მონაწილეობა მივიღე ბაკურიანში ჩატარებულ საზაფხულო სკოლაში, რამაც არათუ შემიმცირა ინტერესი, არამედ უფრო მეტად მოტივირებული გამხადა და პროექტის ფარგლებში მიღებული ჩემი გამოცდილებისა და წარმატებების ჩამონათვალი უფრო გაზარდა.

ამ შემართებით დავბრუნდი სასწავლო წლის დასაწყისში. ANI-სა და ცენტრის აქტიური ცხოვრება ჩემთვის შეუცვლელი გახდა.

ANI-ის ფარგლებში, გაეროს მოდელირების სახელწოდებით ცნობილ ყველაზე საინტერესო სიმულაციურ თამაშში მივიღე მონაწილეობა. საზაფხულო სკოლაში, სწორედ ამავე სახელწოდების თემატურ ჯგუფში მიღებული გამოცდილება დამეხმარა და გამიიოლა მოდელირებაში მონაწილეობა. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ძალიან დიდია, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. ეს პროექტი იმ ინფორმაციას გაძლევს, რასაც ყველგან გამოიყენებ და თავისუფლად შეძლებ საკუთარი ინიციატივების ხორცშესხმას.

და მაინც, ზევით ჩამოთვლილის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი რამ მოხდა და ყველაფერი შეცვალა ჩემში, რასაც ალბათ ესეში ჩატეული სიტყვები არ ეყოფა და ვერც იმ შედეგის აღწერა იქნება სრული, რაც მე ამ ერთმა წელმა მომიტანა.

დასასრულს მაინც ვეცდები ვთქვა მოკლედ და მასში მოვუყარო თავი ჩემს მთავარ სათქმელს - თუკი შარშან გაგეცნობოდით, როგორც ანა ქურციკიძე, ამა და ამ სკოლის ამა და ამ კლასის მოსწავლე და ასე შემდეგ... დღეს უკვე თავდაჯერებულად ვამბობ, რომ მე ვარ ანა ქურციკიძე - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი.

Page 10: ესეების კონკურსი 'iStory

10

ანნატურიაშვილი

Page 11: ესეების კონკურსი 'iStory

11

„გინდა შეცვალო მსოფლიო? დაიწყე შენით!“ - ყოველთვის, როდესაც ამ სიტყვებს ვიხსენებ, იქვე გონებაში ახალგაზრდული ცენტრიც ამოტივტივდება.

რა შეცვალა ჩემში ახალგაზრდულმა ცენტრმა? უამრავი რამ... მაგრამ, ერთ კონკრეტულ მონაპოვარზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის რელიგიური შემწყნარებლობა.

ჯერ კიდევ 15 წლის ვიყავი, როდესაც მაღიზიანებდა იმის დანახვა, თუ როგორ შენდებოდა ჩემს ქალაქში მეჩეთები. ადამიანის უფლებების შესახებ ტრენინგებმა ჩემში გარდატეხა შეიტანა და ეს ცვლილება დღითიდღე ინერგებოდა ჩემს აზროვნებაში. ამ ტრენინგების შემდეგ მე დავაკვირდი საქართველოს. ბათუმში რამდენიმე მუსულმანი ქალი და მამაკაცი შევამჩნიე, რომელთა შორის ერთ–ერთი ჩემი უახლოესი მეგობარია; ქუთაისში რამდენიმე იეჰოველი შემხვდა; ჩემს კლასში გოგონა იუდეველი აღმოჩნდა და სინაგოგაში დადიოდა სალოცავად; თბილისს რომ შევხედე, 50–იანელების მიმდევრებიც შევამჩნიე; შემდეგ ერთი ქალიც შევნიშნე, რომელიც ჩემი კლასელის დედა აღმოჩნდა და რომელიც ბაპტისტი იყო. ერთი კითხვა დამებადა? რა შეუქმნიდა ჩემს ქვეყანას პრობლემას, ის რომ მე ყველა ამ ადამიანთან „ქართველობით“ მებრძოლა, თუ ის, რომ მე მათთვის პატივი მეცა? რა დამაკარგვინებდა მე ბათუმს, მუსულმანებთან გაუთავებელი ბრძოლა თუ შემწყნარებლობა და თანაცხოვრება?

თუ ადრე ჩემს თემში რაიმე პრობლემას წავაწყდებოდი, მეც, ჩემი მეზობლების მსგავსად, მთავრობას გადავაბრალებდი ხოლმე ყველაფერს.

–ვისი ბრალია, რომ ჩვენს უბანში არ არის გზები? –მთავრობის! –ვისი ბრალია, რომ ჩვენს უბანში სანაგვე ყუთი გადატენილია? –მთავრობის! –ვისი ბრალია, რომ ჩვენს უბანს არ ემსახურება საკმარისი რაოდენობის სამარშრუტო ტაქსი? –მთავრობის!ვისი ბრალია? ვისი ბრალია? რა თქმა უნდა,

ჩვენი. თუ ჩემს უბანში სანაგვე ყუთი გადატენილია, ადვილად შემიძლია დავურეკო დასუფთავების სამსახურს და მოვითხოვო გატანა, რასაც ვაკეთებ კიდეც. ჩემს მეზობელს ადვილად შეუძლია გაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით, რაც გააკეთა კიდეც და ჩვენთან დამატებითი ავტობუსი ფუნქციონირებს.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდულ ცენტრში გავწევრიანდი, მივხვდი, რომ ამ ერთი შეხედვით

„ჩვეულებრივ“ ადამიანებს - მოქალაქეებს, უდიდესი ძალა შეგვწევს მოვახდინოთ ცვლილებები. იმისათვის, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო, უბრალოდ მოქმედებაა საჭირო.

როდესაც სამეგობრო წრეში ვინმე სიტყვა „ზანგს“ ახსენებს, შემომიტრიალდება და მეუბნება: „უი, ანნა, ბოდიში, ფერადკანიანი“. ერთი შეხედვით, შეიძლება ბანალურ მაგალითად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის, რადგან სწორედ ასეთი მაგალითები ცვლის ნელ–ნელა ადამიანის ცნობიერებას.

როდესაც მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში მაღაზიების ვიტრინებს ვათვალიერებთ და უცებ თვალში პოლიეთილენის პარკი მოგვხვდება, ვიღებთ და სანაგვე ყუთში ვაგდებთ. შეიძლება ამაზე ვინმემ გაიცინოს კიდეც, მაგრამ დამიჯერეთ, თუ ის ხშირად წააწყდება ასეთ „სასაცილო“ ფაქტებს, დაფიქრდება მაინც.

გამოგიტყდებით, რომ საკმაოდ ზარმაცი ფეხით მოსიარულე ვიყავი, რადგან დიდად არ მსიამოვნებდა რამდენიმე მეტრის გავლა ე.წ „ზებრამდე“ გზის გადასაკვეთად. თუმცა ჩემგან განსხვავებით, ჩემი მეგობარი ამას ყოველთვის აკეთებდა. თავიდან ჩემთვის ეს ხუმრობის საგანიც იყო, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის, როდესაც სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვდივარ, თვალით „ზებრას“ ვეძებ და რატომღაც ზედმეტი გზის გავლა აღარ მეზარება.

არც იმის მოყოლა მეზარება მეგობრებისათვის, თუ როგორ გახდა ერთი ბიჭი ჩვენს ტრენინგზე ფემინისტი. ტრენინგის მსვლელობისას საკმაოდ აქტიურობდა და გაიძახოდა : „რას ჰქვია, ქალს საკუთარი აზრი ჰქონდეს? რას ჰქვია, ქალი მანქანას კარგად მართავს?“ და სხვა მრავალ „რას ჰქვიას“ გაიძახოდა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც მან, ბოლოს გენდერული თანასწორობა აღიარა.

