51
სახლი ტყის პირას ანა ანიკო ნინუა რომანი თავი 1 1 ანიტა დაბალ ხის ტაბურეტზე იჯდა მოლბერტის წინ და მეტისმეტი გულმოდგინებისგან ენაგადმოგდებული, დაძაბული სახით ხატავდა ღიპიან, მწვანე სასაცილო კაცუნებს- დუგდუგებს”, რომლებიც პლანეტა მარსზე” “ცხოვრობდნენ”. კაცუნებს მახინჯი მოღრეცილი უშველებელი ცხვირები და ქოლგებივით გადაშლილი პარტყუნა ყურები ჰქონდათ, თავზე ანტენებიუცახცახებდათ, ამ ანტენებითანიტას განმარტებით კაცუნები კოსმოსისეულხმაურს უსმენდნენ... ხმაური წითელი ფერის ზიგზაგებით იყო ნაჩვენები, რომლებზეც მობუზული ჩიტებივით ისხდნენხმები” . სად არის-მეთქი კოსმოსი?-ვეკითხებოდი ანიტას.. “აი-იქა!”-საყვარლად აფშეკდა ხოლმე საჩვენებელ თითს ცისკენ,-”ვაცტავებთან”..თავის ფანტაზიებში ანიტა ვაცტავებზე და პანეტებძე დაფრინავდა კიდეც. ამ მერიმ სულ გააგიჟა ამერიკელი სუპერგმირის, ‘სუპერმენისკომიქსებით. მერის კომიქსების უნიკალური გამოცემების მთელი კოლექცია ჰქონდა, 1938 წლიდან მოყოლებული ყველა გამოცემა. მგონი შეყვარებული იყო ამ გმირზე და ამიტომაც დარჩა შინაბერად; ვერა და ვერ მოაღწია ჩვენს საბრალო ძიძამდე ამ ზეკაცმა... ძილის დროა!”-შევახსენე ჩემს მხატვარქალიშვილს, “კალგი!”-თითქმის მაშინვე დამეთანხმა და მორჩილად გამომიწოდა საღებავებით დასვრილი პაწაწუნა თითები. ეტყობოდა, რომ საშინლად დაღლილიყო; ისეთი მისავათებული-ზეზეურად ეყვინთებოდა..დავაწვინე თუ, არა მყისვე ჩაეძინა, ზღაპრის მოყოლაც არ უთხოვია. სიცხე არ ჰქონდა. გრილ და ოდნავ ნამიან შუბლზე ვეამბორე, ღამის განათება ჩავრთე, ანიტას საოცრად ეშინოდა სიბნელის. ამ შიშს ერქვა სკოტოფობია. ერთმა ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფობიებს ჭკვიანი ადამიანის სისულელები უწოდა . იმდენი სოციოფობიები მაწუხებდა...ჭკვიანი! მეე? სისულელე იყო! .. ანიტა ღამ- ღამობით ხშირად იღვიძებდა ტირილით, იხვეწებოდა-მიშველეთო და ჩემთან მორბოდა... სამი წლის იყო ხატვა-წერა, რომ დაიწყო ზეთის საღებავებით. უფრო სწორად დღაბვნა, ჯერ მხოლოდ ფერებით ერთობოდა, მოსწონდა ერთმანეთში, რომ ურევდა აზავებდა ფერად-ფერად საღებავს. თანდათანობით ფერთა კომბინაციაში გამოსახულებები გამოჩნდა, ძალიან უცნაური გამოსახულებები: ფერადი კაცუნები, ზღაპრული არსებები, არამიწიერი ჰიბრიდები. ყოველ ნახატში ხაზგასმით იყო აღნიშნული ორი, ტყუპად აღმართული სვეტი, ბოძი, ამ სვეტებს აუცილებლად

სახლი - palitral.ge · ზურგში დანის პირივით გამერჭო ვიღაცის ბასრი მზერა ...შევტრიალდი,...არავინ

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

სახლი ტყის პირას ანა ანიკო ნინუა

რომანი

თავი 1

1

ანიტა დაბალ ხის ტაბურეტზე იჯდა მოლბერტის წინ და მეტისმეტი გულმოდგინებისგან ენაგადმოგდებული, დაძაბული სახით ხატავდა ღიპიან, მწვანე სასაცილო კაცუნებს- “დუგდუგებს”, რომლებიც პლანეტა “მარსზე” “ცხოვრობდნენ”. კაცუნებს მახინჯი მოღრეცილი უშველებელი ცხვირები და ქოლგებივით გადაშლილი პარტყუნა ყურები ჰქონდათ, თავზე “ანტენები” უცახცახებდათ, ამ “ანტენებით” ანიტას განმარტებით კაცუნები “კოსმოსისეულ” ხმაურს უსმენდნენ... ხმაური წითელი ფერის ზიგზაგებით იყო ნაჩვენები, რომლებზეც მობუზული ჩიტებივით ისხდნენ”ხმები” . სად არის-მეთქი კოსმოსი?-ვეკითხებოდი ანიტას.. “აი-იქა!”-საყვარლად აფშეკდა ხოლმე საჩვენებელ თითს ცისკენ,-”ვაცტავებთან”..თავის ფანტაზიებში ანიტა “ვაცტავებზე და “პანეტებძე დაფრინავდა კიდეც. ამ მერიმ სულ გააგიჟა ამერიკელი სუპერგმირის, ‘სუპერმენის” კომიქსებით. მერის კომიქსების უნიკალური გამოცემების მთელი კოლექცია ჰქონდა, 1938 წლიდან მოყოლებული ყველა გამოცემა. მგონი შეყვარებული იყო ამ გმირზე და ამიტომაც დარჩა შინაბერად; ვერა და ვერ მოაღწია ჩვენს საბრალო ძიძამდე ამ ზეკაცმა...

”ძილის დროა!”-შევახსენე ჩემს “მხატვარ” ქალიშვილს, “კალგი!”-თითქმის მაშინვე დამეთანხმა და მორჩილად გამომიწოდა საღებავებით დასვრილი პაწაწუნა თითები. ეტყობოდა, რომ საშინლად დაღლილიყო; ისეთი მისავათებული-ზეზეურად ეყვინთებოდა..დავაწვინე თუ, არა მყისვე ჩაეძინა, ზღაპრის მოყოლაც არ უთხოვია. სიცხე არ ჰქონდა. გრილ და ოდნავ ნამიან შუბლზე ვეამბორე, ღამის განათება ჩავრთე, ანიტას საოცრად ეშინოდა სიბნელის. ამ შიშს ერქვა სკოტოფობია. ერთმა ინგლისელმა ფსიქოთერაპევტმა ფობიებს ჭკვიანი ადამიანის სისულელები უწოდა . იმდენი სოციოფობიები მაწუხებდა...ჭკვიანი! მეე? სისულელე იყო! .. ანიტა ღამ-ღამობით ხშირად იღვიძებდა ტირილით, იხვეწებოდა-მიშველეთო და ჩემთან მორბოდა...

სამი წლის იყო ხატვა-წერა, რომ დაიწყო ზეთის საღებავებით. უფრო სწორად დღაბვნა, ჯერ მხოლოდ ფერებით ერთობოდა, მოსწონდა ერთმანეთში, რომ ურევდა აზავებდა ფერად-ფერად საღებავს. თანდათანობით ფერთა კომბინაციაში გამოსახულებები გამოჩნდა, ძალიან უცნაური გამოსახულებები: ფერადი კაცუნები, ზღაპრული არსებები, არამიწიერი ჰიბრიდები. ყოველ ნახატში ხაზგასმით იყო აღნიშნული ორი, ტყუპად აღმართული სვეტი, ბოძი, ამ სვეტებს აუცილებლად

ამშვნებდათ ყვითელი, ჩახჩახა მზე- “ცხრათვალა” და ყანწივით გამოკვანწული ახლად “დაბადებული” მთვარე...სანდრო ამ სვეტებს ხუმრობით ეძახდა ”ლატურუსს” და “ მარბელის”. მასონური ლეგენდის მიხედვით, ან “იახის” და ”ბოაზის”-იერუსალიმის ტაძრის შესავლელი სვეტების სახელწოდებებს... სინამდვილეში-ამბობდა სანდრო ანიტა ქვეცნობიერად ეძებს კავშირს ცასთან, ისევე, როგორც ყველა ადამიანი. ნებისმიერი მაღალი ნაგებობები, მესოპოტამიის კოშკები, პირამიდები, თვით ბაბილონის გოდოლის ჩათვლით წარმოადგენდნენ კავშირგაბმულობით ცენტრებს ძველ ასტრონავტებთან, არამიწიერ ცივილიზაციებთან... თვითონ ანიტა ამ სვეტებს მზის შვილებს ეძახდა ანიტას ენაზე “მძის სილებს”. ჰო, ასეთი უცნაური იყო ჩემი ჩლიფინა კუდრაჭა!...

იატაკზე მიყრილი “შედევრების “ მილაგება დავიწყე და თან იმაზე ვფიქრობდი, რომ არსებებს, რომელთაც ანიტა ხატავდა საერთო არაფერი ჰქონდათ არც ერთ ბიოლოგიურ ფორმასთან, რომელიც კი ბოგინობდა ჩვენს პლანეტა-დედამიწაზე, მგონი საკუთარ პერსონასაც კი არ აკუთვნებდა დედამიწის ცივილიზაციას,თავის ნახატებში ის მუდამ “ცხოვრობდა” მთვარეზე და პრინცესას ტიტულს ატარებდა, ამას მიანიშნებდა ყვითელი დიადემა მის ‘ავტოპორტრეტზე” რომელიც ასხივებდა და შარავანდედს ჰფენდა მთელ სივრცეს-კოსმოსს. სხივები ოქროსფერი წყვეტილი და კლაკნილი ხაზებით იყო გამოსახული... გასაკვირი არც არაფერი იყო, მამამისის გენეტიკის გათვალისწინებით. ანიტა სხვა პატარებივით ტელევიზორის ეკრანის წინ, ან “კომპთან”, არასოდეს იჯდა. არა, .. ანიტას უყვარდა ზღაპრები. ჯერ კიდევ ერთი წლის იყო თავის ნახატებიან ზღაპრების წიგნებს რომ დაატარებდა აქეთ-იქით და ყველას ეხვეწებოდა-წამიკითხეთო, თან პაწაწუნა ბუნჩულა თათუნიებით ეფერებოდა ნახატებს, ჰკოცნიდა, ეთამაშებოდა და ტუქსავდა კიდეც,: “თუდო!”, “თუდო!” -უწყრებოდა დრუნჩიან მგელს წითელქუდას ზღაპრიდან. ორი წლის ასაკში უკვე ლუდვიგ ტიკის ზღაპრებს უკითხავდა მერი, მერე ბრენტანოს ზღაპრებს . ჰოფმანის მეშინოდა, მაგრამ მერი ჯიუტად განაგრძობდა ჩემი ქალიშვილის განათლებას, ჰოფმანი კი, არა ერთხელ შევუსწარი ვაკენროდერის ზღაპარს უკითხავდა. ეს იყო ზღაპარი წმინდანზე, რომელსაც ეჩვენებოდა, რომ დროის ბორბალზე იყო მიბმული...თავი იმით იმართლა, ეს ბავშვი ვუნდერკინდია და ჩვეულებრივი ზღაპრები არ მოსწონსო, თვითონ მერი ჰოფმანის და ჟაკ ოფენბახის ოპერეტების თაყვანისმცემელი ბრძანდებოდა, როდესაც საკუთარ ოთახში განმარტოვდებოდა გატაცებით უსმენდა ოფენბახის ოპერას “ჰოფმანის ზღაპრებს”, წინ კი “სუპერგმირის” კომიქსიდან ამოჭრილი , მუყაოზე დაწებილი “პორტრეტი” ედო, ჩვენში რომ იციან მიცვალებულის სურათს, რომ დაიდებენ და დასტირიან, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში იჯდა ხოლმე გარინდებული. ერთხელ ვეხუმრე ბარემ სანთლები დაუნთე და სულის საცხოვნებელი ლოცვები წაუკითხე-მეთქი. გაგიჟდა, გადაირია,

მკვდარი კი არ არისო, თავის მწვანე პლანეტა “კრიპტონზე” დაბრუნდა და მალე ისევ გამოჩნდებაო.. ესეც მაგრად “უბერავდა”....

ზურგში დანის პირივით გამერჭო ვიღაცის ბასრი მზერა ...შევტრიალდი,...არავინ იყო. ჩემს გოგოს მშვიდად ეძინა.მის გვერდით საბავშვო სავარძელში ბებერი ზაზუნა “ძია გეიბი” თვლემდა. ეძინა თეთრ კაკადუს-მარგოსაც, მასაც ისევე ეშინოდა სიბნელის, როგორც ანიტას, ამიტომ მის გალიას თეთრი შალითა ჰქონდა ჩამოფარებული. მარგოს მოსწონდა თავისი გალია, სადაც თავს მყუდროდ, დაცულად გრძნობდა. გალიის კარს არასოდეს ვკეტავდით, მარგო ამას თვითონვე აკეთებდა თავისი ყვითელი კაუჭა ნისკარტით, გადარაზავდა გალიის კარს და მიიყუჟებოდა კუთხეში, თითქოს რაღაცის ეშინოდა, რაღაცას უფრთხოდა........ თოჯინები როგორც ყოველთვის თვალებდაჭყეტილნი ისხდნენ, ლამაზ სახეზე სამარადისოდ აღბეჭდილი ყალბი ღიმილით.

კარი ფრთხილად მივხურე და ჩემი საძინებლისკენ წავედი. ვიღაცის მზერა თან მომყვებოდა .... იქნებ ეს ჩემი ისტერიული შიში იყო, რომელიც ამ ბოლო დროს ამეკვიატა?.. ამეკვიატებოდა, აბა, რა!... იმდენ ფილმებს ვუყურებდი პარამორმალურ მოვლენებზე... , მეტის ღირსი ვიყავი!....მაგრამ ადამიანებში და მათ შორის ჩემშიც მუდამ ფუთფუთებდა სურვილი რაღაც სხვა, ირეალური სამყაროების არსებობისა, იმდენად მომქანცველი და უფერული იყო მოცემული რეალობა, პარარეალობას ველტვოდით; ისეთი აუტანელი იყო ნორმალურობა, თავისი ნორმალურობით, რომ პარანორმალურობა გვწყუროდა, ..ჰოდა ახლა ძალიანაც რეალურად მეჩვენებოდა, რომ ვიღაც მომსდევდა ფეხდაფეხ.....

შიში, ადამიანის თავდაპირველი და თანდაყოლილი, ცხოველური ინსტიქტი ქმნიდა სრულიად უსახურ ფანტასმაგორიებს-ფობიებს, რომელთაც უპიროვნო იდენტურობა გააჩნდათ, საკუთარი “სელფის” გრძნობა; შიშის ინდიკატორები ქმნიდნენ ინდეტიფიკაციებს ტვინის რომელიღაც ლოკალურ წერტილში და მერე ეს ინდეტიფიკაციები მათემატიკური რიგითობის სიმარტივით მრავლდებოდნენ მთელს ჩემ მატერიალურ სხეულში; ჩემს სისხლში, სენსორულ “პორტებში” აკუმულირდებოდნენ სინათლის ფოტონებად, სუნის მოლეკულებად, ხმების ტალღებად, შეხების ვიბრაციებად, ეს იყო გიჟური შიში,პანიკური ისტერია,, რომელიც ფსიქიკურ დარღვევებიდან მომდინარეობდა, მაგრამ შიში ამავე დროს თავდაცვით მოქმედებას აიძულებდა ნებისმიერ ცოცხალ არსებას, იქნებ ამ მოქმედებამ შექმნა კიდეც ისეთი სრულყოფილი და უნივერსალური ბიოლოგიური ორგანიზმის ფორმა, როგორიც იყო ადამიანი?... პირველი მოქმედება ალბათ ქვის მოქნევა იყო, როდესაც ბანჯგვლიანმა უზარმაზარმა პრიმატმა მტრის მოსაგერიებლად ქვას წამოავლო ხელი, ან თათი.. ამ მოქმედებიდან დღევანდელობამდე მილიონობით წლებმა განვლო, მაგრამ რამდენად დაბეჯითებით შეგვეძლო იმის მტკიცება, რომ ნამდვილად

უნივერსალურები ვიყავით?....თავისთავად ვირთაგვაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო ბუნების შედევრად, ის უნიკალური იყო თავის ბუნებაში, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ცოცხალი არსება.

შიში, აკვიატება, ფობიები და ფსიქოზამდე, ან შიზოფრენიამდე აღარაფერი მაშორებდა მგონი და უკვე მერამდენედ გავიფიქრე ნამდვილად შეშლილი ხომ არ ვარ-მეთქი, იქნებ მეტნაკლებად ჩვენ ყველანი შეშლილები ვიყავით ამ შეშლილ სამყაროში, რომელიც სავსე იყო ბედნიერი და უბედური ადამიანებით, რომლებიც მუდამ იბრძოდნენ გადარჩენისთვის, და ამისკენ მათ თვითგადარჩენის ინსტიქტი უბიძგებდათ.......ბედნიერები და უბედურები...ან, იქნებ იღბლიანები და უიღბლოები, ყველაფერს ბედი-ფორტუნა განაპირობებდა, მაგრამ განაპირობებდა კი?

ჩემს საძინებელში შევვარდი, კარი ავტომატურად ჩაიკეტა, თავისი მგრძნობიარე სენსორით კარი “გრძნობდა” სხეულიდან წამოსულ საფრთხის საგანგაშო სიგნალებს და იჯავშნებოდა, ძეხორციელი ვერ შესძლებდა მის გაღებას გარედან, რადგან კარის სენსორი მხოლოდ ჩემი ხელის ინდეტიფიცირებას ახდენდა. ამგვარადვე იკეტებოდა ყოველი კარი ჩვენი “ციხე-სიმაგრისა”, საშიშროების დროს და ეს დაცულობა ასე თუ, ისე, მეიმედებოდა..ლიცი მხიარული წკმუტუნით შემეგება, ხტუნვა დაიწყო, თამაში უნდოდა, მაგრამ თამაშის განწყობა არ მქონდა, მიხვდა....მოწყენილი ლიცი უკმაყოფილო წკმუტუნით საწოლის ქვეს შეძვრა და გაიტრუნა....

მოლოდინის რეჟიმში ვთვლემდი, ლიცი საწოლის ქვეშიდან როგორც იქნა გამოძვრა და ბუხართან მიწვა თავის ჭრელ საგებზე..... სანდროს ზარს ველოდი...ამ ბოლო დროს ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება აუდიალურ “ფორმატში” მიმდინარეობდა, რადგან ჩემს “ვარსკვლავთმრიცხველ” თანამეცხედრეს თავისი ვარსკვლავების, პლანეტების, გალაქტიკების და არამიწიერი ცივილიზაციების გარდა არაფერი აინტერესებდა, სრულიად გადაავიწყდა თავისი მიწიერობა, ყველაფერი ის, რაც არ უკავშირდებოდა კოსმოსს,მისთვის მეათასე კატეგორიად ითვლებოდა თავისი მნიშვნელობით.

სანდრო მიმომფრენი ფრინველივით იყო: დღეს, რომ “ატამაკას” უდაბნოში “ლას-კამპანას” ლაბორატორიაში რაღაც ექსპერიმენტს ესწრებოდა კარნეგის ინსტიტუტის მიწვევით, ხვალ ჰავაიში უნდა გადაფრენილიყო “მაუნა -კეას” მთაზე, სადაც დედამიზე არსებული ერთ-ერთი უდიდესი ტელესკოპით იუპიტერს იკვლევდნენ; შემდეგ “ნოტინჰემის” უნივერსიტეტში უნდა დასწრებოდა რაღაც შეხვედრას, ამის მერე კემბრიჯის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში ცდები უნდა ჩაეტარებინა, როგორც გენეტიკოსს. ამ სფეროთი, ანუ მოლეკულური ბიოლოგიით სანდრო მას შემდეგ დაკავდა, რაც ჩვენს ერთადერთ ქალიშვილს, ანიტას მედიცინამ საზარელი დიაგნოზი დაუსვა, ეს დაავადება გენების მუტაციებით იყო გამოწვეული. თავიდან

სანდრო თვლიდა, რომ მუტაციები არ იყო საშიში და რომ სწორედ მუტაციამ შექმნა სიცოცხლის ფორმები , თვით ადამიანის ჩათვლით, ანუ ყველაზე უფრო მაღალი ინტელექტი პლანეტაზე, მაგრამ ანიტას სიცოცხლე გენების მუტაციების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ანიტა მაშინ მხოლოდ სამი წლის იყო, ღმერთო! სამი წლის და უკვე სასიკვდილოდ განწირული!

ამ ავბედითი განაჩენის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ერთგვარ მოლოდინად იქცა, ეს სიკვდილის მოლოდინი იყო; სიკვდილის შიში-ტონატოფობია, სიკვდილი გვეთამაშებოდა და ამაზე საზარელი რაღა უნდა ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში....

რა თქმა უნდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ამ მოლოდინში ილეოდა ჩვენი ნების მიუხედავად და არავითარი რომანტიული ელემენტები არ აფერადებდა ამ მძიმე მოლოდინს, ეს იყო სამიდღემჩიო საუკუნოვანი განაჩენი კაცობრიობისა დღიდან მისი დაბადებისა ამ სამყაროში. ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ დაადანაშაულა ადამის ცოდვაში მთელი მისი მოდგმა... და რას აკეთებს ამის შემდეგ აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ღვთაება?-არც არაფერს, იმის გარდა, რომ უბრალოდ წყვეტს ღმერთად ყოფნას: თვალსაც იბრმავებს ყურებსაც იხშობს და მიწიერი ელემენტები :ტანჯვები, ავადმყოფობა და სიკვდილი-[პოპულიციდი] შემოაქვს კაცობრივულ სამყაროში სასჯელის სახით. თუ მართლაც ეს ასე იყო, მაშინ თვით უზენაესი ყოფილა ყველაზე უდიდესი მბრალდებელიც, მსაჯულიცა და მოსამართლეც; ჯალათის ნაჯახიც თვითონვე მოუმარჯვებია ყოვლისშემქნელ ხელში; გილიოტინა აღუმართავს დამნაშავე თუ უდანაშაულო დამნაშავეებისთვის და ამას ვეღარაფერი შეცვლიდა!

ამ ყველაფერზე, ანუ ჩემს მოსაზრებებზე სანდროს მხოლოდ ეცინებოდა და თვლიდა, რომ რელიგიის მაუნუფიცირებული გავლენა ადამიანთა მასებს ტიკინებად აქცევდა, რომელთაც აღარ ჰქონდა თუნდაც საკუთარი სოციალური პრობლემების გადაჭრის უნარი და ამიტომ მსოფლიო სავსე იყო მშიერი და სასოწარკვეთილი ადამიანებით.. სანდროს მატერიალურ რეალიზმს ჯებირად ვუყენებდი ქრისტეს მიერ გამოსყიდულ უსაზღვრო ლოკალურობას-სასუფეველს,-როგორც ერთადერთ ნუგეშს მთელს ამ კონსტრუქციულ თეოლოგიურ მსჯავრდებაში, მაგრამ ამ “მეკობრეს” “აბორდაჟზე” ისე ავყავდი თავისი მეცნიერული ედიციიდან ამოღებული არგუმენტებით, საკუთარი თავი დისნეის იხვი “დაკი” მეგონა ხოლმე, უტვინო ბატი!..

სანდროს იმედი კი ისევე მქონდა, როგორც ღმერთის. ის თითქოს წარმატებისთვის დაიბადა ამ მოკვდავ სამყაროში: წარმატებული ასტროფიზიკოსი, წარმატებული მკვლევარი, მეცნიერი, მედიკი, ინჟინერი; ფორტუნას ნამდვილი ფავორიტი, ბედ-იღბლის ნებიერი, რომელიც ამ წუთას შესაძლოა სადღაც გვატემალას ჯუნგლებში დაეხეტებოდა პალეონთოლოგების კვალდაკვალ, რათა საკუთარი თვალით ენახა

რომელიღაც ნანგრევის სტელაზე შემორჩენილი არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლების ჩაფხუტიანი გამოსახულებები, რომლებიც მილიონი წლების წინ ესტუმრნენ დედამიწას...

