34
1

იმერეთის გახსენება

  • Upload
    -

  • View
    234

  • Download
    7

Embed Size (px)

DESCRIPTION

ავტორი: ზაურ წაქაძე

Citation preview

Page 1: იმერეთის გახსენება

1

Page 2: იმერეთის გახსენება

2

რედაქტორი: ქეთევან გოგიაშვილი

Page 3: იმერეთის გახსენება

3

სურათები კ ვ ა ხ ი გარეთ ბნელა, გადაუღებლად წვიმს. გიზგიზებს ბუხარი. ნაცარში გახვეული კვახი იწვება, ბაბუა ზღაპარს ჰყვება. უსმენენ შვილიშვილები.

- შვილო, - ზღაპარი შეწყვიტა მოხუცმა, - ნახე, თუ შეიწვა კვახი.

რძალმა საკეცით მოსინჯა.

- არა... განაგრძობს ზღაპარს ბაბუა. გარედან ისმის წვიმის წვეთების წკაპუნი. ლაპლაპებს ლამპის შუქი. ბუხარში ჩაიწვა შეშა, თვლემენ ნაკვერჩხლები. ზღაპარი არ თავდება. დაბნელდა კერია, აყივლდა მამალი და, როგორც იქნა, დამთავრდა ზღაპარი.

Page 4: იმერეთის გახსენება

4

- რძალმა ბუხარში ნაცარი აურია. - უი!..

სინანულით შეხედა ბაბუამ დანახშირებულ კვახს და წაიბუტბუტა:

- არ გეთქვა მაინც, აღარ მახსოვდა.

ს ი ც ი ლ ი ს ა გ ა ნ ჭრიალებს ჭიშკარი, ალუჩის ახლოს დავარდნილი ფუჩეჩი ქარმა ააფრიალა, აიტაცა და იმარჯვეს ბროწეულებმა, ეკლიანი ტოტები ნაცრისფერი ცისკენ გაიშვირეს და გამოსტაცეს ქარს ნადავლი... გვერდზე გადაყანთრულ, შეშინებულ საფრთხობელას უშავესი ყვავი დააფრინდა. შაოსანმა უეცრად ქვემოთ ჩაიხედა, მერე მაღლა აიღო თავი და კაკლის ხის კენწეროში შემორჩენილ კაკალს დააკვირდა. ნაჭუჭში გახვეული კაკალი კი იცინის, იცინის...

Page 5: იმერეთის გახსენება

5

კვლავ მიმოიხედა ეზოში ბნელი თვალებით, სითეთრე შეამჩნია და დააშტერდა. უეცრად შეაბარტყუნა შევზე შავი ფრთები, ძირს ჩაფრინდა და ნაქურჩალს დააცხრა. ჰაერში ბრჭყალები გაუშვა ნადავლს. თეთრი ნაქურჩალი ტრიალ-ტრიალით დაეშვა მიწისკენ. ძლიერად ამოისუნთქა ქარმა. გაწბილებული ყვავი ისევ საფრთხობელას შეაფრინდა და ცალი თვალით გახედა კაკლის ხის წვერს. კაკალი იქ აღარ იყო, მომკვდარიყო სიცილისგან. შ უ ა დ ღ ე წვრილ ჯოხებს ამოუყვიათ თავი წყლის ზედაპირიდან. მზეზე გაფიცხებულ კლდეებს აქა-იქ ხავსი შეხმობია. გარშემო მოცვისა და შქერის ტოტები გადახლართულან ერთმანეთში. წყალში შავ თავკომბალათა გროვა დანავარდობს, ზემოთ კი ჭრიჭინები ჭრი... ჭრი... ჭრი... აგრძელებენ სულმოუთქმელად. ხმელ ფოთლებზე რაღაცამ გადაირბინა. კლდის თავიდან ისკუპა ბაყაყმა და შუა