ჩვენს ქალაქში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ახალგაზრდული ცენტრი მოქმედებს, თუმცა მას ბევრი ადამიანის ცნობიერება შეუცვლია უკეთესობისაკენ. რამდენი გამხდარა ტოლერანტი, ფემინისტი, გარემოს დამცველი და ა.შ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის და თავისუფლებისათვის. ჩვენ ერთნი ვართ სქესის, კანის ფერის, რასის და აღმსარებლობის მიუხედავად. ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ცვლილება - მეც, შენც, ჩვენს მეგობრებსაც. უბრალოდ, პირველ რიგში, საჭიროა შევიცვალოთ ჩვენ!

Page 12: ესეების კონკურსი 'iStory

12

საბაჩინჩალაძე

Page 13: ესეების კონკურსი 'iStory

13

დემოკრატ მესხთა კავშირის ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში გავწევრიანდი. პროექტს ANI ერქვა - ,,ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში’’. კარი, რომელიც ცოტა ძნელად იღებოდა, შევაღე და პირველი ნაბიჯი შევდგი ოთახში, სადაც ბევრი ახალგაზრდა დამხვდა. აქ კი ნელ-ნელა გავწითლდი, რადგან ბავშვობიდან ასე მემართებოდა ხალხმრავლობაში. თანდათან გავიცანი ბავშვები, ვესწრებოდი ტრენინგებს, სემინარებს, პრეზენტაციებს და ყველაფერი ეს სულ მეტად მაფიქრებდა რეალობაზე, სამწუხარო რეალობაზე...

თავიდან არ ვაქტიურობდი, არ ვერთვებოდი დებატებსა თუ დისკუსიებში. თუმცა შემდეგ უფრო ,,მოვშინაურდი’’. თითქმის ყველა წევრი გავიცანი, მიხაროდა ასეთ აქტიურ და ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობა, მათგან მაგალითს ვიღებდი.

ერთ დღესაც მე თვითონ ჩავატარე პრეზენტაცია, მალევე მეორე, მესამე... ყველაზე მეტად შემიყვარდა დისკუსიები, მომწონდა ჩემი აზრის ბოლომდე გატანა ან ოპონენტის პასუხის მოლოდინში რაიმე ჭკვიანური მაგალითის არგუმენტად მოყვანა.

პირველი ბანაკის დროც დადგა, სადაც დებატები კარლ პოპერის მეთოდით შედგა. ახლაც მახსოვს როგორი გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ბანაკის თემატიკას; არ ვიცოდი როგორი ბავშვები დამხვდებოდნენ; დებატების შესახებ რომ ვერაფერი გამეგო, ხომ შევრცხვებოდი? ბანაკში წასვლის წინა ღამე სხვა მსგავსი ფიქრებით გავათენე. დებატების ჩემპიონატში ჩემი გუნდი ფინალში გავიდა. ბანაკის ბავშვები სამუდამოდ ჩაიბეჭდნენ ჩემს გულში.

მეორე ბანაკი კი გაეროს მოდელირება იყო. ეს ყველაზე კარგად მახსოვს... იმდენად შევედი დელეგატის ამპლუაში, რომ სახლში დაბრუნებისას მეგობრებსაც კი მაღალფარდოვნად ვესაუბრებოდი... ჩემს რეგიონში ჩატარებულ გაეროს მოდელირებაში ოთხ საუკეთესო დელეგატს შორის დამასახელეს.

მართალია რამდენიმე კონკურსი წავაგე კიდეც, მაგრამ ამ შეცდომებზე ვისწავლე და ნელ-ნელა გავძლიერდი. გენდერი, სიტყვის თავისუფლება, გარემოს დაცვა, ტოლერანტობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა, არ ვაზროვნებ ტიპიურად, მაქვს ჩემი მსოფლმხედველობა და ნებისმიერ თემაზე შემიძლია დამაჯერებელი არგუმენტებით მსჯელობა.

ჩემი უამრავი მეგობარი ჩავრთე სხვადასხვა პროექტებში, სემინარებში, ტრენინგებში, აქციებში. მახარებს, რომ ისინიც ჩემს კვალს მოყვებიან.

პატარა ბიჭიდან, რომელსაც ხალხმრავლობა უხერხულობას უქმნიდა, ჩამოვყალიბდი ადამიანად, რომელიც იცხოვრებს დედამიწაზე და ეცდება რაიმე უკეთესობისკენ შეცვალოს. საზოგადოებრივი აქტიურობის პერიოდის შემდეგ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კი არ ვცოცხლობ, არამედ ვცხოვრობ და ჩემ გარკვეულ კვალს ვატყობ დედამიწას... ასეთ პიროვნებად კი ANI-ის დახმარებით ჩამოვყალიბდი!

Page 14: ესეების კონკურსი 'iStory

14

მარიამთოფჩიშვილი

Page 15: ესეების კონკურსი 'iStory

15

წარმოიდგინეთ მრავალსაფეხურიანი კიბე და ადამიანი, რომელსაც სურს ბოლო საფეხურზე მოხვედრა. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ არ არსებობს მეორე ან მესამე საფეხური პირველის გარეშე, რომ ადამიანს პირველი საფეხური იმისთვის სჭირდება, რომ გზა განაგრძოს და განვითარდეს... ეს ადამიანი მე ვარ. ჩემი პირველი, ძლიერი საფეხური კი სწორედ გორის ახალგაზრდული ცენტრია...

მოგესალმებით. მე მარიამ თოფჩიშვილი ვარ გორიდან და დღეს მე არაადაპტირებულ გარემოს ვაპროტესტებ... ყველაფერი სწორედ აი ამ სიტყვებით დაიწყო პარლამენტის ტრიბუნიდან. ეს პროექტში ჩართვის შემდეგ ჩემი პირველი სეროზული აქტივობა იყო; გამოსვლა ბავშვთა უფლებებებისკონვენციის 25 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ იცით რა არის? ის რომ, მე ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრე, მე ვირწმუნე, რომ ჩემს სიტყვებს ძალა აქვს, რომ ჩემი ხმა, ეს ჩემი უფლებაა და შემიძლია ამ უფლების სასიკეთოდ გამოყენება.

ამის შემდეგ დაიწყო ცვლილებები... კლუბში ჩართვით, მე უამრავი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა გავიცანი და ჩვენ ერთად დავიწყეთ მოქმედება. ჩავატარეთ ტრენინგები ჩვენი თანატოლებისათვის, დავგეგმეთ და განვახორცილეთ სხვადასხვა აქტივობები, ვავრცელებდით საინფორმაციო ბუკლეტებს ადამიანის უფლებების შესახებ, ვსტუმრობდით სოფლებს, სადაც ვცდილობდით ადგილობრივებისათვის მიგვეწოდებინა მათთვის საჭირო ინფორმაცია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავგეგმეთ რამდენიმე ადვოკატირების კამპანიაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველა შევიცვალეთ... როდესაც 16 წლის ხარ და მეგობრებთან ერთად იკრიბები, სასაუბრო თემა მრავალფეროვანია, ზოგი საკუთარ ოცნებებზე საუბრობს, ზოგიც გატაცებებსა და ჰობიზე... ჩვენ შეკრების დროს იცით რაზე ვსაუბრობდით? იმაზე, თუ რა უნდა ყოფილიყო ჩვენი შემდეგი აქტივობა, ან როგორ შეგვეძლო ვინმეს დავხმარებოდით, რა უნდა დაგვეგეგმა იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანისათვის მიგვეწვდინა ხმა... და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ თითოეულ შეხვედრაზე ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტნი ვიყავით.