ყველაზე დიდი წარმატება სანდროსთვის, კოსმიური მფრინავი აპარატებისათვის დრო-სივრცის გამამრუდებელი ძრავების გამოგონება გახლდათ, ამ ძრავების მოდელები უკვე მზად იყო და სულ მოკლე ხანში კლასიკური ფიზიკის კანონები თავდაყირა დადგებოდა, როგორც სანდრო ირწმუნებოდა, თორემ მე ამეების ინჩიბინჩი არ გამეგებოდა., არც ფიზიკა მაინტერესებდა, არც კოსმოსი და მით უმეტეს საფრენი აპარატები...გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ სანდროს, როგორც მეცნიერს საკუთარი სამშობლო არ იცნობდა. სამეცნიერო ინტელექტუალური საქმიანობა საქართველოში არ იყო პრიორიტეტული, ინტელექტად მოიაზრებოდა ძირითადად სოც-ქსელებში გადმოფრქვეული ციტატური აზროვნება, ტოტალური ირონია, პოსტებად სახელდებული მინიმები; ფრაზები აქა-იქ ამოკითხულ-ამოკენკილი და ლექსები. პატრიოტული, ეროვნული გრძნობებით აღტკინებული მოკალმასე ფეისბუქელები პირდაპირ იღვრებოდნენ ფრთიანი რიტორიკული მოწოდებებით; გატაცებით ოპონირებდნენ სექსის კულტურის, თუ მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხებში, თითქოს სხვა მხრივ ყველაფერი ევროპული სტანდარტებით ჰქონდათ აწყობილი,თურმე ვყვაოდით და თვითონაც არ ვიცოდით ამის შესახებ! ჰმ!..

სანდროს სრულიად არ ანაღვლებდა თავისი “ცნობადობა”. დარწმუნებული იყო, რომ საკაცობრიო მნიშვნელობის საქმეს ემსახურებოდა და ისტორიულ პროცესებში ღირსეულად დაიკავებდა თავის ადგილს და თუ არ დაიკავებდა,არც ამაზე მოიკლავდა თავს. მისთვის უმთავრესი საკუთარი მიზნების განხორციელება იყო. არ არსებობდა არავითარი შემაფერხებელი გარემოებები, ხელისშემშლელი პირობები ან გადაულახავი ბარიერები. ფორტუნა მუდამ მის მხარეს იხრებოდა და ალბათ გრძნობდა კიდეც ამას, თუმცა დაბეჯითებით იმეორებდა ადამიანი საკუთარ ბედს თვითონვე ქმნის, გმირებად და გენიოსებად არ იბადებიან, ხვალინდელი გენიოსები დღეს შესაძლოა უბრალო. შენსავით ჩვეულებრივი ადამიანები არიანო.......

არასოდეს ვეკამათებოდი, ჯიუტად იყო დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში, ჩემი აზრით ფილოსოფიური სიდინჯე აკლდა, მაგრამ გენიოსებს მუდამ ჰქონდათ თავისი სისუსტეები, სანდრო კი ნამდვილი გენიოსი იყო და ამაში მეც დარწმუნებული ვიყავი..

ერთხანს ფეისბუქის სტატუსები ვათვალიერე.. სოც-ქსელი თავისებურ სარკმელს წარმოადგენდა სამყაროში. აქ ისეთ ტიპირებულ პერსონაჟებს შეხვდებოდი, პიერ კორნელს სიზმარშიც არ მოელანდებოდა, ხოლო მოლიერის “ ტარტიუფი” სირცხვილისგან გახუნდებოდა. რაგინდარა რჯულის, ხასიათის “ბარკილფედროები”, “დონ-ჟუანები”, “არპაგოები”, სულითა და გულით “გუიმპლენები”...

დღეს საინტერესო არაფერი იყო: “საფრენდეთი” როგორც ყოველთვის მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურებოდა, როგორც სოციალური -ვირტუალური ექო, ვერა და ვერ ამოიწურა ამ “ნაც-ქოცების” თემატიკა და მათი ერთსულოვანი ჩაქოლვის და დამიწების სურვილი. რა სასაცილონი იყვნენ ეს კლავიატურის დრაკონები, რომელთაც მხოლოდ ბრდღვინვა და ღრენა შეეძლოთ, კბენას კი ვერ ახერხებდნენ...

ამბობენ,ასპიტიც კი სანამ მდინარეში ჩავა თავის შხამს ქვაზე ტოვებსო, ადამიანები კი მას მუდამ გულით დაატარებდნენ და ენით ანთხევდნენ. ყიამყრალსა და ბოროტ ენას რომელი ლაგამი დააოკებდა, ვის შეეძლო “კუხნიდან” “ფეისბუქამდე” ემანსიპირებული დედაკაცებისათვის და საჭორიკნოდ აღერღილი, სექსუალურად აღზნებული მამრებისთვის ალიკაპის ამოდება, სამყაროსთან მხოლოდ ტელევიზორების და კომპიუტერების ელექტროსადენები და პუანტალური ხედვა, რომ აერთიანებდათ და სავსებით დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ იმაში, რომ ქათმები იმიტომ დებდნენ კვერცხებს და გოჭები იმიტომ იბადებოდნენ, მათ, რომ შეეთქვლიფათ!.. ყოვლად გაუგებარი იყო რა სურდა სინამდვილეში ამ ღორმუცელა საზოგადოებას: რა უყვარდა, ვინ უყვარდა, ვინ სძულდა, რისკენ ისწრაფვოდა, რის დამტკიცებას ცდილობდა, იქნებ იმ “მიტოვებულობასა” და “შემოგდებულობას “ ებრძოდა ყოველ ჩვენგანში, რომ ფუთფუთებდა ეჭვის მატლებად და საკუთარი არარობისგან გადასარჩენად “იღვწოდნენ, რათა როგორმე ამ ჭუჭყისგან და მტვრისგან დაეღწიათ თავი, რასაც სინამდვილეში წარმოადგენდნენ და რაღაც საზრისი და ღირებულება მიენიჭებინათ საკუთარი არსებობისათვის თუნდაც სკანდალური, უხამსი, ვულგარული ეგზბიციონიზმით, აუტოეროტიზმით, ან სულაც გრუმინგის მეშვეობით, რაც ამ კერძო შემთხვევაში “ენით წმენდას” გულისხმობდა, კოლექტიურ გრუმინგს,-ჭორაობას. [სხვა ძუძუმწოვრებში გრუმინგი საკუთარი ან სხვისი სხეულის მოვლა-დასუფთავებაში გამოიხატებოდა...] ფეისბუქი, ისევე როგორც სხვა სოც-ქსელები ცარიელა ფურცელზე წერის პრინციპი იყო და სხვა არაფერი, ეჯღაბნათ და ყოფილიყვნენ, საკუთარ ნეხვზე უზომოდ შეყვარეული ნარცისები!..

მართალია ბიბლიის მიხედვით ყველაფერი სიტყვით დაწყებულა, მაგრამ მამა ღმერთი ჩვენსავით როდი ატარტარებდა თავის ღვთიურ ენას; მოკლედ და ძუნწად გამოთქვავდა თავის ბრძანებებს, შემდეგ კი უბრალოდ დუმდა...დუმილი....

დუმილი დიდ ღირსებად და ხელოვნებად ითვლებოდა იაპონიაში, ინდუსი იოგები წლების განმავლობაში დუმდნენ.

4000 ათასი წლის წინ უსიტყვო ლოცვის დოგმატი დამკვიდრებულა ტიბეტში.”იყავი ჩუმად შენს თავში”-ეს იყო ტიბეტელი ბერების სიბრძნე...

რადიოდან ვივალდის აგონისტური მუსიკა იფრქვეოდა, ეს იყო გუნდი ოპერიდან”ივდითის ტრიუმფი”, ძალიანაც შეესაბამებოდა ამჟამინდელ ჩემს გუნება-

გამწყობას, ცოტა არ იყოს და ნაწყენი ვრჩებოდი იმ უმაღლესი პერსონის მიმართ, ასე უბოდიშოდ, რომ უკრა თავი სამოთხიდან ჩვენს პირველ წინაპარს...და მას შემდეგ ბორტგამცილებელივით ზურგს უკან მალავდა თავის “კლიკერს”...

თითოეულ სიტყვაში ღმერთის ნაწილი დევსო-ამბობდნენ წმინდა მამები და მეცნიერებიც ამტკიცებდნენ, რომ სიტყვას პირიდან ამოფრენილს თან მიჰქონდა ადამიანის სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სიტყვა მოქმედებდა გენეტიკურ აპარატზე მოლეკულურ დონეზე. ეს უთოოდ იცოდნენ ძველმა ხალხებმაც, ამიტომაც ამახვილებდნენ ყურადღებას განსაკუთრებით ლოცვაზე და წყევლაზე. როდესაც გამწარებულმა მეფე ოიდიპოსმა საკუთარი ვაჟები დაწყევლა მამა-პაპეული საგანძურის ხელის ხლებისთვის, ან მწირი ტრაპეზით აღშფოთებულმა, მისი კრულება შეისმინა ზევსმა და ოიდიპოსის შვილების წინააღმდეგ აღამხედრა შურისმაძიებელი ქალღმერთები-ერინიები... პოლინიკემ და ეტეოკლემ ერთმანეთის ბრძოლის ველზე დახოცეს...წყევლა ახდა!...

“სიტყვა კლავს და სიტყვა აცოცხლებს”-ამბობდა ხალხური სიბრძნე, მაგრამ ჩვენ ენის გაჩერება არ შეგვეძლო, ვლაპარაკობდით ყველგან და ყოველთვის; სახლში, თუ გარეთ, მეზობლებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთაან, თუ უცნობებთან, მაღაზიის გამყიდველებთან, მეყვავილეებთან, ტაქსის მძროლებთან, ვქაქანებდით ტრანსპორტის მომლოდინეებთან, მოსეირნეებთან, ვლაქლაქებდით მობილური ტელეფონებით, სკაიპით, სოციალური ქსელებით. ეს სოც-ქსელი მაინც უნიკალური საშუალება იყო ენისა და გულის მოსაფხანად და თანაც ეს “აქტი”, ანუ ყბედობა, როშვა, ლაყბობა, როტვა, შეგვეძლო ჩაგვეტარებინა ანონიმურად, საჯაროდ, ცენზითაც და უცენზუროდაც, შეგვეძლო, გველანძღა, გვეთათხა, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, ნებისმიერი ლინგვისტური კოდებით, ვისთვისაც გვინდოდა და როგორც მოგვესურვილებოდა, დაწყებული წვრილფეხა ჩინოვნიკებიდან ვიდრე აღმავალი დიაგონალით-”ზევით” წამოსკუპებულებამდე.. მე შენ გეტყვი და პასუხს მოგთხოვდა ვინმე თუ, რა!..

ამ კვირაში ჩანდა აქტუალური იყო წმინდა ბერი გაბრიელის შეგონებები, ჯვარ-ხატების მომრავლება კი იმის მაუწყებელი იყო, რომ რომელიღაც ქრიასტიანული დღესასწაული ახლოვდებოდა და აჰაა, ჟღერდა “ამფიონის ჩანგის” სიმები, სულიწმინდის მადლი უკვე “ეფინებოდა” სრულიად ინტერნეტის სოციალურ ქსელებს, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავდა, რომ “უფალს ებარებოდა” ყოველი მოკვდავი “ფეისბუქელი -შეგვეძლო სრული ნეტარებისთვის მიგვეცა თავი.”ნეტარების ფიალას” დავწაფებოდით.....ეს პროცესი ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებას უფრო ჰგავდა, რაც იწვევდა ჰიპნოზის ეფექტს, ადამიანები უბრალოდ იძირებოდნენ ინერტულ გამწყობაში და ილუზიებში, რომ ყველაფერი დიდებულად იყო!...

საპარადო კარის გონგმა “დაიჭიხვინა” და ჩემი “ფილოსოფიური” აზროვნებაც შეწყდა. ეს გონგი სანდრომ შეისყიდა ინგლისში, ერთი უძველესი საგვარეულოს მემკვიდრისგან,სოლიდურ ფასად, გონგი შუა საუკუნეების ერღ-ერთ ფეოდალური ციხე-კოშკის კარიბჭეს ამკობდა და თან ისეთი ხმა ჰქონდა მთელს საბადურის ტყეს აზრიალებდა..

არავის ველოდი, სტუმრობისთვის არც ისე შესაფერი დრო იყო.

როდესაც კიბე ჩავირბინე ელენი უკვე კარს აღებდა და სანამ იმას მაინც ვიკითხავდი ვინ გვესტუმრა-მეთქი, ზღურბლზე ნორა გამოჩნდა...

შეცვლილი ჩანდა, ისე ნარნარად წამოვიდა ჩემსკენ თითქოს მთელი სამყაროს ბედნიერება მოჰქონდა თან..

-როგორ ხარ ბიძაშვილო?- მინაზებული ხმით იკითხა ნორამ, მე კი იმაზე გავბრაზდი ეს ბიძაშვილობა საიდანღა მოიგონა-მეთქი, ნორა შორეულ ნათესავად ითვლებოდა ბებიაჩემის მხრიდან, უგულოდ მივუშვირე ლოყა საკოცნელად. ეს ავთვალება ჟღალთმიანი გოგო არასოდეს მომწონდა და თვითონაც მშვენივრად იცოდა ეს..

.-როგორ გალამაზებულხარ!-უბრალოდ ზრდილობისთვის ვუთხარი..

-ჰოო!.. რა ვიცი!-ორაზროვნად გაიღიმა, დაუდევრად, მაგრამ ხაზგასმული მედიდურობით მიაგდო “პრადას” ძვირფასი ხელჩანთა სავარძელზე და კრიტიკული თვალით შემათვალიერა...

ელენმა ვარდისფერი საიუბილეო ბაფთებით მორთული უზარმაზარი ყუთი შემოათრია..

-ეს საჩუქარია პატარა პრინცესასთვის, ვხედავ ნამდვილ სასახლეში ცხოვრობთ, მეჩვიდმეტე საუკუნის ამპირის სავარძლები, ღმერთო!, მეგონა ასეთ სავარძლებს მხოლოდ ლუვრში თუ ვნახავდი!-წამოიძახა აღფრთოვანებულმა და შურიანი ხარბი მზერა მოავლო იქაურობას...

-ნუ აჭარბებ, ჩვეულებრივი სახლია, ანტიკვარული ნივთები კი სანდროს სისუსტეა!..

-ჰო!, როგორ არა! ჩვეულებრივი!, გინდა თქვა, რომ ყოველ მეორე რიგით ქართველს აქვს ასეთი სამსართულიანი სასახლე.. ან.. ასეთი ავეჯი.. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი რამდენიმე მილიონი ევრო ღირს!...

ჩემს ქმარს ფინანსები არ უჭირს, მაგრამ ამისთვის თავი ბალიშზე არ უდევს!-მივახალე უკმეხად...

ჰო, ვიცი!, ვიცი!, დიდი მეცნიერი ბრძანდება მისი ბრწყინვალება, “ნასასთან” თანამშრომლობს, ჰო, მართლა სად ბრძანდება მისი აღმატებულება გრაფი ანდრონიკაშვილი?..

-როგორც ყოველთვის სახლიდან შორს, დაბრძანდი ნორა, რას მიირთმევ?, ყავა?, ჩაი?, ან იქნებ წაიხემსებ?-გამოვიჩინე სტუმართმოყვარეობის ნატამალი..ზრდილობისათვის...

-გმადლობთ!, ასეთ დროს არასოდეს ვჭამ!-იუარა კეკლუცად,-თუ შეიძლება შენს მოახლეს უბრძანე ოთახი მომიმზადოს, საშინლად დამღალა მგზავრობამ, აბაზანაც არ მაწყენდა სურნელოვანი ნაძვის ექსტრანტით!-ნორა ნებიერად ჩაეშვა სავარძელში, ხელჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ხელის გრაციოზული მოძრაობით ამოაძვრინა ერთი ღერი და მხოლოდ ამის შემდეგ იკითხა,-” აქ მოწევა შეიძლება?”...

-კი, შეიძლება!-თავი დავუქნიე და მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი, ელენმა ბროლის საფერფლე მოარბენინა და ახლა მასზე მომივიდა გული, მართლა რა მოახლესავით ემსახურება-მეთქი.

-ელენი ჩემი მოახლე არ გახლავთ, ის უფრო ამ ოჯახის მეგობარია. თუ აქ დარჩენას აპირებ, სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახები მეორე სართულზეა, იქვეა სააბაზანოც და ყველა საჭირო ნივთსაც იპოვი, ასე, რომ ძვირფასო ბარონესა მოგიწევს თვითონვე მოემსახურო საკუთარ თავს!..

ნორა ისე საძაგლად დაიჯღანა, ასტრალური დონის ძალა დამჭირდა იმისთვის, რომ პირდაპირ ქუჩაში არ გამეძახებინა ეს დაუპატიჟებელი და არასასიამოვნო სტუმარი.

-ბარონესა?-აწკიპა მორკალული წარბები ნორამ და სიგარეტს მოუკიდა..

-როგორც მახსოვს შენი უკანასკნელი მეუღლე ბარონის ტიტულს ატარებდა!..-”წავკბინე”...

უკანასკნელის წინა!-დააზუსტა ნორამ, -საწყალი ვერნერი, ცხვარივით კაცი იყო, მოკვდა. ჩემი უკანასკნელი თანამეცხედრე კი სიცილიელი განგსტერია!-ხარხარი აუტყდა ნორას..-არა, არა, ვხუმრობ!, ჩემი ქმარი იტალიელი პატიოსანი ბიზნესმენია, უმაღლესი ხარისხის მაკარონის და ფქვილის წარმოებითაა დაკავებული, მეწისქვილეს ვეძახი, სიცილიაში კარგი ვენახები გვაქვს და შესანიშნავ ღვინოებსაც აყენებენ!..

-უკაცრავად!, არ ვიცოდი ნორა, იმდენი ქმარი გყავდა ერთმანეთში ამერია!-უარესის თქმაც მინდოდა, მაგრამ გავჩუმდი...ბოლოს და ბოლოს სტუმარი ღმერთის იყო...

-ღმერთო!-ამოიკვნესა ნორამ,-მეგონა ნამდვილი ლედი გახდებოდი, ისეთი დიდგვაროვანი ქმარი გყავს!, ჰო, მართლა , მაპატიე!,არც კი მომილოცავს, ოცდაათი წლის ასაკში მაინც მოახერხე და შენზე ოცი წლით უფროსი კაცი საკურთხეველთან

მიიყვანე, ამასაც ნიჭი უნდა!, თან რა კაცი!, ბავშვიც გაგიჩენია,ფუფუნებაში ცხოვრობ, თუმცა ისეთივე უცხვირპირო დარჩენილხარ, როგორიც ყოველთვის იყავი- ენამწარე,... ჯერ არ მოვსულვარ და უკვე ვერ მიტან, ვიცი, რომ არ მოგწონვარ, მაგრამ იმას ვერ ვხვდები რატომ გძულდი ასე ყოველთვის,განა საამისოდ რაიმე მიზეზი მომიცია შენთვის?...

-არ მძულხარ!, ეს საიდან მოიტანე?-ნორას სიტყვებმა გული მატკინა. არ მომწონდა, მაგრამ სიძულვილი?..საკუთარი თავის შემრცხვა, ბებიას ძალიან უყვარდა ნორას დედა, მამაჩემიც დაიკოს ეძახდა, ერთად გაზრდილები იყვნენ, ვინ იცის რა უჭირდა ამ გოგოს, აბა ტყუილად ხომ არ მომადგებოდა ამ შუაღამით...

მეგონა აქ არასოდეს დაბრუნდებოდი, დიდი ხანია შენზე არაფერი მსმენია!-როგორც შევძელი თბილად გავუღიმე და სოლიდარობის ნიშნად მეც მოვუკიდე სიგარეტს.

-ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს საყვარელო ალინა!- მომხიბვლელად გაიღიმა იმანაც,-ცხოვრება ზღვის მიქცევა-მოქცევასავითაა, ხანდახან შესაძლოა ტალღებს გაყვე კიდეც და იმედი მოგეცეს, რომ სამუდამოდ ილივლივებ ასე, ამ ტალღებს მინდობილი, მაგრამ უეცრად შენს წინ უზარმაზარი ზვირთი აღიმართება, კინკრიხოზე მოგიგდებს და ეშმაკმა უწყის, რომელ ნაპირს შეგახეთქებს, რომელ კლდეს შეასკდები, ან რომელ ფსკერზე დაენარცხები და თან ისე, რომ შენგან აღარაფერი დარჩება, აღარაფერი... არ ვიცი რა ჰქვია ამას, შემთხვევითობა?, ბედისწერა?, ღმერთის ხელი?, არ ვიცი, არ ვიცი, ვინ ან რა ქმნის ამ ბედს, ზოგჯერ უსამართლოს, ან სამართლიანს, თუმცა იმ ურჩხულს, რასაც ადამიანი ჰქვია თვითონ არა აქვს სამართალი და ვის უნდა ჰყვედროს.... ვიცი რასაც ფიქრობ ჩემზე, თავს არ ვიმართლებ, საშინელი წარსული მაქვს, მაგრამ როგორც უკვე გითხარი ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ მიზეზმა მაქცია მე კახპად, ამ მიზეზმა შემაძულა ადამიანიცა და ცხოვრებაც, მე თოთხმეტი წლის გოგოს შემძულდა სიცოცხლე, რომელიც ასე მიყვარდა, ყველა მძულს, საშინელი სიძულვილით ვარ სავსე!...-ნორა გაჩუმდა, თითქოს ხმა ჩაუწყდა..თვალები დაენისლა....

-საჭირო არ არის..-უხერხულად ვიგრძენი თავი, რა ვალდებული იყო თავი ემართლებინა ჩემთან თავისი ცხოვრების გამო...

-მაშინ შეყვარებული ვიყავი, წარმოგიდგენია თოთხმეტი წლის შეყვარებული გოგო?- წამოიწყო ისევ და სევდიანი ღიმილი გააუკრთა სახეზე,-პირველი სიყვარული, უმანკო გრძნობები, ბავშვური კოცნა, პირველი პაემანი, აჟღურტულებული გული... მერე კი ეს მიზეზი გაჩნდა და ყველაფერი თავზე დამამხო, რა ბანალური ისტორიაა, 30 წელი გავიდა იმ ამბების შემდეგ, 30 წელი ვემზადებოდი საზარელი შურისძიებისთვის და ახლა, როდესაც ასე ახლოს ვარ ამ მიზეზთან..-აკანკალებული თითებით დაასრისა სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე და ახალ ღერს მოუკიდა...

-არც კი ვიცოდი ვინ იყო,-წამოიწყო ისევ,- წლების განმავლობაში ვეძებდი, სრულიად მოულოდნელად შევხვდი უინძორების სამეფო რეზიდენციაში სენდრიგჰემის სახლში ნორფოლკში. ჩემი მაშინდელი ქმარი ბარონი ვერნერი მისი უდიდებულესობის დედოფლის მეუღლესთან ედინბურგიგის ჰერცოგთან მეგობრობდა და საშობაო დღესასწაულზე ვიყავით მიწვეულნი. ისიც იქ იყო. მაშინვე ვიცანი. აგენტი დავიქირავე და მის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე და როდესაც გავიგე ვინც იყო...-ნორა გაჩუმდა, სადღაც გაქრა მისი მზეთუნახავის იმიჯი,ერთბაშად ჩამობერებულ დედაბრად იქცა, იჯდა და უაზროდ დასჩერებოდა საკუთარ ხელებს....

