29
1 სებელინს „ო, ადამ, მე შენ არ გაძლევ არც გარკვეულ ადგილს, არც რაიმე სახეს, არც არანაირ მოვალეობას არ გაკისრებ, რათა ადგილიც, სახეც და მოვალეობებიც შენ თავად, შენი სურვილისამებრ აირჩიო, შენი ნებისა და გადაწყვეტილების შესაბამისად“. პიკო დელა მირანდოლა ერთი შეჩერდა და მზე დაიჩრდილა ხელით. ესეც ასე, ჩამოვიდა ბოლოს და ბოლოს. მოვიდა და აჰა, არც აჩქარებულა. აქეთ- იქეთ იყურებოდა. არც ეჩქარებოდა ისე. ოჰ, დრო იმდენი ჰქონდა, იმდენი, რომ ათასი ქვეყნის ათას ერთ ისტორიას ჩაიწერდა ათი ათასჯერ. დიახ, ჰქონდა დრო თავზე საყრელი, ოღონდ არ იცოდა როგორ მოეკლა: მახვილის ზურგში ჩაცემით თუ ცეცხლსასროლი იარაღით - პირდაპირ გულში? ვერც ის გაეგო რისთვის ეყურებინა: მაღლა - ცისთვის თუ დაბლა - მიწისთვის? აქ, დაბლა, მიწაზე, ორსართულიანი სახლი იდგა და არაფერს ისეთს ამბობდა, რაც შორეთიდან ჩამოხეტებულ ამ მოგზაურს დააინტერესებდა. ხოლო იქ, მაღლა, ცაში, მზე იდგა და ბამბის ქულასავით ღრუბელს ერკინებოდა. არც ცა და არც მიწაო, გადაწყვიტა და მზერა იმ შორეულ, ცასა და მიწას შორის გაჩხერილ, მთებს მიაპყრო, აქა-იქ რომ შერჩენოდა ზამთრის კვალი თეთრი თოვლის სახით. ერთი სიტყვით, დილის ცის ქვეშ ყოყმანობდა ეს მაღალი და გამხდარი კაცი თეთრ დეკორატიულ ჭიშკართან, რაღაც ღრმა მისტიური განცდითა და გრანდიოზულობის მოლოდინით გაყურსული. ასე იდგა დიდხანს და ფიქრობდა, ცოტასაც თუ მოვითმენ, ეზოში შემიპატიჟებენო. სამწუხაროდ, არავინ და არაფერი იმჩნევდა მის არსებობას, თუ არ

ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

  • Upload
    others

  • View
    4

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

1

სებელინს

„ო, ადამ, მე შენ არ გაძლევ არც გარკვეულ

ადგილს, არც რაიმე სახეს, არც არანაირ მოვალეობას არ

გაკისრებ, რათა ადგილიც, სახეც და მოვალეობებიც შენ

თავად, შენი სურვილისამებრ აირჩიო, შენი ნებისა და

გადაწყვეტილების შესაბამისად“.

პიკო დელა მირანდოლა

ერთი

შეჩერდა და მზე დაიჩრდილა ხელით.

ესეც ასე, ჩამოვიდა ბოლოს და ბოლოს. მოვიდა და აჰა, არც აჩქარებულა. აქეთ-

იქეთ იყურებოდა. არც ეჩქარებოდა ისე. ოჰ, დრო იმდენი ჰქონდა, იმდენი, რომ ათასი

ქვეყნის ათას ერთ ისტორიას ჩაიწერდა ათი ათასჯერ. დიახ, ჰქონდა დრო თავზე

საყრელი, ოღონდ არ იცოდა როგორ მოეკლა: მახვილის ზურგში ჩაცემით თუ

ცეცხლსასროლი იარაღით - პირდაპირ გულში? ვერც ის გაეგო რისთვის ეყურებინა:

მაღლა - ცისთვის თუ დაბლა - მიწისთვის?

აქ, დაბლა, მიწაზე, ორსართულიანი სახლი იდგა და არაფერს ისეთს ამბობდა,

რაც შორეთიდან ჩამოხეტებულ ამ მოგზაურს დააინტერესებდა. ხოლო იქ, მაღლა,

ცაში, მზე იდგა და ბამბის ქულასავით ღრუბელს ერკინებოდა. არც ცა და არც მიწაო,

გადაწყვიტა და მზერა იმ შორეულ, ცასა და მიწას შორის გაჩხერილ, მთებს მიაპყრო,

აქა-იქ რომ შერჩენოდა ზამთრის კვალი თეთრი თოვლის სახით. ერთი სიტყვით,

დილის ცის ქვეშ ყოყმანობდა ეს მაღალი და გამხდარი კაცი თეთრ დეკორატიულ

ჭიშკართან, რაღაც ღრმა მისტიური განცდითა და გრანდიოზულობის მოლოდინით

გაყურსული.

ასე იდგა დიდხანს და ფიქრობდა, ცოტასაც თუ მოვითმენ, ეზოში

შემიპატიჟებენო. სამწუხაროდ, არავინ და არაფერი იმჩნევდა მის არსებობას, თუ არ

Page 2: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

2

ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

ასაკისგან შეთხელებულ თმასა და კოხტად გაკრეჭილ წვერს. ბოლოს მუშტი შეკრა და

პირთან მიიტანა. ჩაახველა, თუმცა სულ ტყუილად, იქვე, ყოჩივარდებთან

მოფუსფუსე ლამაზ ქალს მაინც ვერ მიაწვდინა ხმა. მეორედ ჩაახველა. უკვე აშკარა

გახდა, რომ განზრახ არ იმჩნევდნენ. მასპინძელი სტუმართმოყვარეობით ნამდვილად

ვერ დაიკვეხნიდა. არაუშავსო, ჩაიფრუტუნა, დროსთან ერთად ხანდახან ადამიანებიც

იცვლებიანო და ფრაკშიდა ჟილეტის ჯიბეში ნახევრად ჩარგო ნატიფი თითები.

დიასახლისთან მოხდენილი და გამოზომილი ნაბიჯით მივიდა. ერთხანს

ცნობისმოყვარე იერით აკვირდებოდა თუ როგორ ჩიჩქნიდა პირბლაგვი ნიჩბით

მიწას, ხოლო შემდეგ ტუჩები მოწკურა, თავი გააქიცინა და წაიღიღნა:

„დედოფალო! ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!“

მერე ძეწკვზე გამობმული ვერცხლისფერი საათი ამოაძვრინა და არც

დაუხედავს ისე თქვა:

- დროა, - გაიღმიჭა და ოქროსა და ვერცხლის კბილები აუბრკიალა დილის

მზის სხივებმა, - ნახვამდის, ნახვამდის, მშვენიერო ქალბატონო, - ხელის აქნევით

დაემშვიდობა და გული არ დასწყვეტია, კვლავ რომ არაფრად ჩააგდეს, პირიქით,

მშვენიერ გუნებაზე მყოფი ღიღინით ინარჩუნებდა იმდილანდელ განწყობას და

ყოჩივარდებს შორის ხტუნვა-ხტუნვით მიიკვლევდა გზას.

„მიჰქრის დალალ გადაყრილი:

დოვინ, დოვენ, დოვლი...

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი“.

უკანა ეზოში ორი ხე იდგა. ერთი მაღალი და კარგა ხნის წინ გამხმარი, მეორე

კი - ღვთისო. სტუმარი მეორე ხესთან შეჩერდა.

- სალამი, ჩემო ძვირფასო მეგობარო! - უთხრა და მოულოდნელობისგან

ზაფრადაცემულ ღვთისოს ის დამპალი მორი გაუვარდა ხელიდან, კაკლის ხეს რომ

უპირებდა შეხეთქებას.

ვერ იცნო ღვთისომ ეს თეთრთმაწვერა და უცნაურქუდა კაცი. ანდა რას

იცნობდა, პირველად ხედავდა, თან გიჟსა და ჭკუიდან ამცდარს ჩამოჰგავდა ერთი

შეხდვით. უცებ აკრძალული წიგნი გაახსენდა, ის, სქელყდიანი, ნარნარად

ილუსტრირებული, თავისი ცოლი რომ უკითხავდა დილა-საღამოს. ჰოდა, შეშლილი

კი არა, ჯადოქარიაო, მაშინვე გადაწყვიტა და ლამის გაიქცა.

- არა, არა, როგორ გეკადრებათ, ჯადოქარი სულაც არ ვარ, - დაამშვიდა და იმ

Page 3: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

3

მორზე ჩამოჯდა, ღვთისოს რომ დაუვარდა, - კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო

ძვირფასო მეგობარო, - წაწვეტებულთავიანი ბარხატის ქუდი მოიხადა, - მომიტევეთ,

ხესთან რომ გაგაიგივეთ, ამას აუცილებლად გამოვასწორებთ, - თვალი ჩაუკრა და

ქუდი დაიფარა, - მელკიადესი გახლავართ, ბოშა, მოდი ასე ვთქვათ, მოგზაური და

მეცნიერი მელკიადესი, და მე თქვენთან მოვედი. ალბათ გსურთ, მკითხოთ, თუ

რისთვის, არა? ერთი პატარა საქმე მაქვს, ჩემო ძვირფასო მეგობარო და თქვენ მე

აუცილებლად დამეხმარებით.

ღვთისოს არავინ დაუჯერებდა რომ ეთქვა, იცით, ბატონებო, უცნაურ შუქებსა

და შავ ლანდებს ვხედავ ყველგანო. არადა, მართლა ხედავდა, ოღონდ გადაჭრით

რთულია თქვა, თვალის რამ პრობლემა ჰქონდა თუ ისე, თავში უკაკუნებდნენ

სტუმრები. ალბათ ერთიც და მეორეც. თუმცა, რაც მთავარია, მას ეჯერა და

ეჭვგარეშეა, რეალობაც რომ სწორედ ისაა, რასაც ხედავ, რაც გესმის და რისიც გწამს.

ერთი სიტყვით, ჩვენ, უმრავლესობა, ჯანსაღ აზრზე უნდა შევჯერდეთ და ვაღიაროთ:

ყველა ქვეყნის პეპელა მის თავში დაფარფატებდა. შეიკრიბებოდნენ და მართავდნენ

კრებებსა და ერთ დიდ ამბებს. განიხილავდნენ კაცთა მოდგმის ზნე-ჩვეულებებს,

კანონებს, ყოფით პრობლემებსა თუ დამოკიდებულებებს კეთილსა და ბოროტს

შორის. ესეც იჯდა, უსმენდა და გატრუნულს ერთი სიტყვაც არ გამოეპარებოდა

მიმდინარე სხდომებიდან.

მართას ქმარს ერქვა ღვთისო. ღვთისო კიდე ის მისულმკვდარებული კაცი

გახლდათ, დორბლი რომ მანამ ჩამოსდიოდა პირიდან, ვიდრე მართა არ მოსწმენდდა.

თუმცა ასეთად როდი დაბადებულა. მიზეზი გადასარევი არ ყოფილა და ახლა

მოსაყოლად საერთოდ არ ღირს. ოღონდ ის კი უნდა ითქვას, მსგავსი შედეგით რომ

ეშმაკი გაოგნდებოდა: გზაზე გადავიდა ცუდ დროსა და ცუდ ადგილას. მთლად

მაღლა არ აფრენილა. ერთი-ორი მეტრი აბა რა მოსატანია? საავადმყოფოში მიიტანეს.

სიცოცხლის შენარჩუნების იოტის ოდენა იმედი არ ჭიატებდა. ექიმები ამბობდნენ,

ამას მამაზეციერიც ვერ გადაარჩენსო. გადარჩა. არავინ უწყოდა ვისი ხელი ერია

ზემოდან ამ საქმეში, მაგრამ ფაქტია, მედიკოსებს დიდად არ მოუკლავთ თავი.

ზუსტად ამის შემდეგ დასჩემდა ღვთისოს უცნაური შუქებისა და შავი ლანდების

ჭვრეტის უნარი.