Page 6: იმერეთის გახსენება

6

წყალში ტყაპანი მოადინა. შეწყდა ჭრიჭინათა მელოდია. სიჩუმეა... ცოტა ხნის შემდეგ ერთმა გაუბედავად დაიწყო ჭრრრი, ჭრრრი, გამოეპასუხა მეორე, მესამე, და ისევ გააგრძელეს ჭრიჭინებმა შუადღე. ჰ ო დ ა . . . წაბლისა და წიფლის ფოთლებს სიყვითლე შეჰპარვიათ. დაუბერავს ნელი სიო და მთის ფერდობზე მდგარ ხეთა ფოთლები ფრიალით ხევში ჩაიჩეხებიან. გაძარცულ საგვიანო მოცვს ჩამომჭკნარი ნაყოფი გულზე დაჰკიდებია. მხოლოდ კლდეებზე გართხმულ შქერის ფოთლებს შერჩენიათ სიმწვანე. დაუბერავს ქარი, წამოიყრებიან ღრუბლები დასავლეთიდან, ჰაერში აფრიალდება ყვითელი ფოთლები... წამოვა წვიმა. თოვლი დაფარავს ბუჩქებს. აქა-იქ შეირხევა ტოტები და ხელისგულისოდენა შქერის მწვანე ფოთლები ამოყოფენ თავს თოვლიდან. და ბოლოს...

Page 7: იმერეთის გახსენება

7

ახმაურდება კლდეებზე გადმოკიდებული მთის ცრემლები. თხილისმარცვლისოდენა კვირტები შემოიცლიან ხმელ ქერქს. ჰოდა, წითლად აყვავდება შქერი. თ ვ ა ლ ი ს ე რ თ ი გ ა დ ა ვ ლ ე ბ ი თ გაშიშვლებული ბია... სველ მიწაში აზელილა უმწიფარი ნაყოფი, წყალი ჩამდგარა საქონლის ნაფეხურებში. კვახის ბარდი შეხმობია სარს, გვერდგამომპალი სარწყულა ქანაობს ზედ. მობუზული ბეღურები ჩამწკრივებულან მსხლის ტოტზე. ეზო ფეხდაუსველებლად გადაირბინა კატამ, მიცოცავს მსხალზე. შენიშნეს ბეღურებმა და მძიმედ აიშალნენ.

Page 8: იმერეთის გახსენება

8

მაღლიდან ისკუპა კატამ. კვახმა ვერ გაუძლო სიმძიმეს და ტალახში გასკდა. შ ე მ ო დ გ ო მ ა შეყვითლებული მთები. მწვანე ფოთლებში იმალება მწიფე მტევანი. ქალიშვილი კრეფს ყურძენს, თლილი თითები ეწებება ერთმანეთს. ტირიფის წნელისაგან მოქსოვილი კალათ ივსება. სვრელის თავში ჩამწკრივებულან იელის მაღალი გოდრები. ქალმა მზის შუქზე გახედა მტევანს. კუმპლებში ნაყოფია, სავსეა მტევანი... გაძარცული ვაზები, ავსებულია საწნახელი.

Page 9: იმერეთის გახსენება

9

იჭყლიტება მტევანი... გაძარცული ვაზები, ავსებული საწნახელი. იჭყლიტება მტევნები, მწვანე ტკბილი მირაკრაკებს კრამიტის ღარზე და გადაჩქეფს ქვემოთ. ნელ-ნელა ცარიელდება საწნახელი, მოკლდება ჩანჩქერი, ივსება ჭური. შუშხუნებს მაჭარი. კოღოები ესევა ჭურის თავზე ლერწმის ღეროს. დადურდება ღვინო, ატალახდება ეზო.

- მაჭანკალმა ამიტალახა ეზო, - ხშირად იტყვის ოჯახის მამა.

სასიძომ ნახა ლამაზი, ხელზე გაუკეთა ბეჭედი... ირთვება დედოფალი. მოვიდა მერიქიფე, მოხადა ჭური, ჩადგა შიგ გიდელი, მოითხოვა ორშიმო და გაავსო ჩაფი. დაიწვა დასაწვავი.

Page 10: იმერეთის გახსენება

10

შეიწვა შესაწვავი.

- სიძე მოდის? - ვიღაცამ ისროლა.

ზევით შეიპატიჟეს სტუმარნი. დალოცეს ოჯახი, ნეფე-დედოფალი... მეზობლები. და იცლება ჭური.

- ნეტავ, რამდენი ამევიღე? - სათვალავი აერია მერიქიფეს.

გაჭინჭყლდნენ მაყრები. ვიღაცამ ვიღაცას შემოჰკრა. მასპინძელი ამშვიდებს სტუმარს:

- გაჩერდი, ბოშო, ქორწილია, ტირილი კი არა! თუ ვინმემ ვინმეს არ დაარტყა, ისე რაა ქორწილი?!

სუფრის ბოლოში ამღერდა შემთვრალი ვაჟი: „ტოლუმბაშო ჩანჩალა“... დააფარეს პირზე ხელი. წამოდგა ტოლუმბაში, ხარის რქით დაილია სადღეგრძელო.