-და მაინც ვინ იყო?-თავი ვერ შევიკავე და ვკითხე..

-ჩემი უბედურება, ჩემი წყევლა და სიკვდილი, აი ვინ!-ამოიგმინა ნორამ,-დამემუქრა, რომ სიცოცხლეს გამიმწარებდა, თუ ხმის ამოღებას გავბედავდი, მე ვუპასუხე, რომ გაჩუმებას არ ვაპირებდი და ადრე თუ გვიან სამაგიერო მიეზღვებოდა, მან კი ისე მოაწყო, რომ როდესაც ბარონი ვერნერი გარდაიცვალა მისი მკვლელობა დამდეს ბრალად. ათი წელი ბრიტანეთის ციხეში გავატარე სრულიად უდანაშაულომ, ათი წელი მიმტკიცებდნენ, რომ მკვლელი ვიყავი, ბოლოს გამათავისუფლეს, მაგრამ ერთი ჯოჯოხეთი მეორეთი შეიცვალა, უბედურებების მთელი სერია დაიწყო:ადამიანები, რომელთაც ვუახლოვდებოდი, უბრალოდ ქრებოდნენ, მოულოდნელად დაიწვა ჩვენი სახლი ლონდონში, დედაჩემი მოკლეს, ჩემს ქალიშვილებს უთვალთვალებდნენ, დასდევდნენ...

-არ ვიცოდი მეორე ქალიშვილიც თუ გყავდა!..

კი მყავს, პირველი “იმის” ღვიძლი ქალიშვილია, ძალადობის ნაყოფი, კარმელიტების მონასტერში იზრდება, გადავმალე მონოზნებთან,მეორე გოგონა კი ვიშვილე, მოკლედ ამას რა მნიშვნელობა აქვს!... შემდეგ გავთხოვდი, უბედურება მაინც ფეხდაფეხ მდევდა, მილანში გაურკვეველმა პირებმა ჩემი ქმრის მოკვლაც სცადეს, მოწამლეს, შემდეგ საცხოვრებელი სახლი დაგვიწვეს, ავტოფარეხში ჩემი მანქანა ააფეთქეს,იძულებული გავხდი ქმარი და ოჯახი მიმეტოვებინა, ერთი წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გავატარე, მას შემდეგ დავხეტიალობ დედამიწის ერთი კუთხიდან მეორეში, სიკვდილის აჩრდილი მუდამ თან დამყვება, არც კი ვიცი რა სასწაულით ვარ ცოცხალი..

-მაინც ვინ არის ის კაცი?...

-სატანა! ის თვით ხორცშესხმული დემონია, ტელეფონის ნომრებს ვცვლი, მაგრამ მაინც იგებს, მირეკავს და მაფრთხილებს, რომ მისგან და მისი ოჯახისგან თავი შორს დავიჭირო, არ მოისვენებს, სანამ ბოლოს არ მომიღებს, რათა მიწაში წავიღო მისი საიდუმლო, საიდუმლო, რომელიც მის ბედნიერებას დაანგრევს, მართალი, რომ

გითხრა, მეშინია ალინა, ძალიან მეშინია და სწორედ ამიტომ მოვედი შენთან, ერთადერთი ადგილი მთელს დედამიწაზე, სადაც საფრთხე არ მემუქრება ეს სახლია, აი, ყველაფერი გითხარი, გითხარი და ახლა თუ გინდა ქეციანი ძაღლივით გამაგდე სახლიდან, წავალ, წავალ და სიკვდილს დაველოდები, თუმცა მანამდე რაღაც უნდა გითხრა, დიახ, მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, შენ ეს უნდა იცოდე! უნდა იცოდე!..

ნორა ახლა უკვე მთელი სხეულით კანკალებდა. შემებრალა, თუმცა მაინც ვიფიქრე, ხომ არ თვალთმაქცობს-მეთქი. თოხთმეტი წლის იყო, რომ დაფეხმძიმდა და ბავშვი გააჩინა, თხუთმეტი წლისა ვიღაც მეზღვაურს გაეკიდა და ორი წელი მისგან არაფერი ისმოდა, როცა დაბრუნდა განაცხადა ის მეზღვაური ზღვაში დაიხრჩოო, შემდეგ ერთ ცნობილ კინომსახიობს გაეკიდა, რუსეთში გაიქცნენ, ამ სკანდალმა მამამისი იმსხვერპლა, გულმა დაატყა საცოდავს. იმ კინომსახიობის აღრიალებულ-აბღავლებული ცოლ-შვილი არაერთხელ მინახავს მათ სახლში. დაახლოებით რვა თვის შემდეგ იმ მსახიობის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობები, მსახიობის ცოლმა ნორა დაადანაშაულა ქმრის სიკვდილში და საჯაროდ დასდო ბრალი, მაგრამ ძიებამ ხელჩასაჭიდ ფაქტებს ვერ მიაგნო და ბრალი ვერ წაუყენეს. ამის მერე ქალბატონმა დედამისს გამოუცხადა დიდ ბიზნესს ვიწყებო, წყნეთის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი იპოთეკით დატვირთა, პეკინის ქუჩაზე კომერციული ფართი იქირავა, ვითომ სამოდელო სახლისთვის, მკერავებიც აიყვანა , მაგრამ საქმე ჩაუფლავდა, არც ბიზნესისა გაეგებოდა რამე და არც სამოდელო საქმიანობისა. ბანკმა სახლი გაუყიდა და ქუჩაში დარჩნენ.მაშინ შემოიხიზნნენ ჩვენთან. მამაჩემი ყველანაირად დაუდგა გვერდით, ნორამ გადაწყვიტა მშრომელთა მასაში გარეულიყო და რესტორანში მოეწყო მიმტანის პოზიციაზე... აქ უკვე ბედმა გაუღიმა და იმხანად ქვრივი ბარონი გაიცნო, რომელიც საყვარელი მეუღლის დაკარგვით გამოწვეულ ნაღველს მოგზაურობაში იქარვებდა. გაცნობიდან ორიოდე კვირაში ბარონმა ერთდროულად შესთავაზა თავისი ხელი, გული და ქონება ამ ჩვენს წითურ ნორას. ბარონი ვერნერი ცნობილი დიდგვაროვანი ინგლისელი ხშირად იხსენიებოდა კონსერვატორ ჯორჯ ოსბორნთან და “ატიკუს კაპიტალის” საინვენსტიციო ფირმის თანათავმჯდომარესთან, ბარონ ფილიპ როტშილდთან ერთად და სამივე ერთად რაღაც ბრიტანულ სკანდალში იყვნენ გახვეულნი, მათ შესახებ “გარდიანშიც” იწერებოდა,..ასე იყო თუ ისე, ნორას ბარონი ბრიტანეთის სამეფო კარზე მიღებული კაცი იყო და ნორაც გაიყვანა მაღალ საზოგადოებაში. დედა და ქალიშვილიც ინგლისში წაიყვანა, მაგრამ ჯვრისწერიდან რამდენიმე თვეში ბარონმა ვერნერმა ფეხები გაფშიკა, ნორას ბრალი დასდეს...ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცოდი, ის გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან...

ნორა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. ახლა ის აღარ ჰგავდა იმ ამაყ ქალს, სულ ცოტა ხნის წინ ასე მედიდურად, რომ გადმოაბიჯა ჩვენი კარის ზღურბლს. ჩემს წინ

მახინჯი ცხოვრებისგან გატანჯული ქალი იდგა, ქალი, ვისაც ჩემი, ადამიანური თანაგრძნობა სჭირდებოდა. თანაგრძნობა, ასე, რომ გვაკლდა ყოველ ჩვენგანს. მაინც რატომ ვიყავით მუდამ მოლუსკებივით საკუთარ ნიჟარებში შემძვრალნი?, რატომ ვიყავით ასეთი ძუნწები ადამიანური სითბოს გაცემისათვის? რატომ იქცა ჩვენი ეპოქა გაქვავებული სულების ეპოქად?...პოსტთანამედროვე ტრაიბალიზმში ჩაძირულნი. უფრო და უფრო ვეშვებოდით ფსკერისკენ....”მექანიზირებული სამყარო ერთობა თავისი ტიკინებით!”, ტიკინები!-აი ვინ ვიყავით ჩვენ სინამდვილეში!...იქნებ ნორაც ჩვენი გულცივობის მსხვერპლი იყო? თოთხმეტი წლის გოგო სექსუალურმა მანიაკმა გააუბედურა, საზოგადოებამ კი აბუჩად აიგდო, ტოლ-სწორებმა ზურგი აქციეს,ნაცნობ-მეგობრებმა დასცინეს, ნორამ კი თვითონ ცხოვრებას აქცია ზურგი, მისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა და რაღა უნდა ყოფილიყო ამაზე უფრო უარესი განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოტანილი?

არა, ადამიანი არ იყო კეთილი ცხოველი და საერთოდაც არავითარი სიკეთე არ არსებობდა ამ სასტიკ სამყაროში, სოკრატე ცდებოდა, როდესაც ფიქრობდა, რომ ბოროტების საფუძველი უვიცობა იყო, სიკეთის კი ცოდნა, რომელიც ამავდროულად სათნოს ხდიდა ადამიანს. ვერანაირმა ცოდნამ-განვითარებამ ვერ გახადა ადამიანთა მოდგმა “კეთილი”, პირიქით, ის კიდევ უფრო ველური გახდა, კიდევ უფრო სისხლისმსმელი, კიდევ უფრო ბილწი,ახლა შუბები და ხმლები აღარ სჭირდებოდათ, კაცობრიობას უკვე ჰქონდა დაწერილი თავისი ბირთვული საგა, დედამიწა თითქოს ნაღმზე იჯდა და მხოლოდ ერთი პაწაწინა ღილაკზე თითის დაჭერით მზად იყო ღრუბლებში გასაფრენად,...

-ვერ გაგიშვებ!-ვუთხარი ნორას,-ახლა დამშვიდდი, ხვალ კი ვისაუბროთ!...

შეშინებული ბავშვივით დამიქნია თავი, თვალი ამარიდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა ეთქვა, თუ, არა...

-შეგიძლია მითხრა!-წავაქეზე ნორა, -ფული ხომ არ გჭირდება?..

-ფული?-ისე გაოცებით შემომხედა, მივხვდი რა უადგილო იყო ახლა ფულის ხსენებაც კი..

-მე მხოლოდ ის მინდა, რომ შენ ბედნიერი იყო, მაგრამ რაღაც მაინც უნდა იცოდე, ჰო, უნდა იცოდე-ისე ჯიუტად გაიმეორა, თითქოს საკუთარ თავს უფრო უმტკიცებდა, რომ მე ეს რაღაცა უსათოოდ უნდა მცოდნოდა..

-ჰოდა მითხარი!..

-არა!, ხვალ!, ხვალ შენ ყველაფერს გაიგებ, ასე სჯობს, კი, კი,ასე უკეთესი იქნება!, ხვალ!..

როგორც გინდა!-დავეთანხმე, თუმცა ზუსტად ვიცოდი ამ ღამეს ძილი აღარ მეწერა, მაინც რისი თქმა უნდოდა ამ ქალს, რა უნდა მცოდნოდა? რაღაც ავი წინათგრძნობა დამეუფლა.......ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ვიღაც მოკვდა და ახლა მისი სიკვდილი უნდა მეგლოვა, მაგრამ ვინ იყო მიცვალებული?....

ელენს ვთხოვე ნორა საძინებელ ოთახამდე მიეცილებინა, მე კი ვარდისფერ ყუთთან მივედი, ყუთი საკმაოდ მოზრდილი იყო და მძიმეც ჩანდა, ნორა უკვე კიბის საფეხურებს მიყვებოდა, დაინახა, რა, როგორ ვეჯაჯგურებოდი ყუთს, უეცრად სასოწარკვეთილი ხმით შეჰკივლა და ხელები გაასავსავა:-არა, არა! არ გახსნა!, არა!..

-კი, მაგრამ ეს ხომ საჩუქარია?-გამიკვირდა...

-ო, დიახ!-გაიღიმა დაბნეულად ნორამ,- ტროას ცხენი ნამდვილად არ არის,რა თქმა უნდა საჩუქარია!-მინდოდა მე თვითონ, დიახ!.... მე თვითონ, მაგრამ როგორც გინდა! როგორც გინდა!...

-მოდი ერთად ვნახოთ!-შევთავაზე ნორას, -წარმომიდგენია როგორ გაიხარებს ანიტა, თოჯინებია ალბათ!

ნორამ არაფერი მიპასუხა, მკვდრის ფერი ედო სახეზე, სავარძელში ჩაჯდა და სიგარეტს მოუკიდა...

ელენი დამეხმარა და ყუთი გავხსენით. ანიტა მართლა გადაირეოდა სიხარულით, ეს იყო უმშვენიერესი სახლი, თოჯინებისთვის, სახლი სამსართულიანი იყო, წითელი აგურით ნაშენი, პაწაწინა ოთახები საგულდაგულოდ იყო მოწყობილი ავეჯით, ხალიჩებით, სამშვენისებით, ხავერდის ფარდებით და ყვავილებით, საპირფარეშო და სააბაზანო ოთახები, თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხრები, სავარძლებში კი სახლის მობინადრეები ისხდნენ-ფაიფურის თოჯინები. თოჯინები ცოცხლებივით გამოიყურებოდნენ, მეჩვიდმეტე თუ მეთვრამეტე საუკუნის ფრანგული მოდის მოხედვით იყვნენ შემოსილნი, თავზე პარიკებით. როგორც სჩანდა რაღაცას ზეიმოდნენ რადგან სამეჯლისო დარბაზში წყვილები “ტრიალებდნენ”...სავარაუდოდ ვალსის მუსიკალურ ზომაში 3/4...დიდგვაროვან კავალრებს ეცვათ ფრაკები და ზოლიანი ჟილეტები, ყოველ მათგანს აბრეშუმის წითელი, ან შავი ყელსახვევი ეკეთა, დამებს ფუშფუშა ფურჩალიანი, ღრმად დეკოლტირებული სამეჯლისო კაბები ეცვათ,გრძელი შლეიფებით, კორსეტებით და სამკაულებიც არ აკლდათ; სხვა ოთახებში ჩანდნენ თოჯინა-ბავშვები, თოჯინა-მოახლეები, სამზარეულოში მზარეული თოჯინები თეთრი ქვაბურა ჩაჩებით, წინსაფრებით, პირველი სართულზე მისაღებ დარბაზში ბუხართან მიდგმულ სავარძლებში ისხდნენ ფეხი-ფეხ გადადებული ჯელტმენები, პირში სიგარებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სანამ “გაქვავდებოდნენ”, გულითადად საუბრობდნენ რაღაც ძალიან სერიოზულ საკითხზე..

-ნეტავ რომელმა ბოროტმა ჯადოქარმა გადააქცია ეს ადამიანები თოჯინებად?-ჩუმად ჩაილაპარაკა ელენმა..

-ასე მგონია, ახლა პირს დააღებენ და ამეტყველდებიან!-დავეთანხმე ელენს-არასოდეს მინახავს ასეთი საოცრება, რა ნამუშევარია, ანიტასთვის ეს მართლაც დიდებული საჩუქარია, დიდი მადლობა ნორა!..

-მადლობად არ ღირს-მწარედ ჩაერიმა ნორას,- სიმართლე თუ გინდა, სრულიად შემთხვევით ვიყიდე პარიზში ანტიკვარების მაღაზიაში. ავტორის შესახებ არაფერია ცნობილი, მეთვრამეტე საუკუნეშია დამზადებული და მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს სახლი რამდენჯერმე გაიყიდა “სოტბის” აუქციონზე, ყოველ ჯერზე სარფიანად იყიდებოდა, მაგრამ რატომღაც მყიდველები მას დიდხანს არ აჩერებდნენ თავისთან და ისევ გამოჰქონდათ გასაყიდად. მეც მომეწონა და ჩემთვის ვიყიდე. ბავშვობა ხომ მუდამ ჩვენთან რჩება.. მერე კი გადავწყვიტე, რომ ანიტასთვის მეჩუქებინა, სულ ესაა!.. ო.ღმერთო!-აღელდა უეცრად,-მანქანაში რაღაც დამრჩა, რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი ნივთი!

-ნუ ნერვიულობ, შენი ავტომობილი ალბათ უკვე ფარეხში დააყენეს ბიჭებმა, არაფერი დაიკარგება!. ბარგს კი, ვთხოვ და ხვალ ამოიტანენ!...დამშვიდდი!..

მაგრამ ნორა ვერ მშვიდდებოდა. ელენმა ტიბეტური რეცეპტით დამზადებული სასმელი მოუმზადა, რძით, თაფლით და რაღაც ბალახებით, ბავშვივით ხელჩაკიდებული ავიყვანე საძინებელ ოთახში და საწოლში ჩავაწვინე. საბანი მზრუნველად ამოვუკეცე, ის არაფერს ამბობდა, მხოლოდ მადლიან მზერას არ მაშორებდა. მისი ეს მადლიერება სინანულს ბადებდა ჩემში იმის გამო, რომ სულაც არ ვიყავი კაცთმოყვარე, არასოდეს მანაღვლებდა სხვა ადამიანების ბედი, გულთან არ მომქონდა სხვისი ტკივილი, საზიზღრად ამაყი დ ქედმაღალი ვიყავი, როგორც ანთრომოფორმული ღმერთები ჰომეროსთან, იქნებ იმიტომ, რომ არასოდეს მქონდა დრო საიმისოდ, რომ სხვებზე მეფიქრა, მე ჩემი საკუთარი საფიქრალ-სადარდებელიც მყოფნიდა, ტკივილი, რომელიც გულს მიხრავდა-ჩემი ავადმყოფი ქალიშვილი..მაგრამ რამდენად მამართლებდა ეს?

გარედან ალბათ ბედნიერი ვჩანდი, წარმატებული მეცნიერის მეუღლე, მდიდარი კაცის ცოლი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალი, რომელიც ნაირ-ნაირი მანქანებით დაბრძანდებოდა, დიდებულ სასახლეში ცხოვრობდა სამოთხის ჩიტივით და როგორც ერთმა ჩემმა მეზობელმა თქვა:”ლამის მთელი მსოფლიო ლაჯქვეშ ჰქონდა ამოდებული”.. ეს სიტყვები შემთხვევით მოვისმინე , მაშინ მე და ანიტა ტყეში ვსეირნობდით. სოფლელი დედაკაცები ასკილის საკრეფად იყვნენ გამოფენილნი და მათ შორის ჩემი მეზობელი ქალიც, რომელიც დღეში ცხრაჯერ მაინც მოადგებოდა ხოლმე ჩვენს ჭიშკარს ათასგვარი სათხოვარით. მეცნიერი, რომ ახსენეს, მივხვდი,

ჩვენზე საუბრობდენენ: “ამათ რა ენაღვლებათ-ამბობდა ერთი სოფლელი,-”ფულებში იხრჩობიან გენაცვალე, რასაც უნდათ იმას იყიდიან და ჩახეთქავენ, ი, ბალღი კი, მაინც ყვიციანი ჰყამთ!”.-”ჰო, მარაა გო!”-დაეთანხმა მეზობელი ქალი,-”დორბლი მამდის ხოლმე მაგათ “კუხნაში” ეგეთინა საჭმელები კეთდება, სახელებიც არ ვიცით ჩვენა, დაქირავებლი მზარეული ჰყამთ, სანდრო კაი კაცია, აიმ მაგის ლაშლაშა ცოლს კი ლამის მთელი მსოფლიო აქვს ლაჯებში ამოდებული!”

-დააყეთ ენა ჭორიკნებო!”-დაუცაცხანა აქირქილებულ დედაკაცებს ვიღაც კუშტი სახის დედაბერმა,-”ის კაცი დიდი მეცნიერია, რამოტონა სწავლა-განათლება აქვს მიღებული, იცით თქვენა?, ან იმ ანგელოზივით ქალსა რას ერჩით, აღარცა იაროს და თქვენსაებრ ამ სოფელში ხო არ ამოიღამებს ცხოვრებასა უბირებო!, გესწავლათ თქვენაცა და გექნებოდათ ფულები!”..

ქალებმა ხარხარი ატეხეს და ტყის სიღრმეში მიიმალნენ....

გული ყველაზე მეტად “ყვიციანმა ბალღმა” მატკინა, ანიტას მაინც რას ერჩოდნენ ეს ავყიები, მაგრამ იქნებ სიმართლეს ღაღადებდნენ ეს დედაკაცები?..

ნორას ჩაეძინა, მე კი იმით შეწუხებულმა, რომ ცუდი ადამიანი ვიყავი, სასწრაფოდ ჩემს საძინებელს მივაშურე, არა, რა ჩემი ბრალი იყო, ფული, რომ გვქონდა? რას არ მივცემდი, რას არ გავიღებდი, მთელ ჩვენს ქონებასაც კი, ოღონდ სიკვდილის კლანჭებიდან მეხსნა ჩემი პატარა გოგო, მაგრამ ჩემდა სავალალოდ ფულით ამას ვერ ვახერხებდი, სიცოცხლის ყიდვა არ შეიძლებოდა...ორი აბი გადავყლაპე, დავწექი და ისევ გამიჩნდა შეგრძნება, რომ მარტო არ ვიყავი. ვგიჟდებოდი მგონი... საბანი თავზე წავიფარე და საკუთარ თავს შევფიცე, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს ვუყურებდი საშინელებათა ფილმებს-ბრუტარულ ჰორორს. რატომ ვიტანჯავდი თავს?... შიშით ვკვდებოდი, მაგრამ მაინც ვუყურებდი. მგონი სეანსები ფსიქოთერაპევტთან არ მაწყენდა. სანდრომ იცოდა ამის შესახებ და სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. მარწმუნებდა, რომ მთელი ეს მითიური საშინელი არსებები შეშლილი ფანატიკოსი მწერლებისა და კინოკომპანიების მიერ იყო შეთხზული, რომ დედამიწაზე არასოდეს არსებულან მისტიური არსებები, მოხეტიალე სულები, მოჩვენებები, ვამპირები,ზომბები, რქიანი ეშმაკები, გრძნეულები და ღმერთებიც კი...შესაბამისად სამოთხე-ჯოჯოხეთიც.. მისთვის როგორც მეცნიერისთვის ერთადერთი სარწმუნო რეალობა გახლდათ არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადენლების ვიზიტები, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე და ამას ადასტურებდა მთელი რიგი არქიტექტურული ძეგლები, ქანდაკებები, ნივთები, წარწერები, ნახატები, ძველი ხალხების რწმენა-წრმოდგენები თუ რიტუალები და ასე შემდეგ...ერთი სიტყვით მთელი ეს ნიშნები ღაღადებდნენ უცხოპლანეტელთა შესაძლო კავშირზე დედამიწელებთან და ციდან ჩამოსული ღმერთებიც, რომლებიც

ადამიანებს ცოდნას აძლევდნენ, იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ სტუმრები კოსმოსიდან...

ამ ფიქრებში ჩავთლიმე კიდეც, მარა ვინ გაცალა! ანიტა ზუსტად ლიცივით იკაწრებოდა კარზე, ლიციმ რა თქმა უნდა მაშინვე იცნო მეგობარი და მხიარული წკმუტუნით გაექანა კარისკენ...

-დედიტო მიტალქალ!- ფეხშიშველი შემოტყაპუნდა ანიტა და სანამ ჩემამდე მოაღწევდა “ტომადით” გათხუპნული ტუჩებით სათითაოდ გადაკოცნა ყველაფერი, კარის ჩათვლით, თან ნატუჩალებს აკვირდებოდა, განსაკუთრებით სარკეზე დარჩენილმა წითელმა ნატუჩალებმა მოხიბლეს , ერთხანს აკვირდებოდა მათ, მერე კი თხუნელასავით შემომიძვრა საბანქვეშ და “ზაპალი” მომიყევიო-კატეგორიულად მოითხოვა.-ზაპალი, ზაპალი!-ატიტინდა ანიტა და ახლა ბალიშები დაკოცნა დიდი ამბით.ჯერ ეგ პომადა მოიშორე-მეთქი-ვთხოვე ანიტას და იმანაც ხალისით გამოპრუწა თავისი “საკალელი” კოპწია ტუჩები.