თავიდან მიცვალებულს ჰგავდა ფერით, უმოძრაობითა და თვალებით, რამაც

ექიმებს ლოგიკისა თუ გამოცდილების ძალით აწინასწარმეტყველებინა, ფეხზე

წამოდგომას თავისით ვეღარასდროს შეიძლებსო. სულ მუცლითმეზღაპრეობა

გამოდგა. ზაფხულის წვიმიან დღეს ისე წამოიჭრა საწოლიდან, კარში შემოსულ

მართას სიხარულისგან ლანგარი გაუვარდა ხელიდან. ნაღდად რომ მფარველი

Page 4: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

4

ხელები დასციცინებდა ღვთისოს თავს მაღლიდან. გასინჯეს და გაოგნდნენ ექიმები,

მაგრამ მკითხაობას მაინც არ მოეშვნენ, თქვეს, მართალია კი წამოდგა, თუმცა

ამიერიდან სულ ტიპტიპითა და ჩიფჩიფით ილაპარაკებს და მეხსიერებასაც ვერაფერი

ეშველებაო. ნურას უკაცრავად! ღვთისოსთვის სულ სხვა ბედი იჩარხებოდა განგების

სამჭედლოში. ენა იმავე კვირის ბოლოს ამოიდგა, სრულად და გამართულად

ალაპარაკდა, მოითხოვა ტკბილეული და ეზოში გასეირნება. ხოლო შემდეგ,

საპირფარეშოში რომ თავისით დაიწყო სიარული, მეხსიერების მექანიზმიც

აუმუშავდა და გაახსენდა, ცოლისა და საკუთარი თავის სახელი. ეგ კი არა, ისიც

მოაგონდა, სიდედრად რომ ქალბატონი სარა ჰყავდა და სიმამრად - ბატონი

აბესალომი. უკვე აქედან მოყოლებული მის თავში აციალებულმა უცნაურმა შუქებმა

კი უკლეს ნათებას, თუმცა პეპელათა ფარფატსა და სხდომითი დარბაზების

დავიდარაბას არაფერი შველოდა ქვეყნის გულზე, საერთოდ არაფერი.

სახლის წინ არც თუ ისე დიდი ეზო ჰქონდათ ღვთისოსა და მართას და ამ

ეზოში ყოჩივარდებს რგავდნენ ხოლმე. მართალია, სუნი არაფრისა ჰქონდა, თუმცა

შესახედად დიდ რამედ ღირდა. სახლი მახინჯიაო, ვერაკაცი იტყოდა. ისეთივე იყო,

როგორიც დანარჩენები. ამ სახლში რამდენიმე წლის წინ ჩაწერა ქალბატონმა სარამ და

ბატონმა აბესალომმა ცოლ-ქმარი. აქტში ეწერათ, რომ მართა, ღვთისოს მეუღლე,

ფეხმძიმედ იყო და სამომავლოდ ოთხი ბავშვის ყოლას აპირებდნენ. სამწუხაროდ,

ჯერ არც ერთ პატარას არ გაევლო ოჯახში, მაგრამ ქალბატონი სარა იმ უბედური

შემთხვევის მერე გადაკვრით იტყოდა ხოლმე, ახდა ოცნება და აქაც ატიტინდა ჩვილი

არსებაო. მართა ბრაზობდა, თუმცა მალე შეეჩვია დედისგან სარკაზმს და მორჩილად

ითმენდა. ქალბატონი სარა შიშობდა, რომ ქონების მართვის ინსპექტორები მალე

მოვიდოდნენ და ცოლ-ქმარს გაასახლებდნენ შვილების არყოლისთვის. ახალი აქტის

შედგენას არ ჩქარობდა. არავინ იცოდა როგორ მიიღებდა ქალაქის საშუალო საბჭო იმ

ფაქტს, რომ ოჯახის მამრი წარმომადგენელი სამუდამოდ ბავშვი დარჩებოდა.

ღრმა ასაკში გარდაცვლილი კაკლის ხე აწოწილიყო სახლის უკანა ეზოში.

ღამით მისი სილუეტი ტარტაროსიდან ამომძვრალ ჰეკატონხეირს ჰგავდა. ღვთისო

მოხიბლულივით იდგა ხოლმე ხის ქვეშ და ალმაცერად აჰყურებდა მიხრწნილი

გრძნეულის ხელებივით დაკრუნჩხულ ტოტებს. მართას ეგონა, გამოჯანსაღების

გზაზე მდგარი ესთეტიკურ ტკბობას თუ განიცდისო და არ უშლიდა, იდექი,

ისიამოვნე და დატკბი მშვენიერების ჭვრეტითო. სულ ტყუილად ეგონა ასე. მისი

ქმარი სიამოვნების გარდა ყველაფერს განიცდიდა ამ დროს და ალბათ ამის გამოც

იყო, გულში რომ ზღაპრული ვერაგობის ნაღვერდალი უტიფრად უგიზგიზებდა.

მისაღებ ოთახში ბუხარი ჰქონდათ. ბუხარში კოცონი ბოლოს მაშინ გაჩაღდა,

როდესაც ახალი წელი იდგა. ვაგლახ, რომ ახალი წლის მაგიური ღამე ჯერ კიდევ რვა

თვეს დააგვიანებდა საკვამურიდან ჩამოსვლას. კოტრებად დაჭრილი საბუხრე შეშა

გამხმარი კაკლის ხის ძირში მიჯრით მიეყარათ. სამი წლის შეშა წვიმისაგან,

Page 5: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

5

თოვლისაგან, მზისგან და ქარისგან ისე დამპალიყო, ბალიშად უფრო გამოიყენებდა

კაცი. ღვთისოს ძალიან აინტერესებდა კაკლის ხე და უფრო მეტად - დაჭრილი

მორები. დღეში რამდენჯერმე მივიდოდა, ჰერკულესივით დასწვდებოდა რომელიმეს

და ხეს მიახლიდა.

და იმ დღეს, როდესაც რიგითი მორი დასაფშვნელად იყო შემართული ჰაერში,

ღვთისოს მოულოდნელად ეწვია სტუმარი, თეთრთმაწვერა, ჯადოქრისქუდიანი

მხცოვანი კაცი, მოელვარე თვალებითა და ოქრო-ვერცხლით გაწყობილი ღიმილით.

მოვიდა და მოიტანა სილაღე რაღაც სახის სიახლეებთან ერთად. ორჯერ მიესალმა. იმ

მორზე ჩამოჯდა, ღვთისო რომ განადგურებას უქადდა, შემოიდო ფეხი ფეხზე და

განუცხადა, შორეული ქვეყნიდან მოსული მოგზაური მელკიადესი ვარ და შენთან

საქმე მაქვს, რასაც ვერაფრით გაექცევიო.

- ჩემი ბურთაჭიები უნდა წაიყვანო? - ამოილუღლუღა დაბნეულმა ღვთისომ

და გულმხიარულად გააცინა უცხო სტუმარი.

- არა, ბურთაჭიებისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ. გყავდეთ ეგ მატლები,

არავინ გიშლით, პირიქით, იქნებ ხელიც კი წაგვაშველონ, - ბიჭივით წამოხტა

კუნძიდან და ხელი გადახვია ღვთისოს, - ოჰ, ჩემო საბრალო მეგობარო, მგონი იმაზე

ბევრად უარესად გამოიყურებით, ვიდრე წარმომედგინა, - შუბლზე დახვავებული

თმები უკან გადაუყარა, - მომხედეთ! - პერანგის საყელოც შეუსწორა, - აჰა, ასე

უკეთესია! - გაუღიმა, - გულს ნუ დაიწყვეტთ, ყველაფერს მოევლება, ადრე თუ გვიან,

- გაამხნევა და გაეცალა, კაკლის ხეს შემოევლო, ახლა მას დაუწყო სინჯვა და

გამოკვლევა, - აფსუს, საწყალი, როგორ გამხმარა, არადა რამოდენა პერსპექტივა

ჰქონდა დასაწყისში, რაოდენ დიდი პოტენციალი, რომ საუკუნოდ ეცოცხლა; გახმა და

დაჭკნა, წავიდა და დარჩა მისგან მხოლოდ კაკლის სახელი, - ბალახს დააცქერდა ისე,

თითქოს კაკლის ხის ტრაგედია კათარზისს განაცდევინებსო, - ბატონო ღვთისო, -

თავი წამოსწია, - თუ საიდუმლოს არ წარმოადგენს, იქნებ გამანდოთ, როდემდე

აპირებთ, მოდი ასე ვთქვათ, მსგავს მდგომარეობაში ყოფნას?

- სად არის ჩემი გაბრიელი, მელქისადეკ? - ჰკითხა ღვთისომ.

- გაბრიელი? - გულზე დაიჭდო ხელები უცხო სტუმარმა, - გაბრიელი,

გაბრიელი, - იმეორებდა, თითქოს სახელის გახსენებას ვცდილობო, - ჰო, რა თქმა

უნდა, გაბრიელი, - წამოიყვირა, - როგორ არ გამახსენდა, რამ დამავიწყა, გაბრიელი, -

ამბობდა და საერთოდაც არ ეტყობოდა, რომ ამ სახელთან დაკავშირებით რამე

მოგონება აღძროდეს, - ეგეც იქნება, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მანამ კი, ერთი რამ

უნდა დაიმახსოვროთ: მე მელკიადესი მქვია და მელკიადესს, თქვენთვის საჩუქარი

აქვს, - ფრაკი ფართოდ გაიხსნა და საიდუმლო ჯიბიდან ჭილის ნაჭერში გახვეული

საგანი გამოაძვრინა, - ეს განსაკუთრებული წესით დამუშავებული ცხვრის ტყავია,

ეტრატს ეტყვიან ხოლმე, ზოგჯერ პერგამენტსაც. მოკლედ, ისე მოიხსენიეთ, როგორც

თქვენ გნებავთ. ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

- ცხვარი, ბატკანი, ბატკანი, - გახალისებულიყო ღვთისო.

Page 6: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

6

- დიახ, დიახ, ბატკანი, რატომაც არა, ბატკანი, იყოს ბატკანი, - ყვიროდა

მოხუცი, - ისე, რაღა დაგიმალოთ და, ამხელა გზა სწორედ იმისთვის გამოვიარე, რომ

ეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატკანი, თქვენთვის გადმომეცა. აი, მეც მოვედი, აქ ვარ

და თქვენც ჩემს წინ დგახართ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს დასაწყისია და წარმატებითაც

ჩაეყარა საფუძველი ამ დასაწყისს. რას ვიწყებთ? ამას ძალიან მალე ნახავთ. ახლა კი,

თუ ყველაფერი გასაგებია, თვალები ერთხელ დაახამხამეთ, - თხოვნა შეუსრულა

ღვთისომ და ეს ისე სასაცილოდ გამოუვიდა, რომ კიდევ ერთხელ აახარხარა უცხო

სტუმარი, - კარგია, კარგია, ძალიან კარგია, მომწონს, - როდესაც სიცილი მოილია,

მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი და გაუმეორა: - მართლა სუსტად

გამოიყურებით, ჩემო ძვირფასო მეგობარო და ამას აუცილებლად უნდა მოვუხერხოთ

რამე.

გაჩუმდა. საჩვენებელი თითი ნერწყვით დაისველა და ჰაერში შემართა.

სკეპტიკურად შეათვალიერა ცა და მიწა, საღამომდე უნდა ითოვოსო, დაასკვნა და

რაღაცით დასევდიანებულმა მწუხარე ბოლთა დასცა. შემდეგ, რაც ფრაკი შეიკრა და

წვერი თითებით ჩამოივარცხნა, კაკლის ხიდან სახლამდე უჩუმრად გადაითვალა

ნაბიჯები. უკანა შესასვლელთან შედგა, გამეხებულ ღვთისოს გამოხედა და საზეიმო

ტონით განუცხადა:

- გაუფრთხილდით მელკიადესის პერგამენტს, ჩემო ძვირფასო მეგობარო! - და

კარში შევიდა.

