338
გრაფი მონტე-კრისტო ნაწილი მესამე თავი I სტუმრები ელდერის ქუჩის იმ სახლში, სადაც ალბერ დე მორსერმა ჯერ კიდევ რომში ყოფნის დროს გრაფ მონტე-კრისტოს პაემანი დაუნიშნა, ოცდაერთ მაისს დილიდანვე სამზადისი იყო, რათა ყმაწვილი კაცის მიერ მოწვეულ სტუმარს ღირსეულად დახვედროდნენ. ალბერ დე მორსერი ცხოვრობდა ცალკე ფლიგელში, რომელიც გადიოდა დიდი ეზოს კუთხეში, — სამზარეულო-საკუჭნაო-საჯინიბოს პირდაპირ. ფლიგელის ორი ფანჯარა გადაჰყურებდა ქუჩას, სამი ეზოს, ხოლო ორი დანარჩენი კი ბაღს. ეზოსა და ბაღს შუა აღმართული იყო გრაფ და გრაფინია დე მორსერების ნათელი და ფართო საცხოვრებელი ნაპოლეონის დროინდელი არქიტექტურის ცუდი გემოვნებით აშენებული შენობა. მთელ მამულს, ქუჩის გასწვრივ, გაყოლებული ჰქონდა ქვის კედელი, ალაგ-ალაგ ყვავილის ლარნაკებით შემკული და შუაზე გაჭრილი, ოქროთი მოვარაყებული შუბებიანი კარით, რომელიც სადარბაზო შესასვლელი იყო. მეკარის ბინის გვერდით მდებარე პატარა კარი განკუთვნილი იყო მოსამსახურეებისა და ქვეითად შემსვლელ- გამომსვლელი ბატონებისათვის. ალბერის საცხოვრებელი ფლიგელი ისე იყო შერჩეული, რომ იგრძნობოდა ნაზი წინდახედულობა დედისა, რომელსაც არ უნდოდა შვილს დაშორებოდა და ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ ყმაწვილ კაცს ამ ასაკში სრული თავისუფლება ესაჭიროებოდა. მეორე მხრივ ჩანდა გონიერი ეგოიზმი მდიდარი მშობლების უსაქმური და თავისუფალი ცხოვრების მოყვარული ყმაწვილი კაცისა, რომელსაც ამ ცხოვრებას ისე უვარაყებენ, როგორც ჩიტს გალიას. ქუჩისპირა ფანჯრებიდან ალბერს შეეძლო დაკვირვება ეწარმოებინა გარე სამყაროზე; ყმაწვილი კაცებისათვის ხომ აუცილებელია, რომ მათ ჰორიზონტზე ყოველთვის ციალებდნენ ლამაზი ქალები, თუნდაც ეს ჰორიზონტი ქუჩა იყოს. ხოლო თუ დაკვირვების საგანი უფრო მეტ შესწავლას მოითხოვდა, ალბერს შეეძლო გასულიყო იმ პატარა ჭიშკრით, რომელიც შეესაბამებოდა მეკარის ბინის გვერდით მოთავსებულ პატარა კარს და რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ეს პატარა ჭიშკარი ისე შეუმჩნეველი იყო, იფიქრებდით, ალბათ, შენობის აგების დღიდანვე საბოლოოდ მიუვიწყებიათო. მაგრამ მზრუნველობით გაზეთილი კლიტე და კოჭაკები იმაზე მეტყველებდნენ, რომ მას ხშირად საიდუმლოდ იყენებდნენ. ეს მალული ჭიშკარი, მეტოქეობას უწევდა ორ დანარჩენ გამოსასვლელს და დასცინოდა მეკარეს, რომლის სიფხიზლეს და უფლებამოსილებას შეუმჩნეველი რჩებოდა, რომ იგი უნაზესი ხმის გაგონებაზე ან სათუთი თითების წინასწარ შეთანხმებულ კაკუნზე იღებოდა, როგორც «ათას ერთი ღამის» მღვიმის ცნობილი კარი, როგორც ალი-ბაბას ჯადოქრული სეზამი. ეს კარი გადიოდა ვრცელ და მყუდრო დერეფანში, რომელიც მოსაცდელი ოთახის მაგივრობას სწევდა. ამ დერეფნის მარჯვნივ მოთავსებული იყო ალბერის სასადილო ოთახი ეზოში გამავალი ფანჯრებით, ხოლო მარცხნივ პატარა სასტუმრო ბაღში

გრაფი მონტე კრისტო - ალექსანდრე დიუმა Ii

  • Upload
    -

  • View
    296

  • Download
    19

Embed Size (px)