სველი ხელსახოცით მოვაცილე ეს ქიმიური საშინელება და საყვარელი ტუჩები ჩავუკოცნე ჩემს პატარა მარწყვს.

-ზაპალი!- ჯიუტად გაიმეორა, ბალიშემზე მიწვა, ხელები თავქვეშ ამოიწყო და მოსასმენად მოემზადა. ასეთი ჟესტის შემდეგ ამაო ოქნებოდა თხოვნა დავიძინოთ-მეთქი.

-რომელი ზღაპარი გინდა, წითელქუდა, ჯუჯები თუ ჯიუტი ბეკეკა?, იქნებ იხვის ჭუჭული?...

-ალა, ქალი ბოლიალა!-შეიკრა კოპები.

ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან რატომ უყვარდა ჩემს მიერ ერთხელ, ექსპრომტად შეთხზული “ქარი ბორიალას” ზღაპარი...

-ასე ძალიან რატომ გიყვარს პატარა ქარი?-ვკითხე ანიტას.

-ცემი მეგობალია!-გამომიცხადა ამაყად....სერიოზულად, ლამის ავხარხარდი, მაგრამ თავი მოვთოკე. ანიტა ყველას და ყველაფერს ემეგობრებოდა და ამ გრძნობის აბუჩად აგდებას არაფრით მაპატიებდა....ანიტასთვის მთელი სამყარო ცოცხალი, განსულიერებულ იყო და სქესის მიხედვით იყოფოდა, საგნები, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, მაგალითად კოვზები გოგონები იყვნენ, ჩანგლები- დანები; სარკე აუცილებლად მდედრობითი სქესის უნდა ყოფილიყო; კარადები მამრები იყვნენ, ბებერი ზაზუნა რატომღაც “ძია გეიბად” მონათლა, მაშინ, როცა ზაზუნა სულაც არ იყო ხვადი; აუზის ოქროსფერი თევზი კი “გოგონა ალისად”; ბაღში მობინადრე ზღარბები-”ტიბოს ოჯახი”, ანუ ყველა ზღარბი “ტიბო იყო”, ხოლო ჭიაყელას, მამის

ლაბორატორიიდან, არც მეტი და არც ნაკლები “გორდონი” ერქვა. ეს ჭია განსაკუთრებული სიყვარულისა და მზრუნველობის ობიექტად იქცა ანიტასათვის და მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა მამიკომ მკაცრად აუკრძალა ლაბორატორიაში ძრომიალი, ვიზიტები “გორდონთან” მაინც გრძელდებოდა.

ერთი შეხედვით არაფერი იყო უჩვეულო იმაში, რომ ბავშვს ცხოველები უყვარდა, მაგრამ ანიტს სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდა ამ არსებებთან. ის ყოველ მათგანს ისევე აღიქვავდა, როგორც ადამიანს, ადამიანურ ენაზე ესაუბრებოდა არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ხეებს, ყვავილებს, თოჯინებს ბეტონის კედლებს, კარებებს, კიბეს, ხალიჩებს,ბილიკებს, მარმარილოს შადრევანის ჩათვლით...ანიტას ფიქრით ყველაფერი ცოცხლობდა, სუნთქავდა, იკვებებოდა, საუბრობდა, იძინებდა, ანუ ყველა ფიზიოლოგიური თვისების მატარებელი იყო.მისი საყვარელი თოჯინების მიერ ღამ-ღამობით “მოყოლილი” ზღაპრებიდან ვიცნობდი კეთილ ჯადოქარ ბაბუას, რომელიც ცაში ცხოვრობდა, ბროლის კი არა, რკინის სასახლეში და მასთან ერთად “ცხოვრობდნენ”: პეპი-გრძელი წინდა”, “ფიფქია”, კონკია”, “იხვის საძაგელი ჭუჭული”, გერდა.. კიდევ სხვა პერსონაჟები და ისინი მთელ დროს იმაში ატარებდნენ, რომ ერთიმეორეს ზღაპრებს უყვებოდნენ, კეთილ ზღაპრებს, სადაც არ იყვნენ არც ბოროტი დედაბრები, არც ბოროტი დედინაცვლები, არც მგლები, არც თოვლის დედოფალი... ანიტას გონება ვერანაირ ბოროტებას, ძალადობას ვერ ეგუებოდა. მინახავს როგორ დასტიროდა ბოსტანში მოკრეფილ მარწყვებს, ხოლო ბლის კუნწულებს ყურზე იკეთებდა და არაფრით ჭამდა თავის “მეგობრებს”. ყოველ ცისმარე დღეს დილაუთენია გარბოდა ბაღში, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყვავილები “კარგად” იყვნენ, რომ “გოგონა ალისას” სულაც არ ჰქონდა მაღალი სიცხე, ან იმაზე წუხდა, სურდო ხომ არ დაემართათო ლოკოკინებს, სამ ტყუპ დაიკოს, რომლებიც ბაღში თეთრი ვარდების ბუჩქებზე ცხოვრობდნენ...

სანდრო აღმერთებდა თავის პატარა პრინცესას და ისიც გიჟდებოდა მამიკოზე. საწყენი იყო, რომ სანდრო ჩვენთან ყოფნას იშვიათად ახერხებდა, თუმცა ამასაც შევეგუეთ.ანიტა ,მართლაც პრინცესასავით იზრდებოდა თავის ზღაპრულ სამყაროში, უნაზესი ყვავილივით იყო და ის მადარდებდა,როგორ მიიღებდა ანიტა ამ ნამდვილ, რეალურ, ტკივილებით სავსე ადამიანურ ყოფიერებას, რომელიც იმედგაცრუებებით, ტანჯვებით, უსიხარულობითა და სიკვდილით იყო სავსე. მიუხედავად, იმისა, რომ ბედს არ ვუჩიოდი, კარგად ვიცოდი, რომ ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში დგებოდა წუთი, როდესაც ერთადერთ ნუგეშად ცრემლი რჩებოდა; მეგობრად კი მხოლოდ საკუთარი ბალიში....თუმცა... საერთოდ მიაღწევდა კი, ჩემი ქალიშვილი იმ ასაკს, როდესაც ნამდვილ ცხოვრებაში შეაბიჯებდა?...

არა, ამაზე ფიქრი აღარ მინდოდა...

ცაზე ჯერ ისევ კიაფობდნენ ვარსკვლავები, ანიტას ეძინა.. ვარსკვლავებს გავყურებდი, ადამიანებივით, რომ კვდებოდნენ და იბადებოდნენ, მაგრამ იქნებ არც არაფერი კვდებოდა და სიკვდილი სხვა არც არაფერი იყო, თუ, თავის თავდაპირველ მატრიცაში დაბრუნება, სადღაც ტრანსცედენტურ მარადისობაში, იქ სადაც იყო ღმერთი და საწყისი...სანდრო მიიჩნევდა, რომ სამყაროს ასაკი დაახლოებით 13,82 მილიარდი წელი მაინც უნდა ყოფილიყო, კოსმოსური სააგენტოების და მეცნიერთა კვლევების მიხედვით და “მასა ენერგია და სივრცე”, ან “კვანტური მექნიკური ფლუქტაციები” სამყაროს არაფრისგან ვერ შექმნიდნენ. ის სრულიად გამორიცხავდა “დიდი აფეთქების” თეორიას, შემთხვევითობებს,‘უასაკო სამყაროს თეორიას”, იგივე “ბინგ-ბენგის” მოდელს, ანუ სამყაროების მრავალჯერ დაბადებას, სინგულარობას, სიმების თეორიას და რა ვიცი..... მე ბევრი არაფერი გამეგებოდა ამეების და თავს ვუკანტურებდი მხოლოდ ჩემს დიდი ფიზიკოს ქმარს...ის მიიჩნევდა, რომ ყველაფერი ციდან ჩამოვარდნილი ბაქტერიით დაიწყო, რომელიც დაფუძვნებული იყო უჯრედულ გადამტან “რნმ” მოლეკულაზე.. და სამყაროს არქიტექტორი, პირველი კოსმოსური გონი,- ღმერთი, უბრალოდ არ არსებობდა. მეორე ვარიანტით .... ღმერთებად შეგვეძლო ჩაგვეთვალა უცხოპლანეტელთა ცივილიზაციები, უცხოპლანეტელი მეცნიერ-გენეტიკოსები, რომლებმაც პირდაპირი გაგებით შექმნეს დედამიწის სამყარო.....

ხანდახან მეც ვფიქრობდი ასეთ რაღაცეებზე, ოდესღაც ციდან ჩამოვარდნილმა ბაქტერიამ სიცოცხლე შექმნა, ევულუცია განვლო, ბაჯგვლიან მაიმუნად იქცა და მერე აიხედა ცაში და მოციმციმე ბურთებს ვარსკვლავები უწოდა, მეტყველება ისწავლა, განვითარდა...

ფანჯარასთან მივედი და ტყეს გადავხედე. გასაყარის ჟამი იდგა. სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა ეს მოვლენა:ცასა და მიწას თითქოს მარგალიტისფერი გადაეკვრებოდა ხოლმე. ამ დროს ყველაფერი ქვავდებოდა; ფოთოლიც კი არ აშარიშურდებოდა ხეზე, წვიმის წვეთი ჰაერში გამოეკიდებოდა,გაილურსებოდა ნიავი, ნაკადულიც კი შეწყვეტდა ჩხრიალს;ცხოველ-ფრინველნი ხმას გაიკმედნენ.. ამ დროსო-ამბობდა ბებიაჩემი-აუცილებლად ვიღაც კვდებაო...იქნებ ეს სიმართლე იყო, ვინ იცის ახლა ამ წამს რამდენი თვალი დაიხუჭებოდა სამუდამოდ; რამდენი ბაგე დადუმდებოდა; რამდენი გული შეწყვეტდა ძგერას...

ანაზდეულად ცის ხილულ კაბადონზე პაწაწინა მეწამულისფერი სხივი შემოიპარა და ერთბაშად შეიმღვრა მარგალიტისფერი “დედო”....მეწამულ-ანთრაკისფერი გადაეკრა აღმოსავლეთის კაბადონს, იქ, სადაც ყოველ სისხამზე წყვდიადი იქედნესავით შობდა ქალწულ მზეს, მე კი ბებიაქალივით ვიღებდი ყოველ მის დაბადებას...

ერთბაშად ახმაურდა სიცოცხლე; აჭახჭახდნენ შაშვები; გუგულებმა ათვლა დაიწყეს; ქარაშოტიც მყისიერად ჩაერთო ფერხულში, აგნიასებულ ბეღურებთან ერთად დაუარა დავლური ტყეს....

ანიტა საწოლში არ იყო, გაპარულიყო, სავარაუდოდ ბაღში გაიქცეოდა. გამეღიმა, წარმოვიდგინე როგორ მიცუნდრუკობდა მის უკან მერი, ჩვენი ძიძა...ახლა ელენიც გამოჩნდებოდა..

გავიფიქრე თუ, არა მყისვე დააკაკუნა კიდეც და ვერცხლის ლანგარით ხელში, ელენიც გამოჩნდა...

ისეთი სახე ჰქონდა ეგვიპტური მუმიაც კი, უფრო ცოცხალი გამოჩნდებოდა. რომ აიწებებდა სახეზე ნიღაბს ეს ქალი... “ჰომო ერექტუსად” იქცეოდა და მორჩა!

ის-ის იყო ყავას რძე დავუმატე და ორიოდე ყლუპი მოვსვი, რომ ელენი უკანვე შემობრუნდა მკვდრისფერი სახით. ისედაც მქისე კანი ჰქონდა და ახლა თითქოს ეკლები ეყარა, კაკლები ამოცვენას ლამობდნენ ბუდეებიდან, სულს ძლივს ითქვავდა...

-რა მოხდა?-თითები ამიკანკალდა,-ნუთუ ანიტა?..

-არა!, თქვენი ნათესავი ქალი!, უნდა ნახოთ, იქ სისხლია!, ღმერთო!, სულ დაჩეხილია!...

ელენი უკან მომდევდა.. საძინებლის კარი ღიად იყო დარჩენილი....

ყველა ნივთი მიმოფანტულიყო და ყველგან სისხლი... ნორას გვამი, ან მისი გვამის ნაწილები, ასო-ასო დანაწევრებული იქვე საწოლთან ეყარა, ხოლო მოკვეთილი თავი ბალიშზე იდო მკვდარი თვალებით...ელენმა ხელი შემაშველა. კარი მივხურე და ზედ ავეკარი, მაგრამ იქნებ მკვლელი ჯერ კიდევ ოთახში იყო?

ელენს ხელი ვკარი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი, სანდროს ნაჩუქარი პისტოლეტი ამოვიღე ტუმბურიდან, თუმცა სროლა არ ვიცოდი....

-მე მომეცით-მითხრა ელენმა, პისტოლეტი გამომართვა და მჭიდი შეამოწმა, სადაც არც ერთი ტყვია არ იდო. ‘მაინც არ დაგვჭირდება-დარწმუნებით თქვა ელენმა. იარაღი ისევ თავის ადგილზე შეინახა.-”ის” აქ უკვე აღარ არის,პოლიციაში დავრეკე, გზაში იქნებიან, დამშვიდდით, ნაყენი მოგიმზადოთ?...

გაოცებულმა შევხედა, თვითონ უკვე მოესწრო დამშვიდება. მე რა ჯანდაბა დამამშვიდებდა, დარწმუნებული სულაც არ ვიყავი, რომ ვიღაც მანიაკი სადისტი მკვლელი აქ არ იმყოფებოდა და რა გარანტია მქონდა, რომ ახლა ჩვენ არ დაგვესხმებოდა თავს და ზედ არ მიგვაყოლებდა ამ უბედურ ნორას?

ელენმა ნაყენი მომიტანა, ვსვავდი და თან ნორაზე ვფიქრობდი ეს ქალი მუდამ რაღაც ბნელ ინტრიგებში იყო გახვეული და ახლა ეს სიბნელე პანდორას ყუთივით ჩვენ მოგვიძღვნა. მაგრამ ნორა უკვე მკვდარი იყო და ამას აღარაფერი ეშველებოდა. მე კი ცოცხლებზე უნდა მეზრუნა, ანიტა და მერი ბაღში იქნებოდნენ!..პიჟამაზე ხალათი მოვისხი, ბაღში გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ ნიკოლასმა ხელში ატატებული ანიტა შემოიყვანა , რომელიც მხიარულად ტიკტიკებდა და გულზე მომეშვა.....

დაახლოებით ერთ საათში პოლიციელთა არმია მოგვადგა კარს. ექსპერტების, ფოტოგრაფების, ჟურნალისტების მთელი ექსკორტით...

გადაჩხრიკეს, გადმოჩხრიკეს სახლის თითქმის ყოველი კუთხე-კუნჭული, თან პირდაფჩენილები გადმოყვლეპილი თვალებით ათვალიერებდნენ სამშვენისებს, ნახატებს, ქანდაკებებს.. სანდროს ლაბორატორიას რას მოუხერხებდნენ, არგუსივით დარაჯობდა მის კარს დამცავი მექანიზმი, რომელიც მხოლოდ სანდროს თვალის გუგის სკანირების შემთხვევაში იღებოდა.... ერთხანს კი იბუზღუნეს უკმაყოფილოდ ამ ჯადოსნური კარის გამო, მაგრამ ხელი ჩაქნიეს და ძიება განაგრძეს.

-არაფერია!-ამოიხვნეშა დაბალმა ჯმუხმა პოლიციის კაპიტანმა,-ეს ოხერი მკვლელი თითქოს პირდაპირ ციდან არის მოფრენილი!-გაასავსავა ხელები.

-დიახ! დიახ! და მიწაც რომ ვერ უზამდა ყლააპს?-დაეთანხმა უფრო დაბალი ჩინის მოხელე, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები “განეშის” [ღმერთი შივას ვაჟი ინდუიზმში] რეიკარნირებული ვარიანტი უნდა ყოფილიყო “სპილოს ცხვირით”...

რა ყლაპი ბიჭო?-გამოშტერდა კაპიტანი ზუსტად ნეპალური ბუსავით აჯაგრა ხშირი, გრძელბეწვა წარბები.

-იმას ვამბობ, რომ საქმე მკვლელ-მოჩვენებასთან გვაქვს!..მიწაც კი ვერ ჩაყლაპავდა-მეთქი, აქედან როგორ გააღწევდა?.-აიშვირა “სპილოს ხორთუმი” “განეშამ”კინაღამ ჩავბჟირდი, მაგრამ რა მეცინებოდა!...

-როგორც შემოაღწია, მაგრამ როგორ?-ჩაფიქრდა კაპიტანი.

-ამიტომაც ვამბობ, საქმე მოჩვენებასთან გვაქვს-მეთქი-გაიფუყა დაბალჩინოსანი...

თქვენ გჯერათ მოჩვენებების?-რატომღაც მკითხა იქვე ახლოს მდგომმა კრიმინალისტმა, რომელიც კაპიტნის და მისი ხელქვეითის დიალოგს გულმოდგინედ უსმენდა...ამას ანტილოპა “გენერუკასავით” დაცქვეტილი წაწვეტებული ყურები და მაღალი კისერი ჰქონდა...რატომ ჰგავდნენ ადამიანები ასე ძალიან ცხოველებს?....

-ეეხ! ბრაზიანად ამოიგმინა პოლიციის კაპიტანმა,-სულ გაგიჟდნენ ესენი! მოჩვენებები არა ისა, გამომივიდნენ “მოლდერები!”...

-სათვალთვალო კამერებში ჩანაწერები არ არის, ამას როგორ ახსნით?-ნიშნისმიგებით ჩაეკითხა “სპილოს ცხვირიანი”, მაგრამ უფროსის მხრიდან ისეთ მრისხანე მზერას წააწყდა, თავი ჩაქინდრა და მხრებჩამოყრილი გაგვეცალა..

სამი საათი მაინც იფახიფუხეს პოლიციელებმა, განსაკუთრებით ის ჯმუხი კაპიტანი და “გენერუკა” კრიმინალისტი აქტიურობდნენ, კრიმინალისტს პინგ-პოგის ბურთივით უპრიალებდა მელოტი კეფა, წამდაუწუმ ისწორებდა შავ სათვალეს მარჯვენა მტევნის შუათითით, “დამხეცებული” ჰქონდა ეს პოზა!...ფოტოგრაფები აქეთ-იქით აკვსებდნენ თავის აპარატებს, ნორას დაჩეხილი გვამის ნაწილები შავი პოლიეთილენის ტომრით გაიტანეს. საბოლოოდ ჯმუხამ “დათვის”ტორი მომითათუნა მხრებზე, ყველაფერს, გავარკვეთ, შევამოწმებთ, გამოვიძიებთ და აუცილებლად ვიპოვით დამნაშავესო-დამპირდა ‘ “ტიგდათფილეს-1”-ვით გაყინჩული და წავიდა.. რაც უფრო პატარა იყო ქონდრისკაცუნა, მით უფრო მკვეხარა ქოთანი იყო იგი, გამეცინა....ის-ის იყო კანონის დაქირავებულმა მოხელეებმა დაგვტოვეს, რომ მეგაზეთეების ჯოგი მოგვადგა, მძორის სუნი იკრეს და ამ სვავებს რა გააჩერებდათ!...

ტერასაზე გავედი...

-ქალბატონო ალინა ვიცით, რომ თქვენი მეუღლე ბაგრატიონების შთამომავალი ბრძანდება, მის შესახებ რაიმეს ხომ ვერ გვეტყოდით?- თამამად მომიშვირა მიკროფონი ერთმა ნარინჯისფერთმიანმა პანკმა გოგონამ, საღეჭი რეზინას ღლარჭუნით..

-გთხოვთ, რა, გთხოვთ!-შემემუდარა მეორე “მესიტყვია”, თავზე “სიმინდის ფუჩეჩები”, რომ ეყარა..

შეცდომაში ხართ შეყვანილნი!-მივახალე უხეშად,-ჩემი მეუღლე ბაგრატიონების კი, არა ტიუდორების შთამომავალი გახლავთ, ელისაბედ იორკელის მხრიდან და უინძორებსაც ენათესავება, ამავე დროს ეს ესპანეთის მეფეს ფილიპ მეექვსეს, გარე ბიძაშვილად მოხვდება ბურბონების შტოდან და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ახალ ესპანეთის ვიცე- მეფობასაც გამოკრას ხელი !..

-ეგ როგორ?-დააფჩინეს პირი...

- ყვავ-ჩხიკვობის ინსტიტუტით!, დედის ხაზით ჰენრი მეექვსის ერთ-ერთი ბადიშის, შვილიშვილის-შვილიშვილია, გასაგებია?: ახლა კი მოუსვით აქედან!-ცხვირწინ მივუჯახუნე კარი ყბებჩამოცვენილ გოგოებს, ჩემი ქმრის გენეალოგიის გამოსარკვევად მობრძანებულან ქალბატონები!...

ჩემს ოთახში შევიკეტე, ნორას მოკვეთილი, სისხლიანი თავი ისევ თვალწინ მედგა...

მაინც როგორ შემოაღწია მკვლელმა ჩვენს სახლში?.. ყველა კარი, თუ ფანჯარა აღჭურვილი იყო სიგნალიზაციის უნივერსალური მექანიზმით. ნებისმიერი საფრთხის დროს მგრძნობიარე სენსორები ახორციელებდნენ საგანგაშო პროგრამას; ირთვებოდა საგანგაშო ღილაკები, იბლოკებოდა ყველა შემოსასვლელ-შემოსაძრომი;ირეკებოდა და იგზავნებოდა შეტყობინებები წინასწარ დაპროგრამებულ ნომრებზე. გათვალისწინებული იყო ასევე მეტეო-ბიოლოგიური შემოტევები და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი ხდებოდა სახლის ბინადართა ევაკუაცია....

ამბობდნენ, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებაო.. და ვინ ვიყავით “შიგნით?”.. არა ეს შეუძლებელი იყო, ფიქრიც კი ამაზე დამამცირებლად მეჩვენა, რომელ მათგანზე უნდა მიმეტანა ეჭვი?..ელენი, მერი? ნიკოლასი?, ტომი? და მძღოლი..

მერი სანდრომ ინგლისიდან ჩამოიყვანა, ისევე როგორც ტომი და ნიკოლასი, ნიგერიელი ბრიტანელები. ორივე საოცრად თბილი, მოსიყვარულე, გულკეთილი და პატიოსანი ყმაწვილკაცები იყვნენ. მათი ოჯახები ნიგერიის დელტაში ტომობრივ დაპირისპირებას შეეწირნენ, რაც გამოიწვია ტერორისტული ჯგუფის “ბოკო ჰარამის” ტერაქტებმა. ტერაქტები მიმართული იყო ძირითადად ქრისტიანული მოსახლეობის ლიკვიდაციაზე, რაც ასევე ხორციელდებოდა “ჯიჰადისტების” მიერ ახლო აღმოსავლეთში, ერაყისა და სირიის სახელმწიფოებში. რადიკალი ისლამისტები,- ხელთ იგდეს რა ძალაუფლება თავისი “წმინდა მისიის” აღსრულებას შეუდგნენ ისლამის ერთ-ერთი ცენტრალიზებული დოქტრინის მიხედვით:”დარ-ალ-ჰარბი”;”დარ-ალ-ისლამად”, ანუ “ ომის სახლი-მშვიდობის სახლის” წინააღმდეგ. მათი მიზანი იყო შარიატის კანონს დამორჩილებული ტერიტორიები ურჯულო ქრისტიანებისგან გაეწმინდათ. ახლო აღმოსავლეთი, სადაც ბიბლიის განმარტებით ქრისტიანობის აკვანი დაირწა, სადაც თვით ღმერთი დააბიჯებდა, სადაც იქადაგა იოანე წინასწარმეტყველმა, იქადაგა პეტრემ და თომა მოციქულმა, აქ ამ წმინდა მიწაზე ახლა თავს აჭრიდნენ დიდსა თუ პატარას; სახრჩობელებზე აკონწიალებდნენ, სცემდნენ, ბილწავდნენ, ცოცხლად წვავდნენ,ამ შემაძრწუნებელ ფაქტებს იღებდნენ და ინტერნეტით ავრცელებდნენ... არავინ იცოდა როდემდე გაგრძელდებოდა ასე, კიდევ რამდენი წამებულის თავი უნდა გაგორებულიყო მიწაზე,;რამდენი უნდა ამოებუგათ კოცონში, რამდენი მახვილის წვერზე აეგოთ, ან დანით ყელი გამოეღადრათ, რომ მათი ბარბაროსი და ველური ღმერთის სისხლის წყურვილი დაოკებულიყო ...ფროიდი მართალი იყო, სამყაროს ბედნიერება არ შედიოდა შემოქმედის გეგემებში....