კაკლის ძირში მარტოდ დარჩენილმა ღვთისომ სუფთა პერგამენტს დაყნოსა,

შეათვალიერა და მისგან რომ ვერანაირი ლოგიკური განტოლება ვერ გამოიყვანა,

უცხოს კვალს დაედევნა, ვკითხო ერთი, ეს რა მომცა, რაში გამომადგებაო. მისაღებსა

და სამზარეულოში არავინ მდგარა, არც საპირფარეშოში დაუხვდა ვინმე. მაღლა

სართულის ოთახები დაიარა და საგულდაგულოდ გადაქექა ყველაფერი. ყველა

კარადა შეამოწმა. საწოლების ქვეშ შეიხედა. ბოლოს, გუნებაწამხდარი დაბლა

ჩამოვიდა და დასამშვიდებლად ცივი რძე დალია. მაინც ვერ მოისვენა, არ დააყენა

რაღაცამ. ყოველი შემთხვევისთვის, სხვენშიც ავიდა და წყვდიადში ეძება მოგზაური

მელკიადესი. რა არ მოყვა ხელში, რას არ მიაგნო: თავისი სადისერტაციო ნაშრომები,

კრიტიკული წერილები, წიგნები, სახლემძღვანელოები, წმინდა და არაწმინდა

ფოლიანტები; თავისი დაუსრულებელი ტექსტის ხელნაწერი; ყველაფერი ნახა იმ

კაცის გარდა, იმ კაცისა, რომელმაც თავდაყირა დაუყენა ეს დღე და დანარჩენი მთელი

ცხოვრებაც.

ერთი სიტყვით, ღვთისომ ეს დღე პერგამენტჩახუტებულმა გალია, სურვილით,

რომ რამეს ეტყოდა; ვედრებით, რომ თავის საიდუმლოს გაუმხელდა; ნატვრით, რომ

იმ ჯადოქრისქუდიან კაცს დააბრუნებდა და ყველაფერს თავიდან ათქმევინებდა.

Page 7: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

7

მართა ბავშვობიდან ხატავდა. უნივერსიტეტში ფერწერაზე ჩააბარა, მაგრამ

შემდეგ უთხრეს, ფერწერა გადაშენდა და სხვა რამე უნდა მოიფიქრო, ან საერთოდ

შეეშვი ხატვასო. ჰოდა შეეშვა კიდევაც, ოღონდ სათავისოდ მაინც ხატავდა ხანდახან,

თერაპიული თვალსაზრისით. ღვთისო სამხატვრო გამოფენაზე გაიცნო. მართას

კოლეგას სახელმწიფოს ერთ-ერთი გალერეა მასპინძლობდა. ღვთისოს მეგობარი

ხელოვნების კრიტიკით, უფრო სწორად, კონტროლით გახლდათ დაკავებული და

წაიყვანა. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, სიტყვა არ დასცდენიათ, ხელის

ჩამორთმევითა და ღიმილით შემოიფარგლნენ და ისე გავიდა სამი თვე, საერთოდ ვერ

მიხვდნენ, თურმე იქედან მოყოლებული რომ იფურჩქნებოდა მათში ამურისეული

ვარდის კოკორი. ამას შემდეგ მიხვდნენ. მიხვდნენ ან უბრალოდ, მოიგონეს, რათა

უფრო გაელამაზებინათ მოგონებები.

ახლა კი სახელოსნოში შეკეტილი შთაგონებას წარსულის ფიქრებსა და

მომავლის ოცნებებში ეძიებდა. რეალურად არც ვინმემ იცის რომელ ტრამალზე

მომთაბარეობს მუზათა ჭირვეული ლეგიონი, იქნებ მართასგან მრავალჯერ

გადალახულ მინდვრებშიც იყვნენ და გადაულახავ ველებშიც. ცრუპენტელა მუზების

მოხელთება რთული საქმეა. ისე უსხლტებოდნენ ქალს ხელიდან, თვალის

შევლებასაც ვერ ასწრებდა. გაივლიდა დრო და მიხვდებოდა მართა, მუზები რომ

თავად ისაკლისებენ ხელოვანს და არა პირიქით. მართა იმასაც გაიაზრებდა, მუზების

მოსვლა რომ არაფერ კარგსა და გასახარს არ წარმოადგენდა, პირიქით, მათი გამოჩენა

ან მოხდენილ უბედურებას გამოხატავდა და იარებს ხსნიდა ან მოსახდენ

საშინელებას წინასწარმეტყველებდა და გულს აწვრილებდა. ამიტომაც ვერ გაეგო

აგრერიგად სახათაბალოდ რად მოეწყო ყოვლის გამჩენსა და გამჩინებელს ყველაფერი

და რატომ უნდა გაერთულებინა შემოქმედებითი აქტი ასე საშინლად.

ფანჯარაში გადაყუდებული ეწეოდა სიგარეტს და უკანა ეზოში სევდიანად

მოფუსფუსე ქმარს გადასცქეროდა, რომელიც სიმწრის ოფლითა და სისხლით

მოპოვებულ ბურთაჭიებს ფლავდა მიწაში.

ღვთისო დაკრძალვის ცერემონიას ცხარე კურცხალფრქვევითა და მოთქმა-

გოდებით აფორმებდა.

ბურთაჭიებს მატლებს ეძახდა და მათ იმ დამპალ მორებში ეძებდა, კაკლის ხეს

რომ მიაფშვნიდა ხოლმე. ეს თამაშობანა კარგახანია რაც წამოეწყო და არავისი

ესმოდა, ცუდია, არ ქნა, არ გინდაო რომ ეუბნებოდნენ. ვირივით გაკერპებულს

ძალით თუ გააგდებინებდნენ ხელიდან კუნძს და სახლში შეიყვანდნენ, თუმცა

გამოხდებოდა ხანი და ღვთისო მაინც იგივეს იმეორებდა. ბოლოს მობეზრდა მართას,

მიუშვა თავის ნებაზე და მანაც სამლიტრიან ქილაში დაიწყო მატლების შეგროვება.

ბლომადაც მოუყარა თავი და რიტუალად გაიხადა მათი დღეში სამჯერ გადათვლა,

ვნახო რომელიმე ხომ არ გამპარვია ან ჩუმად ხომ არ შემომპარვიაო. ბურთაჭია

აგებულების გამო შეარქვა და ლამის სისხლისმიერ ნათესავებად გაიხადა - მათ

გარეშე არც ძილი უნდოდა და არც ღვიძილი.

Page 8: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

8

დათვლის დროს რომ ვინმეს დაენახა, იფიქრებდა, სათევზაოდ წასვლას

ეპირებაო. არა, წავიდოდა კია, ოღონდ არა თევზებზე. ახლა თევზაობა კი არა, თავის

მოვლა არ შეეძლო ხეირიანად. კონკრეტული სახელების დარქმევა უფიქრია ერთი-

ორჯერ, მაგრამ ოცის მერე სულ დაბნევია თავგზა. მიმხვდარა, მზექალასთვის რომ

უკვე ვარსკვლავისაც დაერქმია, მთვარისაც და მარგარიტაც. რატომღაც მატლები

წყლის ორი წვეთივით ჰგვანებიან ერთმანეთს. გამოსავალი მალე უპოვნია.

ფეხაკრებით შეპარულა მეუღლის სახელოსნოში, ფუნჯები და საღებავები

წამოუცუნცულებია და პატარა ფერად-ფერადი კანმფეტებისთვის დაუმსგავსებია

ძმებად შერაცხული ბურთაჭიები.

ახლა კი ფლავდა მიწაში, ფლავდა, რადგან ტოქსიკურ საღებავებს ვერ

შეხმატკბილებიან და გარდაცვლილან. ბრაზი ახრჩობდა და სინდისის ხმა მტარვალ

ჯალათად გადაქცეოდა. სასომიხდილმა ბატონი აბესალომის მოსვლაც ვერ შენიშნა,

თავზე რომ წამოადგა და სარკასტული პათოსით დაჰყურებდა რაღაც დრო, ვიდრე

მართამ არ ჩამოსძახა ზემოდან, მამა, აქა ვარ, სახლში შემოდიო.

კვლავ მარტო დარჩა ღვთისო მკვდარ და გადარჩენილ ბურთაჭიებთან.

სიმამრის დანახვა ავადობის ადრეულ პერიოდში კრუნჩხვებს მართებდა

ღვთისოს. პირში წყალდაგუბებული გაბღენძილი თევზიაო, ხმამაღლა ფიქრობდა.

ისე, გვარიანი სერიოზული კი ეჭირა ხოლმე ბატონ აბესალომს და დღენიადაგ

იბღვირებოდა, ებღვირებოდა ყველაფერს, სამსახურში - ნივთებს, ქუჩაში - ძაღლს და

კატას, სახლში - ცოლს და შვილთან - სიძეს და შვილსაც. არქივში მუშაობდა, შიდა

საწყობის გამგედ. ცოტა არ იყოს, ამ წვრილმა მოხელეობამ და რევიზორების

განუწყვეტელმა რევიზიამ ახალგაზრდობიდანვე მოუწამლა სული. ყველაფერს ეჭვის

თვალით უყურებდა და მომეტებული მეწვრილმანეობა რადიკალურ პედანტიზმში

გადაეზარდა. საბოლოოდ, ლაპარაკიც გადაუყვარდა. სამსახურმა დამართა თავისი.

იჯდა მარტო, მტვერსა და ნაგავში. ათას უაზრო, დრომორჭმულ და ყავლაგასულ

საქონელს საქონელზე ადებდა და ახარისხებდა. მარტოობამ და შიშმა წელში გატეხა

და ბოლოს უკვე რევიზორების შენიშვნაზე ხმას აღარ იღებდა. არ დააწინაურეს. არც

თვითონ გამოუთქვამს პროტესტი.

ვახშმად ესტუმრა შვილსა და სიძეს. ქაღალდის პაკეტით მოიტანა საჭმელი.

გახუნებული, კუბოკრული პიჯაკი ეცვა. წითელი, ცისფრად დაწინწკლული

ჰალსტუხი გამოება ყელზე. სახლში შესულს შინ რომ არავინ დაუხვდა, უკანა ეზოში

გავიდა და ქელეხს შემთხვევით შეესწრო. მართას ჩამოძახილი უბრალო თავის

დაკვრით შეიმჩნია. ხელი ჩაიქნია და სახლისკენ შემობრუნებულს სახეზევე

ეტყობოდა, რასაც გაიფიქრებდა სიძესა და მის მატლებზე: განსხვავება ზომებშიაო.

წესის აგების, დაკრძალვისა და საფლავზე ზედაშეს დაღვრის შემდეგ, ღვთისოს

გადარჩენილი ბურთაჭიები ტერასის ბეტონზე დაყარა და გადათვალა. ცრემლი

ჩამოსდინდა თვალებიდან. შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა. მხოლოდ ას ერთი

ბურთაჭია, მხოლოდ და მხოლოდ ას ერთი, არც მეტი და არც ნაკლები, ეს კი,

Page 9: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

9

რატომღაც, პრობლემატური აღმოჩნდა. ვერაფრით გაეგო ზედმეტი ერთი მატლი სად

წაეყვანა. ეგონა, ასი უფრო კარგად და სიმბოლურად აჟღერდებოდა, ბოლოს და

ბოლოს, დასს მაინც ვუწოდებდიო. დილემატურ ფიქრებს მინდობილმა, გამოსავალი

უფრო ღრმა სიმბოლურ დაკავშირებებში ჰპოვა: ყველაზე მსუქანი, ქორფა, ხორციანი

მატლი ამოაძვრინა, დანარჩენებისგან ექვსი ნარინჯისფერი საცეცი რომ

განასხვავებდა და ნესტან-ავთანდილი უწოდა. და ასე, ამგვარად ჩამოყალიბდა

ბურთაჭიათა დასი და დასის ასმეთაური, ნარინჯისფერ საცეცებიანი ბუღლუჯი.