ერთხელ განდიმ თქვა: თუ გინდა, რომ გარემოში ცვლილება მოახდინო, პირველ რიგში, ეს ცვლილება შენს თავში მოახდინე.. ამიტომ მე ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია არა ის, რაც ამ დროის მანძილზე გავაკეთე ჩემი ძალებით/ინიციატივითა თუ სხვების დახმარებით, არამედ ყველაზე მეტად ამაყი ვარ იმით, რომ მე შევიცვალე... და მე შევცვალე ადამიანები ჩემს გარშემო, რათა გარემოში ცვლილება მათაც მოეხდინათ. მე შევეცადე, რომ მათთვის ის სიკეთეები მეჩვენებინა, რაც მე ამ პროექტმა დამანახა... და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს მიერ ჩატარებულმა ტრენინგებმა და განხორციელებულმა აქტივობებმა რეალური შედეგი გამოიღო. მე ვხედავ, თუ როგორ აქტიურდებიან ბავშვები ჩემს გარშემო და მახარებს ის წვლილი, რაც მათ განვითარებაში მეც მიმიძღვის. საბოლოოდ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ხილვაა, თუ როგორ იცვლება თანდათანობით საზოგადოება ჩვენს გარშემო...და ასევე გააზრება იმისა, რომ ეს შენი შრომის შედეგია.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პროექტისგან ვისწავლე, იცით რა არის? ის, რომ მე შემიძლია ყოველ წამს რაიმე შევცვალო უკეთესობისაკენ, რომ ჩემი ყველაზე ძლიერი იარაღი ჩემი სიტყვაა, რომ ჩემი ხმა, ეს ჩემი უფლებაა და შემიძლია ამ უფლების სრულფასოვნად გამოყენება!

Page 16: ესეების კონკურსი 'iStory

16

ნინობერიძე

Page 17: ესეების კონკურსი 'iStory

17

ყველაფერი 2013 წლის 31 აგვისტოს, ერთი წლისა და ექვსი თვის წინ დაიწყო, როდესაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში“ მივედი მოხალისედ და გავიგე, რომ არსებობდა „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი“. იმ პერიოდში სამოქალაქო აქტივობებში ჩართული არ ვყოფილვარ; მანამდე უფრო პასიური მოქალაქე ვიყავი, რადგან არასასკოლო აქტივობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ რამდენიმე ტრენინგზე დასწრებით.

„ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრთან“ ურთიერთობის განმავლობაში ძალიან ბევრი მოგონება დამიგროვდა. მთელი ეს პერიოდი ნელ-ნელა ვამჩნევდი როგორ ვვითარდებოდი და ვსწავლობდი იმას, რასაც სკოლაში ვერასდროს ვისწავლიდი. უამრავი მეგობარი შევიძინე, მათ შორის განსხვავებული რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. ჩემთვის დაინგრა სტერეოტიპი, რომ თუ ადამიანი ჩემგან რაიმე ნიშნით გამოირჩევა, მისი აზრი მიუღებელი უნდა იყოს. ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ცამეტ ქალაქში მყავს სულ მცირე თორმეტი მეგობარი, თუ უფრო მეტი არა; რომ დღეს მე მქვია „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისე; და რომ თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალე უკეთესობისკენ.

ჩემი პირველი აქტივობა იყო გიდის რანგში ანა ფრანკის ორ გამოფენაზე - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“. ამ აქტივობაზე მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა, რომ მრავალფეროვნება არის რესურსი. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი აქტიური ცხოვრება. ამ დღიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

ძალიან რთულია გამოვყო ღონისძიებები, რომლებმაც შემცვალეს, რადგან ყოველი აქტივობა უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ცოდნის გაღრმავების მხრივ, ოთხ ტრენინგ-კურსს გამოვყოფდი. ესენია: საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ იმიტირებული ფასილიტაციის ორი ტრენინგი და ტრენინგი მრავალფეროვნების მართვაზე, რომლებიც თბილისში გაიმართა. ასევე ბაკურიანის საზაფხულო სკოლა, სადაც საშუალება მომეცა გამეცნო ძალიან ბევრი ადამიანი, დავახლოვებოდი და მათთან ერთად მიმეღო თემატური ჯგუფებისა და „პარტნიორები - საქართველოს“ ტრენინგებზე გაცნობილი სიახლეები.

ფასილიტაციის ტრენინგების გავლის შემდეგ თანატოლ განმანათლებელი გავხდი. აჭარის

სოფლებში მცხოვრებ, ჩემი ასაკის თინეიჯერებს ვუზიარებდი იმ ცოდნას, რასაც ტრენინგებზე ვიღებდი და რაზეც მათ მანამდე ამომწურავი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ეს თემებია: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მრავალფეროვნების მართვა, ტოლერანტობა და ა.შ. თანატოლთა ტრენინგში მონაწილეები ზოგ შემთხვევაში სურვილს გამოთქვამდნენ ცენტრში გაწევრიანების თაობაზე და დღეს ისინი „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ მოხალისეები არიან. ისინი, ვინც ვერ ახერხებდნენ სოფლიდან ბათუმში ხშირად ჩამოსვლას, სოციალური ქსელის საშუალებით მიკავშირდებოდნენ და ამ გზით ვაწვდიდი ინფორმაციას იმ თემებზე, რაშიც კომპეტენტური ვიყავი.

საქველმოქმედო აქციების აქტიური მონაწილეც გავხდი. მსგავსი აქტივობების მიზანი მოხალისეობრივი თვითშეგნების ამაღლება და იმ ადამიანების დახმარებაა, ვინც ნამდვილად საჭიროებს ამას. ამ აქტივობების ფარგლებში გავიცანი ბათუმის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები.

ბოლო აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე, ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის. ესენია გაეროს მოდელირება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. გაეროს მოდელირების საშუალებით გავიგე რა მდგომარეობაა გენდერული თანასწორობის მხრივ მთელს მსოფლიოში, ხოლო ვიქტორინის საშუალებით მივიღე ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე.

მას შემდეგ, რაც პროექტში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) ვარ ჩართული, ისეთი უნარ-ჩვევები გამოვიმუშავე, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის ტექნიკა, ღონისძიებებისა და ჯგუფის მუშაობის მართვა. გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, მივიღე ცოდნა, რომელსაც სკოლაშიც ვიყენებ. ეს პროექტი მომავალი პროფესიის მიგნებაშიც დამეხმარა - მინდა გავხდე იურისტი, რათა დავიცვა ყველა ადამიანის უფლება განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და შეხედულებების. ტოლერანტობა ნიშნავს არა იმას, რომ დაეთანხმო ან უარყო სხვისი აზრი, არამედ შექმნა სივრცე ყველა ადამიანის საინტერესო თუ განსხვავებული შეხედულებებისთვის.

Page 18: ესეების კონკურსი 'iStory

18

გიორგილოლაძე

Page 19: ესეების კონკურსი 'iStory

19

პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI) შესახებ ჩემი მეგობრისგან 2013 წლის მაისში შევიტყვე და მისი რჩევით გავწევრიანდი “ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში.” ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში უჩვეულოდ “მშრალი” იყო სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით. ყველაფერი ეს რადიკალურად სწორედ “ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში” გაწევრიანების შემდეგ შეიცვალა. როგორც კი გაწევრიანების ფორმალური პროცედურები დასრულდა, თითოეული მოკლე ტექსტური შეტყობინების შემდეგ მომართული ვიყავი ნებისმიერ აქტივობაში ჩართვისკენ.

პროექტში, რომლის მთავარი მიზანი ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაა, ჩემი მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. ქუთაისისა და ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრებს შორის არსებული დაძმობილების პროგრამის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში სახლში ვმასპინძლობდი ახალქალაქელ არმან მანასიანს. ის ჩემი პირველი ეთნიკურად არაქართველი მეგობარი გახდა. ჩვენ საერთო ენა მალევე გამოვნახეთ. ორივეს მსგავსი საფეხბურთო გემოვნება და სოციალური მედიის მიმართ საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა. შემდგომში ჩვენი მეგობრობა ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში გამყარდა.