ნიკოლასის და ტომის პროტესტანტი მშობლები საკუთარ სახლში გამოუწვიათ, რადგან უარი უთქვავთ გადაეხადათ “ჯიზიას” სულადობრივი გადასახადი. ბიჭებს გაქცევა მოუხერხებიათ, მერე ვიღაც კაცთმოყვარე არაბ ვაჭარს შეუფარებია ისინი და ბრიტანეთში ჩაუყვანია. ეს ვაჭარი სანდროს მამა ემეგობრებოდა, აწ გარდაცვლილ

ბატონ მირიანს და ასე შეახვედრა ბედმა ერთმანეთს ჩემი ქმარი და ეს ნიგერიელი ბიჭები. სანდრო იმ დროს ლონდონში ცხოვრობდა და კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. ნიკოლასმა და ტომმა ლონდონის სკოლა დაამთავრეს და მირიანის გარდაცვალების შემდეგ თან გამოყვნენ სანდროს საქართველოში... რაც შეეხება მერის.. მერი ქართველი ემიგრანტის და შოტლანდიელების უძველესი გვარის დუგლასების შთამომავალი ბრძანდებოდა დედის ხაზით... მშობლები ავტოკატასტროფაში დაკარგა. ობოლი გოგო მეურვეს, რომელიც მამამისის მეგობარი და ბიზნესის კომპანიონიც ყოფილა ,ობოლთა თავშესაფარში მიუბარებია, მოგვიანებით კი, მერის მემკვიდრეობა ნაღდ ფულად უქცევია და ჯანდაბის იქით გამქრალა. მირიან ანდრონიკაშვილს წამოუყვანია მერი ობოლთა თავშესაფრიდან, რადგან, იმ პერიოდში ყველა ქართველი ემიგრანტი ერთმანეთს იცნობდა და მეგობრობდნენ კიდეც. ღვიძლი ქალიშვილივით მიუღია არაფრის მქონე გოგონა ბატონ მირიანს, კარგი განათლებაც მიუცია, სანდრო მას ლამის ალალ დად მიიჩნევდა... მერი ერთობ უცნაური ვინმე კი იყო, მაგრამ მკვლელი?- არავითარ შემთხვევაში!...

ეჭვმიუტანელი მეჩვენებოდა ასევე ჩვენი მძღოლი ბერნარდიც, რომელიც სანდროს აღმერთებდა, ისიც მირიანთან მსახურობდა ლონდონში. სამოციოდე წლის იქნებოდა, გულღია, კეთილი ბრიტანელი. ჩვენს გარდა არც არავინ ჰყავდა და არავითარი მოტივი არ გააჩნდა საიმისოდ, რომ ნორა დაეჩეხა...... რჩებოდა ელენი..ქალი-იდუმალება, ვის შესახებაც მართლა არაფერი ვიცოდი...

ის მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ერთ წვიმიან საღამოს.. ეს მოხდა ათი წლის წინ......

ფიქრი ვეღარ გავაგრძელე, რადგან მამაჩემმა დარეკა და მკითხა, რა მოხდა თქვენთან ამისთანა, რომ მთელი ქალაქი ლაპარაკობსო...

დაახლოებით 45 წუთში შენთან ვიქნები და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები-მეთქი, შევპირდი. საათს დავხედე, საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა უკვე. როდის გავიდა ეს დრო? ანიტა ერთხელაც კი არ მომგონებია მთელი ამ დროის განმავლობაში. ახლა ალბათ უკვე ეძინა. წამლებს მერი მისცემდა. ამ ორს ერთმანეთი ისე უყვარდა ცოტა არ იყოს, ვეჭვიანობდი კიდეც, იქნებ ბოროტი დირკესავით [,რომელმაც ლამის მოაკვლევინა საცოდავი ანტიოპე მის ღვიძლ ვაჟიშვილებს, მაგრამ სიკვდილიც არის და სიკვდილიც. ანტიოპე გარეული ხარის რქებზე უნდა წამოეგოთ]....საკუთარ შვილს ჩემი თავი შეაძულოს-მეთქი...

მაჯის საათი ავიღე, რომელიც საათი კი, არა მთელი ქიმიური ლაბორატორია იყო.სანდრომ იაპონიიდან ჩამომიტანა. სისხლის წნევა, ანალიზი, ქოლესტერინის დონე, შაქრის შემცველობა, რის ანალიზს აღარ აკეთებდა ეს წყეული საათი.

გადავწყვიტე მამისთვის მეჩუქებინა, რადგან მას არასდროს ჰქონდა დრო საკუთარი ჯანმრთელობის კვლევისთვის... წნევას მაინც გაისინჯავდა...

-მიდიხართ, ასეთ დროს?- გაიკვირვა ელენმა, მე კი ის გამიკვირდა, ასე მშვიდად, რომ იჯდა ტელევიზორის წინ. რაღაც ფილმს უყურებდა.

-ჰო, მამა უნდა ვნახო!-ცივად მივუგე.

-ბერნარდს დავუძახო?- წამოხტა მკვირცხლად ელენი..

-არ არის საჭირო, ჩემი მანქანით წავალ!-ვიუარე და შევატყე არ მოეწონა ჩემი განზრახვა. სახე მოეღუშა, აღარაფერი მითხრა, თუმცა ჰოლში დამეწია და ვერცხლისფერი ფლაკონი გამომიწოდა:-ერთ კვირაზე მეტია ვირუსულმა ინფექციებმა ოცი პროცენტით მოიმატა ქალაქში, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, ეს დაგიცავთ!..

-რა თქმა უნდა, მადლობა!-ფლაკონი გამოვართვი და ხელჩანთაში ჩავუძახე. ეს იყო ძალზედ ეფექტური, ვირუსული ინფექციებისგან და ბაქტერიებისგან დამცავი საშუალება, სილიციუმის დიოქსიდი, პრაქტიკულად უვნებელი და უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის. არავითარი მავნე მინარევები...

ავტოფარეხიდან ჩემი ძველი “ჰამერი” გამოვიყვანე. იქვე სანდროს ძვირფასი “ლენდროვერი” კრიალებდა, ახალთახალი “მერსედესი” კი ჯერ ფარეხის კარს არ იყო გაცილებული. მე მაინც “ჰამერი” მერჩია, ჩემი ჯაყჯაყა, მთაში და ტყე-ღრეში მანქანა ვერ შეედრებოდა. ნორას “ფორდიც” იქვე იდგა სევდიანად, რატოღაც არავის მოჰგონებია იგი. ბარგიც ალბათ იქვე ეწყო, ის ბარგი ასე დაჟინებით, რომ ითხოვდა-ამომიტანეთო.. ნეტავ რა იყო იქ?....

პირველი სიჩქარით ნელა, ფრთხილად ვეშვებოდი დაღმართზე. ორასი მეტრიც არ მექნებოდა გავლილი, რომ ირგვლივ ყველაფერი გაკაშკაშდა, თითქოს მყისიერად დავბრმავდი, ვეღარაფერს ვხედავდი, მუხრუჭს დავაჭირე ფეხი შეშინებულმა და იმავე წუთს ვიგრძენი ძლიერი ბიძგი. “დავიღუპე!”-გავიფიქრე, თუმცა არაფერი მომხდარა, ცოცხალი ვიყავი და მგონი საღ-სალამათიც. ჩემმა “ჯაყჯაყამ” კვიცივით ისკუპა და მერე ერთ ადგილზე გაქვავდა.

-გადმოდით მანქანიდან, სწრაფად!, სწრაფად!- ვიღაც ტიპი ჩემს გადმოთრევას შეეცადა, თან ზევით იყურებოდა და გამწარებული, ჟესტიკულაციით მიმანიშნებდა რაღაცაზე, იმ წუთებში ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ტყეს თითქოს უზარმაზარი და გავარვარებული მზე ემხობოდა თავზე. სანამ გავიაზრებდი სიტუაციას, ამ ტიპმა ძალით გადმომათრია მანქანიდან....ირგვლივ ისეთი გრიალ-ზრიალი ატყდა ისღა გავიფიქრე ალბათ ომი დაიწყო და გვმბობავენ-მეთქი...

ჩახჩახა დისკო უკვე ხეთა კენწეროებს ეხებოდა , კაცი ნადავლი წიწილასავით მიმარბენინებდა ტყის სიღრმეში, გარკვევით ჩანდა თითოეული ბუჩქი თუ ჩირგვი. ფეხები მტკიოდა, ათსანტიმეტრიანი ქუსლებით ასეთი გამალებული ძუნძული ტყეში სხვა დროს წარმოსადგენადაც კი ძნელი იქნებოდა ჩემთვის....ერთ წამს დავყოვნდი და და ფეხსაცმლის წაძრობა ვცადე, მაგრამ ისე მძლავრად მომქაჩა იმ კაცმა ესეც ვერ მოვახერხე. თავზე სალტესავით მიჭერდა რაღაცა, თითქოს რკინის ჩაფხუტი მეხურა. მომეჩვენა, რომ თვალებიდან და ყურებიდანაც კი სისხლი მდიოდა, ძვალი და რბილი მტკიოდა, ვკვნესოდი, ვტიროდი, მაინც მივრბოდი, მერე კი დედამიწა აყირავდა, მასთან ერთად ხეებიც და უეცრად ეს ყველაფერი ზედ ჩამომემხო. კაცი, რომელიც ჩემს გადარჩენას ცდილობდა ზემოდან მაწვა, მგონი ორივე ცოცხლად ვიმარხებოდით, ვგრძნობდი მიწის, ნეშომპალას სუნს და გემოს ტუჩებზე, მიწა ყანყალებდა, ძაგძაგებდა, თავში რაღაც ძლიერად მომხვდა და უკანასკნელი რაც გავიფიქრე, იყო-აპოკალიფსისი! ვაიმე! ანიტა!...

......2

როგორ გამიხარდა ისევ ცოცხალი, რომ ვიყავი!

როგორც ჩანს სიზმარი იყო!..

ჩემს საკუთარ საწოლში ვიწექი. ფანჯარას გავხედე, რძისფერი, შემღვრეული განთიადი იდგა. თავი საშინლად მტკიოდა და მგონი ტერფებიც მეწოდა.... ტყეში ძუნძულით გადაღლეტილი ტერფები...

არა ეს სიზმარი არ იყო, ამის უთოო დასტური ჩემს ტერფებზე იყი ამოტვიფრული. ვინ გადამარჩინა და საერთოდ რა მოხდა? იქნებ მფარველმა ანგელოზმა?...

სააბაზანოში შევვარდი, ელენმა კარზე მომიკაკუნა, თქვენი და გეწვიათო...

სასადილო ოთახში ანიტასთან ერთად ისხდნენ კატუშას ბიჭები, თვითონ კატო დაღვრემილი ჩანდა, უპეებჩაშავებული... მივხვდი რაშიც უნდა ყოფილიყო საქმე.

-არაფრის თქმა არაა საჭირო, მიაფურთხე ყველაფერს და ჩემთან გადმოდი, ხომ იცი, რომ არც შენ და არც შენს შვილებს არაფერს მოვაკლებ.-ვუთხარი ჩემს დაიკოს.

-ერთი კვირაა რაც წამოვედი, მამასთან ვართ-შემომჩივლა კატომ და ლამაზი თვლები აუცრემლიანდა.

დაგარტყა ხოომ?...

ჰო!-თავი ჩაქინდრა კატომ და ცრემლი მოიწმინდა....

ზუსტად ისეთი იყო, როგორც მაშინ, როდესაც პირველად ვნახე. მე რვა წლის ვიყავი, კატო ერთის..

დედამ მოულოდნელად დაგვტოვა. წესიერად ვერც ვხვდებოდი, რა იყო სიკვდილი, მომწონდა კიდეც სახლი სტუმრებით, რომ იყო სავსე, ყველა მეფერებოდა, ყურადღების ცენტრში ვიყავი და ეს მახარებდა. მოგვიანებით დედა მოვინაკლისე და მისი ძებნა დავიწყე. პატარა ფაჩუნზე წინკარში გავრბოდი გახარებული, დედა დაბრუნდა-მეთქი...მამა განადგურებული იყო ორჯერ უცდია თვითლკვლელობა მაშინ და ორჯერვე გადაურჩენიათ. მერე წავიდა, პეტერბურგში გაემგზავრა... სამი წელი გაატარა იქ და ერთი წლის კატოსთან ერთად დაბრუნდა.

კატუშას მე და ბებია ვზრდიდით. შვილივით ვუვლიდი ეს რვა წლის გოგო. ბაგაშიც მე დავათრევდი და საბავშვო ბაღშიც.. ხოლო როცა უკვე ბებიამაც მიგვატოვა, ოჯახის სრულუფლებიან პატარა დიასახლისად ვიქეცი, რომელიც სასწავლო წიგნების ნაცვლად კულინარიულ რეცეპტებს ჩაჰკირკიტებდა. ასე იყო თუ ისე, მშვიდად და ტკბილად ვცხოვრობდით, სანამ არ გამოჩნდა ქალი, სახელად-დედინაცვალი. იმხანად თავის მესამე თუ მეოთხე თანამეცხედრეს განშორებული, თავზე მეხივით დაგვატყდა და ჩვენი ცხოვრება ერთ დიდ კოშმარად აქცია...

კატო დედამისს ჰგავდა, ზღაპრულად ლამაზი იყო ის სლავი ქალი ფოტოებზე. ჰოდა სწორედ ამ სილამაზის გამო სკოლის მერხიდან მოიტაცა “საძაგელმა” ჩემი ულამაზესი დაიკო.

-”ტეტიამ” რაო?-ვკითხე კატოს. “ტეტიას” დედინაცვალს ვეძახდით, რომელიც სხვათა შორის სულ მოკლე ხანში ქალაქელ, დახვეწილ მანდილოსნად იქცა. ჩაიცვა, დაიხურა, თავზე პარიკი დაიდო.. სულ მიკვირდა ამ ქუსლებგახეთქილმა გომბიომ, როგორ მოახერხა ისეთი მამაკაცის მოხიბვლა, როგორიც მამაჩემია-მეთქი..

თან დედინაცვლობასაც რომ შეეცადა ეს შეჩვენებული!.

მაგრამ ჩვენთან რას გახდებოდა!.. მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო-ასე იყო ჩვენი საქმე. მამა ისე გვანებივრებდა, ხმას როგორ ამოიღებდა ალქაჯი, ჰოდა თამაში დაიწყო, ვითომ გიჟდებოდა ჩვენზე, გულში კი ვძულდით. ვერაგი!.. ჩვენი სახლი პროვინციულ სასტუმროს დაამსგავსა: მოდგა და მთელი თავისი საგვარეულო წამოასხა სოფლიდან... ვინ გაათხოვა; ვინ დააქორწინა,” ვინ სამსახურში მოაწყო.. ერთი სიტყვით მშობლიური კერა ჯოჯოხეთად გვიქცია, სადაც ერთი წუთითაც აღარ იყო სიმშვიდე.

ერთ წვეულებაზე სანდრო გავიცანი, ჩემზე თხუთმეტი წლით უფროსი ასტროფიზიკოსი, განქორწინებული, ორი ბავშვით ხელში, მაგრამ იმდენად მინდოდა

ამ სახლიდან გაქცევა და სხვა ცხოვრების დაწყება, რომ ბევრი აღარ მიფიქრია და ცოლად გავყევი კაცს, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი...

-წუწუნებს, როგორც ყოველთვის, მამაშენი შემოსავლით შენს შვილებს როგორ გავზრდითო!-თვალი ამარიდა კატომ და ცრემლი მოიწმინდა...

-აქ დარჩი და მორჩა, გადაწყვიტე ბოლოს და ბოლოს!..

თავი კი დამიკანტურა კატომ, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, როგორი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები: ის არაკაცი დარეკავდა, პატიებას ითხოვდა და ესეც აპატიებდა!...

ასეც მოხდა. საღამო ხანს ის გადარეული “საძაგელი” მოვარდა, შერიგდნენ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე...

მე კი ვიცოდი რისი ღირსიც ბრძანდებოდა ეს ნაბიჭვარი, მაგრამ კატო ისეთი აციმციმებული თვალებით შესქეროდა, რომ დავმუნჯდი. ეს სიყვარული იყო, სიყვარული, რომელიც მე არასოდეს განმეცადა.. რა უნდა მეთქვა!..

ანიტას მაღალი სიცხე ჰქონდა და მამას დავურეკე... მერიმ კობბოსტოს ფოთლებში გამოახვია ტოლმასავით, ჩაეძინა და ოდნავ დავმშვიდდი. ჩემს ოთახში გავედი, მობილურზე შეტყობინებებს გადავხედე. რუსკა მწერდა, ჩემი შინაბერა დაქალი, რომელიც ერთ ბედკრულ ტელევიზიას იყო შეხიზნული იმის მოლოდინში, თუ როდის დაუფინანსებდა ვინმე მავანი მეცენატი, ფულიანი ძია სანუკვარი ფილმის გადაღებას, რაც მსოფლიო დონის აღიარებას და არც მეტი და არც ნაკლები-”ოსკარს” მოუტანდა...

სინამდვილეში რუსას ჩემი სანდროს იმედი ჰქონდა. სამაგიეროდ სანდროს არ ჰქონდა რუსას გენიოსობის იმედი და ფულების გადაყრას წყალში სულაც არ აპირებდა.

მეორე შეტყობინება ჯულისგან იყო, ჩემი მეგობარი პიანისტი, რომელიც ასევე ოცნებობდა ევროპაში ტურნეს და საერთაშორისო დონის კონცერტებზე დაკვრას.. საქართველო ზოგადად სავსე იყო ასეთი მეოცნებეებით!...

-ალინაა!-მერი მეძახდა. ფეხები მომეკვეთა, მერის ხმა ავისმაუწყებლად ჟღერდა..

-ტალგად ვალ!-გაღიმებას შეეცადა ჩემი გოგო..

-კარგად ხარ, აბა რა!...

-უბლალოდ გავცივდი!-თითქოს თავი იმართლა ანიტამ.

-ახლა ბაბუა მოვა, წამლებს დალევ და მორჩა შენი გაციება!- რა თქმა უნდა ჩემი სიტყვების მე თვითონვე არ მჯეროდა.

-წუმალები ალ მინდა!-დაიჯღანა ანიტა და მერე თავზარდამცემი რაღაც იკითხა:-დედიტო, მე მოვტვდები?..

მერი აზლუქუნებული გავარდა გარეთ...

-შენ არასოდეს მოკვდები ძვირფასო, ავად ხარ, ეს მართალია, მაგრამ მამიკო უკვე მეხუთე წელია შენს ავადმყოფობას ებრძვის. მალე ლონდონში წავალთ, იქ ოპერაციას გაიკეთებ და სრულიად გამოჯანმრთელდები!...სიკვდილზე არ იფიქრი, დამპირდი კარგი?...

-აბა ბაბუა, ლომ მოტვდა?, დიდედა ანიტა, ბებია ქეთო, ისინი ლატომ მოტვდნენ?-ჩამოთვალა ჩვენი ყველა მკვდარი ბავშვმა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო...

როგორ უნდა ამეხსნა ხუთი წლის ბავშვისთვის თუ, რა იყო სიკვდილი და რატომ ვიხოცებოდით ბუზებივით. განსხვავება ამ სიკვდილებში, მხოლოდ ის იყო, რომ ბუზებს ჩვენ თვითონ ვხოცავდით, ჩვენ თვითონ ვიყავით მკვლელები, მიგვაჩნდა, რა, რომ ბუზის სიკვდილი ერთობ უმნიშვნელო რამ იყო სამყაროსთვის, მაგრამ რა უფლება გვქონდა განგვესაზღვრა თუ ვისი სიცოცხლე იყო უფრო მნიშვნელოვანი-ადამიანის თუ ბუზის...

-დედიტო, ლომ მოვტვდები, გმელთი ახალ სხეულს მაჩუქეებს?-განაგრძო ანიტამ...

ამ დაძაბული სიტუაციიდან მამაჩემის მოსვლამ მიხსნა. ძია ნიკოც ახლდა, პროფესორი, დოქტორი, მაგრამ ჩემთვის უბრალოდ საყვარელი ძია ნიკო: ფუნჩულა, ტიპიური, ძველი ყაიდის კეთილი “აიბოლიტი”, რომელიც მუდამ თან დაატარედა თავის ჯადოსნურ ელექსირებს, უფრო “მიქსტურებს: ასე უწოდებდა თვითონ...ძია ნიკო პენსიაზე იყო გასტუმრებული უკვე, აღარც სამედიცინო ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს, მაგრამ თავის მოწოდებას, ყოფილიყო მკურნალი-ვერ ელეოდა. მისი სახლის კართან შეჭირვებული პაციენტების რიგები იდგა, რომელთაც სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობდა. მამას არაერთხელ აღუნიშნავს,:გადამრევს ეს ნიკო, უშაქრო ჩაიზე და ხმელა პურზე ზის თვითონ, პენსიასაც კი სხვას აძლევსო...

“მე ბიძიკო ჩემს წილ სიკეთეს ვაკეთებ, ასეა, ყველამ თავისი წილი სიკეთე, რომ აკეთოს, ხომ აივსება ქვეყნიერება სიკეთით და მოგჭამა მერე ჭირი ბოროტებამ”.-ამბობდა ხოლმე ძია ნიკო და იცინოდა...

ბატონმა პროფესორმა ჯერ ტემპერატურა გაუსინჯა ბავშვს საკუთარი ვერცხლისწყლის სინდიყიანი თერმომეტრით, კატეგორიულად არ ენდობოდა თანამედროვე “საკეკლუცოდ” მოგონილ “იგრუშკებს”, მერე გულმოდგინედ მოუსმინა ფილტვებს, გულს, მუცელზე დაუტყაპუნა რამდენჯერმე, ღვიძლის სიდიდე განსაზღვრა, ყელი, ენა,

თვალები დაათვალიერა და კმაყოფილი აბუყბუყდა.. წინასწარ ვიცოდი რასაც იტყოდა:” ჩაი ჟოლოთი, ნახევარი ლიმონი,ერთი კოვზი თაფლი და კაკაოს ქონი”

. “მარტო ჩაი?” მხრებს აიჩეჩავდა მამაჩემი და აუცილებლად იკითხავდა: ვაითუ რამე ახალი ინფექციაა?”