Page 11: იმერეთის გახსენება

11

აირია სუფრა. ვიღაცა ჩავარდა ტალახში. მზარეულმა გამოიტანა ღვინიანი ჩაფი, - დაცალეთ მეფის მაყრებმაო, - დაიძახა.

- ბიჭო, რა პირი დაგიღია, მოდი და დალიე!..

- მოვალ, რატომაც არ მოვალ, მოგიკვდეს ჭიჭიკია, თუ მაგი არ ევიტანე ხეზე, გამივსეთ ყანწი!..

- მიირთვი, გენაცვლაე, ღმერთმა შეგარგოს!..

- სადაა ღმერთი, შე უტვინო, დაასხი!..

დალია ჭიჭიკია ყანწმა. მოვიდნენ მაყრები, დაცალეს ჩაფი, ერთმა მოჰკიდა ხელი და აიტანა ტყემალზე. ააყვირეს მანქანის საყვირი. ატირდა დედოფალი.

Page 12: იმერეთის გახსენება

12

წამოვიდა წვიმა, მაყრებმა შემოსძახეს მაყრული, დაიძრა მანქანა... წაიყვანეს დედოფალი და გათავდა შემოდგომაც. ჭ უ რ ი ს თ ა ვ ზ ე ასეთი კუნაპეტი ღამე შემოდგომამ იცის. ჰო, მოედო თუ არა წითელ მიწას ბინდი, გაჩუმდნენ, ელოდნენ შემოდგომის დიდ მთვარეს. ვეღარ მოითმინეს, არ დაუცადეს ზეციურ სინათლეს და ჭრაქი ააბოლეს. ჭურისთავიდან შორიახლოს სამფეხა სკამზე დადგმულმა მიწიერმა მანათობელმა გაანათა დაწითლებული სახეები, მიწაზე აციგლიგდნენ გრძელი ლანდები. ჩაშავებული, დევის პირივით მოთხლეშილი ჭურიდან საცოდავად გამოიხედა ორშიმოს ტარმა. აღრინდა ძაღლი, უცებ წამოხტა და ახმიანდა. ახლადმოსულებს დიდი ჭიქით ათქმევინეს ქება აყალო მიწისა, მიწისა, რომელშიც წყალი ვერ ჟონავს; ოჯახის უფროსისა, რომელიც ყველაზე გულუხვია; სახლის ჭერისა, რომელიც ყველაზე მაღალია; ადამიანის გულისა, რომელიც ყველაზე ალალია;

Page 13: იმერეთის გახსენება

13

მოხდილი ჭურისა, რომელიც ყველაზე დიდია და ცნობილი... მერე შეჭიკჭიკებულმა მასპინძელმა აიღო ჭიქა და აქო საქებარი, ნახევარი საათი ისაუბრა, მოაგონა მისი „საგმირო საქმენი“ თანამესუფრეთ და, როგორც იქნა, დალია ეზოს მცველის, ერთგულზე ერთგული მურას, სახელგანთქმული ბახულას სადღეგრძელო. დალია და ოთხივე სტუმარი ალაპარაკდა, დაუწრუპუნეს, დაუსტვინეს ძაღლს და ზეცამდე აამაღლეს ბახულას სახელი...

- კაცო, ისეთი ჯილაგიანია, - დაიწყო მასპინძელმა, - ცხვირწინ რომ მიუტანო საჭმელი, ხმას არ გასცემს... თუ ძაან შეეხვეწები, შეიძლება, შეჭამოს...

ამ დროს უეცრად დაიყეფა ბახულამ, უეცრადვე წამოვარდა, წამოედო სამფეხა სკამს, გადააბრუნა მანათობელი... კუნაპეტმა სიბნელემ მოიცვა არე. დაოთხილნი ეძებდნენ ხუთივენი დაკარგულს, აყალო მიწამ გაუგლისათ ხელები, აუღელვათ აუღელვებელი გული... და ამ დროს გაანათა ზეციურმა მნათობელმა. დაოსებულნი მიუსხდნენ დაბალ სუფრას, მაგრამ სად გაქრა სუფრა? ბახულას მოესწრო შავბნელი საქმის ჩადენა - რაც ვერ შეეჭამა,

Page 14: იმერეთის გახსენება

14

ტალახში ჩაებნია, ღვინის დოქიც გადაეყირავებინა... თვითონ კი იწვა ფერდობზე და არხეინად აქნევდა კუდს.