ბაკურიანის ბანაკში მოხვედრის საბოლოოდ დადასტურებამ უდიდესი ბედნიერება მომანიჭა. წარსულში დაგროვილი გამოცდილების გამო, გადავწყვიტე “სოციალური მედიისა და ბლოგინგის” თემატურ ჯგუფში ჩავწერილიყავი. ძალიან ბევრ ბანაკში ვყოფილვარ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბანაკი იყო ყველაზე ნაყოფიერი ამ სფეროში ჩემი კომპეტენციის გაზრდის კუთხით. ამასთანავე, უდიდესი ცოდნა მივიღე პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების კუთხითაც. ამავე ბანაკში ვნახე მანამდე ჩემთვის უცნობი ფილმი “HOME,” რომელმაც მთელი სიცხადით დამანახა ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას და ამ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში სწორედ ჩემმა თაობამ უნდა შეიტანოს წვლილი. ჩემი ღრმა რწმენით, იმ დარბაზში მყოფი მოზარდებიდან ყველამ იგრძნო ამ საფრთხეების რეალობა. ამასთანავე, აუცილებლად უნდა გავიხსენო ბანაკის ფარგლებში ჩატარებული 3 ლექცია, რომელთაგანაც ყველაზე გამორჩეული ჩემთვის ლევან გიგინეიშვილის ლექცია იყო.

ბატონმა ლევანმა შეძლო იქ მყოფი ადამიანები ილუზორულ სამყაროში გადავეყვანეთ, სამყაროში, რომელიც ლიტერატურული შედევრების ციტატებით იყო შექმნილი, მაგრამ ის სამყარო თანამედროვე ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით, იყო ტოლერანტული და სიყვარულით აღსავსე. ეს იყო ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც მე დამწუხრებული ვიყავი მსგავსი ტიპის ლექციის დასრულების გამო. ეს ბანაკი, ჩემი თემატური ჯგუფის მიერ შექმნილი ბლოგის (celsius2013.wordpress.com) პრეზენტაციით დავასრულე და მაჟორულ ემოციებთან შერწყმული გარკვეული სევდით დავტოვე ბაკურიანი.

ბაკურიანიდან დაბრუნების შემდეგ საკმაოდ დატვირთული ზაფხული მქონდა, რის გამოც ვერ შევძელი აქტიურობა, მაგრამ სექტემბერში, ქუთაისში დაბრუნებისთანავე გავაგრძელე აქტივობებში მონაწილეობა. კარგად მახსოვს ჩვენი ვიზიტი მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ვეცადე ხანდაზმულებს კომპიუტერის გამოყენების ელემენტარული უნარ-ჩვევების შესწავლაში დავხმარებოდი. მათ მე ძალიან ბევრი პოზიტივით დამმუხტეს; თვითკმაყოფილი ვიყავი იმის გამო, რომ მცირე წვლილის შეტანა მაინც შევძელი მათ გათვითცნობიერებაში. ყველაფერთან ერთად, ხანდაზმულებმა ჩემი სასიამოვნოდ გაკვირვებაც შეძლეს თავიანთი მონდომებითა და აქტიურობის სურვილით.

პროექტმა შესაძლებლობა მომცა, რომ მცირე წვლილი მაინც შემეტანა ჩემი თანატოლების კომპეტენციის განვითარებაში. წილად მხვდა ბედნიერება, რომ ქუთაისის სხვადასხვა სკოლაში ჩამეტარებინა ტრენინგები სოციალური მედიის შესახებ. ამ აქტივობის ფარგლებში გავიცანი უამრავი ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელთაც მივაწოდე ინფორმაცია ამ სფეროში თანამედროვე ტენდენციების შესახებ და ვცადე მათი მოტივირება, რათა მომავალში მათაც შექმნან ბლოგები ან სხვა საშუალებები გამოიყენონ თავიანთი მოსაზრებების საჯაროდ გამოსათქმელად. მნიშვნელობა არ აქვს თემატიკა შეეხება კულტურას, სპორტს, პოლიტიკას თუ ზოგადად, საზოგადოებრივ პრობლემებს, მთავარია ის, რომ მათ იპოვეს გზა, რომელიც უზრუნველყოფს მათი შეხედულებებისა და იდეების ფართო მასებისთვის გაცნობას.

დასასრულს, აუცილებლად მინდა გავიხსენო ჩემი მონაწილეობა გაეროს მოდელირების პროგრამაში ჯერ ქუთაისში, შემდგომ კი თბილისში. ამ კონფერენციებმა უდიდესი გამოცდილება შემძინა და დამეხმარა გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული ANI-ს ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამ პროექტიდან იმდენად დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომ ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად დარჩება. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ვითვლებოდე ამ პროექტის ერთ რიგით, მცირე ნაწილად.

Page 20: ესეების კონკურსი 'iStory

20

ლელაშარაძე

Page 21: ესეების კონკურსი 'iStory

21

ჩემს ფლეილისტში მშვიდი სიმღერა... წვიმიანი ამინდი... ხელში ყავა და უამრავი ტკბილი თუ თბილი მოგონება... ამ ემოციურ ფონზე, მგონი, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ავამუშავო დროის მანქანა, უსაფრთხოების ღვედი შევიკრა და გავემგზავრო უკან, წარსულში.

2012 წლის 4 დეკემბერი.

დიდი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, მანამდე კი, სტაჟირების კურსები გამევლო. სადღაც წავიკითხე, რომ გაზეთ „ბათუმელებს“ აქვს მედია სკოლა და მეც მარდად გავეშურე მათი ოფისისკენ.

ჟურნალისტიკით დაინტერესებული, სრულიად შემთხვევით, ერთი კარით ავცდი „ბათუმელების“ მედია სკოლას და ის „საბედისწერო“ კარი „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ აღმოჩნდა.

შევედი ოთახში, სადაც თავი იმდენ ახალგაზრდას მოეყარა, რომ ვიფიქრე ვერ დავეტეოდი და მხოლოდ „ბათუმელების“ ადგილმდებარეობას ვკითხავდი. ოთახში, რომელიც მაშინ პატარა მეჩვენა, ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე სკამიდან წამოხტა სუსტი, მშვიდი სახის, შავი, ხშირი და გრძელთმიანი გოგონა, რომელმაც საოცარი სითბოთი მკითხა:“რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ მაშინ მინდოდა მეთქვა, რომ ფანჯარა გაეღოთ და ცოტა ჰაერი შემოეშვათ, მაგრამ კიდევ კარგი რომ გადავიფიქრე და ვუპასუხე: „უკაცრავად, სად მოვხვდი შეგიძლათ ამიხსნათ?“ ამ გოგონასაც თითქოს ამის მოსმენა უნდოდა. მიმიპატიჟა ოთახში და ახლა უფრო ღრმად შევიჭერი ამ პატარა სივრცეში... ვაკვირდებოდი იქაურ გარემოს: წიგნები, ფურცლები, პრინტერი, ნოუთბუქები, კომპიუტერი, სამუშაო მაგიდა. ამ ატრიბუტებით მივხვდი, რომ აქ სამუშაო და საფუსფუსო საქმეს ჰქონდა ადგილი. სკამზე დამსვა და ამიხსნა ყველაფერი ამ გოგომ, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ კოორდინატორი, მარი იყო. ნელ-ნელა გაურკვევლობის ზღვიდან გამოვცურე.

ყველაფერში რომ გავერკვიე, გაწევრიანების ბლანკი შევავსე და უცებ მომეჩვენა, რომ ნახევარი საათის წინ ჩემთვის უცნობი გარემო, უკვე კარგად ნაცნობი და შინაური იყო.

მეორე დღეს ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე მივედი. ნაადრევ ქორწინებას ეხებოდა. სათაური გავიგე თუ არა, ვიფიქრე, რომ გამიმართლა. ტრეინინგი რომ დამთავრდა, გვკითხეს რამის თქმა ხომ არ გვსურდა. ხელი კანკალით ავწიე. მეშინოდა ჩემი აზრის გამოთქმის, ყველა მე მიყურებდა, ხმა შემეცვალა, ვაი ვაგლახით მოვყევი ის ისტორია, 8 თვის წინ რომ გადამხდა და მეგობრებისგან რჩევებიც მივიღე, თუ როგორ უნდა მემოქმედა სხვა დროს ასეთ სიტუაციებში.