ყველაფერი აეწონ-დაეწონა და კარგად გაეთვალა. არც იერარქიული პრინციპები

დავიწყნია და არც გენდერული თანასწორობა. იდეაში დაუშვა, რომ ორმოცდაათი

მდედრი ჰყავდა და ორმოცდაათი მამრი, ხოლო უკანასკნელი, ლიდერი - ორივე

საწყისის ერთდროული მატარებელი იქნებოდა არისტოფანეს მრგვალი

ანდროგენივით.

აღმოჩენამ ისე გააბედნიერა ღვთისო, სამლიტრიანი ქილა იღლიაში ამოიჩარა

და სახარებლად სახლში შევარდა, თუმცა მისდა სამწუხაროდ, სამზარეულოს სკამზე

წამოჯგიმული ბატონი აბესალომი დაუხვდა და გულზე შემოეყარა, სულ დაავიწყდა

ყველაფერი, სახარებაცა და გარდაცვლილი ბურთაჭიებიც. ამას წითელი ჰალსტუხი

დაემატა და შეშინებულმა, ბნედიანივით აჰყარა კვანწები. მართამ დორბლი

მოსწმინდა და იძულებით დასვა მაგიდასთან.

- უკეთესობაა? - უგერგილოდ იკითხა ბატონმა აბესალომმა და თვალი ისე

მიმოავლო ყველაფერს, სათვალთვალო კამერას შეშურდებოდა.

მოვიდოდნენ და მოიტანდნენ სურსათ-სანოვაგეს. სულ ასე იცოდნენ -

სიდედრმაც და სიმამრმაც. დილით ქალბატონ სარას მოჰქონდა, საღამოს - ბატონ

აბესალომს. ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო, მაგათზე ვერ იტყოდი. ერთი ალთას

იყო და მეორე ბალთას. ღვთისოსვე რწმენით, ქალი დასაქოქი არწივივით

თათხანებდა მაშინ, როდესაც კაცი წყალგადაყლაპული თევზივით დუმდა. თუმცა

ამდენი ხნის თანაცხოვრებამ ერთი რამ მაინც შეძლო: ორივეს ირონიული

დამოკიდებულება ჩამოუყალიბა ზოგადად სამყაროზე და ორივესთვის, ერთადერთი,

ჭეშმარიტად ნამდვილი ღირებულება არსებობდა: ქალიშვილი მართა. მთელი

ახალგაზრდული ენერგია მის ჩასახვასა და აღზრდას შეალიეს. მრავალი წელიწადი

წვალობდნენ, ღამეებს ათევდნენ, წელებზე ფეხებს იდგამდნენ, შვილი რომ

გასჩენოდათ. ბოლოს განგებამ მათი მადლი მოისხა და გაუხარდათ. მაგრამ რად

გინდა? სხვა გზით წავიდა გოგო. შეირთო ვიღაც უპატრონო, დაკარგული და

არანორმალური ვაი სწავლული, თვითონაც დაიმახინჯა მთელი ცხოვრება და

აკივლებულ ტურებს გადაუყარა მშობლების ნაჯახირები.

ქალბატონი სარა სამზარეულოს სკამზე იჯდა და ფანჯრიდან უცქერდა

ელექტრო ენერგიის ბოძზე ამძვრალ მწვანე უნიფორმიან მოხელესა და ამავე ბოძის

Page 10: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

10

ქვეშ თავმოყრილ ათობით ადამიანს. რაღაცაზე დავობდნენ, შეუჩერებლად

კამათობდნენ. ეტყობოდათ პრობლემის გამომწვევი ზუსტი მიზეზი რომ ვერაფრით

დაედგინათ და, შესაბამისად, კონსესუსითვისაც ვერ მიეღწიათ. ეს უკვე რიგით

მეშვიდე ბოძი იყო, რომელსაც ამოწმებდნენ.

- კიდევ დიდხანს არ ჩართავენ ნეტა ამ შუქს?! - აშკარა უკმაყოფილებას

ვერაფრით მალავდა ქალბატონი სარა, - შუადღის საინფორმაციოსთვის ვერ

მიყურებია. საქმეა ესა? ან რა გაუხდათ ასეთი, რომ მთელი დილაა ვერ გააკეთეს?! -

გაზქურაზე ყავის მეტალის მადუღარა შემოდგა და კოვზით ამოურია, - იქნებ მაგას

თხოვო, ეგ მატლები გარეთ გაათრიოს! - ახალგამოღვიძებულ ქალიშვილს

მიმართავდა, გაბრუებული რომ იჯდა და მატლებთან მოფუსფუსე მეუღლეს

დასცქეროდა არაფრისმთქმელი მზერით.

- მამა რატომ არ მოვიდა? - ჰკითხა მართამ, რადგან კვირა იყო და უქმეს,

როგორც წესი, ქალიშვილის სახლში ატარებდნენ დილიდან დაღამებამდე.

- დღეს ადრე გამოვედი სახლიდან. ნინასთან გამოვიარე - დედაჩემის

ბიძაშვილის შვილის შვილთან. რამხელა გაზრდილა მისი შვილები; უფროსი უკვე

ინსტიტუტშიც კი სწავლობს, - ქალბატონმა სარამ სამზარეულო დატოვა და ცოცხითა

და აქანდაზით მობრუნდა, - მე კი სულ ერთი ციდა მახსოვდნენ. რა უცებ გადის ისე

ეს დრო. მისი ქმარი ისევ დოყლაპიაა. იჯდა და ფრჩხილებს იჭამდა. არც წამოდგა

მოსასალმებლად. ზედაც არ შევხედე. ჰოდა, იმან მკითხა, უფროსმა შვილმა, სარა

ბებია, ძველი დრო გირჩევნიათ თუ ახალიო. რა საკითხავი ეგ იყო ნეტა? მაშინვე

ვუპასუხე, ეს დრო ჯობია-მეთქი. მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, ცოტა კი დავეჭვდი.

რატომ უნდა ჯობდეს ეს დრო? მაშინ ბავშვი ვიყავი, ახალგაზრდა. ბუნებრივია,

ძველი რომ მერჩივნოს. მაგრამ რა აზრითაც იმან მკითხა, იმ აზრითვე ვუპასუხე მეც, -

ყავა გადმოდგა სამზარეულოს დახლზე, - აბა, რა იყო ძველად კარგი? - ორი ფინჯანი

გადმოიღო განჯინიდან და სუფთა ტილოთი გამოწმინდა შიგნიდან, - ის გადაცემა არ

ნახე პირველ არხზე: „ისტორია და მოგონებანი“?

- ნინასთან რა გინდოდა?

- მართლა კარგი გადაცემა იყო. ამაღელვებელი. სულ თვალწინ ჩამირბინა

მთელმა ბავშვობამ, - ყავა ფრთხილად ჩაასხა გაწმენდილ ჭიქებში, - არ გიყურებია?

კიდევ ბევრჯერ გაამეორებენ და ნახე. აუცილებლად უნდა ნახო. ეგ

ახალგაზრდებისთვისაა, თორე მე და მამაშენმა სულ ზეპირად ვიცით რა და როგორ

მოხდა. ჰოდა, იცი რა? დავფიქრდი და მივხვდი, მხოლოდ და მხოლოდ

ახალგაზრდობის გამო არ ღირს მივტიროდე წარსულს.

მართამ ფანჯარა დახურა, ეტყობა იმ ხმაურმა შეაწუხა, გარედან რომ

შემოდიოდა, თუმცა როგორც კი დილის ტუალეტისთვის გავიდა, ქალბატონმა სარამ

კვლავ გააღო და ოთახს დილის სუფთა ჰაერთან ერთად ხმაურიც დაუბრუნა.

- ღვთისო, ვინ იყო მამაშენი? - სიძეს ჰკითხა მოულოდნელად და წინ

ჩამოუჯდა დაბალ სკამზე.

Page 11: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

11

ღვთისომ იცოდა ვინც იყო მამამისი, მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა

სხვებისთვის. მართალია, მართა ყოველ ღამით ცდილობდა ესწავლებინა მისთვის

თხრობის ტექნიკა, თუმცა ხეზე კაკუნი გამოსდიოდა. ღვთისოს დილამდე ყველაფერი

ავიწყდებოდა.

- ღვთისო, დედაშენზე რაღას იტყვი? - არ ეშვებოდა ქალბატონი სარა.

იცოდა, ყველაფერი კარგად იცოდა, თუმცა ვერაფერსაც ვერ იტყოდა. ცოდნა

ერთია და თქმა მეორე.

ღვთისო ვერაფრით ეგუებოდა სიდედრის სტუმრობას და მისი კითხვებიც

აუტანლად ეჩვენებოდა. სულ ცოტას ითმენდა, მერე გაგულისებული

აატყლაშუნებდა ხელებს, არწივი მოფრინდა, არწივი მოფრინდაო, სიდედრს

გამოაჯავრებდა და ეზოში გაიჭრებოდა. სიდედრი კარში დააწევდა ირონიული

მნიშვნელობის გესლიან წინადადებას და სახემოღუშულ ქალიშვილს რომ

შემოხედავდა, მოუბოდიშებდა.

- თავი ვერ შევიკავე, - ეუბნებოდა, - მაგრამ, რავიცი, ყველაფერს აქვს თავისი

საზღვარი.

ქალბატონ სარას მოკაუჭებული ცხვირი ჰქონდა და თვალის ბუდეებიც

ფრინველისას მიუგავდა. ალბათ სწორედ ამის გამო იყო, ღვთისო რომ არწივს ეძახდა,

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ასაკშიც ინარჩუნებდა თავისებურ ხიბლსა და ეშხს,

ლამაზი ქალიაო, ამასაც კი იტყოდნენ მასზე და ტყუილი არ იქნებოდა.

- უნდა დააძალო, თორემ სულ გამოშტერდება; ნუ მაგიჟებთ, ხალხო, რაში

ჭირდება ეს მატლები?! - შვილს უთხრა, - შეაგნებინე რომ ცუდია და გადაუყარე.

მართლა, შვილო, რაღაცა ქენი. ასე გაგრძელება არ შეიძლება!

დედა-შვილმა არ იცოდა, თორემ ამ დროს უკვე ღვთისოს საკუჭნაოდან ცული

გაეტანა და საგულდაგულოდ ლესავდა.

- წუხელ ვილაპარაკეთ მე და მამაშენმა, - განაგრძობდა ქალბატონი სარა

იმდილანდელ ტირადას, - ყოველთვის ვლაპარაკობთ, ვცდილობთ მოვიფიქროთ

რამე. რომ მოვა, დავილაპარაკოთ და იქნებ რამე კარგსა და სასარგებლოს მოვაბათ

თავი, თორემ ყველაფერი უარესობისკენ მიდის. რა, განა ვერ ხედავ? ხომ იცი,

შენთვის რომ ყველაფერი საუკეთესო გვინდა. ვერ მოგცემთ უფლებას, ცხოვრება

საბოლოოდ ჩამოიქციო. ეს ბიჭი მთელ ენერგიას გაცლის. უკეთესობისა ამას არაფერი

ეტყობა. წუხელ მეორე არხზე გადმოსცეს, თბილისში სულით დაავადებულთა და

გონებრივად ჩამორჩენილთა პანსიონი გაიხსნაო. აჩვენეს, ისეთი ლამაზი და

დახვეწილი იყო. საოცარი ეზო ჰქონდა. იშვიათი ხეები. იქაც იპოვის მატლებს.

საუკეთესო ექიმები ყოლიათ თურმე. მთავარი ექიმი გამოვიდა და მაგან ილაპარაკა,

ჩვენი პანსიონი ყველას ჯობიაო და თქვა კიდევაც, რატომაც ჯობია, ახალი

დანადგარებიო. არა, აქაც კი ბევრია ეგეთი საავადმყოფოები, ის, ბროლის კოშკი ხომ

იცი, მდინარის პირას რომ დგას? მართლა კარგი რამეა, მაგრამ ის სულ სხვაა, იმაზე

ვამბობ, თბილისის ახალ პანსიონზე. ღვთისოს ძალიან მოუხდებოდა. ისე,

Page 12: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

12

შეგვიძლია... მართა, მისმენ?