- ფუ, შეგირცხვა მაქებარი! - თითქმის ერთდროულად ამოიგმინეს. წამოდგნენ, ორიოდ სიტყვით ადღეგრძელეს მასპინძელი და გაიპარნენ.

ბოღმით გაგუდულ მასპინძელს და მიმოფანტულ ნარჩენებს უკვე ანათებდა ზეციური მნათობელი... ბ ა ზ ა რ ი წინ ურმები, უკან სახრიანი მეხრეები, ქვეითი მგზავრები მოდიან და მოდიან... ყაყანებს ხალხი, ჩალაგადაფარებულ ურმებზე დაგორებულან კასრები. ჭიქის, მჭადის და მარილის გვერდზე დგას ღვინით სავსე ჩაფი.

- მიირთვი, ჭირიმე, ღვთის მოცემულია.

- ვერ არის კარგი!

- კი, ბატონო!

Page 15: იმერეთის გახსენება

15

- აქეთ მობრძანდი, ეს უფრო მაგარია! ნახე, თუ

დაიწუნებ...

- იქით კუპრის გამყიდველს ევაჭრება შუახნის კაცი, მიტრიალდა მყიდველი და მისკენ გაემართა ახალგაზრდა.

- ბიძია, პაწიე გამეიწიე აქეთ! ვერ მიცანი, - განაგრძო მან, - მე შენგან საქონელი ვიყიდე. არ გამოდგა და უკან მოგიყვანე. ხბოს არ მეიგებს და ისე რა ეშმაკად მინდა...

- ბიჭო, ოთხი წელია, ერთხელაც არ გამცდარა და რაღა ახლა...

- ა, ბატონო, წამობრძანდი და ნახე.

- შეერივნენ ხალხში. მყიდველმა გამოიყვანა ძროხა.

- შეხედეთ, ხალხო, ეტყობა რამე?

- რა უნდა შეეტყოს? ასე რას გეიგებ.

ალაპარაკდნენ სეირის მაყურებელნი.

Page 16: იმერეთის გახსენება

16

- მაინც ვერ დავიჯერებ! - დაიწყო გამყიდველმა.

- ა, ძამა, აქვე დავკლათ, გავატყაოთ და თუ

გავმტყუნდები, არ მინდა ფული, თუ არა და...

- რატომ, ბიძია, რატო უნდა დეიზარალო თავი...

- ახალგაზრდა კაცი ხარ, არა გრცხვენია, - დაიწყო კუპრის გამყიდველმა - ღირსი ხარ, კაცმა პირის გატეხისათვის მოგიკუპროს პირი...

დათანხმდა მყიდველი. ... მერე წამოაქცია ყასაბმა საქონელი... ჩამოკიდა ბჟოლაზე და გააძვრეს ტყავი. შემოეხვია ხალხი, უკანანი ფეხის წვერებზე დგებიან, წინანი ძლივს აკავებენ მოწოლილ ძალას. დანა გაუსვა ყასაბმა, მერე ამოიოხრა ხალხმა. გაშავდა გამყიდველი... იცლება ბაზარი; წინ მეხრენი, უკან ურმები. ბოლოს მთვრალები სიმღერითა და ბანცალით გაუდგნენ გზას. თვალთაგან დაიკარგნენ წინანი.

Page 17: იმერეთის გახსენება

17

აღმართს შეუდგნენ მთვრალები. შეჩერდნენ ზემოთ, გზაჯვარედინზე და ხელების შლით ედავებიან რაღაცას... მერე ვიღაცამ ჭრელ ხურჯინში „ჩადო“ ნაყიდი მზე და ყველანი სიბნელეში მიიმალნენ. გ ო დ ო რ ი დახეთქილი სოხანე და გამომწვარი აგურის ბუხარი. შიშინებს ლერწის ბოლოდან გადმოსული წყლის ქაფი. ლობიო თუხთუხებს ბუხრის პირას მიმდგარ კვაწიაში. ყაბალახმოხვეული მოხუცი ითვლის გატეხილი კრამიტიდან ჩამომძვრალ წვიმის წვეთებს. ისინი კი წკაპუნობენ დაუსრულებლად, ამოიკრუტუნებს კატა და მოხუცი ნელა იღებს მოწითალო წნელს. ხორკლიანი თითები დუნედ დაძვრებიან პატარა სარებს შორის. ნაცარში ამოთხვრილი კატის გვერდით იზრდება, იქსოვება გოდორი. გადაიღო წვიმამ, შეწყდა წკაპუნის ხმა. მოხუცმა სამფეხა სკამებზე ჩამომსხდარი რძლების ტუტუნს მიუგდო ყური:

- წუხელაც ცუდად იყო ჩემი ქმარი...