ასე ნელ-ნელა და უბრალოდ დაიწყო ყველაფერი. ერთ ტრენინგს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე, აქციები, მსვლელობები, საინტერესო დღეები, მოწვეული სტუმრები, დისკუსიები, თანატოლ

განმანათლებლები... ძალიან მალე ჩემში საოცარი გარდაქმნა მოხდა. ახლა უკვე აღარ იყო ჩემთვის უცნობი ტერმინები - რასიზმი, ქსენოფობია, გენდერული თანასწორობა და სხვა მრავალიც.

20 მარტი მახსოვს ძალიან კარგად - რასიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, როცა დიდი აქტიურობით გამოვირჩეოდი, ჩამწერეს კიდეც. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხაროდა. მაშინ დავინტერესდი პირველად ამ თემით და დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით მოვამზადე პრეზენტაცია და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, გორში სწორედ ამ თემაზე ჩავატარე ტრენინგი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვუყურებდი ბავშვების დაინტერესებულ და გათვითცნობიერებულ სახეებს. ყოველთვის, როცა წარმომიდგება მათი სახეები ტრენინგის დასაწყისში, როდესაც პირველად იგებენ ამ ტერმინს და ტრენინგის დასასრულს, როდესაც უკვე მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, ვგრძნობ რომ, მე, როგორც ერთ ცალკეულ ინდივიდს, უთუოდ შემიძლია რაღაცის შეცვლა.

თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, ახლა უკვე საკმაოდ წარმატებული ვარ. აღარ მეშინია საკუთარი აზრის დაფიქსირების, ვერაფერი მაჩერებს, როდესაც უსამართლობას ვხედავ და ყველაზე მთავარი იცით რა არის? გვერდით მყავს სტაბილური, აქტიური, ერთგული და მიზანდასახული მეგობრები, რომლებიც აქ, ამ თბილ გარემოში - „ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში“ შევიძინე.

ბავშვები „პოზიტივას“ მეძახიან. ის, რომ უფრო გახსნილი გავხდი, ესეც ახალგაზრდული ცენტრის დამსახურებაა. დღეს მე ვარ თავდაჯერებული, უკვე არცერთ კონკურსს არ ვტოვებ - მთავარი ხომ მონაწილეობაა და არა გამარჯვება.

მალე გაზეთმა „ბათუმელები“ სტატიაც კი დაბეჭდა სახელწოდებით „მოქალაქე ახალგაზრდული ცენტრიდან“ (http://www.batumelebi.ge/GE/batu-melebi/weekly1/32269/), სადაც კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვამბობ, რომ „ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრი“ -ეს არის მეგობრობის, სიყვარულის და შრომის ჰარმონიული გარემო! ახლა უკვე ჩემი ყველა მეგობარი მყავს ამ პროექტში ჩართული, რათა ისინიც შეიცვალონ და ირწმუნონ, რომ ფლობენ საოცარ ძალას!

წელს საზაფხულო სკოლაშიც ვიყავი. ამ პროექტის საშუალებით შევიძინე 300-მდე მეგობარი ქვეყნის ყველა რეგიონში, რითიც ვამაყობ!

განვლილი თითქმის სამი წელი იმდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და შედეგიანი იყო, აღარც კი ვიცი მეტი რა დავწერო კიდევ. მოგონებებმა ისედაც ცრემლების ტბა დააყენა.

დღეს მე მამოძრავებს მიზანი, რომლისკენაც ყოველდღიურად მივიწევ. ჩემი დევიზია - შენ ერთი მოინდომე და შეცვლი, ამისთვის კი არ არის საჭირო იყო ღმერთი!

მე მოვინდომე, მე შევცვალე! ახლა შენი დროა! გააქტიურდი!

Page 22: ესეების კონკურსი 'iStory

22

სედასაფარიანი

Page 23: ესეების კონკურსი 'iStory

23

სამი წლის წინ, როცა პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში დავესწარი პირველ ტრენინგს, ძალიან გამოუცდელი ვიყავი, რადგან ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი ასეთი ღონისძიება იყო. მახსოვს, ყველაზე მეტად ის ფაქტი მაშინებდა, რომ ჩემს გაუთვითცნობიერებულობას ენობრივი ბარიერიც ერთვოდა თან. საკუთარი თავის წარდგენისას, როცა ვთქვი, რომ ქართული ენის შესწავლის დიდი სურვილი მქონდა, მეგონა, რომ ყველა დამცინებდა, თუმცა რეაქცია სრულებით სხვაგვარი იყო - ყველამ ტაში დამიკრა. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ამის მერე სულ ვცდილობდი, რაც შეიძლება აქტიურად ჩავრთულიყავი ამ პროექტში და მუდამ ვგრძნობდი ჩემში პიროვნულ ზრდას და წინსვლას. პროექტის ფარგლებში ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ დიდი და საინტერესო გზა; ერთად განვახორციელეთ ბევრი ღონისძიება, ტრენინგი და სხვადასხვა აქტივობა. ნიჭიერი ადამიანები გავიცანი, რომელთაგანაც ბევრი ახალი ვისწავლე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საკუთარ თავში შევნიშნე, რომ ბევრად უფრო მიზანდასახული, კომუნიკაბელური და თავდაჯერებული გავხდი და რაც მთავარია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი მეგობარი შევიძინე, არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ სომხები, აზერბაიჯანელები - ძალიან კარგი და მეგობრული ბავშვები.

აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის შესახებ. ჩემთვის ეს ცენტრი ახალი და განსხვავებული ცოდნის მიღების, დასვენებისა და განტვირთვის ადგილია, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის თბილი, უშუალო გარემო და კარგი ხალხი მხვდება. ისინი ჩემთვის არა მხოლოდ პროექტის ხელმძღვანელები, არამედ ჩემი უფროსი მეგობრებიც არიან, რომელთა იმედიც მუდამ მაქვს. იგივეს თქმა შემიძლია ჩემს უმცროს მეგობრებზეც. თავიდან სოფელ წყრუთიდან ახალციხეში სასწავლებლად რომ ჩავედი, თითქმის არავის ვიცნობდი. ახლა კი თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდები ნაცნობს; ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამაყეს და სიამოვნებას მანიჭებს, როცა ერთ დროს ჩემთვის უცნობ ქალაქში უამრავი თბილად მომღიმარი სახე მხვდება. ბევრი მათგანი დღეს უკვე ჩემი ახლო მეგობარია.

პროექტში ჩართვის საწყის ეტაპზე, ენობრივი ბარიერის გამო კომპლექსები მაწუხებდა და საკუთარი აზრის დაფიქსირების სულ მეშინოდა იმიტომ, რომ მეგონა, ვერ ვიტყოდი იმას, რისი თქმაც მსურდა. ახლა კი თავისუფლად შემიძლია გამოვთქვა და ჩამოვაყალიბო საკუთარი აზრი. ეს ზუსტად ამ პროექტის და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მუდამ მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ძალიანაც კარგად ვახერხებდი საუბარს და არ შევშინებულიყავი. მე აქ არასდროს მიგრძვნია თავი ეთნიკურ უმცირესობად.

დღესდღეობით ვხვდები, რომ ბევრი რამ შეიცვალა ჩემში და ვცდილობ, ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ANI–ის პროექტის ფარგლებში მივიღე, მაქსიმალურად გამოვიყენო პრაქტიკაში, გავუზიარო ჩემს მეგობრებს და თანატოლებს. ძალიან მწყდება გული, რომ პროექტი სრულდება, რადგან ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს. თანაც, მგონია, რომ კიდევ ბევრი დამრჩა სასწავლი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. თუმცა მჯერა, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში.

კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტები კიდევ ბევრი იქნება...

Page 24: ესეების კონკურსი 'iStory

24

ხატიაზუხუბაია

Page 25: ესეების კონკურსი 'iStory

25

„ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრს“ საძირკველის ჩაყრამდე შემოვუერთდი - ცენტრის დაბადებიდან ფეხის ადგმამდე, მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით , რათა ის ჩვენთვის და ჩვენი თანატოლებისთვის საოცნებო ადგილი გამხდარიყო. სწორედ ისეთი, როგორიც დღეს არის.

ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, რომელსაც ყველგან ჰყავს ახლობლები – ყველა ქალაქსა თუ რაიონში. მეგობრები დანარჩენი 12 ცენტრიდან მუდამ გელიან და მზად არიან ოჯახის წევრივით გიმასპინძლონ...

დღეს მინდა ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულ და საყვარელ წიგნის კლუბზე მოგიყვეთ. კლუბი, სადაც ვაცოცხლებთ ჩვენთვის საყვარელ წიგნებს, ვწერთ და ვსაუბრობთ საყვარელი პერსონაჟების სახელით, ვიხილავთ ისეთ თემებს, როგორიცაა წიგნიერების როლი საზოგადოებაში, ვსაუბრობთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

მოდი უფრო დავკონკრეტდები და ერთ ძალიან ღირსშესანიშნავ დღეზე მოგიყვებით, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში აღვნიშნეთ - ეს წიგნიერების დღე, 8 სექტემბერია. ჩემდა უჩვეულოდ, დილის 7 საათზე გავიღვიძე და შევუდექი მზადებას. პოსტერები მქონდა დასამთავრებელი, რომლებიც ქუჩაში უნდა დაგვერიგებინა. ცოტათი ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი როგორ ჩაივლიდა დღე.

Page 26: ესეების კონკურსი 'iStory

26

სოფოთათარაშვილი

Page 27: ესეების კონკურსი 'iStory

27

ახლახანს დავასრულე იმ ფოტოების დათვალიერება, რომლებიც ANI-ის პროექტს მახსენებს. გავხსენი Word-ის ფაილი ჩემს კომპიუტერში და შიშმორეული ვცდილობ უახლოეს ნახევარ საათში მოვასწრო იმ შთაბეჭდილებებისა და მოგონებების თქვენთვის გადმოცემა, რომელიც მე ამ პროექტის 2 წლიანმა წევრობამ შემძინა.

დავიწყებ იმ პირველი ნაბიჯების აღწერას, რომლებმაც ANI-მდე მიმიყვანა. იდგა 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩემმა მეგობარმა მთხოვა თელავში არსებულ ცენტრში წავყოლოდი და მათთან ერთად დამედგა „ფლეშმობი“. ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დავთანხმდი მაშინ მის საბედისწერო შემოთავაზებას და 2013 წლის 1 ივნისიდან გავხდი ANI-ის პროექტის წევრი; მომდევნო ეტაპი იყო ე.წ საბჭოს წევრობა, რაც ბავშვებს უფრო მეტ უფლებებსა და პასუხიმგებლობას გვანიჭებდა.

დღეს მე ვარ ამაყი იმით, რომ ვიყავი ANI-ის წევრი და ამ პროექტის საშუალებით ბევრი რამ ვნახე და გამოვცადე. 2 წლის მანძილზე მიწევდა სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი სამუშაოების შესრულება, დავესწარი უამრავ ტრენინგს სხვადასხვა თემატიკაზე, ვიყავი ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში, მივიღე მონაწილეობა თანატოლ განმანათლებელთა გაცვლით პროგრამაში და საშუალება მომეცა მეთამაშა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაში - გაეროს მოდელირება.

მაშინ, როცა პროექტისგან მიღებულ შენაძენზე ვაკეთებ აქცენტს, შეუძლებელია არ აღვნიშნო ბავშვთა მრავალრიცხოვანი სია, რომელთაც მე დავუმეგობრდი. მეამაყება, რომ ისინი არიან სხვადასხვა კუთხიდან და ამასთანავე სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიის წარმომადგენლები; მათთან ურთიერთობა ჩემთვის არის სასიამოვნო და ამასთანავე, მეტად საინტერესოც, რადგან მაქვს შესაძლებლობა ვკითხო და შევიტყო მეტი მათ კულტურაზე, ტრადიციასა თუ რელიგიაზე.

Page 28: ესეების კონკურსი 'iStory

28

სოფიოკომახიძე

Page 29: ესეების კონკურსი 'iStory

29

ყოველთვის მაინტერესებდა ის, რაც არ ვიცოდი და ვცდილობდი და ახლაც ასეა, ვაკეთო ის, რაც რაღაც ახალს შემძენს. ამ სიახლეების ძიების გზაზე ვნახე ინფორმაცია ტრენინგის შესახებ სახელწოდებით `ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი“. ამ ტრენინგის გავლის შემდეგ შემომთავაზეს ახალგაზრდულ ცენტრში გაწევრიანება და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო ბევრი საინტერესო რამ, სიახლეებს მოყვა სასარგებლო ცვლილებები. შევეცდები მოკლედ გამოვყო ჩემი ამ ცენტრში საქმიანობის რამდენიმე, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

პროექტში ჩართვამდე ჩემთვის ყველაზე ახლოს ლგბტ თემის ირგვლივ არსებული პრობლემები იდგა. ალბათ იმიტომ, რომ მყავდა ამ თემის წევრი მეგობრები, რომლებიც გამუდმებით აწყდებოდნენ პრობლემებს ორიენტაციის გამო. პროექტში ჩართვის შემდეგ, საინტერესო და აქტუალური გახდა ყველა ის პრობლემა, რომელიც სხვადასხვა უმცირესობების ირგვლივ არსებობს საქართველოში. Mმანამდე, თუ მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთთან ვსაუბრობდით იმ დიდი უსამართლობის შესახებ, რასაც ვაწყდებოდით და ჩვენი საუბარი ოთახის ფარგლებს არ ცდებოდა, ახლა ის პლაკატები, რომლებსაც მხოლოდ ოთახის კედლებზე ვაკრავდით, გარეთაც გაგვაქვს.

ბევრი არაფერი ვიცოდი ტოლერანტობის შესახებ, თუმცა ჯგუფში ირანელ დრამერთან ერთად ვუკრადი, რომელიც ხშირად ყვებოდა შეუწყნარებლობაზე და გამიჩნდა მოთხოვნილება, რომ სივრცე, რომელშიც მაშინაც და დღესაც ვცხოვრობ, ყოფილიყო ტოლერანტული ყველას მიმართ.Aიმის მიუხედავად, თუ სად ვიმყოფები, ვცდილობ გავავრცელო ამ ტერმინის მნიშვნელობა ყველგან. ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ჩავერთე ტუტორიუმის პროგრამაში და ვცდილობ, დავეხმარო არაქართულენოვან სტუდენტებს ინტეგრაციაში.

ცენტრის წევრები ხშირად დავდიოდით ბავშვთა სახლებში, სკოლებში, ბაღებში; ვმონაწილეობდით გაცვლით პროგრამებში და საზაფხულო სკოლებში; ვაწყობდით ქუჩის აქციებს; ვიზიარებდით სხვათა იდეებს და ვმონაწილეობდით მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებშიც. ამ მხრივ, გამოვყოფდი აქციას ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ. ამ დროისთვის მე უკვე ფემინისტი ვიყავი. დღეს ყველაზე კარგად ჩემს იდენტობას ეს გამოხატავს, მაქვს ახალი არგუმენტები, რომლითაც ვამართლებ ან ვერ ვამართლებ ჩემს ძველ შეხედულებებს პროექტის ფარგლებში განხილულ საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, ჩემი ინტერესები დაემთხვა პროექტის ინტერესებს და მიხარია, რომ ამ პროექტში მოვხვდი.

მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ ცოდნას მხოლოდ ჩემთვის არ ვიტოვებდი და პროექტის ფარგლებში განხილული ყველა სოციალური თემის ირგვლივ დისკუსიების, ტრენინგების თუUნებისმიერი სხვა აქტივობის შემდეგ ვსაუბრობდი მეგობრებთან, ვფიქრობ, რომ ჩემს თემში, ყველაზე მეტი სასარგებლო ცვლილება პროექტის მეშვეობით სწორედ მე განვიცადე. ეს უწყვეტად გაგრძელდება პროექტის დასრულების შემდეგაც. სწორედ ამიტომ, მოწოდებული ვარ და დიდი მოთხოვნილება მაქვს იმისა, რომ ეს ცვლილებები სხვებსაც გავუზიარო.