მართა ხან უსმენდა და ხან არა. ამჯერად მისი გონება თავის საძინებლს

დასტრიალებდა. მესამე დღე იყო, რაც ჭერზე ხატვა დაეწყო. ერთ-ერთ მითოლოგიურ

პერსონაჟს სახავდა, ხახადაბჩენილსა და ხელგამოწვდენილს, მედუზასაც რომ ჰგავდა

და ერინიასაც. ქალბატონი სარა კი არ ეშვებოდა, აზრებს უბნევდა და სამზარეულოში

აბრუნებდა. ქმრის მდგომარეობას ყოველი მხრიდან უფასებდა, თუმცა ამის გარდაც

მოყვებოდა სხვა რამეებს. ძირითადად ქვეყნის ამბებს აცნობდა ყველაფრისგან

მოწყვეტილ ქალიშვილს. ქვეყნის ამბებიც ისეთივე მწირი იყო, როგორც სახლის უკანა

ეზო ერთადერთი კაკლის ხით. მაგრამ მაინც ყვებოდა ქალბატონი სარა. თან ოთახსაც

გვიდა და საუზმესაც ეპარებოდა ხანდახან. თვითონ ყავასა და მშობლიურ ფუნთუშას

არაფერი ერჩივნა და ასე ეგონა, ჩემს ქალიშვილსაც ეს უნდა უყვარდესო.

- ჰოდა, იმას გეუბნებოდი, შეგვიძლია ბორჯომის სანატორიუმშიც გავუშვათ-

მეთქი, სულ ცოტა ხნით. ექიმმაც ხომ ეგ თქვა მაშინ, ჰაერის გამოცვლა წაადგებაო. იქ

კი ძალიან კარგი ჰაერია. ჩვენც ჩავაკითხავთ ხოლმე. არ აწყენდა ერთი-ორი თვით

გამგზავრება. ექიმები ოხრად ჰყოლიათ იქ. მიხედავდნენ. იმათ ზუსტად იციან

როგორ უნდა მიხედონ ასეთ ავადმყოფს. აბა, ასე, შენც ცუდად ხდები და ისიც

უარესადაა. ბოლოს ორივეს ბოლო მოგეღებათ. ამაზე ვილაპარაკეთ წუხელ მე და

მამაშენმა. უფრო სწორად, მე ვილაპარაკე. ხომ იცნობ მამაშენს, მხოლოდ თავს

აქნევდა ქეციანივით. ისე, ეგეც რომ გავუშვათ ღვთისოსთან ერთად ბორჯომის

სანატორიუმში სამკურნალოდ, არ აწყენდა, - გაეცინა ქალბატონ სარას და ქალიშვილს

გახედა, თუ ეღიმებაო, - შვილო, რა გჭირს? - ჩაეკითხა და გვერდით მიუჯდა.

ფანჯრიდან ისევ ის მოხელეები ჩანდნენ, ოღონდ ამჯერად სულ სხვა ბოძის

ქვეშ იდგნენ და უფრო ხმამაღლადაც დავობდნენ.

- სულ შეიშალა სამყარო, - დაასკვნა ქალმა და ყავა დაუდგა ქალიშვილს წინ, -

ჭამე, მოგიხდება... კიარადა, დალიე.

ქალბატონი სარა თავის დროზე რევოლუციური მონაპოვარის ერთგული

მცველი იყო. შემდეგ და შემდეგ ნელნელა გული აუცრუვდა, როცა მიხვდა და

გააანალიზა, წყალი რომ შეიცვალა მარტო და კალაპოტი და დინების მიმართულება

კი იგივე დარჩა. თუმცა არაფერს იმჩნევდა - არ იმჩნევდა, რადგან ეშინოდა საკუთარი

თავისა და ღირებულებათა იმ სისტემის პატივისცემა არ დაეკარგა, სიბერის

ზღურბლამდე რომ ერთგულად მოჰყოლია. ქალბატონი სარას მსგავსად ბევრი იყო.

მარტო არც ამ საქმეში ყოფილა. სარა თავს იტყუებდა და თავს მთელი ქვეყანა

იტყუებდა მასთან ერთად.

ბატონი აბესალომიც მომხრე იყო ამ რევოლუციისა და თავიდან მასაც

უხაროდა, ეგონა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ტექნოლოგიური

პროგრესის შეჩერება ადამიანური გრძნობების ენტროპიასაც შეაჩერებსო; ხალხს

Page 13: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

13

ეშველებოდა, კვლავ ეყვარებოდათ პირველყოფილი ლტოლვითა და მგზნებარებით;

ისევე იზრუნებდნენ; დაეხმარებოდნენ; მოკლედ, შიმშილობა აღარ იქნებოდა,

თავისუფალი საზოგადოებრივი წყობა და ჰარმონია დამყარდებოდა, მაგრამ რაღაც

ხანი რომ გამოხდა, შეატყო, თავის მეუღლესთან ერთად რომ გაუფუჭდა

მოლოდინები, უკეთესი ცხოვრება, ერთმანეთზე ჭკუის დაკარგვამდე შეყვარებული

წყვილები და დაპურებული ხალხი კი არა, სახლში თავის გემოზე საცვლების ამარა

მოსიარულე კაცი გახდა სანთლით საძებარი. ამისა და სხვა ბევრის შემყურეს სულ

წაუხდა ლაპარაკის ხასიათი და ბოლოს უკვე ერთი სიტყვა თუ უნებურად

დასცდებოდა, იმ ძაღლის გამომეტყველებას იღებდა, პირიდან რომ ძვალი

გამოსტაცეს. ალბათ რთულია, კაცი რომ ძაღლად იქცევი და სიტყვა ძვალივით

გაგიხდება.

ქალბატონი სარა თავისი თაობის ის იშვიათი წარმომადგენელი იყო, რომელიც

გარდამავალ ეპოქას მოესწრო და თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დიდად

წაადგა. მალევე იპოვნა სამუშაო და წარმატებული და დაუღალავი შრომის წყალობით

მაღალ საფეხურებს მიაღწია. მაგრამ ერთხელ დაშვებულმა შეცდომამ ყველაფერი

გადაწონა.

დიდსა და უშველებელს არაფერს ვამბობთ. ისიც უბრალო მოხელე იყო, თუმცა

მეტი პერსპექტივით. მათემატიკა კარგად ესმოდა და ბუღალტრული აღრიცხვების

სამყაროში თავს ისე გრძნობდა, როგორც არწივი - ცაში. სამსახურებრივმა

მოვალეობამ ხასიათშიც გაიდგა ფესვები და ცხოვრებაზე რიცხობრივი წარმოდგენები

შეუქმნა. ქმრის, ქალიშვილისა და შემდგომში უკვე სიძის ყოველდღიურ მოქმედებებს

გონებაში შემუშავებული სკალებით აფასებდა. ამ მონაცემთა შეჯამების შედეგად

ადგენდა რამდენად კარგად ან ცუდად იქცეოდნენ ისინი.

დაწესებულების მთავარ ბუღალტრადაც იმუშავა რამდენიმე თვეს, თუმცა

შემდეგ ერთ მოლიპულ საფეხურზე ფეხი დაუცურდა და რომ არ დაცემულიყო,

იძულებული გახდა, ჩამოქვეითებულიყო. ჩამოქვეითდა და მთავარი ბუღალტერის

მოადგილედ შეჩერდა. შეჩერდა იმ ორთქმავალივით, დეპოში რომ შეაყენეს

გადაწყობისთვის. დეპოდან ელმავლად გამობრუნდა. მთელი ცხოვრება იქ იმუშავა,

ელმავლად. და მთელი ცხოვრება რიცხობრივი კრიტერიუმებით აფასებდა ოჯახის

წევრებს, ბუღალტრულად.

კაკლის ძირში მდგომსა და ცულშემართულ ღვთისოს მთლად კარგად არ

ახსოვსოვდა ქორწინებიდან სამი წელიწადი რომ სიდედრ-სიმამრის სახლში იცხოვრა.

ის წლები საშინელება იყო მისთვის, მაგრამ რეალურად ახლაც არაფერი შეცვლილა:

მაშინაც ისევე ისე უთვლიდნენ ყოველ ლუკმას, როგორც ახლა; მაშინაც ისევე

აკონტროლებდნენ, როგორც ახლა; მაგრამ განსხვავება მაინც დიდი იყო ძველსა და

ახალს შორის: ახლა უკვე ვერაფერს აცნობიერებდა და სულერთი გახლდათ

ყველაფერი, ლუკმის დათვლაცა და კონტროლიც. მართას კი ის ძველი დრო

ენატრებოდა. ბოლოს და ბოლოს, იქ მართლა იყვნენ ცოლ-ქმარნი და უყვარდათ

Page 14: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

14

კიდეც ერთმანეთი.

იმ სამი წლის განმავლობაში ქალბატონი სარა ადრიანად დგებოდა და

მონდომებით ხმაურობდა. ღვთისო ვარაუდობდა, ამას განზრახ მიკეთებს, რადგან

ჩემი დილის ტკბილი ძილი გულზე ლახვრად ესობა და ბოროტისმზრახველი ჭია

მოუსვენრად უხიცინებსო. მართას ამაზე ეცინებოდა. საღამოს აივანზე გასვლა

უყვარდათ. წამოწვებოდნენ პლედზე და ვარსკვლავების გამოჩენას ელოდნენ. ვინც

პირველი დაინახავდა ცაზე გაჩენილ ვარსკვლავს, ჯილდოდ ერთი კოცნა ერგებოდა.

მართა მაშინ სიყვარულით ანთებულ სიგარეტს ეწეოდა ღერი-ღერზე. დილით

აბესალომი მდუმარე ლანძღვა-გინებით კრეფდა კუპიდონის მშვილდიდან

გამოტყორცნილ სიგარეტის ნამწვებს და იშხამავდა გაზაფხულის დილის

სურნელოვან განწყობას, რასაც შემდეგ სამსახურის წვრილმანი საქმეებიც

დაღამებამდე სულ ერთიანად გაუნადგურებდა. ღამით ღვთისოს ჩურჩული უყვარდა

და საყვარელ ქალს ყურში უჩურჩულებდა თაფლაკვერივით ტკბილ სიტყვებს.

სასიყვარულო აქტის თანმხლები კვნესაც ჩურჩულის აკომპანემენტით

მიმდინარეობდა, თუმცა არც ამას არგებდნენ. ამოახველებდა გვერდითა ოთახიდან

სიდედრი.

სიდედრ-სიმამრთან თანაცხოვრების მესამე წელიწადს მართა

დაორსულებულა. ბედნიერებას შეურყევია თურმე ოჯახი და სიხარულისგან

კედლები აზანზარებულა. ვინ გოგონას ბაჩუჩებს ყიდულობდა და ვინ ბიჭუნას ღამის

პერანგებს. ღვთისოს ის უხაროდა, სახელმწიფო სახლს გამოგვიყოფს და აქაურობას

გავეცლებითო, ხოლო მართას ის ახარებდა, ღვთისოს გაუხარდებაო. სიდედრ-

სიმამრს კი შვილიშვილი უხაროდათ, ოღონდ სწუხდნენ, ქალიშვილი რომ მალე

დატოვებდა მშობლიურ კერას. სამი თვე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ზოგს

სიტყვის ძალით თაფლავდნენ და ზოგს საჩუქარ-დაპირებებით. ბევრიც მოიგონეს,

მაგალითად, ოთხი შვილის ყოლას აპირებენო, ჰოდა, ჭიანჭველის სპილოდ ქცევამ

გაჭრა კიდეც ბოლოს და გამოუყვეს ორსართულიანი სახლი გარეუბნის მშვიდ და

ახალ დასახლებაში.