Page 18: იმერეთის გახსენება

18

- რაო, რა მომივიდაო? - წელი სტკიოდა, კინაღამ მოკვდა.

- ეჰ, თებროლე, ჩემსასაც მოსწყვიტა წელი

გოდორმა.

- შარშან, შემოდგომაზე, მთელი დღე ზიდა გოდრებით ყურძენი და ყოველღამე კვნესის...

წვიმამ ისევ აახმიანა კრამიტები, ნელ-ნელა დაიწყო წკაპუნი სოხანეზე წვეთებმა. წამოდგა მოხუცი, „ვაი წელიო“, ამოიხვნეშა. მოაგონდა რძლების ტუტუნი. უმალ ამოსწია მიწაში ჩარჭობილი სარები და ცეცხლს შეუკეთა დაუმთავრებელი გოდორი და საგოდრე წნელებიც. მთელი დღე ფეხაკრეფით დაიპარებოდნენ რძლები სოხანეზე. ვერაფრით ვერ გაიგეს, თუმცა რა მიახვედრებდათ მოხუცის გაავების მიზეზს. ყურებჩამოყრილი კი საღამომდე იჯდა ჯორკოზე და გაშტერებით ჩასჩერებოდა ტირიფის წნელის ნამწვავებს...

Page 19: იმერეთის გახსენება

19

ა რ გ ე გ ო ნ ო თ ზ ღ ა პ ა რ ი ერთ მზიან დღეს ხანისწყალზე, კაკასხიდთან გადებულ კაკლის საცალფეხო ხიდზე, შედგა ჩოხიანი ჭაბუკი, წყალში ჩაიხედა, ლამაზი ქოჩორი შეისწორა და გავიდა მეორე მხარეს.

- მასპინძელო! - დაიძახა ბოძებზე შემდგარ სახლთან.

- მობრძანდი, ჭირიმე, მობრძანდი! - აჭრიალდა იატაკი.

- ბიჭო, გრიშა, ჩემს ოჯახში, როგორც იქნა, ფეხი დადგი და ჭიჭიკო მოგიკვდეს, თუ საკადრისი პატივი არ გცე! აბა, დედაკაცო, დატრიალდი.

ცეცხლზე შემოკიდეს წყლით სავსე კარდალა, აკრიახდნენ ქათმები, გაცხელდა კეცები... გაიშალა სუფრა:

- გაგიმარჯოს, სერაფინა, პირველად იმიტომ გადღეგრძელებენ, რომ ღირსი ხარ!..

- ჩვენ სტუმარ შალვას გაუმარჯოს, ვაჟკაცობა ნუ მოაკლოს ღმერთმა, გიცოცხლოს ოჯახი,

Page 20: იმერეთის გახსენება

20

ცოლი, შვილი... რაო? უცოლო ხარ? ეგ რა მითხარი, ბატონო! შეჩვენდეს ჭიჭიკო, თუ მზეთუნახავი არ გაგატანოს კაკასხიდიდან.

მღერის არღანი, ქორწილია... მზეზე დამწვარი მზეთუნახავი, მზექალა დედოფალი გამოიყვანეს აცრემლებული თვალებით სახლიდან. კაკასხიდის ხიდთან შეჩერდა მაყარი:

- წინ დედოფალმა უნდა გეიაროს?

- არა, ორივემ!

- შტერო, ორივენი როგორ გავლენ?! - ხელი მოკიდოს ნეფემ და გეიყვანოს! -

დაარიგა თავკაცმა მაყრები.

წინ დედოფალი, უკან ნეფე მეფურად მიდიან ხიდზე. უცებ შეჰყვირა მაყარმა. შეინძრა მეფე და კაკასხიდის კაკლის ხიდიდან წყალში ჩაცვივდნენ... „ქალი მოგვყავს ნათელიო...“ მაინც ჰკიოდნენ ნეფე-დედოფლის გაწუწული მაყრები.

Page 21: იმერეთის გახსენება

21

ნ ა ს ა ხ ლ ა რ ი დ ა ნ ჰო, არ იცოდი, სად იყო მამული შენი... ნახე და... სადღაა სახლი, ნასახლარია მხოლოდ მამა-პაპათა... ქვაზე ჩამოჯექ.