Page 30: ესეების კონკურსი 'iStory

30

სალომედეკანაძე

Page 31: ესეების კონკურსი 'iStory

31

ყველაფერი დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივიზმის ბანაკში სხვა პროექტის ფარგლებში ვიყავი და იქ ჩემმა მეგობარმა ძალიან საინტერესო პროექტის არსებობის შესახებ შემატყობინა, რამაც დამაინტერესა და სოციალური ქსელით დავუკავშირდი კოორდინატორს.

მივედი ადამიანებთან და მოვხვდი გარემოში, რომლის გარეშეც დღეს ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

პირველად სამუშაო შეხვედრას დავესწარი, სადაც განიხილავდნენ ანა ფრანკის გამოფენის საკითხს; დავინტერესდი, რადგან ეს ის წიგნი იყო, რომელმაც დღიურის წერა დამაწყებინა. პირველი აქტივობა იყო “მე - გამოფენის გიდი”. ამ დროს ჯერ კიდევ მაკლდა თავდაჯერებულობა. შემდეგ იყო პირველი თანატოლთა ტრენინგი - ეს უკვე ცოტა მეტი იყო, ვიდრე გამოცდილება. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, რადგან ამ ყველაფერმა ჩემი, როგორც აქტიური მოქალაქის, ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

მანამდე არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რატომ არ ჰქონდა რომელიმე კაფეს ან დაწესებულებას პანდუსი და რატომ არ იყო ადაპტირებული საჯარო ადგილები. მე არ მაღელვებდა ის ფაქტი, რომ ჩემს ირგვლივ ვინმეზე დისკრიმინაციას ახდენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას განსხვავებული კანის ფერი, რელიგია ან ორიენტაცია ჰქონდა, მაგრამ დღეს სხვისი პრობლემა უკვე ჩემი პრობლემაც არის. ცენტრში გაწევრიანებამდე მხოლოდ თეორიულად, მხოლოდ ტერმინების დონეზე მქონდა გააზრებული თითოეული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაკისრია. მაგრამ საბედნიეროდ, ამ პროექტმა შეძლო ჩემში მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების შეტანა.

ყოველთვის მქონდა შინაგანი პროტესტი იმის თაობაზე, რომ მეზობლად ჩემი თანატოლი მასზე პატარა ძმას მხოლოდ იმის გამო უნდა დამორჩილებოდა და მის სიტყვას კანონივით ემოქმედა მასზე, რომ ის ბიჭი იყო. ამ გოგონას დედა გამუდმებით ელაპარაკებოდა დედაჩემს, რომ ჩემი უფროსი ძმის გავლენა ჩემზე ძალიან მცირე იყო და მისი უმცროსი ვაჟი უფრო მეტი უფლებებით სარგებლობდა თავის დის მიმართ, ვიდრე ჩემი ძმა ჩემზე. თურმე წარბებშეკრული 10 წლის გოგოს შიგნით, რომელიც მსგავს საუბარს პროტესტის გრძნობით ისმენდა, ფემინისტი იმალებოდა. მახარებს, რომ თითოეული ტრენინგი, რომელიც ამ თემაზე ჩამიტარებია, შედეგიანი აღმოჩნდა.

ყველაზე მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ აუცილებელია გქონდეს ცოდნის

გარკვეული მარაგი, რომელიც ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს შენთვის, შეგიძლია თამამად, აუღელვებლად და მშვიდად აუხსნა და მიახვედრო ადამიანს. ამაში სწორედ ის ცოდნის მარაგი გეხმარება, რომელშიც არგუმენტები უხვად გაქვს, რომლითაც შეძლებ ადამიანი დაარწმუნო, აზრები და შეხედულებები შეუცვალო უკეთესობისკენ და დაუმსხვრიო ყველა ის სტერეოტიპი, რომელიც ჩამოუყალიბდა.

ძალიან ბევრი რამ გამოვიარე, მაგრამ მინდა ბოლოს მომხდარ ერთ-ერთ ფაქტზე გავაკეთო აქცენტი. მეოთხე კლასელებთან ბავშვთა უფლებების შესახებ ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ტრენინგს ვატარებდით. გაცნობის სავარჯიშოს დროს რიგი მწვანეთვალება გოგონაზე მიდგა, რომლისგანაც ველოდი, რომ იტყოდა თავის სახელს და დაასახელებდა საყვარელ საქმიანობას, მაგრამ გოგონა დიდრონი თვალებით შემომცქეროდა და ხმას არ იღებდა. ბავშვები თვალებს აცეცებენ და ამ დროს ერთ-ერთმა ქეთის შესახებ თქვა: “ის ვერ ლაპარაკობს, არ იცის ლაპარაკი”. მზერით მივახვედრე მეგობარს, რომ განეგრძო პროცესი. ამასობაში, გადავედით იმ სავარჯიშოზე, რომლის დროსაც ბავშვებს ჯგუფებად ვყოფდით. გამოვიყვანე ქეთი, ჩვენ ერთად შევქმენით ცალკე ჯგუფი და ვუთხარი, რომ უნდა გაგვეკეთებინა ძალიან მაგარი პრეზენტაცია ბავშვის ერთ-ერთ უფლებაზე. თავიდან სავარაუდო პასუხებს ვეუბნებოდი და ის ან თავს მიქნევდა ან არა. ასე მივედით იმ აზრამდე, რომ ქეთი თავის სათქმელს დახატავდა. უცებ ედომ მკითხა, თუ რამდენ ხანში დაირეკებოდა ზარი, რაზეც პასუხი არ მქონდა და ჩემს გვერდით მჯდომ ქეთის ვითომ სხვათაშორის ვკითხე, რადგან ვიფიქრე, რომ კითხვაზე, რომელიც მას შევუბრუნე თავის დაქნევით ვერ მიპასუხებდა. ისიც იძულებული გახდა ამ ჩემი ხრიკის გამო სრულიად შემთხვევით ხმა ამოეღო და ეპასუხა: “ათ წუთში”. სამივეს სახეზე გაოცება გამოგვესახა. ჩემი და ედოს გაკვირვება სიხარულით იყო გამოწვეული, სწორედ იმ ბედნიერებისგან, წამით რომ გაგთიშავს მთელი სამყაროდან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ დამრიგებელთან მივედი და ვუთხარი, რომ ბავშვების ასეთი დამოკიდებულება ქეთის უფრო გარიყავდა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ის მივიღე, რომ ის აუტისტია და მისთვის განსაკუთრებული პროგრამაა გათვალისწინებული. როცა მომხდარი ფაქტის შესახებ ვუთხარი, არ დაიჯერა; მითხრა, ამდენი წელია ვასწავლი და მისი ხმა არ გამიგიაო.

მართლია რთულია გარშემო არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა, თუმცა ადვილი არც ამ მწარე რეალობასთან შეგუებაა. ასე რომ, სანამ შეგვიძლია, ვიყოთ ცვლილებების მოთავეები!

Page 32: ესეების კონკურსი 'iStory

32

გვანცაჩოგოვაძე

Page 33: ესეების კონკურსი 'iStory

33

მე გვანცა ვარ ქუთაისიდან, ქალაქიდან, რომელიც სავსეა სტერეოტიპებით, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ქალაქის პრობლემა არ არის. ზოგადად ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობ...

დავიბადე ერთ ჩვეულებრივ ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ოჯახში, სადაც მამის სიტყვაა მთავარი, ხოლო დედა მშვიდი, გაწონასწორებული და მომთმენია. აბა როგორ ?! კარგა ხანი სხვაგვარად არც წარმომედგინა.

მოკლედ, ყველა წინაპირობა მქონდა იმისთვის, რომ გავზრდილიყავი ერთი ჩვეულებრივი, ქართველი ქალი, რომელიც ქმარს უსიტყვოდ დაემორჩილებოდა და საკუთარ თავში პროტესტის გრძნობას გაღვივების უფლებას არ მიცემდა. მაგრამ 16 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ის, რამაც სრულიად შემცვალა: აზროვნებით, მენტალურად ... ეს „ქუთაისის ახალგარდულმა ცენტრმა’’ შეძლო.