სახლს არაფერი დაეწუნებოდა: ცენტრალური გათბობა, წითელი ალიზით

გაწყობილი ბუხარი და მარმარილოს ცხაური, სავსე მთვარეობისას მოჭრილი

წიფელას სამზარეულო, ფართო მისაღები, კიბისქვეშა საკუჭნაო, ჭერზე ნაირფრად

გაბრწყინებული ბროლის ჭაღები, ტყავის დივან-სავარძლები, მუხის ავეჯი; მაღლა

სართულზე წაბლის ხის კიბე ადიოდა. მოპარკეტებული დერეფნის ჩაყოლებაზე

ხუთი კარი ჩამწკრივებულიყო. მაღლა სხვენი მოეთავსებინათ და ზედმეტი

ნივთებისთვის სამარადისო განსასვენებელად გამოდგებოდა. ერთი ოთახი მათთვის

და დანარჩენი ოთხი - ოთხი შვილისთვის. მართას უთქვამს, ოთხი შვილი არ გვინდა,

სამი იყოსო და ერთში სახელოსნო მოუწყვია თავისთვის. მერე ღვთისოსაც

დაუჩივლია, სამი რად გვინდა, მოდი, ორი იყოსო და წიგნებისთვის თაროები

დააკიდებინა სახელმწიფო დურგალს.

Page 15: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

15

ბიბლიოთეკაში ბევრი წიგნი ჰქონია. თანადროულ მარგალიტებზე რომ

არაფერი ვთქვათ, წმინდა ლიტერატურის თეორიებზეც ათობით წიგნი ებადა. თუკი

ვინმეს პროფესორობა სურდა ლიტერატურის კუთხით, აუცილებლად უნდა დაეწერა

ერთი ასეთი წიგნი წმინდა ლიტერატურაზე. მანაც ასე დაიცვა თავის დროზე

დისერტაცია. დაწერა „წმინდა ლიტერატურა და წმინდა სიტყვები“. ამ სქელყდიანი

წიგნისთვის განსაკუთრებული ადგილი გამოუყვია და მეორე თაროზე

ჩაუმწკრივებია. ჩაუმწკრივებია იმიტომ, რომ ათი ეგზემპლარი ჰქონდა.

და მაინც, ამ სახლს ჰქონდა ორი ისეთი ღირსება, რაც მეზობელი სახლებისგან

მკვეთრად თუ ვერა, შესამჩნევად გამოარჩევდა: თეთრი, დეკორატიული ჭიშკარი და

რუხი, ჩრდილოეთის მხრიდან ხავსმოდებული - გამხმარი კაკლის ხე.

დეკორატიული ჭიშკარი იმდენად დაბალი რამე იყო, რომ ფინია ძაღლიც

მარტივად გადაევლებოდა. იგი მშვენიერების ესთეტიკის ტიპურ გამოვლინებას

წარმოადგენდა და თვალს ახარებდა. სხვა დანიშნულება ჭიშკრებს არც უნდა

ჰქონდეს, მითუფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არც კრიმინალი არსებობს და არც

მოძალადე ინდივიდუმები, ყოველ შემთხვევაში ჟურნალ-გაზეთებსა და

ტელევიზორში არ ჩანდნენ და არც ვინმე ელოდა მათ გამოჩენას. რაც შეეხება კაკლის

ხეს: მასზე არაფერია სათქმელი, გარდა იმისა, რომ დიდი ხნის წინ გამხმარიყო, ხოლო

ჩრდილოეთის მხრიდან ხავსი დაბადებიდანაც ექნებოდა.

ახალ სახლში გადასვლიდან ერთი თვის თავზე ექვსი თვის ფეხმძიმე მართა

ექოსკოპიაზე წაუყვანიათ მშობლებს, ისე როგორც კანონი და წესი მოითხოვდა.

ღვთისო მაგ დროს თავის სტუდენტებს გამოსაშვებ გამოცდებს უტარებდა და ვერ

მოუცლია. ნეტავ გაჰყოლოდა, ერთ უბედურებას მაინც გაექცეოდა. დაე, ცოლთან

ერთად მოხვედრილიყო გინეკოლოგის კაბინეტში დატრიალებულ ქარბუქში და იმას

არიდებოდა, რა ჯოჯოხეთური ცეცხლიც საგამოცდო აუდიტორიაში დაწვავდა.

სიხალასისა და მზის მოყვარულ ხეებს გაედგა თურმე ფესვები

უნივერსიეტეტის კამპუსის ეზო-მიდამოებში, ჰოდა საყვედურის უსტარი უფრენიათ

უნივერსიტეტის ხელმძღვანელისთვის ეგ ეგრე არ უნდა და ახალგაზრდებს

დაუკრეფავში ნუ გადაიყვან, თორემ რის ჭამასაც მიაჩვევ, რთულად თუ გადააჩვევო.

მასაც მაშინვე შიშით გამოუქექავს ყურები, კათედრის გამგეები შეუჯანჯღარებია და

ასე, ორი ბიჭი და ერთი გოგო ჩააჭრევინეს გამოსაშვებ გამოცდაზე ღვთისოს. ეს

სტუდენტები უნივერსიტეტში ვეღარ დარჩებოდნენ. უნივერსიტეტში კი არა, ქალაქში

ვეღარ გაჩერდებოდნენ. ვერც ქალაქში და ვერც ქვეყანაში. ნაცრისფერი ქაღალდი

გადაუციათ ღვთისოსთვის, წითელი ფერით რომ ეწერა სავალალო, პასუხგაუცემელი

კითხვები. გოგო-ბიჭი უნივერსიტეტის ეზოში კოცნაობდა. მესამე აკრძალულ წიგნს

კითხულობდა სახალხოდ, დერეფანში. ამიტომ, უნდა ჩაჭრილიყვნენ.

გინეკოლოგის საწოლზე გაწვართულ მართას მუცელზე რომ ცივი საგანი

შეახეს, გასცინებია, მაგრამ ექიმის შუმერულად დაწერილმა მოლურსმულმა სახემ

სერიოზულობა უსიტყვოდ მოსთხოვა. დიდხანს უთვალიერებიათ წინიდან და

Page 16: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

16

უკნიდან და შიგნიდან. დიდხანს უკირკიტიათ ექოსკოპიის გამოსახულებისთვისა და

რენდგენზე გადაღებული სურათებისთვის. დიდხანს უმსჯელიათ და დაუყენებიათ

ბოლოს საშველი. განაჩენი ექთანს წაუკითხავს, დაბალს, ფერმკრთალსა და

თვალებჩასისხლიანებულს.

- რატომ ექიმო? - ლამის ხალათის საყელოში ჩაუვლია ხელი ქალბატონ სარას.

ცუდი ამბავი ყოფილა. ძალიან ცუდი.

ბავშვისთვის ანომალია აღმოუჩენიათ.

- ბიჭია თუ გოგო? - მაშინ უკითხავს ბატონ აბესალომს და ბიჭი იქნებოდაო,

უპასუხიათ მერე.

ბავშვს მარჯვენა ფეხზე ექვსი თითი ექნებოდა რომ დაბადებულიყო. უტირია

მართას, იმდენი უტირია, რომ ახალი ნილოსიც აიღებდა სათავეს ღვთისოსა და

მართას სახლიდან. და თავისი საწუხარით შინმობრუნებულ ღვთისოს რომ ამოდენა

ტკივილის მდინარე დახვედრია, ლამის თავით გადაშვებულა და ჩახრჩობილა შიგ.

იმავე კვირის ბოლოს ნაყოფი ამოუკვეთავთ და ურჩევიათ, სექსი თერთმეტ

წუთზე მეტხანს აღარ გაეგრძელებინათ. ასე მათთვისაც უპრიანი იქნებოდა და

მომავალი ბავშვისთვისაც. სხვანაირად იქნებ ანომალიაც განმეორებულიყო. ვინ იცის.

სამყაროში არავინაა დაზღვეული ნორმალური რომ დაიბადება, ან სართოდ,

დაიბადება თუ არა და უარესიც, როცა დაიბადება, სად.

ასე, გადიოდა დღეები, უბავშვოდ, თერთმეტ წუთიანი სექსითა და

გამოუთქმელი ნაღველით, იმ დღემდე, ვიდრე ღვთისო ავტომობილის გამო

საავადმყოფოში არ მოხვდა. მერე უკვე ყველაფერი მთლად ბედუკუღმა დატრიალდა,

იმაზე უარესად, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

ელექტრო ენერგიით მომარაგება აღდგა. ტელევიზორი ჩაირთო და მესამე

არხის საინფორმაციოს წამყვანი ალაპარაკდა, ისიც იგივეს გადმოსცემდა, რასაც

ქალბატონი სარა, თუმცა იმ უბრალო სხვაობით, რომ აქ შედარებით ახალი ამბები

იყო. დაინტერესდა ქალბატონი სარა. ტელევიზორის წინ აიტუზა და მცირე ხნით

ყური უგდმო.

- გაიგონე? - მიმართა ქალიშვილს, - საცენზურო ინსტიტუციის რეფორმას

იწყებენ. ცალკე უწყებად გადაქცევას უპირებენ. მგონი შენი დროც მოვიდა. გახსოვს

მაშინ რომ გითხარი, იმას უნდა დაველაპარაკო-მეთქი? არ მინდოდა ნაადრევად თქმა,

მაგრამ... ხომ იცი, წინასწარ არ ვარგა თქმა... ჰოდა, უკვე ველაპარაკე ბატონ ერმალოს.

აი, იმას, შენს ყოფილ ლექტორს, სახელმწიფო მხატვარს, მაშინ რომ ჩვენსას იყო

სტუმრად, მამაშენის ბავშვობის მეგობარს. წინა კვირას ვნახე. გადაკვრით ვუთხარი,

უმუშევარი რომ ხარ. გადაკვრით კი არა - პირდაპირ ვუთხარი. ისიც გავუმხილე, რა

დღეშიც შენი ქმარია და მითხრა, აუცილებლად გავახერხებ რამესო. ალბათ იცოდა ამ

Page 17: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

17

რეფორმის შესახებ. ახლა უკვე დასჭირდებათ კადრები. შემთხვევით, ხომ არ

გადაგიფიქრებია მუშაობა?

მართამ არაო, მშრალად უპასუხა და ყავა მოსვა. გარეთ ყაყანი გრძელდებოდა.

ბოძზე ამძვრალი კაცი რაღაცას მთელი ხმით ამტკიცებდა.

შუქი კვლავ წავიდა.

- ჯანდაბა! რა ჯანდაბა უნდათ?! - ბრაზით წამოენთო ქალბატონი სარა და

ფანჯრიდან გადაიხედა, - აბესალომ, აბესალომ! - მისდა ბედად თავისი ქმარი

დაინახა დეკორატიულ ჭიშკართან, - კითხე ერთი მაგათ როდის დააყენებენ საშველს!

რა გაუხდათ ეს დენი, კაცო.

ბატონმა აბესალომმა ბოძზე ამძვრალ უნიფორმიან მოხელეს ახედა. ქვემოთ

თავშეყრილთაც მიმოავლო უგულისყურო მზერა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა.

- რატომ არაფრი კითხე? - მიახალა სახლში შესულ მეუღლეს და პასუხი რომ

ვერ მიიღო, უარესად გაბრაზდა, - რა უჟმურობის გოდორად გადაიქეცი ამხელა კაცი?!

რა გეტაკა კი მაგრამ?! - ბატონი აბესალომი სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა და

იდაყვით დაეყრდნო მაგიდას, ცოლმა ფუნთუშა და ყავა დაუდგა წინ, თან ჰკითხა: -

სად იყავი აქამდე? - მაგრამ პასუხს არ დალოდებია, ისე განაგრძო: - დილით მე

ნინასთან ვიყავი. ეგ ხომ მიწისმზომელია, სასაფლაოს მიწების განმკარგველიც; რა

გაცინებს? ფიქრობ რომ ადრეა? საფლავის არჩევა არასდროსაა ადრე. ადრე კი არა,

დაგვიანებულიც კია. ისედაც წნევები მაწუხებს. მართა, იცი რამდენი მქონდა წუხელ?

ას სამოცი ას ათზე. ლამის მოვკვდი. ქვეყანა წამლები დავლიე. აბა, ამას რა უჭირს, -

ბატონ აბესალომზე ამბობდა, - ჰო, შენ რა გიჭირს! არაფერზე არ ღელავ, არაფერი

გაწუხებს, არც რამე გადარდებს. რაც დაბერდი, სულ დარდიმანდად იქეცი.