- იქ იდგა ალბათ... - ფიქრობდი - იმერული ხის სახლი, ბოძებზე შემდგარი, ვიწრო ფანჯრები, ხის კიბე, ფართო აივანი და ღია კარი... მამა და დედა ცხოვრობდნენ სიამით. მერე ომი დაიწყო, მამა წავიდა, დედა დარჩა, მაგრამ არ გადარჩა... დაინგრა ოჯახი...

ჰო, დღემდე ბიძია გზრდიდა, ახლა მოინახულე ფეხდაკრული ადგილი მამისა. აქ უნდა დასახლდე...

- აი, ის გაფოთლილი ვაშლი შეიძლება მამის დარგულია. მითხარით შტოებო, როგორი იყო მამა... - ვერაფერი გითხრეს. ნაკადულს ჰკითხე:

- ღელავ, შე აუღელვებელო, ვერ მეტყვი, რაზე ფიქრობდა მამა?

არ გიპასუხა.

Page 22: იმერეთის გახსენება

22

- ალბათ, რასაც მე ვფიქრობ, იმასვე გაივლებდა ხოლმე გულში, ეყვარებოდა ეს მადლიანი მიწა, მეზობლები... სიცოცხლეზე, ვაჟკაცობაზე ოცნებობდა. ნეტავ ეფიქრა დღემდე!

გადაწყდა... და თეთრად გადაიპენტნენ ალუჩები. ნასახლარზე ქვა და კირი ჩაიკრა გულში მიწამ. საძირკველი დაგილოცეს მეზობლებმა და როგორ გაიხარე, როცა მოგილოცა ფუძის აშენება. ნეტავ რად გაწითლდი მაშინ?.. და ერთ დღეს ორივენი ავუყევით აღმართს... ჩუმად მიდიხარ წინ და ბილიკზე გადმოწოლილ წვრილ ტოტებს გვერდზე სწევ. ჩაიმუხლეთ... სიჩუმე.

- წავიდეთ! - გითხრა.

- მოიცა ცოტა! - თვალი მოავლე მიდამოს, გინდოდა დაგეწყო საუბარი.

- შეხედე იმ მთებს, რა ლამაზად ახურავს თავზე

ღრუბელი... სათქმელი შემოგელია.

Page 23: იმერეთის გახსენება

23

- გვიანდება.

- მოიცა...

- წავიდეთ! - აღარ იცოდი, რა გეთქვა.

- იცი, რა?

- რა?

- ისა... აი....

- მივდივარ!.. - წამოდგა.

- ჰო, გეტყვი...

- თქვი!..

თენდება. ნიავმა დაუნიავა, თეთრი ფურცლები დააყრევინა ტყემლებს, ალუჩებს, შავი ძაღლი გამოვარდა, დაყნოსა თეთრად მოპენტილ მიწას, თავი ზემოთ აიღო და შეჰყეფა ჰაერში მორიალე თეთრ ყვავილებს, შენ კი ფიქრობ:

Page 24: იმერეთის გახსენება

24

- სანამ მე ოჯახს ავაშენებ, გაათხოვებენ...

იმ დღესაც მოემატა სიმაღლე კედელს... საღამოს დაქანცული ჩამოჯექ, ბინდი ნელა წამოეპარა მიდამოს; ძაღლმა დაიღრინა. შენ წინ ის არის, ჰო, ის.

- აქ რამ მოგიყვანა?

- მოვედი, კეცები ითხოვე, მჭადებს გამოგიცხობ...

ნატეხი ფიცრები დაახვავა ბუხრის ახლოს. მერე გააწყო კეცები კერიაზე, შეუკეთა შეშა.

- წადი, დაგინახავენ, რას იტყვიან!..

- დამინახონ!.. ცეცხლი მოედო შეშას. დაუმთავრებელი ბუხრიდან ნელ-ნელა ამოისვეტა ბოლი.

Page 25: იმერეთის გახსენება

25

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დიდზე დიდი გაიზრდა ღობეში გაჩხირული თათრულა კვახი, თუმცა ნახევარი ერთ ეზოში ეგდო, ნახევარი - მეორეში. დილით ამირანი მოვიდოდა, დახედავდა, შუადღით სარდიონი გასინჯავდა ფრჩხილით, საღამოს კი... მაგრამ კვახი არ მწიფდებოდა. მალე კირწი გაუხმა. ამირანმა მოინდომა მოწყვეტა, მეზობელმა არ დაანება. დაიწყო ჩხუბი, შეფაცქვეს ეზო.