-ჩვეულებრივი სურდოა!-დაასკვნა ძია ნიკომ

-იქნებ სიცხის დამწევი მივცეთ!-მორიდებით ჩავერია, მაგრამ ისე მრავალმნიშვნელოვნად გადმომხედა , ენა ჩავიგდე. ანიტას საკმაოდ სერიოზულ დაავადებაზე მასთან ერთად არასოდეს ვსაუბრობდით. ანიტას სნეულებას ერქვა “პროგერია”. იშვიათი დაავადება იყო,მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული და აღწერილი. “პროგერია” იწვევდა ბავშვთა ნაადრევ სიბერეს და ეს დაავადება გამოწვეული იყო ერთ-ერთი გენის მუტაციით. პროგერიით დაავადებული უჯრედები ნორმალურად ვეღარ იყოფოდნენ და ორგანიზმი წყვეტდა ზრდას. ბავშვი იწყებდა დაბერებას, უთხელდებოდა თმის საფარი, უნაოჭდებოდა კანი,ინლეოდა ძვლის მასა,, უვითარდებოდა ართრიტები, გულის დაავადებები, ასეთი ბავშვები იშვიათად აღწევდნენ თოთხმეტ წელს.ამ საზარელი სენის ნიშნები გამოვლინდა, როდესაც ანიტა სამი წლის იყო... ზრდა შეწყვიტა. წონაში დაიკლო. შეშინებულმა სანდრომ ევროპაში წაიყვანა გოგონა გამოსაკვლევად. ბოსტონის ბავშვთა კლინიკაში დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა პრეპარატ “ლონაფარნაზით’ დაიწყეს. მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაიწყო ანიტამ წონის მატება, არანორმალურად გამხდარიც კი არ იყო ისე დამახინჯებული, როგორც აღწერენ ხოლმე სხვა პაციენტებს. ზოგს არაბუნებრივად უვითარდებოდა თავი, ან ყბები, ყურები. ანიტა ლამაზი იყო, ნამდვილი თოჯინა და ამ თოჯინას კიდევ ერთი დაავადების ნიშნები ეტყობოდა:”ეპედერმოლუსუს ბელუსა,” ასეთი დაავადების მქონე ბავშვებს პეპელა-ბავშვებს უწოდებდნენ, “აბრეშუმისკანიანებს” სწორედ ასეთი სიფრიფანა კანი ჰქონდა ანიტას, გამჭვირვალე, ცისფერი კაპილარებს დაითვლიდი...

-ადამიანის ორგანიზმს ერთი უნიკალური თვისება აქვს-განაგრძობდა ძია ნიკო,-ეს თვითაღდგენის უნარია,ასე რომ ვაცალოთ ბუნებას, მიეცით გოგოს ნატურალური წვენები, სუფთა წყალი და არვითარი ასპირინი! მე თუ მკითხავთ მთელი ეს ფარმაკოლოგიური ნაგავი, რაც აფთიაქებში იყიდება სანაგვე ბუნკერებში უნდა მოვისრულოთ! დიახ!-აქ საჩვენებელი თითი გამობზიკა პატივცემულმა პროფსორმა,-იწვეს ეს გოგო ორიოდე დღე საწოლში და ყველაფერი კარგად იქნება!-დაამთავრა როგორც იქნა ჩვენი დამოძღვრა ნიკომ..

-ალ ვალ ავად!-გაუხარდა ანიტას.-წუმალებს ალ დავლევ!..

-ნამდვილად არ ხარ!-მხარი აუბა ნიკომ,-ჩვენ თერაპევტები ბუნებას ვენდობით, ყოველგვარი სკალპელების გარეშე!-მხარსზემოდან გადახედა ქირურგ მამაჩემს.

ეს ტექსტები ბავშვობიდან მესმოდა. ამ ორ ადამიანს დაბადებიდან ვიცნობდი, ორ საუკეთესო მეგობარს, თავისი ფენომენალური ბუნების კამათის ხელოვნებით...ძია ნიკო სულ იმას ამტკიცებდა, რომ ქირურგია ზედმეტად ერეოდა ბუნების მიერ შექმნილ ბიოლოგიურ ანატომიაში, ონტოლოგიაში და ნუშისებრი ჯირკვლების, ან ჭიისებრი ნაწლავის ამოკვეთა საკმაოდ სერიოზულ დარღვევბს იწვევდა ცოცხალ ორგანიზმში.

-”ეეჰ, ნიკო, ნიკოოო!”-ოხრავდა ხოლმე მამა და კონკრეტული ფაქტები მოჰყავდა მისი პრაქტიკიდან, თუ რამდენი სიცოცხლე იხსნა ლეტალური შედეგისგან ქირურგიული ჩარევით... არც თუ იშვიათად ერთმანეთს ებუტებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს გაბუტვა დიდი-დიდი ერთი, ან ორი საათი გრძელდებოდა. უერთმანეთოდ არ შეეძლოთ სიამის ტყუპებივით...

საუზმეზე მივიპატიჟე ბატონი ნიკო, მაგრამ უარი მტკიცა და ხუსხუსით გაიქცა კიბისკენ, მამაც უკან მიყვებოდა.

-მამა გულწრფელად მითხარი, იგივეს ფიქრობ, რასაც მე?, ანუ დაავადება პროგრესირდება?-ვკითხე..

-შესაძლოა!-ამოიოხრა,-თუმცა გარეგნული სიპტომები არ ეტყობა. პიჯაკის ჯიბიდაან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.

-ვიცი რა გველის მამა და ძალიან მეშინია, სანდრო ახლა “მინუსოტის” უნივერსიტეტის გენეტიკოსებთან ერთად მუშაობს, ექსპერიმენტებს ატარებენ ტრანსპოზონური სისტემის”მძინარე მზეთუნახავის” გამოყენებით...

-ჰო.. ტრანსპოზაზის გენი ევოლუციურმა პროცესებმა ჯერ კიდევ ათი მილიონი წლის უკან გააუქმა ადამიანის გენომში. არავინ იცის რას მოიმოქმედებს ეს ხელოვნური რელიქტური ტრანსპოზინი. სინთეზური დნმ-ის უჯრედებმა შესაძლოა ის არ მიიღონ. მას კი შეუძლია ჩაშენდეს რომელიმე სხვა ფუნქციურად აქტიურ გენში და სრულად გამორთოს იგი, შეუძლია დაარღვიოს ქრომოსომთა ნორმალური ქცევა და გამოიწვიოს ქრომოსომული ანომალიები...

-მოლეკულური ბიოლოგია ჩემთვის ჯუნგლებია, მაგრამ სანდროს თქმით ეს მოხტუნავე-მოჯირითე გენები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ვექტორები, ჯანმრთელი რეკომბირებული გენის გადასატანად. გენურ თერაპიაში ამ მეთოდს უკვე წარმატებით იყენებენ..

-მაგრამ მხოლოდ თაგვებში!, თუმცა ღმერთმა ქნას!-სკეპტიკურად გააქნია თავი,-ახლა წარმოიდგინე ალინა, რომ მწერალი ხარ და შენს მიერ დაწერილ წიგნში ვიღაც მთელ

გვერდებს თავისებურად გადაწერს, სხვა სიტყვებით, სტილიც სხვა იქნება და ამ ყველაფერს არაფერი ექნება საერთო შენი წიგნის ძირითად შინაარსთან. ცალკეულ გენებში, რომლებიც ქმნიან მოლეკულა დნმ-ს, ნუკლეტოდიდების ენაზეა ჩაწერილი მთელი ინფორმაცია, გენურ ანბანზე და ადამიანის გენომი 3,3 მილიარდი ნუკლეტოდური წყვილისგან შედგება და ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე გენი გვაქვს შესწავლილი. თუნდაც დავუშვათ, რომ მოხერხდა გენის შეკეთება, ან, შეცვლა დღევანდელი ნანოტექნოლოგიების წყალობით, იმუნურ სისტემას რას უშვები?-სიგარეტის ნამწვი თითებით ჩააქრო...

-მან შესაძლოა უარი უთხრას თერაპიული მიზნებით შეყვანილ გენს, დაიწყებს ბრძოლას მისი განდევნისათვის და აი მერე, არავინ უწყის თუ, რას მოიმოქმედებს ჰიბრიდული გენი..

-სანდროს ლაბორატორიაში ჰყავს ვირთაგვა, რომელსაც უკვე შეუყვანა ახალი გენი და ერთ წელზე მეტია ეს ვირთაგვა თავს შესანიშნავად გრძნობს. სანდრომ იმ გენს მიაგნო, რომელიც ადამიანის სიბერეზე და სიკვდილზეა პასუხისმგებელი, ჭიაყელა ჰყავს, მგონი უკვდავია და მისი გენი შეუყვანა ამ ვირთაგვას...

-ეჰ, სიკვდილი ჯერ არავის დაუმარცხებია შვილო, ჭიებს კი რეგენერაციის უნარი აქვთ....

ძია ნიკო დიდსულოვნად ელოდა მეგობარს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ეზოში ვიდექი და მიმავალ “ვოლვოს” გავყურებდი სულდამძიმებული. ვიღაც მიყურებდა. ეზო მოვათვალიერე. არავინ ჩანდა....

ამ ბოლო დღეებში იმდენი რამე მოხდა, რატომ ჯოჯოხეთიდან ამომხტარი ეშმაკები არ მელანდებოდნენ საერთოდ!

რა ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ პრელუდია იყო. რაღაც აუტანლად საშინელი დასაწყისისა....

........3

სახლისკენ წავფრატუნდი. გულის მხარე მწვავე ტკივილი შევიგრძენი. ტკივილი.. ტკივილით იბადები და დაბადებამდეც ტკივილით გაქვს ამოტენილი პირი; ძარღვებშიც ტკივილი მიმოიქცევა, ტკივილი გეხება-ეხები, შეიგრძნობ, შეიყნოსავ, აგემოვნებ და როცა ტკივილს სუნთქავ უკვე ადამიანად ხარ შეკოწიწებული ტყავის გუდაში სამომავლო ტკივილისთვის განწირული....

შემოდგომის პირი იყო. ჩუმად, თავისთვის, უპრეტენზიოდ კვდებოდნენ ფოთლები. წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი ფოთლები, პაწაწინა სილამაზეები კვირტებად დაბადებულნი, მშვიდად რომ მოიტანეს სამყაროს კიდევ ერთი კანონზომიერება მიწაზე.

ანიტა საწოლში იჯდა, ჩაის მიირთმევდა და სიამოვნებისგან ენას აწკლაპუნებდა. მერი სერიოზული სახით უხსნიდა, რომ ნამდვილი ლედი ენას არ აწკლაპუნებსო.,ანიტა კი კისკისებდა. ორ კვირაში სანდრო მას ლონდონში წაიყვანდა ახალი კვლევების ჩასატარებლად. როგორ უნდა გადამეტანა ეს განშორება, არ ვიცოდი. მზად ვიყავი გულსაბნევივით მუდამ მკერდით მეტარებინა ჩემი ძვირფასი გოგო. ერთი წუთითაც კი არ შემეძლო, იმის დაშვება,რომ ანიტას “რაღაცა” ცუდი შეემთხვეოდა.... ანიტას ვაკოცე და ჩემს ოთახში წავედი. ლიცი მაშინვე შემახოხდა და ლოკვა დამიწყო, თითქოს უხმოდ მითანაგრძნობდა. მეც მიყვარხარ ლიცი-ვუთხარი, ჩავიხუტე, ისიც გაინაბა, მომეკრა... მერე დიდხანს ვიძინეთ...

დილის ექვსი საათი იქნებოდა. დიდი სახლი სიმყუდროვეში თვლემდა. მხოლოდ პირველი სართულიდან ისმოდა ბუხრის ანტიკვარი საათის ბუბუნი. საათი სანდრომ პარიზში შეიძინა “კრისტის” აუქციონზე ლეგენდასთან ერთად, რომ ეს ძვირფასი, ოქროთი და ბრინჯაოთი გაწყობილი “დროისმთვლელი” დამზადებული იყო პეტერბურგში , ათას რვაასიან წლებში სამუელ ვეელის სახელოსნოში და იგი ძღვნად გამოუგზავნია ვინმე ნიკოლოზ პლატონის ძე ოგარევს ილიასთვის. ისტორიის ფოლიანტებში არ იყო ცნობილი ეს ფაქტი, მაგრამ არაფერი იყო გამორიცხული, რადგან ორივე პეტერბურგში სწავლობდა, ორივე დიდგვაროვანი იყო და ორივე ბატონყმობის და ცარიზმის კოლონიალური პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა. ასე, იყო, თუ, ისე ამ საათს “ილიასეული” ეწოდა და ახლა ეს “ილიასეული “ აღმნუსხველი” ზარ-ზეიმით “შობდა” თითოეულ წამს, როგორც პირველი კოსმოგონიური საშო, საიდანაც იშვა სამყარო...

ლოცვა მომინდა და სანდროს სიტყვები გამახსენდა:”არ არსებობს არავითარი ჯვართმტვირთველი, არსებობს მხოლო უნივერსალური სამყარო, რომლის ღმერთიც არის გრავიტაცია”. მე კი ისე ძალიან მჭირდებოდა ის კაც-ღმერთი.. მწყუროდა იმის არსებობა, რათა ჩემი ერთადერთი შვილის სიცოცხლე გამომეთხოვა, მაგრამ განა სხვა დედები არ ითხოვდნენ ამას?, მიწა კი მაინც მოფენილი იყო საფლავის ქვებით. პაწაწინა ჩონჩხებით...

“დედიტო, ნახე, იქ ჩემი ვალცტვლავიც ცოვლობს!-ამბობდა ხოლმე ანიტა და თითუკებს ცისკენ იშვერდა...

”რა თქმა უნდა საყვარელო, ყველას ჰყავს თავისი ვარსკვლავი”-ვუკრავდი კვერს.-”

“შენც გყაავს?”-უხაროდა ანიტას..

-ჩემს ვარსკვლავს “ხარიპარია” ჰქვია..

-”ვალცტვლავი ხალს იპალავს?”-იცინოდა ჩემი გოგო და ფურცლებს ითხოვდა, რომ ჩვენ-ჩვენი ვარსკვლავები დაგვეხატა...ერთხელ ჩაფიქრებულმა მითხრა, რომ მის

ვარსკვლავს რაღაც სახელი ჰქვია, მამიკომ მითხრა და ვერ დავიმახსოვრეო...ვარსკვლავების სიყვარული ანიტას მამისგან გამოჰყვა. როდესაც სანდრო სახლში იყო და დროს გამონახავდა, ისინი ობსერვატორიაში ისხდნენ და ვარსკვლავებს უჭვრეტდნენ... სანდრო მის ნაადრევ გონებრივ მოწიფულობაზე სწუხდა, ეს ანიტას დაავადების პროგრესირების მიმანიშნებლად მიაჩნდა.

მერი “ალისას თავგადასავალს” უკითხავდა ინგლისურ ენაზე. ანიტა რულმორეული უსმენდა. რომ დამინახა სახე გაუბრწყინდა, წამოიწია და ხელები გაშალა...

ჩავეხუტე..ნაზი, სიფრიფანა სხეული. გული ჩიტივით უფანცქალებდა. სახეზე დავაკვირდი...ფერმიხდილი, ჩაშავებული უპეები, თითქოს მხოლოდ თვალები იყო ცოცხალი ამ სახეზე..

მისი საწოლის გვერდით ნორას ნაჩუქარი თოჯინების სახლი იდგა. რაც თვალში მომხვდა, ის იყო, რომ ამ სახლიდან სტუმრები “გაპარულიყვნენ”.. აღარც კავალრები ჩანდნენ და აღარც დამები, არც ბუხართან მიმსხდარი მომასლაათე ჯელტმენები, არც მზარეულები, ყველა აორთქლებულიყო...ამის თქმა დავაპირე კიდეც, მაგრამ მერიმ დამასწრო: უცნაური სახლია, არა? თოჯინები გაჰქრნენ, მხოლოდ რვა თოჯინა დარჩა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩვენ ვართ ამ ოჯახში. ამის გარდა საოცრად გგვანან. გუშინ ანიტამ ყველას თავისი სახელი დაარქვა აი ის თოჯინა საკუთარ თავს მიამსგავსა, ხედაავთ?, საწოლში, რომ წევს..თვითონ სახლიც ჩვენი სახლის ზუსტი ასლია არქიტექტურული თვალსაზრისით.. ნახეთ: სამი სართული,ზუსტად 35 ფანჯარა, 20 კარი,11 საძინებელი, ჩვენნაირი იტალიური სამზარეულო, ბუხარი, ვენეციური სარწეველაც კი...

-დიახ!-ვუპასუხე უგულისყუროდ,, რადგან შევნიშნე თოჯინა, რომელიც ანიტამ მიიმსგავსა და თავის სეხსნიად აქცია . გამელოტებულიყო.... უნებლიედ თმაზე გადავუსვი ხელი “ნამდვილ” ანიტას და თითებზე კარგად გვარიანი ბღუჯა ჩამომყვა ქერა, რბილი კულულებისა...

რა ხდებოდა ჩვენს თავს?, რატომ ჰგავდა მეთვრამეტე საუკუნეში შექმნილი სათამაშო სახლი ჩვენსას, სად გაქრნენ სხვა თოჯინები და რა საერთო იყო ანიტასა და იმ გამელოტებულ თოჯინას შორის? იქნებ თვითონ ანიტამ დააგლიჯა თმები?..

თოჯინა “დედა” ანუ მე... მართლაც მგავდა რაღაცით, სამაგიეროდ თოჯინა “მამა” სანდროს “ტყუპისცალი” იყო.. სამზარეულოში , “ ელენი ტრიალებდა”...რა იყო ეს, ჯადოქრობა? ვუდუ? უბრალოდ დამთხვევა თუ წინასწარგანზრახული რაიმე მაგიური ბოროტება? ორი საუკუნის წინ ვიღაც მეთოჯინემ შექმნა ჯერ ისევ ასაშენებელი სახლის ასლი თავისი ბინადრებით?...იქნებ სულაც არ ჰგავდა ჩვენს სახლს და მეჩვენებოდა?...

კიბე სწრაფად ჩავირბინე. ეზოში გავედი და სახლი შევათვალიერე. დიდი სახლი სამი სართულისგან შედგებოდა. სართულები ერთმანეთს შიდა კიბეებით და მოძრავი კაბინით უერთდებოდა. ამ კაბინით სანდრო სარგებლობდა, თავის მიწისქვეშეთში ჩასაღწევად. ხანდახან ანიტაც “კატაობდა”....მესამე სართულიც მთლიანად ეთმობოდა ლაბორატორიას, დაშენებული ჰქონდა მაღალი მანსარდი, რომელიც გვირგვინდებოდა გუმბათური გადახურვით და ლუნეტებით. აქ იყო ობსერვატორია. პირველი სართული “საჯალაბო”დაყოფილი იყო სასადილო-სამზარეულო ზონებად საპირპარეშო-სააბაზანოები, საკუჭნაო, მარჯვენა ფლიგელში ორ ოთახს იკავებდნენ ტომი, ნიკოლასი და ბერნარი.მეორე სართული- ჩვენი საძინებლები და კიდევ რამდენიმე ოთახი სტუმრებისთვის.

გარედან სახლს შეკიდული აივნები ამშვენებდა. აივნებზე იარუსიან ჟარდენიებში ეწყო ქოთნები საუცხოო ყვავილებით. ეს საქმე, მებაღეობა ნიკოლასმა ითავა და მშვენივრადაც გამოსდიოდა.

სახლის მთავარი მშვენება მისი ცენტრალური შესასვლელი იყო, დომინანტურად გამოკვეთილი, მოდერნის ფართო როზელიტით, რომელიც ვარდულებიანი ფრონტონით მთავრდებოდა სახურავთან. როზალიტის წინ თაღებით შექმნილი იყო მარმარილოს კარატიდებზე ჩამოყრდნობილი პატარა ღია პორტიკი. გრანიტით მოპირკეთებული ტერასიდან პარადული კიბე ეშვებოდა, კიბის ორივე მხარეს ცოკოლის ბურჯებზე ამაყად იწვნენ ბრინჯაოს დიდებული ლომები..

საჯინიბოსკენ წავედი. “ფიქრთ გასართველად”... ნიკოლასს და ტომის ცხენები გამოჰყავდათ თავლიდან. ფაშატი “კეტრინი” ავზნიანივით ჭიხვინებდა და ტლინკებს ყრიდა. ულამაზესი იყო, მაგრამ ველური. კიდევ გვყავდა შოტლანდიური პონი, ლაქებიანი აპალუსი, მისი უდიდებულესობა-წმინდა სისხლის არაბული ულაყი, რომელიც ძალიან ცნობილი ცხენის “სმეტანკას” შთამომავალი ბრძანდებოდა. ეს ის “სმეტანკა” იყო, რომელშიც გრაფ ორლოვს 60 000 ათასი რუბლი გადაუხდია, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა.

დიდებულ, ამაყად მორკალულ კისერზე დავარცხნილი ფაფარი უფრიალებდა. ისეთი მოვლილი იყო, ერთიანად ბზინავდა. სახელიც ასეთივე დიდებული ერქვა:”ლორდი” ამ ინგლისელების გადამკიდემ ვერც ერთ ცხოველს ვერ დავარქვი ჩვენებური ქართული სახელი. ანიტამაც, რომელმაც დაბადებისთანავე შეისისხლხორცა ეს ენა ყველა თავის მეგობარს უცხოური სახელები “დაანათლა :ძია “გეიბი”;ჭიაყელა “გორდონი”; სპანიელი “ჯენიფერი”; ლაბრადორი “დრაკულა”, ჩემი პუდელი”ლიცი”...სანდრო ამაში პრობლემას ვერ ხედავდა, რდაგან ინგლისური ენა ლამის სამყაროს ენად მიაჩნდა. ბრიტანეთში დაბადებულსა და გაზრდილს ავიწყდებოდა კიდეც, რომ ქართველი იყო...

ტომიმ შემომთავაზა ცხენით, ხომ არ გაისეირნებთო.. ეს ბიჭი ისე ლაპარაკობდა ქართულად, კანის ფერი, რომ არა, ვერც კი მიხვდებოდით მის არაქართველობას...მაცდუნებელი შემოთავაზება იყო, მაგრამ ისე მეშინოდა ცხენების, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც ცხენზე შეჯდომას მაიძულებდა.

-პონი ძალიან თვინიერია, სცადეთ!-წამაქეზა ტომიმ...

-არა!-ვერ გავრისკე, არადა ამ პონით ანიტაც კი დაჭენაობდა...

-შენ როგორ ხარ ტომი?...

-კარგად!, უკვე დიპლომს ავიღებ და მუშაობას დავიწყებ!-მომანათა თბილი, შავი თვალები. ტომი სამედიცინოს ამთავრებდა. ძალიან საყვარელი ბიჭები იყვნენ. მუდამ იმას ცდილობდნენ არაფრით შევეწუხებინეთ. იყვნენ თავისთვის და წყნარად აკეთებდნენთავის საქმეს. რომლსაც არავინ აძალებდათ..

-კარგია გილოცავ ტომი, იმედია არ მიგვატოვებ!-ესღა ვუთხარი..

--არა მისის ალინა, არა!-თავი გააქნია ტომიმ, მაგრამ ადრე თუ გვიან ისინი საკუთარ ცხოვრებას შექმნიდნენ ჩვენგან დამოუკიდებლად. ჩვენ ყველა ვაკეთებდით ამას-საკუთარ ცხოვრებას ვიწყობდით...მხოლოდ საკუთარი ცხოვრება იყო მნიშვნელოვანი, სხვისი კი მხოლოდ სცენა და დეკორაცია...

ჩემს ოთახში შევედი, ვიფიქრე მე 18 საუკუნის ცნობილ მეთოჯინეებს მოვიძიებ-მეთქი ინტერნეტში.. კომპიუტერი ჩავრთე. დროული აღმოჩნდა, რადგან მაშინვე დარეკა სანდრომ “სკაიპით”, ჩვეულებრივზე გამხდარი ჩანდა, თუმცა ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ედო სახეზე რა ხდება ღმერთი ხომ არ იპოვეთ-მეთქი-ვკითხე.

-არაა!-გააქნია თავი.