ყველაფერზე მე უნდა ვიზრუნო, ყველაფერზე მე უნდა ვიღელვო. მივედი,

შოკოლადი მივუტანე თან, ნინაზე ვამბობ, მივედი და მოველაპარაკე. წიწვის ძირას

გამოგვიყოფს მიწას. იცი, რა ლამაზი ადგილია. მოგეწონება შვილო. იტყვი, რა ლამაზ

ადგილზე მარხია დედაჩემიო და ყვავილების მოტანასაც არ დამზარდები. აბა, ამის

იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. ალბათ რომ მოვკვდები, გალოთდება კიდევაც.

- საბრალო დედაჩემი გამახსენდა, - დასძინა ბატონმა აბესალომმა, - რომ

გეკითხა, დღეში ათჯერ მაინც კვდებოდა, მაგრამ თვითონ კი დაიტირა ყველა.

მამაჩემი მისმა წუწუნმა გადაიყოლა.

- უყურე ახლა ამას, - შეჰყვირა ქალბატონმა სარამ, - წუწუნიო. საღი მსჯელობა

და ჯანსაღი აზრი, წუწუნად როდის მერე გადაიქცა? იქნებ შენთვის იყოს კიდეც

წუწუნი, მაგრამ ჩემთვის ეს რეალობაა.

გაჩუმდნენ. ბატონმა აბესალომმა ფუნთუშა ჩაკბიჩა და რაღაც უნდოდ დახედა

მერე. შესაძლოა ძველი ეჩვენა. იყო კიდეც. ორი დღის წინ მოიტანა ქალბატონმა სარამ

და ობის გემოც შეპარვოდა. ფანჯრიდან ისევ ის უნიფორმიანი მოხელე ჩანდა,

ბოძიდან რომ ჩამოდიოდა და ყველას და ყველაფერს საყვედურობდა. იმასაც

იმუქრებოდა, მე მეტს აღარ ავალ, დავიღალეო, თუმცა მაინც მოუწევდა, იმიტომ რომ

Page 18: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

18

ელექტრო ენერგია კვლავ არ აღმდგარიყო.

- უმაქნისები, - ჩაილაპარაკა ქალბატონმა სარამ, - შვილო, შენს ქმარს არ შია?

ეგეც მე რატო უნდა მახსოვდეს? - დაინტერესდა ქალბატონი სარა და უკანა ეზოს

ფანჯრიდან გაიხედა, - აუჰ, - აღმოხდა, - მგონი რაღაცას ცუდს აპირებს ეს კაცი, - მათ

ეუბნებოდა, - მართა, გესმის? ნაჯახი უჭირავს ხელში შენს ძვირფას ქმარს.

სკმაიდან წამოიშალა მართა და კარიდან სწრაფად გავიდა. წითელი წინდების

ამარა იყო. თვალებზე ჩამოყრილ თმებს იწევდა გზადაგზა.

- ღვთისო, რას აკეთებ? - ჰკითხა, როცა მიუახლოვდა.

- რაღაცას მოიწევს, გამოართვი ეგ ნაჯახი თუ შვილი ხარ! - ფანჯრიდან

გამოსძახა ქალბატონმა სარამ ქალიშვილს, თუმცა თავისი აზრი მალევე დაიწუნა და

ახლა ქმარს მიმართა: - აბესალომ, აბესალომ! - თან ხელით უჯიკა, - მიდი, თუ კაცი

ხარ, შენ თვითონ გამოართვი!

მართლაც რომ ცუდად ეჭირა ღვთისოს ცული. თითქოს ვერავის ამჩნევდა მის

გარშემო. მხოლოდ გამხმარ კაკალს აჰყურებდა და ფიქრობდა, იცდიდა, რაღაცას

ელოდებოდა.

- გამოდი, გამოეცალე! - ბატონმა აბესალომმა თქვა.

დაიბნა მართა. ვეღარ გაეგო რა ექნა.

- უბრალოდ ხის მოჭრას აპირებს, - აუხსნა მამამ, - არაუშავს, მოჭრას და

დაისვენოს. მაინც არაფრად ვარგა, გამხმარია და დიდი ხნის წინ უნდა მოგვეჭრა.

„წმინდა წიგნი და უმანკოება“.

საუკეთესო სახელმძვანელო შეუდგენია უნივერსიტეტის პროფესორ ღვთისოს

თავის დროზე და სახელმწიფო გერბით დამშვენებული დიდი სიგელი გადაუციათ

სახსოვრად, დამსახურებისთვის. სულ მალე კი - წმინდა ლიტერატურის კათედრის

ხელმძღვანელის მოადგილედ დაუწინაურებიათ. წიგნმა სახელი რომ უსაშველოდ

გაუთქვა, უნივერსიტეტს გადაუწყვიტავს, ამავე კათედრის ხელმძღვანელი მოხუცდა

და პენსიაზე გასვლის ხანმა მოუწიაო. ღვთისოსაც მხარი დაუჭერია ამ

მოსაზრებისთვის და თავისი ყოფილი უფროსისთვის ხელი თავჩაქინდრულს

ჩამოურთმევია დამშვიდობებისას. ერთი სიტყვით, ღვთისო წმინდა ლიტერატურის

კათედრის გამგე გახდა და ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია, ეგ მერე იყო,

სინდისის ხმამ რომ შეაწუხა.

„უწმინდური წიგნები და ბილწი აზრები“.

ელიტისთვის, ცენზორებისთვისა და კრიტიკოსებისთვის დაუწყია წიგნის წერა

ღვთისოს. საგამოცდო აუდიტორიაში მისთვის გადაცემულ ნაცრისფერ ქაღალდზე

წითლით დატანებულ ჩამჭრელ კითხვარს აღუძრავს მსგავსი წადილი. ხომ უნდა

ვიცოდე, რატომ და რისთვის თუ არა, როგორ ვჭრი ბავშვებს გამოცდაზეო. ამ

ნაშრომით აპირებდა ბიწიერი ლიტერატურის მხილებასა და წამიერ გამოაშკარავებას,

Page 19: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

19

ეს იქნებოდა ერთგვარი კრიტერიუმი სხვათა ნაწარმოებების შესაფასებლად.

დასრულების შემდეგ ნაშრომს აჩვენებდა ქალაქის საცენზურო განყოფილებას,

მოწონების შემთხვევაში წიგნს ქალაქის საშუალო საბჭოს წარუდგენდნენ, შემდეგ

ესენი გადახედავდნენ და დასამტკიცებლად გადასცემდნენ აღმასრულებელ საბჭოს

და ბოლოს, დიდი ჭაპანწყვეტის შედეგად, რაღაცას გადაწყვეტდნენ. უზარმაზარი

ბიუროკრატია იყო საჭირო. დიდი გზა იყო გასავლელი სტამბამდე. მოვიდოდა დრო

და ამას ეშველებოდა, თუ ვერ ეშველებოდა, იმას მაინც იტყოდნენ, ხელნაწერი ერთი

დაწესებულებიდან არ გადის და აჰა, გამოსწორდა აბა რა ქნაო: მცირე, საშუალო და

დიდი ცენზორის ინსტიტუტი დამკვიდრდებოდა და ყველა წიგნის ბედს ისინი

გადაწყვეტდნენ ყოველგვარი საბჭოების გარეშე.

ახალი სახელმძღვანელოს შესადგენად ბევრი წიგნი გამხდარა საჭირო. ისიც

ავსებდა ბლანკებს და ითხოვდა და ითხოვდა ეროვნული წიგნსაცავიდან არაწმინდა

წიგნების გროვას - ნამდვილ ხალტურასა და თავისტკივილს. ადრე ფიქრობდნენ

დაეწვათ თუ არა, მაგრამ ვიღაც ოქსიმორონმა - ანუ ჭვკვიანმა ყეყეჩმა გააჟღერა ძველი

კაცის სიტყვები, სადაც წიგნს დაწვავთ, იქ ადამიანსაც კარგად დაწვავთო. ჰოდა,

ნახევრად დაუჯერეს. თვითონ ამ სიტყვების გამჟღერებელი კი აღარასდროს უნახავს

ღვთისოს, თუმცა სახელი მაინც შემორჩა მისი: კორნელი. დიახ, კორნელი, რომელიც

ღვთისოს ცხოვრების ხაზს ირიბად კიდევ მრავალჯერ გადაკვეთდა.

უწმინდური წიგნები უნივერსიტეტმა გამოუწერა, უნივერსიტეტს -

აღმასრულებელმა საბჭომ, აღმასრულებელ საბჭოს - თავად წიგნსაცავმა და ბოლოს,

რამდენიმეთვიანი ბიუროკრატიული ოდისეას შედეგად, ღვთისოსთანაც მისულა

კარგად დალუქული შავი წიგნები, ყდაზე რომ არაფერი ეწერათ, ტიტული ბარე მეათე

გვერდიდან იწყებოდა და მანამ ათას ერთი გაფრთხილება დაეტანებინათ წითელ-

წითელი ძახილის ნიშნებით. იცოდნენ, როგორ დაეფასებინათ წიგნები. მასაც

დაუწყია კითხვა. როცა მეცნიერულ ნაშრომს წერ, კარგად უნდა ფლომდე საგანს,

სულით ხორცამდე. ღვთისოსაც სცოდნოდა ეს და უნივერსიტეტსაც, და საბჭოებსაც,

და წიგნსაცავსაც.

უწმინდურ წიგნებს არაცნობიერში ღრმად ჩაყურყმულავებული გარდასულ

დღეთა მოგონებები ამოუტივტივებია ღვთისოსთვის. დედა, მამა, ოჯახური სითბოს

დანაკლისი, მშობლებისა და ბავშვობის ნაადრევი გარდაცვალება, უპატრონოთა

ბავშვთა სახლი. წერდა ნაშრომს და უწმინდური სიტყვები ეპარებოდა. უწმინდური

სიტყვებიდან წინდადადებები გამოდიოდა და გლეჯდა ფურცელს. თავიდან

იწყებდა. წერდა წმინდა წინადადებას და უწმიდური აზრი იბადებოდა. ჯღაბნიდა და

თავიდან იწყებდა. წერდა წმინდა სიტყვებს, წმინდა აზრებითა და წმინდა

წინადადებებით, თუმცა არსი უწმინდური გამოდიოდა. სანაგვე ურნა აივსებოდა,

ცლიდა და ახლიდან ავსებდა.

მიმხვდარა ღვთისო, წიგნს ვერ გავაგრძელებო. უბრალოდ არ გამოვიდოდა.

როგორ გამოვიდოდა? აბა რანაირად, როცა მთელი არსებით გრძნობდა, რომ წიგნების

Page 20: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

20

ასე ორ კატეგორიად დაყოფა, წმინდად და არაწმინდად, წარმოუდგენლად რთული

იყო - რთული კი არა, აბსურდული. თქვა, წიგნი ან ცუდია ან კარგიო, ყოველგვარი

კლასიფიკაციის გარეშე. წმინდასა და არაწმინდას თურმე ადრე ღმერთებიც ძლივს

საზღვრავდნენ ერთმანეთისგან. ჰოდა, დაულუქავს უწმინდური წიგნები და სხვენში

აუტანია. შეუჩურთავს ყველაზე ბნელ კუნჭულში და ჩამოუკეტავს კარი.

უნივერსიტეტიდან ცამეტი ბავშვი გაერიცხა სემესტრის ბოლოს. რექტორს

უხაროდა, იკლო გარიცხულთა მაჩვენებელმაო. სილოგიზმი კარგად, უფრო სწორად,

თავისებურად ესმოდა და დაუსკვნია, რომ ეს სწავლებისა და განათლების დონის

ზრდაზე მიანიშნებდა. უქია და უდიდებია ღვთისო. ოქროს მედლებსა და წითელ

სიგელებს დაჰპირებია. მადლობა გადაუხდია ღვთისოს, არ ვარ მაგდენის ღირსიო,

ესეც კი უთქვამს და შემდეგ, ძლივს მოუხერხებია გაპარულიყო სახლში. არც უჭამია,

არც უბანავია, ასე, ცივოფლდასხმული დიდხანს მდგარა თავის ბიბლიოთეკაში და

რაღაც ავი მზერით აჰყურებდა წიგნებს. მერე ჩამოუშლია სხვენის კიბე და აუზიდავს

ყველაფერი მაღლა.