- შენი ქათამი არ დევინახო ჩემ ეზოში, თორემ...

- კვახი ჩემია, ჩემ ეზოში გეიზარდა, ჩემია!

- მაშინ არც შენ მოწყვიტო და არც მე გავცემ ხმას, იყოს ასე?

- იყოს... ჰო, იმას ვამბობდი... საღამოთი ერთი მხრიდან ამირანის ქალი მოადგებოდა ღობეს, მეორე მხრიდან - სარდიონის ვაჟი, ჩამოსხდებოდნენ კვახზე და

Page 26: იმერეთის გახსენება

26

საუბრობდნენ, შებინდებისას ფრთხილად შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს და წელში მოხრილნი ვენახს შეერეოდნენ.

- არ შეიძლება! გამწყრალმა ვაჟმა დაიწყო წინასწარ მოფიქრებული სიტყვები:

- წავა ზაფხული, გაივლიან წელნი მრავალნი, მაგ შენ თვალებს კი სხვა ჩახედავს და მიითვისებს. მერე ქე მოიგონებ ამ ღობის ძირს, გაგახსენდება, რომ კვახია ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ გვიან იქნება. ამიერიდან აქ აღარ მოვალ!..

დილით ამირანმა ინახულა კვახი, შუადღით - სარდიონმა, საღამოს ბევრი იფიქრა ვაჟმა, მაგრამ მაინც მოვიდა ღობესთან, ქალიც იქ დახვდა. მერე მოაშორა ვაჟმა ბარდი, გვერდზე ძლივს გადმოაგორა ძირგამომპალი თათრულა და იქითა მხარეს გაძვრა. ქალმა შეხედა დამპალ კვახს და სიხარულით ატირდა...

Page 27: იმერეთის გახსენება

27

რ ო ც ა ტ ყ ე მ ლ ე ბ ი ა ყ ვ ა ვ დ ე ბ ი ა ნ

- ხვალ აუცილებლად გავუმხელ ჩემი გულის საიდუმლოს! - გავიფიქრე, მაგრამ...

დღეები დღეებს მისდევდა... უკანასკნელად ბაღის ბოლოს შევხვდით ერთმანეთს. ქარი თმას უწეწავდა და კაბის ბოლოს უფრიალებდა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მისი თვალები თითქოს მეუბნებოდნენ, თქვი სათქმელიო. მე კი... ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. თქმა დავაპირე. მაგრამ ქარმა ამოისუნთქა და ხმელი ფოთლები ფეხებში მოგვაყარა. და დავშორდით, სათქმელი ისევ ჩემს გულში დარჩა. ზამთარი წავიდა. მარტის მზემ გაათბო დედამიწა. აჩხრიალდნენ მიძინებული ღელეები... დღეს თუ ხვალ დასკდებიან დაბერილი კვირტები და სადედოფლო სამოსს ჩაიცვამენ ტყემლები.

Page 28: იმერეთის გახსენება

28

მაშინ კი იცოდეთ, ვეღარ დავფარავ, აუცილებლად ვიტყვი... მ ჯ ე რ ა შებინდდა, ვზივარ ტირიფის ქვეშ და გიცდი. დაუსრულებლად მორაკრაკებს ნაკადული. თითოეული წუთი საათად მეჩვენება. მაგონდება ბავშვობა, როცა ხშირად შუაღამემდე ვუცდიდით, როდის გამოფრინდებოდნენ ციცინათელები ანწლის ფოთლებიდან და ჩვენ ვსდევდით თავდავიწყებით მთელი ღამე. გრილმა ნიავმა შეარხია ანწლის ფოთლები - ალბათ მალე აენთებიან მბჟუტავი ნაპერწკლები. მეც მოგიცდი მანამდე, მოხვალ და... მთელი ღამე ვსდიოთ თავდავიწყებით ციცინათელებს... დ ე დ ა ქმარი ომიდან არ დაბრუნებულა, მაგრამ განა ათქმევინებ, რომ დაიღუპაო, ანდა როგორ დაძრავს

Page 29: იმერეთის გახსენება

29

სიტყვას დაღუპვაზე, როცა ისევ ცოცხალი ეგულება და ელის... ელის, ჰა, საცაა კოლექტივის ყანაში სამუშაოდ წასული დაღლილი დაბრუნდება... ყოველ საღამოს ელის ჭიშკართან და როცა... შვილი. ეს არის ერთადერთი ნუგეში, მას შესწირა თავისი ახალგაზრდობა... ორი დღეა, ნაღველი კაწრავს დროდადრო დედის გულს, მაგრამ... რა ვუყოთ, მერე მაინც ხომ უნდა მოიხადოს ვალი სამშობლოს წინაშე. ვაჟკაცი გაისტუმრა ჯარში... ცრემლი არ ჩამოვარდნია... უკვირდა შვილს დედის თავშეკავება, თუმცა მას არ გაუგონია, რომ დედამ მთელი წინა ღამე... ყოველ საღამოს მიადგება, გასცქერის ორღობეს და ელის...