-ისე, რომ იპოვოთ, რას იზავთ, იმასაც სინჯარაში ჩასვავთ და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებთ?..

-ანიტა როგორაა?..-[კითხვაზე არ მიპასუხა}

-ცუდად. მაღალი სიცხე აქვს და თმის ცვენა დაეწყო...

-სად გაცივდა?..

-დაგავიწყდა ტყე-ღრეში რომ ვცხოვრობთ?, მთაში, სადაც ძალიან ცივა , ხოლო თქვენს ჯიუტ ქალიშვილს ფეხშიშველი უყვარს ტანტალი ბაღში!-მივახალე უკმეხად...

წვერი მოიქექა, ჩაფიქრდა..-არ გკითხავ, როდის ჩამოხვალ-მეთქი,-განვაგრძე: რადგან წინასწარ ვიცი, რომ ხვალ პლანკის სახელობის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტში გაქვს შეხვედრა, ზეგ-ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაში, მაზეგ- გრენობლის პლანეტოლოგიის და ასტროფიზიკის ინსტიტუტში... მაგრამ ჯანდაბა სანდრო, დავიღალე, გესმიის? ანიტას სერიოზული პრობლემები აქვს და არა მხოლოდ!-გული ამომიჯდა..

-კიდევ მოხდა რამე?... სერიოზულია?..

ეს კაცი გამაგიჟებდა. არ მისმენდა..

-იმაზე უარესი არაფერი მოხდება, რაც უკვე მოხდა!-ამოიოხრა..

-რას გულისხმობ? ანიტას ავადობას?...

-ჰო, მაგას, ახლა კი მისმინე ალინა, ჩემს ბიოლოგიის ლაბორატორიაში სპეციალურ საცავში ინახება პრეპარატი. არ ვაპირებდი მის გამოყენება, მაგრამ მგონი დროა!-ისევ ამოიხვნეშა..-ეს გენური პრეპარატია და შესაძლოა ანიტას ფსიქიკაზე იმოქმედოს...

-მაგრამ სიკვდილს გადაურჩება, ასეა?...

-დიახ! საშიში არაფერია, ხასიათს შეიცვლის, შესაძლოა აგრესიაც გამოავლინოს, ხანმოკლე ამნეზია, გენური მუტაციები პირდაპირაა დაკავშირებული ტვინის ნეირონებთან... რისკი არსებობს... თუმცა ღირს...

-მე რატომ არფერი ვიცი ამ პრეპარატის შესახებ? რა დოზით უნდა მიიღოს?..

-შენ სხვაც ბევრი არაფერი იცი საყვარელო-გაიღიმა:-ერთ ჯერზე ერთი სრული დოზა, ერთი ამპულა ხანგრძლივი შეყვანით ვენაში და ეს რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, მხოლოდ მაშინ, როგორც კი სიბერის ნიშნებს შეამჩნევ, თმის ცვენა, ნაოჭები, სისუსტე... მერიმ იცის სად ინახება ეს პრეპარატი, სთხოვე და დაგეხმარება ვენაშიც მშვენივრად შედის...

-მამას ვთხოვ!..

-აჰ, არა!-მოიღუშა სანდრო,-არაა საჭირო მისი შეწუხება, მერი მანდ გყავს, აბა ნახვამდის, მივდივარ!-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და გაქრა...გამიკვირდა, რომ ჩვეულებისამებრ არ დამაბარა ანიტასთან ჩემი პრინცესა დამიკოცნე, მამიკოსგან მოკითხვაო....ჰო, სანდრო, აუცილებლად ვეტყვი ანიტას, რომ მამიკოს ძალიან, ძალიან უყვარს თავისი პატარა სნეული ქალიშვილი-ამოვიოხრე-”მთვარის პრინცესა!”

ანიტას ეძინა. ლოყები წამოხურებოდა. მერი იქვე სავრძელში თვლემდა. ჭერზე ნაზად ციმციმებდნენ ხელოვნური ვარსკვლავები. თოჯინების სახლს ეძინა. პაწია ფანჯრებში

შევიჭყიტე. რამდენიმე თოჯინა საწოლში იწვა, თოჯინა ანიტა იატაკზე ეგდო, უფრო სწორად მისი ტანი. თავი კი იქვე გორავდა. საწოლის გვერდით მინიატურულ სავარძელში იჯდა თოჯინა ძიძა..ზუსტად ისე, როგორც მერი ამ წუთას, ჩემს თვალწინ....

-მერი, მერი- შევანჯღრიე...

-უკაცრავად ჩამძინებია..-მოიბოდიშა. ჩურჩულით ავუხსენი საქმის ვითარება. არ დამიჯერა, სანამ თავის თვალით არ ნახა თავმოგლეჯილი თოჯინა ანიტა.

-ეს ვის უნდა ჩაედინა?-მომაჩერდა გაოგნებული..

-არ ვიცი! იქნებ ამას თვითონ ჩვენი გოგო აკეთებს?..

-არა, შეუძლებელია, ანიტა იმდენად ცუდადაა, არც კი წამომდგარა ფეხზე..

-ცუდად არის?..

- კი, ძალიან, თმის ცვენა დაეწყო, ღარები შუბლზე, ყელზე....

-ანუ დროა?...

-რა თქმა უნდა!..

-თქვენ იცით? პრეპარტს ვგულისხმობ...

-ო, დიახ ალინა, მე ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც სანდრომ მასწავლა გამგზავრების წინ..პრეპარატი “ანიტა ერთი”

-რაა?- პირი ღია დამრჩა, - როგორ, “ანიტა ორიც”არსებობს?...

-აჰ! არ იცოდით?-ყასიდად გაიკვირვა მერიმ,-დიახ ამ პრეპარატს სანდრომ თავისი ქალიშვილის სახელი უწოდა, რიცხვითი რიგითობა კი იმიტომაა დაცული, რომ შესაბამისად, ყოველ მომდევნო პრეპარატში იზრდება მასში შემავალი კომპონენტების დოზები...

-კი, მაგრამ მე რატომ არაფერი ვიცოდი, რატომ?..რატომ არ მენდობა ჩემი ქმარი?..საინტერესოა სადამდე იზრდება ამ პრეპარეტის რიგითობა...

-დამშვიდდით მისის ალინა,წადით, დაისვენეთ, როგორც ვიცი, სულ 30 პრეპარატია დამზადებული ....ჯერჯერობით...ამ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება და ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ არ დაესწრებით, გარწმუნებთ ხვალ დილისთვის ანიტას ვერც კი იცნობთ..

-ასე დარწმუნებული რატომ ხარ მერი?-ვკითხე დაეჭვებულმა.

-სანდროსი მჯერა...-მერი წამოდგა, მომიახლოვდა და ხელზე შემეხო- მენდობით?

-არაფერი ვუპასუხე. ვენდობოდი თუ, არა? ძაღლივით ერთგული იყო. ანიტას არასოდეს არაფერს დაუშავებდა...ამის გარდა მართლა ვერ ვიტანდი, როდესაც ანიტას ჩხვლეტდნენ...

რა მომასვენებდა. ჩემი შვილის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. სანდროს მიერ დამზადებული აბები მივიღე. ძილის უკვე მეშინოდა, რადგან კოშმარები მელოდა. ვხედავდი ნორას მოკვეთილ თავს და კიდევ სხვა თავებს და ისინი გაყინულ ბაგეებს აცმაცუნებდნენ, თითქოს რაღაცის თქმას ცდოლობდნენ. მკვდარი თვალებიდან სისხლიანი ცრემლი სცვიოდათ, მერე ამ ცრემლებისგან სისხლის უზარმაზარი ჭაობი ჩნდებოდა, სადაც ვიხრჩობოდი...

საძილე აბებმა იმოქმედა, დაახლოებით 18 საათი მეძინა გორგალივით დახვეულ ლიცისთან ერთად. შუადღე გადასული იქნებოდა, როცა ელენმა ყავა შემომიტანა. თავში აბსოლუტური სიცარიელე მედგა. დერეფანში გავედი, რათა ჩემი გოგო მენახა, ის კი, მერისთან ერთად მხიარულად მოხტუნაობდა კიბეზე. ჯანსაღი იერი ედო, ბედნიერი ჩანდა, მაგრამ როგორც კი დამინახა შეკრთა, ვერ მიცნო, მერის მიეკრა დამფრთხალი, მოიღუშა. მერიმ მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა, გოგონას ინგლისურად უთხრა რაღაც, იმან კი ჯიუტად გააქნია თავი.

შვილისკენ გაწვდილი ხელები ჰაერში დამრჩა. ანიტამ პირი იბრუნა ჩემგან და თავის ოთახისკენ გაიქცა, მერი უკან გაედევნა. ესეც შენი გვერდითი მოვლენები, ხანმოკლე ამნეზია.. ამის შესახებ ხომ გამაფრთხილა სანდრომ...იქვე კიბეზე ჩამოვჯექი. მოულოდნელად ანიტა მომვარდა და ჩამეხუტა...მეხუტებოდა, მაგრამ თავისებურად არ ტიტინებდა”მიტვალქალ დედიტო-ს”.. სახე დავუკოცნე, თვალები, თმები, ხელში ავიტაცე და მის ოთახში შევიყვანე. შევატყე როგორი გაუცხოებული მზერით ათვალიერებდა საკუთარ ოთახს, ყველა სათამაშოს ხელით ეხებოდა, ეფერებოდა, მერე თოჯინების სახლს მიუახლოვდა, სათუთად იღებდა ფაიფურის თოჯინებს ჰკოცნიდა, რაღაცას ეჩურჩულებოდა.. ღმერთო, მომეჩვენა, [ამ ბოლო დროს ნამეტანი ბევრჯერ “მეჩვენებოდა” რაღაცეები..] თითქოს ისინიც პასუხობდნენ, მოძრაობდნენ, კისკისებდნენ.. თოჯინა ანიტას კი, ვითომ არც არაფერი მომხდარაო, ისე ბუნებრივად ედგა თავისი კოხტა თავი მხრებზე და ამ თავს შესანიშნავი ქერა ნაწნავებიც ამშვენებდა.

ეს ყველაფერი სანდროსთვის, რომ მომეთხრო, ჩემი მოჩვენებებიანად საგიჟეში მიკრავდა თავს!

-ეს თოჯინა ავადაა-მითხრა ანიტამ და თოჯინა გამომიწოდა. ბებერი “კლოუნი” იყო, ჯამბაზი. წითური, ლოყებგამობერილი. აჭიმებიანი ფართხუნა შარვალი ეცვა, ზევიდან კი თეთრი, ექიმის ხალათი..აქამდე ეს ჯამბაზი არ მენახა..

-გინდა ზღაპარი წაგიკითხო?..

-არა, მერი წამიკითხავს!-იუარა. მე კი ის უფრო გამიკვირდა, რომ აღარ ჩლიფინებდა. თვალებშიც არაბავშვური სიდინჯე ედგა.

მგონი მქონდა მიზეზი დასაფიქრებლად...

მერი შემოვიდა, ანიტამ მყისვე დამივიწყა, მერის მივარდა და შემოეხვია....აქ ჩემი ადგილი აღარ დარჩა-მეთქი, ნაღველი შემომაწვა. არც გაუგიათ ჩემი წამოსვლა. ელენი მტვერსასრუტს აზუზუნებდა. ამ კვირაში მგონი უკვე მეათედ ალაგებდა გენერალურად, რაც ნიშნავდა, რომ ასობით ნივთი, ჭურჭელი, სამშვენისი უნდა გამოელაგებიმა, გაეპრიალებინა, გაეწმინდა, გაეხეხა ბრინჯაოს ბიუსტები, სევრის, ვაიმარის ფაიფური, ბოჰემის ბროლის ჭურჭელი,, ფრაჟეს საკანფეტეები,ვერცხლის შანდლები,სპილოს ძვლის, ებანოზის ნაკეთობანი, სტატუები, ვენური ლარნაკები, ინდური თასები, წიგნები და კიდევ ათასი სხვა წვრილმანი. ამ ქალის დამსახურება იყო, სახლი სისუფთავით, რომ ქათქათებდა; ჭაღები, იატაკი. ,კიბის მოაჯირები, ფანჯრები, სარკეები ყველაფერი პრიალებდა, კრიალებდა, ბრწყინავდა...

არაერთხელ შევთავაზე დამხმარე ქალი ავიყვანოთ-მეთქი. უარს ამბობდა, სწყინდა კიდეც და მეც თავი დავანებე...სანდროს ლაბორატორიასაც ის უვლიდა. კვებავდა ცხოველებს, ალაგებდა. სანდრო საკუთარი თავივით ენდობოდა ამ ქალს და ექსპერიმენტებზე დასასწრებადაც კი ეძახდა, მაშინ, როდესაც მე, აინუშშიც არავინ მაგდებდა. ვეჭვიანობდი?...არა, ეს სისულელე იქნებოდა, ვინ, ვინ და მე კი ვიცოდი, უკაცრავად და რა ხდებოდა ჩემი ქმრის შარვალში. მის უდიდებულესობას ვარსკვლავების გარდა არავინ უყვარდა,. მისი ინტერესების სფერო მხოლოდ გალაქტიკებით, პლანეტებით, უცხოპლანეტელებით, კოსმიური ძრავებით, ახალი ტექნოლოგიებით და გენური ინჟინერიით შემოიფარგლებოდა. ჩვენი სახლი კოსმოსურ რაკეტას ჰგავდა და ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ამ სახლიანდ გავფრენილიყავით კიდეც შორეულ ვარსკვლავეთში, გალაქტიკურ სივრცეში გავჭრილიყავით, რომელიმე იქს პლანეტისკენ...გაფრენა არ ვიცი, მაგრამ აპოკალიფსისის შემთხვევაში, მიწისქვეშ ნამდვილად ჩავძვრებოდით, სადაც სანდროს გამოთვლებით რამდენიმე ათეული წელი დედამიწის დროით მაინც გავძლებდით. სასიგნალო განგაშის დროს სახლი გადაერთვებოდა იზოლაციურ სისტემაზე, ამუშავდებოდა ფილტრები, ანუ გადავურჩებოდით რადიაციას. ჩვენს “ცაიტნოტს” საკუთარი ენერგიის წყარო ჰქონდა. ამ მოსაზრებით ააშენა ეს სახლი სანდრომ საბადურის ქედზე ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე. აქ მუდმივად ქროდა ქარი, მზესთანაც ახლოს ვიყავით, მდინარეც მოჩხრიალებდა და მიწისქვეშა წყლის ნაკადულებიც.. ამ საიდუმლო ადგილას მუშაობდა სანდრო ახალი კოსმიური აპარატების ძრავებზე.

მამაჩემმა დარეკა და მხოლოდ ის მკითხა, სახლში, თუ ხარო და გათიშა. მისი ხმა არ მომეწონა, რაღაც მოხდა და ეს “რაღაც” ძალიან ცუდი უნდა ყოფილიყო

სანამ თავს ვიმტვრევდი, ისიც მოვიდა. ასი წლის ბებერს ჰგავდა. ტუჩები უთრთოდა, ცახცახებდა. სავარძელში ჩავსვი, მე გვირილას ნაყენის მოსამხადებლად გავედი, მაგრამ ელენმა გამომაგდო, მე თვითონ მოვამზადებ, ვერ ხედავ რა დღეშია, მიხედეო...

-35 წელია ქირურგი ვარ-დაიწყო მამამ- უამრავი სიკვდილი მინახავს. ყველა სიკვდილი სხვადასხვანაირია, სიკვდილი, როგორც ერთი ფილოსოფოსი ამბობდა “სისხლიანი მათემატიკაა,” საზარელია, თავზარდამცემი, ყოველ სიკვდილს თავისი ხელწერა აქვს, უნიკალური ავტოგრაფი, ისეთივე უნიკალური, როგორც თითის ანაბეჭდებია. მინახავს როგორ კვდებიან ახალგაზრდები, მოხუცები, ბავშვები, ო, ეს არაადამიანურობით სავსე წუთებია, ხან კი საათები. ისინი გაჰყვირიან, შველას ითხოვენ, გმინავენ, ჰაერს ებღაუჭებიან ამაოდ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან, მერე კი სადღაც არარსებობაში ქრებიან და იცი ალინა, პირველად ჩემს ცხოვრებაში მინდა, რომ ნამდვილად არსებობდეს ღმერთი, არსებობდეს ის ყველაფერი, რასაც იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ჰყვებიან მითები თუ ლეგენდები. დაუშვებელია ისეთი უნიკალური არსების, როგორიც ადამიანია, სრულიად გაქრობა, მტვრად და მიწად ქცევა. არ ვიცი როგორ გადავიტანო ეს ყველაფერი ჩვენი ნიკო..ჩემი ნიკო...

-|ძია ნიკო? რას ამბობ მამა, ეს როდის მოხდა?...

-წუხელ, ვერაფერი ვუშველე, ვერაფერი, უმწეო და უსუსური ვარ მთელი ჩემი სასაცილო ცოდნით...

-მეგონა ასე,თუ ისე სიკვდილის ფაქტს შეგუებული იყავი...-ამაზე დიდ სისულელეს ალბათ ვერ ვიტყოდი, რადგან შეძრწუნებულმა შემომხედა..

-არა!, ის ერთადერთია, რასაც ვერასოდეს შეეგუები, სიკვდილს ვერ შეეჩვევი, მას ვერ მოიშინაურებ, ვერ აცდუნებ, ვერ მოატყუებ, ვერ მოისყიდი, ის ბრმაა, ყრუა, მუნჯია, ყოველგვარ ლოგიკაზე მაღლა დგას ,ადამიანური ინტერესების მიღმა, თამაშის ერთადერთი წესი აქვს და არჩევანს არასოდეს გვიტოვებს. ბეგარაა სიკვდილი, ხარკი სიცოცხლისა, არავის ემორჩილება, გულს ვერ მოულბობ...ახლა კი.. ოო, ღმერთო.. არც კი ვიცი..ფრანკლინი ამბობდა ორი რამაა გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადებიო.. ნიკოს ჩვენს მეტი არავინ ჰყავს. მკვდარსაც მიხედვა უნდა შვილო, ასეთია ჩვენი ადათები, ხარჯია საჭირო, მის ქვრივს არაფერი აბადია...

-ფული გჭირდება?

-ჰო-ისე საწყლად შემომხედა, უხერხულად აწრიალდა. გული დამეთუთქა.

-ხომ იცი კერძო პრაქტიკა აღარ მაქვს და...

შიმშილით, რომ მომკვდარიყო მამაჩემი საკუთარი თავისთვის არფერს ითხოვდა, მაგრამ მე როგორ ვერ მივხვდი, რომ უჭირდა. “ რეგვენო!, რეგვენო და ასგზის რეგვენო!”-გამოვთათხე საკუთარი თავი....კერძო პრაქტიკა აღარ მაქვსო.. მე კი ესეც არ ვიცოდი.. საერთოდ რა ვიცოდი, რა ვიცოდი ჩემი საყვარელი ადამიანების შესახებ, მათი გრძნობების, ცხოვრების შესახებ...

ჩემი ერთ-ერთი საკრედიტო ბარათი მივეცი .ისე გამომართვა თითქოს ბოროტმოქმედებას სჩადიოდა.

-მხოლოდ იმდენს ავიღებ, რამდენიც საჭირო იქნება..

-მე შენი შვილი ვარ, დაგავიწყდა?...შენ კი ჩემი არანორმალურად კარგი მამიკო....ეს ფული შენია, მეც შენი ვარ, ანიტაც.. კატოც....ჩვენ ერთნი ვართ მამა!..

თავი დახარა, რომ მისი ცრემლი არ შემენიშნა. გულში ჩავეკარი მამას, ალბათ ასე ეხუტებოდნენ სხივები თავის მზეს, საიდანაც ისინი იბადებოდნენ..

. მამა წავიდა და ჩემს შავბნელ ფიქრებთან ერთად დავრჩი, რათა კიდევ ერთი სიკვდილი გამომეგლოვა. რა უსამართლობა იყო, სეიშელის გიგანტური კუ- “ჯონათანს” 183 წელი შეუსრულდა, ძია ნიკო კი 75-ს ვერ გადასცდა..ყვავები საერთოდ 300 წელს ცოცხლობდნენ, გრელანდიის ვეშაპები 200 წელს, ერთი ზღვის მიდიის ასაკი გამოუკვლევიათ მეცნიერებს, 517 წლის ყოფილა, ბოლოს და ბოლოს ხე ცხოვრობს 800 წელი, ჩვენთან, კახეთში, თელავის ჭადარი, ადამიანებს კი “ჰეიფლიკის ლიმიტით” ჰა და ჰა 80-მდე მიეღწიათ, ესეც დიდი ამბავი იყო... ეჰ! მაშინ რა ვიცოდი, რომ წინ კიდევ ბევრი “სიკვდილები” მელოდა...

სამზარეულოში ჩავედი. ფიზიოლოგია თავისას ითხოვდა...ელენი უკვე იქ დამხვდა, ქურასთან ფუსფუსებდა. ქალი კი არა, ქარბორბალა იყო!.... ბიჭები არ ჩანდნენ, ტომი ალბათ ცხენებთან იქნებოდა, ნიკოლასი კი როგორც ყოველთვის ბაღში.

-რას აკეთებ?-ვკითხე ელენს...

-სუფლეს მარწყვით, ანიტასთვის, თქვენ არ ისადილებთ?...

-არა, არაფერი მინდა!-ისეთი მჟავე სახე ჰქონდა მადა დამეკარგა. ორი ცალი ფრანგული ორცხობილა ავიღე და ჩემს ოთახში ავედი. ხანდახან ახერხებდა და მაღიზიანებდა ეს ქალი!...

.რუსკამ დარეკა, ბარში ვარ და ხომ არ შემომიერთდებიო. ჩემი უიღბლო მეგობარი, შინაბერა, ისტორიული ფილმის გადაღებაზე ოცნება აკვიატებად ექცა. ვერა და ვერ შეარჩია ეპოქა თავისი გმირებისათვის და არც ფინანსები ჰქონდა მოძიებული. იქამდე კი-ოცნების ასრულებამდე, რაღაც უდღეური ტელეგადაცემა მიჰყავდა უნიჭო

პუბლიკისთვის... მოვალ-მე დავპირდი. რუსკა ერთადერთი ადამიანი იყო მსოფლიოში ვინც მომისმენდა და გიჟად მაინც არ ჩამთვლიდა. სასწრაფოდ ჩავიცვი, ელენს დავუბარე ანიტა ზედმეტად არ გაეჭყიპა ნახშირწყლებით, უკვე გავდიოდი, რომ ანიტა წამომეწია ხელში თოჯინით. -ამ თოჯინამ ფეხი მოიტეხა!-თქვა ნაღვლიანად..

-ეს ვინ არის, ტომი?..ანუ ტომი თოჯინა?..

ჰო, მე მას ტომი დავარქვი, ნახე როგორ ჰგავს!..

ღმერთო ჩემო, ახლაღა მომაგონდა როგორ მაჩვენა თოჯინა ჯამბაზს რომ ჰგავდა და თქვა ეს თოჯინა ავად არისო....იმ ჯამბაზს თეთრი ხალათი ეცვა. ნუთუ? ... ძია ნიკო? რა კავშირი უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერში? წინასწარმეტყველება თოჯინებით?... მაგრამ ტომი! გიჟივით გავვარდი თავლისკენ და სახტად დავრჩი: ნიკოლასს ნელა, სვენებ-სვენებით მოჰყავდა ტომი, სახეზე აუტანელი ტანჯვა ეხატა...

რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? ჯერ ძია ნიკო, ახლა ტომი....

-რა ხდება ფეხი მოიტეხე? კი მაგრამ როგორ?..

-ცხენიდან გადმოვარდა, ჯირითობდა!-მიპასუხა ნიკოლასმა.. ტომი კვნესოდა...

ნიკოლასს შევეხიდე. როგორც იქნა სახლში შევიყვანეთ, დივანზე დავაწვინეთ, გადაუდებელი დახმარება გამოვიძახე....