ის დამეხმარა ჩვეულებრივი ჰომოფობისგან, რომელიც 17 მაისის აქციის დარბევის დროს მთელი გულით გულშემატკივრობდა სასულიერო პირებსა და პოლიციას; რასისტისგან, რომელიც ქუჩაში მოსიარულე ფერადკანიანებს სურათის გადაღებას თხოვდა, ოღონდ მათთან შეხებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა; სექსისტისგან, რომელიც თვლიდა, რომ ოჯახში უფროსი მამაკაცია და ძალადობა ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილია, გადავქცეულიყავი ადამიანად, რომელიც იცავს სხვის უფლებებს, მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად სქესისა, რასისა, რელიგიური თუ სხვა შეხედულებებისგან; რაც მთავარია, მე დღეს ჩემს თავს თამამად ვუწოდებ ფემინისტს!

მახსოვს ის დღე, როდესაც მეგობრის რჩევით ახალგაზრდულ ცენტრში მივედი. გარემო საოცრად მომეწონა, კოორდინატორმა ყველაფერი ზედმიწევნით ამიხსნა. მას შემდეგ ვცდილობდი არცერთი აქტივობა არ გამომეტოვებინა და თანდათან ვგრძნობდი, თუ როგორ ვიცვლებოდი, როგორ ვხდებოდი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამამად აფიქსირებს საკუთარ აზრს ნებისმიერ საკითხზე. უზარმაზარ ცოდნას ვიღებდი კვალიფიციური ტრენერებისგან და რაც ყველაზე მთავარია, ამ ცოდნას თანატოლებს ვუზიარებდი. დიახ! მე თანატოლთა განმანათლებელი ვარ, რაც ბედნიერს მხდის და კიდევ უფრო მარწმუნებს ჩემს შესაძლებლობებში.

„ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს’’ ვუმადლი იმასაც, რომ ქველმოქმედება ვისწავლე. მივხვდი, რომ ყველაფრის გაკეთება ღირს ადამიანის მადლიერი თვალების დასანახად. არასდროს დამავიწყდება, საშინელ ამინდში როგორ გავყიდეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მისალოცი ბარათები, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახს დავხმარებოდით. ამ ოჯახის პატარა წევრების ბედნიერმა თვალებმა კი ყველა სიძნელე დაგვავიწყა.

‘’ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა’’ დამიფასა შრომა და მონდომება იმით, რომ მომეცა შანსი წავსულიყავი ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში, სადაც ქვეყნის 13 რეგიონიდან შეიკრიბნენ ბავშვები. იქ გატარებულმა ერთმა კვირამ უამრავი მეგობარი შემძინა და მომცა ცოდნა, რომელიც ყოველთვის გამომადგება.

დღესაც კი, როდესაც ამინდის პროგნოზს ვუყურებ, თითოეული ქალაქის გაგონებისას მახსენდება ის ბავშვები და მათთან დაკავშირებული მოგონებები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. დღეს მე მდიდარი ვარ, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა: მე მთელ საქართველოში მყავს მეგობრები!

Page 34: ესეების კონკურსი 'iStory

34

მედეაანაკიძე

Page 35: ესეების კონკურსი 'iStory

35

2014 წლის 15 სექტემბერი ყველაზე ბედნიერი და იმედის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს ის დღეა, როდესაც პირველად მივედი ჩვენს ცენტრში. როგორც კი ფეხი შევდგი ოთახში, სადაც მხიარულად მომღიმარი ბავშვები და უაღრესად თბილი კოორდინატორი დამხვდნენ, საოცარი თავისუფლება და კმაყოფილება ვიგრძენი. თავიდანვე გავაცნობიერე, რომ ბევრ კარგს ვისწავლიდი მათგან. ჩემი იმედები გამართლდა.

სულ რაღაც ოთხიოდე თვეა, რაც ცენტრის მოხალისე ვარ, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სწორად მოვიქეცი, როცა პირველი ნაბიჯი გადავდგი და ცენტრში გავწევრიანდი. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. აქ მე ბევრი რამ ვისწავლე: უპირველესად, გამიჩნდა საკუთარი თავის რწმენა; გავაცნობიერე საკუთარი შესაძლებლობები; გავხდი უფრო აქტიური, ვიდრე მანამდე ვიყავი; ვისწავლე გუნდური მუშაობა; გავიცანი უამრავი ბავშვი.

სკოლაში თანატოლთა ორგანიზებით ჩამოყალიბდა “კულტურის კლუბი’’, რომლის მოხალისეც გავხდი. ეს კლუბი მიზნად ისახავს ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას და შესაძლებლობების გამოვლენას. ვცდილობ კლუბის აქტივობებში მივიღო მონაწილეობა და ამით დავეხმარო სხვებს.

კლუბის მოხალისეები ვსტუმრობდით მოხუცთა თავშესაფარს. ხანდაზმულებს ლექსი წავუკითხე. მათთან ურთიერთობით საოცარი განცდები დამეუფლა. 10 დეკემბერს აქციით აღვნიშნეთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენი ცენტრის მიერ 11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდა. ამ ტრენინგზე, რომელიც პირველი იყო ჩემთვის, ნაადრევი ქორწინების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე მივიღე ინფორმაცია და ახლად შეძენილი ცოდნა მეორე დღეს თანატოლებს გავუზიარე, რომელთა ამ საკითხით დაინტერესება, ვფიქრობ, შევძელი.

მიჭირს გამოვყო ტრენინგი თუ აქტივობა, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში, რადგან ყოველი ტრენინგი სიახლის მომტანი და საინტერესოა. მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა გაეროს მოდელირებამ, რადგან სწორედ მისი საშუალებით ვისწავლე ლაკონური და საინტერესო ნააზრევის ჩამოყალიბება, წესების დაცვით დისკუსიის წარმართვა, რეგლამენტის გამოყენება და დროის ფასი. აღსანიშნავია ასევე 16 ნოემბერი –ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რომელმაც საოცარი განცდები აღმიძრა: ბედნიერება მომგვარა ღია მატარებლით მსვლელობამ; გავიგე ტოლერანტობის არსისა და მნიშვნელობის შესახებ.

ყველაზე სასიამოვნო კი ბავშვებთან ურთიერთობაა. ადვოკატირების კამპანიის მზადების ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის მათი უფლებების გაცნობასა და მათ აღქმაში დახმარებას, განსაკუთრებულად ვზრუნავდი პატარებზე, ჩემი ხელით დავუმზადე გულის ფორმის ფურცლები წარწერებით, ასევე ფერად ფურცლებზე გავაკეთე წარწერები ბავშვთა უფლებების შესახებ.

ამ აქტივობებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, რადგან ბევრი სასიკეთო რამ შევიტყვე და გავხდი აქტიური მოქალაქე. მას შემდეგ ვცდილობ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეგობრებისა და გარშემო მყოფი ადამიანების მდგომარეობაც შევცვალო უკეთესობისაკენ ან ჩემი წვლილი შევიტანო მათ გარდაქმნაში.

პროექტში მიღებულ ცოდნას მაქსიმალურად ვუზიარებ საზოგადოებას როგორც სიტყვიერად, ასევე ქმედებით. „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ დამსახურებაა, რომ დღეს ვარ ტოლერანტი, თავისუფალი პიროვნება, მეხერხება ბავშვებთან ურთიერთობა, შემწევს უნარი არგუმენტირებულად გამოვთქვა მოსაზრება, ვიმსჯელო, ვიმუშაო გუნდური პრინციპით, პატივი ვცე თითოეული ადამიანის აზრს და ბოლომდე მოვუსმინო მათ. ამ უნარების შეძენისკენ მოვუწოდებ სხვებსაც ჩემი ყოველდღიური რჩევებითა და ქმედებებით.

Page 36: ესეების კონკურსი 'iStory

36