- მალე დაბრუნდება - გაიფიქრებს დედა, თავსაკრავით ცრემლს მოიწმენდს, შემდეგ

Page 30: იმერეთის გახსენება

30

გაიღიმებს და ნელი ნაბიჯით გაემართება სახლისაკენ...

*** ბუხარში ცეცხლი შეანთო... კუთხეში მივიდა, კაბის ბოლო ამოიწია და სიმინდის მარცვლებით აივსო... ჯუჩ, ჯუჩ, ჯუჩ... კრიახით შემოესივნენ ქათმები... ბოსლისაკენ გასწია. შეჩერდა, გადაიფიქრა... გზაწვრილი გალია და ორღობეს დაადგა... ნაბიჯს მოუმატა, იჩქარის... ფოსტა დაკეტილი დახვდა... უძნელდება ლოდინი...

- დეიდა, ასე ადრიან რაზედ გარჯილხარ?

- მოხვედი, შვილო? ჩქარა უნდა გამიგზვნო დეპეშა, შენ შემოგევლე.

- სად? ვისთან?

Page 31: იმერეთის გახსენება

31

- შვილთან, შვილო, წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე და უნდა გავიგო, როგორ იმგზავრა...

***

- რატომ ტირის, ნუგზარ, დედა?

ფეხაკრეფით შევიდნენ ძმები ოთახში...

- ნუ ტირი, დედა, მამა დაბრუნდება...

- თქვენ შემოგევლეთ, შვილებო... ცრემლიანი თვალები ამოიმშრალა... თავი მაღლა სიამაყით ასწია და... ძმებმა თვალი შეავლეს, დედამ რაღაც ქაღალდი სწრაფად და მალვით ჩაიდო ჯიბეში.

- ნეტავ რა ეწერა იმ ქაღალდში?

იმავე დღესვე ნახეს ჩუმად ძმებმა ის ქაღალდი, მაგრამ ვერაფერი გაუგეს, მათ ხომ კითხვა არ იცოდნენ... გაირბინა წლებმა...

Page 32: იმერეთის გახსენება

32

მამა ომიდან არ დაბრუნებულა... მოაგონდათ ის ფურცელი.

- ვნახოთ, ნუგზარ?

ფრთხილად გაშალეს... ცოტა ხანს კითხულობდნენ და... ისევ საჩქაროდ დაკეცეს და სათუთად შეინახეს... ეს მამის პირველი წერილი იყო, დედისადმი მიწერილი... *** მოაგონდება დედას დედა, მამა, დედული... ბავშვობა... დედაბოძი სახლისა, ნაცრიანი კერა, კვამლისაგან ნამტირალევი თვალები...

- დედიკო... დედა, მომშივდა!..

- მოგიკვდეს დედა, ამ წუთში, შვილო... სამჯერ წაღმა დაბრუნება დალოცვა...

Page 33: იმერეთის გახსენება

33

და ფიქრობს დედაზე დედა... ისევ ესმის მოხუცის სიტყვები:

- „გათხოვდი, შვილო, ჯერ ახალგაზრდა ხარ“...

- მერე და რატომ არ ფიქრობ, რომ მე დედა ვარ, დედა!..

- ბევრი დედა გათხოვილა, შვილო!

- არა, მე შვილებს ვერ ვუღალატებ...

- რომ უღალატო?

- მაშინ ნუღარ გაუვლია დედას ამ დედამიწაზე...

წელში მოხრილი, გახუნებული შავი მანდილით, დღესაც დადის დედა დედამიწაზე...

Page 34: იმერეთის გახსენება

34

ფოტო გარეკანზე - დავით კაკაბაძის პეიზაჟი

„შიდა ქართლის მწერლობა“

მისამართი:

გორი, სტალინის გამზ. 31.

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი:

http://mweraltasaxli.blogspot.com/