დაახლოებით ერთ საათში ტომი უკვე თაბაშირდადებული იწვა კლინიკაში. “ახალგაზრდაა მალე წამოდგება ფეხზე”-დამამშვიდა სიმპათიურმა ტრავმატოლოგმა. ნიკოლასი მასთან დარჩა, მე კი ბარში წავედი, გული გახეთქვაზე მქონდა...

რუსკა სარგადაყლაპულივით იჯდა ბარში და მელოდა. როგორც კი დამინახა გაიღიმა და იდეა მაქვსო-მომახარა. ბარმენს ორი შარტრეზი შევუკვეთე. მაღალი აწოწილი ტიპი იყო, ჯამბაზივით იქნევდა გრძელ, გამხდარ კიდურებს. მარჯვედ აზავებდა სირჩებში კოკტეილს, თან ალმაცერ მზერას გამოსტყორცნიდა ხოლმე ჩვენსკენ. აშკარად ჩვენი ასაკი აფრთხობდა, რადგან იქაურობა ღლაპებით იყო სავსე. ტექნოლოგიების თაობის მოზარდებით თავში გართობის და მარიხუანას გარდა არაფერი ედოთ..აცტეკების, ინკების ბელადებივით კი მოესვირინგებინათ სხეულები. განსაკუთრებით საცოდავად, უმწოდ, არაესთეტიურად მოჩანდნენ გოგონები, გაშიშვლებული გამხდარი ბარძაყებით და აკოკრებული, მოუმწიფებელი ძუძუებით მთელი მონდომებით აქნევდნენ გამხმარ უკანალებს. ტელევიზიების “პოპებიც” შევნიშნე სანახევროდ გახოტრილი თავით, ამ გახოტრილ ნაწილზე ფერადი ბუმბულები მიეკრათ, “პერსები” ყველა თითზე და ყოველ ნახვრეტში წამოცმული ჟღარუნები...

რუსკა ჩემს დაცეცებულ თვალებზე ეტყობა მიხვდა, რასაც განვიცდიდი და აქდან წავიდეთო-შემომთავაზა. მე კი წავიდოდი, მაგრამ ამათ რა ეშველებოდათ!

-შენი იდეის შესახებ მითხარი, მერე კი წავიდეთ!....

-რა და.. გადავწყვიტე! თამარის ეპოქა უნდა იყოს, თამარის როლს კი შენ ითამაშებ!

-მსახიობები გაწყდნენ ამ ქვეყანაში?. ან რატომ მე?

-იმიტომ, რომ ნამდვილი ქართული სახე გაქვს!

-კიდევ არის რაღაც, მიდი ამოღერღე!-წავაქეზე..

-კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი მსახიობების ამბავი არ იცი? მთავარი როლის შემსრულებელი იმდენს მომთხოვს..-მორცხვად ჩაღუნა თავი..

-აი თურმე რატომ მაქვს ქართული სახე!-გამეცინა.

-არა, არა! შენ მართლა ძალიან ლამაზი ქალი ხარ ალინა!-წამოღაჟღაჟდა რუსკა

-იცი, რა მე უკვე 40 წლის ვარ და არტისტობის ნიჭის ნატამალიც არ გამაჩნია..

-რა ნიჭი უნდა მაგას! მთავარია თავის დაჭერა დედოფალივით, სახეზე კდემა ღირსება...

-მერე ეგ კდემა სახეზე როგორ დავიფინო?-ავხარხარდი, რუსკა მოეშვა, ყურები ჩამოყარა. რაღაც გამამხნევებელი უნდა მეთქვა, მაგრამ რუსკას იდეა ჩაფლავდა ჩემთან დაკავშირებით. ჩემი არტისტობაღა აკლდა სანდროს და თან ბავშვი რა დღეში მყავდა.. რამდენიმე წუთი ვდუმდით და შარტრეზს ვწრუპავდით. შარტრეზმა პარიზი გამახსენა ჩვენი თაფლობის თვე, ვენეციამ მომხიბლა, მაგრამ პარიზმა აღმაფრთოვანა. მუზეუმები, ლუვრი, ფრანგული რესტორნები...პირველად იქ ვიგემე ნამდვილი ფრანგული შამპანური, კალვადოსი, შარტრეზი, შოკოლადიანი ბლინები...

მობილურზე ვიცანი სახლის ნომერი და გული გადამიქანდა ... ელენი იყო, მაცნობა, რომ ვიღაც კურიერმა დალუქული წერილი მოიტანა, წერილი თქვენს სახელზეა და ნორასგან არისო..

-”ნორაა? წერილი მკვდარმა გამომიგზავნა? დარწმუნებული ხარ?”...

-”{სავსებით, სწორედ ამიტომ დავრეკე!”.-კიდევ ერთი ახალი თავსატეხი, ვითომ სხვა დანარჩენი უკვე ამოხსნილი მქონდა!...

რუსკამ ისეთი თვალები გამაცილა, თითქოს თან მთელი ჩვენი ბავშვობა გამომატანა თან, თავის იმედებთან და მომავალთან ერთად. გულში დავიფიცე ჩემს საბანკო ანგარიშებს გადავხედავ და რუსკას შევეწევი-მეთქი. წვიმამ დასცხო, თავაწყვეტილი

მივერეკებოდი ჩემს “მუსტანგს”, დიღომს გავცდი და აღმართს შევყევი ბღუილ-ბღუილით. რას ნიშნავდა ეს წერილი?..რას?!

წვიმამ ისევე მოულოდნელად გადაიღო, როგორც დაიწყო. აგვისტოს მიწურული იყო. ტყე უკვე ქოთქოთებდა...სულ მალე შემოდგომა თავისი ჯადოსნური თითებით მოავარაყებდა ტყის ფერთა პალიტრას...შაშვები და ჩხიკვები მუხნარს შესეოდნენ. ჩალისფერი, მოყვითალო ელამი ციყვები ბებერი ვერხვების ტოტებზე დაწრიალებდნენ, ზამთრის სასუსნავს იმარაგებდნენ გამალებულნი. ტყისპირები უცუნათი იყო მოფენილი, “უდროულასაც” უწოდებდნენ მას,”კოლხიკონს”, რომელიც ქალღმერთ ჰეკატას ბაღში ჰყვაოდაო, ბერძენმა დიოსკურელმა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე აღწერა ეს უცნაური ყვავილი, როგორც ნამდვილის სიკვდილის ბუდე. პეპლებიც კი არ ეკარებოდნენ ამ ულამაზეს სიკვდილის არსებებს...ახლა სიკვდილზე ფიქრს მერჩია პირდაპირ რომელიმე ხრამში გადავშვებულიყავი!

გზატკეცილიდან გადავუხვიე. 50-იოდე მეტრში ჩვენი სამფლობელო იწყებოდა. დავინახე, როგორ გამოვიდა ტყიდან ვიღაც კაცი ბრგე მოყვანილობის იყო, ქურდივით მოათვალიერა იქაურობა, მაგრამ დამინახა თუ, არა ეგრევე ტყის სიღრმეში დურთა თავი, გაუჩინარდა. ალაყაფის კარი უხმაუროდ გაიღო. “ჰამერი” ფარეხის წინ დავაყენე. ტერასაზე ანიტა და მერი იდგნენ. ანიტა ჩემსკენ გამოქცა სკუპ-სკუპით და ყიჟინით, შემომეხვია...მგონი ეს იყო ბედნიერება...

-ბაღში შეიძლება?-მკითხა ანიტამ

-მერისთან ერთად მხოლოდ, თან თბილად ჩაიცვი!..

-კარგი!-დამეთანხმა დიდი ქალივით...

ელენმა წერილი გადმომცა, ბუხართან მივჯექი, კონვერტი გავხსენი... ბოლომდე, რომ ჩავიკითხე, მაშინ გავიაზრე მხოლოდ ეს საშინელი, საზარელი სიტყვები:”მძულხარ ალინა, შენი სიკვდილი მინდა, მძულს შენი შვილი და ყველა, ვინც ამ სახლში ცხოვრობს და სუნთქავს. მინდა, რომ მოკვდეთ, ყველანი! ამ სახლში კი გველებმა და მორიელებმა დაიბუდონ, იცი რამდენი მოვკალი? ბევრი, ძალიან ბევრი, თან ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი”...მერე კი დეტალურად აღწერდა თავის მიერ ჩადენილ ყოველ მკვლელობას:”ვკლავდი ყველას, ვინც კი გაბედავდა და შემეხებოდა. მათ სხეულებს ვწვავდი, თავებს კი ვინახავდი, დავიფიცე, რომ მათ მიწა არასოდეს ეღირსებოდათ” ნეტავ სად ინახავდა ამ თავებს? ნუთუ მანქანის საბარგულში? დამბურძგლა!...კლავდა ყველგან: რესტორნებში, ბარებში, სასტუმროებში კინოთეატრების საპირფარეშოებში.. ღმერთოო!

“და მაინც ჩემი შავი გული არ დაცხრა,-წერდა ნორა:””ის” უნდა მომეკლა, ნელ-ნელა, წამებით ამომეხადა მისი დამპალი სული. ვერ შევძელი, რადგან ახლა,თუ ამ წერილს

კითხულობ, მკვდარი ვარ, “იმან” დამასწრო, მაგრამ ვიცი, ვიცი, ისე გამწარდება საკუთარ ხორცებს დაიგლიჯავს, ცოფიანი ძაღლივით აღმუვლდება, ტურასავით იწკავწკავებს და არ ექნება საშველი მის ტანჯვას. გაჩენის დღეს დაიწყევლის, საკუთარ სისხლს დალევს ძარღვებიდან, მისი გვამიც არასოდეს მიებარება მიწას, ინანებს, რომ საერთოდ დაიბადა ამქვეყანაზე. ერთხელ კი არა ათასჯერ მოვკლავდი, არაფერს ვნანობ, ჯოჯოხეთში ველოდები!”.. და ბოლოს: “უკვე გითხარი, რომ მძულხარ, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა ვიყო გულმოწყალე, უუ, როგორ მძულს თვით ეს სიტყვაც კი!...რადგან არავინ, არავინ არ არის გულმოწყალე თვით თქვენი ღმერთიც კი, რომელიც ასევე მეზიზღება და ჩემი ნება, რომ იყოს ერთხელ კი, არა ასიათასჯერ გავაკრავდი ჯვარზე თავის მიმდევრებთან ერთად. ახლა კი გააკეთე ის, რასაც გეტყვი. თოჯინების სახლი დაწვი, აი, ასე, უბრალოდ დაწვი სანამ თავადვე თქვენ არ ამოიბუგებით ჯოჯოხეთის ცეცხლში!, დაწვი!..ა, ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა. ჩემი მანქანის საბარგულში კოშმარი გელოდება, იქამდე თუ მიაღწევ! ჰა!,ჰა, ჰა! ...ნორა ჯოჯოხეთიდან!”....

წერილი ბუხარში შევაგდე და ვუყურებდი როგორ დაიგრიხა ეს ჯოჯოხეთის უსტარი; ალი ნელ-ნელა მოედო, ჯერ მოცისფროდ, მერე კი ნარინჯისფრად აელვარდა და ერთბაშად ჩაინავლა. არადა როგორი არტისტობით ითამაშა უმწეო მსხვერპლის როლი.. ჰმ! შემებრალა კიდეც!...ელენს ვთხოვე თოჯინების სახლი ჩამოეტანა ანიტას ოთახიდან.

სახლს ნელა ვშლიდი და თითოეულ მის ნაწილს ბუხარში ვაგდებდი.თან ამას ისეთი კმაყოფილებით ვაკეთებდი, ცოტა არ იყოს შემეშინდა ვანდალი ხომ არ ვარ-მეთქი ხელოვნების ნიმუშს ვანადგურებდი ბოლოს და ბოლოს....ცეცხლი ტკაცუნობდა, ალი პარპალებდა, თოჯინების სახლი იწვოდა და მასთან ერთად იფერფლებოდა ნორას წყევლაც... თოჯინებიც შევუძახე ცეცხლში, სათითაოდ, ეს კი გამიძნელდა, თითქოს ცოცხალ ადამიანებს ვწვავდი. მომეჩვენა, რომ ვხედავდი, როგორ უმწეოდ ასავსავებდნენ ფაიფურის კიდურებს, აცმაცუნებდნენ პაწაწა ტუჩებს,თითქოს შველას ითხოვდნენ...მათი სამოსი მაშინვე დაიწვა, მაგრამ თოჯინები არ იწვოდნენ, ამ დროს ელენი აკივლდა, ვაიი, მიშველეთ ხანძარიაო და მივხვდი თუ რა ჩაიფიქრა ნორამ...რა თქმა უნდა!... ნამდვილი იდიოტი ვარ, იდიოტი!... მზაკვარი!...სამზარეულოში გავიქეცი ცეცხლსაქრობისთვის. ბუხარი ჩაქრა და აშიშინდა...თოჯინები ცხელ ღადარიდან გამოვიტაცე...

ხანძარი არ მადარდებდა. დიდი სახლი ვერაფრით დაიწვებოდა, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები ჩაირთო. ხუთი წუთიც არ დასჭირდა, სატანის ცეცხლმა მხოლოდ ენით გალოკა კედლები, ფილტრებმა ჰაერის გასუფთავება დაიწყეს....

-ეს დაწყევლილი თოჯინებია-თქვა ელენმა-მათი დაწვა არ შეიძლება, არც განადგურება, მანამდე, სანამ წყევლა არ მოიხსნება....

-ასეთი რაღაცეების გჯერა?...

- აბა, რა,-მხრები აიჩეჩა ელენმა-რამდენი ფილმია გადაღებული..

-ფილმში არ ვართ, ახლა რა უნდა ვქნათ?..

-არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამ თოჯინებზე უნდა ვიზრუნოთ. იცით მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო...ეს საოცარი მსგავსება ჩვენს შორის.. ეს, ეს მაგიაა ,ოკულტიზმი,მედიუმი გვჭირდება, ეს თოჯინები “ჩვენ” ვართ, ოღონდ, არ ვიცი როგორ მოახერხეს ეს...

-ჰო, ერთი კარგი მისანი “ტერეზია” არ გვაწყენდა...გვეცოდინებოდა მაინც რა დავაშავეთ, რისთვის ვისჯებით და რა უნდა ვიღონოთ..

-და ეგ ტერეზია ვინ არის?

-ვინ იყო და...ძველი ელინი წინასწარმეტყევლი, გულთმისანი, მისანი, ორაკული, მეფე კრეონტს უმისნა, რომ სპარტების შთამომავლებზე გამწყრალი ბრძანდებოდა არესი,ომის ღვთაება, რადგან მათმა წინაპარმა კადმონსმა მოკლა ღმერთის გველეშაპი და ამ ღმერთის გულის მოსაგებად და სამშობლოს გადასარჩენად, იმხანად მეფე კრეონტი თებეს მართავდა და არგოსელებმა იერიში მიიტანეს, თებე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა..ერთი სიტყვით საჭირო იყო მეფეს მსხვერპლად შეეწირა თავისი ძე მენეკევრი..

-მეფე დაეთანხმა?..

-რა თქმა უნდა არა, ადვილი არაა შვილის მსხვერპლად შეწირვა, თუმცა ამ სასტიკმა კაცმა, რომელიც ოიდიპოსის ცოლისძმა იყო და ანტიგონეს ბიძა, სულ იოლად გაიმეტა ანტიგონე ცოცხლად დასამარხად “ლაბდაკიდების” საგვარეულო აკლდამაში. საბრალომ თავი ჩამოიხრჩო, რაც შეეხება მენეკევრს, მან თავად გადაწყვიტა ეს საკითხი, ჯერ მკერდი გაიგმირა მახვილით მერე კი იმ უფსკრულიდან გადავარდა სადაც იმ გვლეშაპის საბუნაგო იყო ოდესღაც..

-რა საოცარი მითები აქვთ ბერძნებს..

-დედა ბერძენი იყო და ამიტომაც მქვია ალექსანდრა. აფანატებდა ალექსანდრე მაკედონელს, როგორც ყველა ბერძენი, მაგრამ ამ ამბებზე სხვა დროს ვისაუბროთ.. ცხადია,, რომ ბნელ ძალებთან გვაქვს, ეს აშკარაა, მეცნიერულადაც კი დადასტურებულია, რომ წყევლა ადამიანის დნმ-ზე მოქმედებს, თვით იესო ქრისტემ ხომ წყევლისგან გამოიხსნა კაცობრიობა, ღმერთის წყევლისგან. ძველ აღთქმაში “

სიბრძნე ზირაქისა”-ნათქვამია:” ნუ დააწყევლინებ თავს ადამიანს, რადგან იმ ადამიანის ვედრებას , ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი”....იქნებ მოძღვარი მოვიყვანოთ?..

-კარგი აზრია, მაგრამ ფილმებში..

-ღმერთო ჩემო ელენ, ეს ფილმი არ არის, ფილმები ფანტასტიკაა, ვიცი, მეც უამრავი მინახავს, მაგალითად თოჯინა ანაბელზე და კიდევ სხვა...რატომ შემოვუშვი საერთოდ ეს ეშმაკის შიმუნვარი ნორა სახლში, რატომ და საერთოდ ჩვენ რას გვერჩის, რატომ მოგვიქსია სატანა, აი ეს არ მესმის!...

-დამშვიდდით, თავს ნუ იდანაშაულებთ, სულ მალე ბატონი სანდრო ჩამობრძანდება და...

სანდროს ხსნებამ მართლა დამამშვიდა. ასეთი რაღაცეების არ სჯეროდა, მაგრამ ფაქტებს სად გაექცეოდა?...თოჯინები ელენს მივაბარე ცხრაკლიტურში კი არა ათასკლიტურში ჩაკეტე და დაიცავი-მეთქი... მათი დანახვაც კი არ შემეძლო..ახლა კიდევ ნორას მანქანა და მისი საბარგულის კოშმარული ტვირთი...... მაინც რატომ ვძულდი ასე?...ან ანიტამ რა დაუშავა, სასიკვდილოდ რომ გაიმეტა?...აი რატომ მესიზმრებოდა ის კოშმარები, მოკვეთილი თავები, მაგრამ თვითონ ნორა ვიღამ დაჩეხა, ვინ?!....რაღაც უნდა დამელია, რაღაც მაგარი ალკოჰოლური სასმელი...სამზარეულოს კარადაში ვერაფერი ვიპოვე, სანდროს კაბინეტისკენ ავიღე გეზი....უყვარდა იმასაც ხანდახან გადაკვრა!.. ოჰოოო! ჰქონდა პირის გემო ვაჟბატონს.. ტეკილა, შოტლანდიური ვისკი, რომი, ვერმუტი, არაყი.. ვისკი დავისხი, ძარღვებში სასიამოვნო ჟრჟოლამ დამიარა....სანდრო მენატრებოდა.. ვითოომ?

ალინა!, ალინა!-ცეცხლწაკიდებულივით გაჰკიოდა ელენი. ამჯერად რაღა მოხდა? კისერი რომ არ მოვიტეხე კიბეზე ღმერთს მადლობა შევწირე, ელენი არ ჩანდა, გარეთ ხდებოდა რაღაც...ეზოში სქელი შავი კვამლი იდგა, ჩვენი ავტოფარეხი იწვოდა!

-ეს როგორ მოხდა?-ვკითხე ბერნარდს, რომელიც უმწეოდ ატრიალებდა ხელში ცეცხლმაქრს..მე მას ვეძახდი “წვეთს..” თევზი იყო ასეთი, რომელიც 2013 წელს ყველაზე უშნო არსებად აღიარეს მეცნიერებმა. მთლად ისეთი მახინჯი არ იყო, მაგრამ იერით ჰგავდა..განსაკუთრებით თვალებით...

-არ ვიცი მისის ალინა ეს ისე მოულოდნელად მოხდა! ხუთი ავტომობილი საწვავით სავსე ავზებით, წარმოგიდგენიათ?..

-სახანძრო გამოიძახეთ?..

-რასაკვირველია!...

-

- ახლა აქ ყველაფერი აფეთქდება!-გამიელვა თავში... ელენი მკვდარივით იდგა, ხელები სასოებით აღეპრო ზევით და რაღაცას ჩურჩულებდა... მერი და ანიტა ჩემსკენ გამორბოდნენ, ანიტას ხელი დავტაცე და სახლისკენ მოვკურცხლეთ, დანარჩენებიც უკან გამომყვნენ., კარი დავკეტე და თავდაცვის საგანგაშო პროგრამა ჩავრთე. ახლა ატომური ბომბიც, რომ აფეთქებულიყო, ჩვენ საიმედოდ ვიყავით დაცულნი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც უკვე გზაში იქნებოდნენ ...

-ჩვენი ავტომობილები, რა დასანანია-ამოიოხრა ბერნარდმა,-ბებერმა სევდიანმა თევზმა “წვეთმა”...

ანიტა ერთიანად გადათეთრებულიყო, კანკალებდა,მძიმედ სუნთქავდა, მე ზედაც არ მიყურებდა, მერის ეხუტებოდა......ელენი სამზარეულოში გაიქცა დამამშვიდებელი ნაყენის მოსამზადებლად...მე სანდროს კაბინეტში ავექანე ვისკის ჩამოსატანად....არც ხანძრის ჯავრი მქონდა და არც ავტომობილების. ჩემი სადარდებელი ჩემი ქალიშვილი გახლდათ,მე მას ვკარგავდი...

-გაგვიმარჯვოს!-კაცურად მივუჯახუნე ჭიქა ბერნარდ-”წვეთს”

-ოო!-თავი გააქნია ბერნარდმა აღტაცებით:-აი ვისკიი!...

-ანიტა მოდი ჩემთან შვილო!-ვუხმე, მაგრამ ისეთი გაუცხოებული მზერა შემავლო...-რა უბედურება პრეპარატი იყო ასეთი!..

მერიმ ანიტა წაიყვანა, მე კი ეზოში გავედი ალკოჰოლისგან გათამამებული...

ეზოში ჯოჯოხეთური სიცხის ბუღი იდგა. მეხანძრეებს თავისი საქმე უკვე დაემთავრებინათ, ნახანძრალი ავტოფარეხის და მანქანების ნაშთები ბოლავდნენ, სქელი, შავი კვამლის ბოლქვები ცისკენ ზანტად მიიზლაზნებოდნენ...

-მთავარია, რომ გადარჩით!-ისევ ის, ნაცნობი ჯმუხი პოლიციელი იყო,-თავს როგორ გრძნობთ?

-მე კარგად, მაგრამ სადაზღვევო კომანიების კი რა მოგახსენოთ! ნამდვილად ვერ იგრძნობენ თავს კარგად!

-აჰ!-ხელი ჩაიქნია პოლიციის კაპიტანმა:მათგან ხეირი არ არის!....მაინც როგორ გაჩნდა ხანძარი, თქვენ რას ფიქრობთ?..

-მაგარ შარში ვართ გახვეულნი!..

-რას ამბობთ?-აცმუკდა კანონის დამცველი და დაიძაბა..

-იცით რას ამბობდა აგატა კრისტი?

-ვვიინ?- დაბლუვდა და თვალები დაუმრგვალდა...-

-”საუკეთესო დეტექტივი-შემთხვევაა!”, აი ამას ამბობდა და წარმოიდგინეთ ამ შემთხვევებზე, რა რომანს გამოაცხობდა!

-აა, წიგნებიი?-გულზე მოეშვა კაპიტანს,-კი, მეც ვკითხულობ ხანდახან...დიახ! “ლოგიკური ბოროტმოქმედება!”...

-არა კაპიტანო, ამჯერად ბევრი მისტიკა და ნაკლები ლოგიკა!.....

-ძალიან საინტერესოა!- ხორცოვანი ტუჩები მოპრუწა. “მისტიკამ” საგონებელში ჩააგდო, ალმაცერად გადმომხედა, რაღაც ჩაიბურტყუნა და გამშორდა..