შემდეგ უკვე მართასთვის უთქვამს, უნივერსიტეტიდან უნდა წამოვიდე და

ცხოვრება სხვაგვარად მოვიწყოთო.

მართლაც რომ სხვაგვარად მოიწყვეს ყველაფერი, ალბათ ენამ თუ უყივლა

მაშინ ღვთისოს.

შემდეგი დღე დილით დაწყებულა. რატომღაც ასე გადაუწყვიტავთ ოდითგანვე

ადამიანებს. მათაც რომ ელექტროენერგია ჰქონოდათ, შესაძლოა დღე ღამიდან

დაწყებულიყო. რასაც ეჩვევი, რთულად თუ გადაეჩვევიო. თავისი წიგნი სჭერია

ხელში, ის, სახელი რამაც გაუთქვა და ფაკულტეტის გამგეობა მოახელთებინა.

მიდიოდა უნივერსიტეტისკენ, ფიქრებს მიჰყვებოდა ოღონდ. ფიქრებმა კიდე შორს

იციან წაყვანა, იმაზე შორს, ვიდრე უნივერსიტეტია, უნივერსიტეტი კი არა, ვიდრე

დედამიწაა. დედამიწის შემდეგ კი აღარაფერია. ისევ უკან უნდა გამოიხმო შენი

ფიქრები და შეიგნო, რომ დასაკარგი ძალზედ ცოტაა, თითქმის არაფერი. რა

გამიკეთებია? რისი გაკეთება შემეძლო? სხვაგვარად ხომ არ უნდა მემოქმედა? აი, უკვე

ამ კითხვებს ჭაღარა მოსდევს და ფიქრებს მთვარემდეც მიჰყავხარ და ხვდები, რომ

შესაძლოა დედამიწის მერეც იყოს რამე. და მთვარიდან ისევ უკან ბრუნდები და

ჩახვდები, რომ დასაკარგი ყოველთვის ბევრია, თითქმის ყველაფერი.

უნივერსიტეტთან მისულს თავისი წიგნი გადაუშლია და ჩაუხედავს ერთი

აბზაცისთვის, იმისთვის, რაც ძალიან ჰყვარებია, ციტატად რომელიც მიაჩნდა, რითიც

ხაზგასმით უტრირებდა და მთელ ქვეყანას უჩვენებდა. თუმრე ხმამაღლა სურვებია

ამოეკითხა, კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ყველასთვის უნდა ეთქვა დიდი

სიმართლე, მისი სიმართლე, რომ ეს იყო არარაობა.

ვეღარ მოუსწრია. ასფალტზე გასრიალებული საბურავების სასიკვდილო ხმა

გაუგია მხოლოდ და ფერიც გაურჩევია სიკვდილის მაცნე ავტომობილისა -

ტრივიალურად შავი. შავი ფერი და შავი ლანდები, ავადმყოფობის ადრეულ

Page 21: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

21

პერიოდში რომ ყველა ადამიანის სხეულში ამჩნევდა ღვთისო.

მოკლედ, ექვსთითა ანომალიის მოშორებიდან სამი წელიწადი ისე გასულა,

რომ მართას ბავშვი არ დარჩენია. შესაძლოა თერთმეტ წუთიანი სექსი იყო ცოტა

მათთვის. ცოტა ან ზედმეტი. ამას მხოლოდ ექიმი თუ გაარკვევდა ზუსტად, მაგრამ

რატომღაც ამაზე არც მართა დაფიქრებულა სერიოზულად და არც ღვთისო. თუმცა

სხვა ფიქრობდა. მაგალითად, სახელმწიფო ქონების მართვის ინსპექტორი, რომელსაც

ბოლო ვიზიტისას ინკვიზიტორის მზერით შეუფასებია ყოველი კვადრატული

მეტრი. კითხვები დეტექტივივით დაუყრია ცოლქმარისთვის და ყველა პასუხს

ჟურნალისტივით აღნუსხავდა ბანკირის წითელ წიგნაკში. და ამის შემდეგ, ერთი

წლის თავზე, სახელწმიფო ქონების ინსპექტორი რომ მობრუნებულა, ღვთისო

ინვალიდის ეტლში მჯდარი დახვედრია და მართა დორბლს სწმენდდა გამხმარი

კაკლის ხის ქვეშ. კიდევ ერთი წელი გვადროვეთო, მართას უთქვამს და თავი

დაუკრია ინსპექტორს, იქედნურადაც ჩაუცინია და წასულა, მაგრამ სამი თანაშემწით

მობრუნებულა. ალბათ ფიქრობდა, სალემის კუდიანებს ჩავავლე და ეშაფოტზე

ასაყვანად მარტოს ვერ გავუმკლავდებიო. სხვენში ავარდნილა მართა. წიგნები

ჩამოუტანია. წმინდა ლიტერატურას წერს ჩემი ქმარიო. ყასიდად დაუხედავთ. ესეც

მისია და ესეცო. არ უკმარიათ. მერე მედლები ჩამოუტანია მოსარჩლედ. ქვეყანა მისი

მადლიერიაო, ამტკიცებდა. ამაზე მხრები აუჩეჩავთ. ბეჭედდასმული სიგელების

დასტა; პროფესორობა; კათედრის გამგეობა; ლექციებს კითხვა; ბავშვების ჩაჭრა;

პატრიოტობა; კიდევ? მეტი რაღა? კიდევ! მართას ვეღარ გაუძლია, კუთხეში

მიმწყვდეულს თვალებში უმწეო რისხვის ცრემლი ჩასდგომია და სხვა გზა რომ აღარ

დაუტოვეს, უკანასკნელი, დამამცირებელი ხვეწნა-მუდარის ფერი კოზირი ამოუღია.

მაშინ კაკლის ძირას ეტლში იჯდა დორბლდადენილი ღვთისო და კაკლის ხე

რისხვის ზარს სცემდა, ხოლო ახლა უკვე თავად კრთოდა გამხმარი კაკალი ღვთისოს

წინაშე, ღვთისოსა და იმ ცულის წინაშე, ღვთისოს რომ ჰაერში შეემართა და წამი-

წამზე სასიკვდილოდ დაჰკრავდა.

გამხმარმა ხემ ყრუ გმინმვა გამოსცა და ატირდა თითქოს. გაუფერულებულსა

და ფესვებგამომპალს ჯერაც ედგა თურმე სული სხეულში. ნესტიანი და ქორფა იყო

შიგნიდან და ყოველი დარტმის სიმწარეს ავბედითად განიცდიდა. საშინელია ჩაცემა

მეტალის ბასრი პირისა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და იქამდე, ვიდრე ხელი არ

დაეღლება ცულის მომქნევს. მხარი იცვალა ღვთისომ. სიმძიმის ძალა მარცხენაზე

გადაიტანა. ბოლოს მაინც დაიქანცა, გამოეცალა ყველა ძალა. დააგდო იარაღი და

მიეყრდნო კაკლის ხეს ხავსმოდებული მხრიდან. სცადა მზეს დამალვოდა. მზის და

ოჯახის წევრების მწველ მზერას. როდის დაიკარგა ღვთისო? როდის დაეცა

გონებრივი დამბლა პირველად? როდის შევიდა ჩიხში? როდის მიხვდა სულ

Page 22: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

22

პირველად, რომ სხვაგვარად უნდა ემოქმედა? აგონდებოდა ბავშვობა. იხსენებდა

მტკივნეულ წამებს, იმ ტრამვებს, რისი გადატანაც მოუხდა. ნუთუ მათ გამო

დაიკარგა? ნუთუ ამ ტრამვება დასცა დამბლა მის აზროვნებას? ნუთუ ყველა ტრამვამ

ერთად შეაყენა გამოუვალ ჩიხში? არა, არცერთი ტრამვის გამო, ტრამვები ვერ

მოდრეკს და ვერ გატეხს ადამიანს. მაშ, რა იყო? რას უნდა დააბრალოს ღვთისომ? ვის

უნდა დააბრალოს? თავის მშობლებს? თავის წინაპრებს? კაცობრიობას? აზროვნებას?

კითხვები ბევრი იყო, იმაზე ბევრი, ვიდრე თავად მიზეზები და მათ საპასუხოდ ძალა

არ შესწევდა ღვთისოს, არ ჰქონდა უნარი იმისა, გამკლავებოდა ამდენს ერთად. ჯერ

ხომ ეს ხე იდგა ფეხზე? ჯერ ეს გამხმარი კაკალი იყო სამუდამოდ ამოსაძირკვი

მიწიდან.

- მოდი, აბა, მეც ვსინჯო, - პერანგი დაიკოტავა ბატონმა აბესალომმა და ცული

აიღო, - ცოტა იქეთ გაიწიე, ბიჭო, თუ შეიძლებოდეს! - მხიარულად სთხოვა სიძეს და

ახლა უკვე მან დასცხო ხეს.

სიმამრს ღვთისო ჩაენაცვლა. ღვთისოს ისევ სიმამრი და საღამოს პირზე კაკლის

ხე გადაიხარა დასავლეთისკენ და მერე უკვე მალე დაასკდა ზათქით ზედაპირს. მისი

დაცემაც ისეთივე უხეში იყო, როგორც აღზევება, თავის დროზე. ბატონმა აბესალომმა

ოფლი პერანგის კალთით მოიწმინდა შუბლიდან და ღვთისოს ხელი გაუწოდა.

მდუმარე თავის დაკვრით მიულოცეს ერთმანეთს ეს გამარჯვება. არცერთს უთქვამს,

რისთვის მოჭრეს გამხმარი კაკლის ხე. ალბათ იმიტომ, რომ გამხმარი იყო. ამას თქმაც

არ უნდოდა.

მერე იდგა და დაცემულ ხეს უყურებდა. დაეხმარა ბატონი აბესალომი,

ელექტრო ხერხი მოიტანა და დააჭრევინა კოტრებად.

მერე იდგა და კოტრებად დაჭრილს უყურებდა. რა გინდა, რომ გავაკეთოთო,

ჩურჩილით ჰკითხა ბატონმა აბესალომმა.

საყდარი უნდოდა ღვთისოს, თავისი, პატარა, კოხტა და ლამაზი, ისეთი,

რომელიც დაშენდებოდა კაკლის ხის ადგილზე და ვეღარაფერი დაანგრევდა,

თითქმის ვერაფერი. ამაშიც დაეხმარებოდა ბატონი აბესალომი და ერთად

ააშენებდნენ პატარა ფარდულს, კოხტას, ძოწეულისფერი სახურავით.

ბატონ აბესალომს მოჰქონდა მასალები. ბატონ აბესალომს მოჰქონდა იარაღები.

ბატონ აბესალომს უფრო სურდა, მალე დაემთავრებინათ წამოწყებული. რთული და

საჩოთირო არაფერი იყო. ასეთ ფარდულებს ადრე ყველა სოფელში აგებდნენ. ზოგს

საქონლისთვის, ზოგს მარცვლეულისთვის და ზოგს კიდევ ისე, უბრალოდ,

დანიშნულება რომ არ ჰქონდა და ხან რად იყენებდნენ და ხან რად. ერთი ასეთი

საყდარი ყველას უნდა ჰქონდეს. ვინ იცის, როდის რაში გამოიყენებს.

დასრულდა თუ არა მშენებლობა, ბედნიერი ღვთისო მოუსვენრად დარბოდა

Page 23: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

23

სახლიდან ფარდულში, ფარდულიდან სახლში. საჭირო ნივთებით, წიგნებითა და

ინვენტარებით ავსებდა და ამარაგებდა ახალ სახლსა და სამუშაო კაბინეტს.

ნამდვილი სულიერი გარდატეხა, პიროვნული განვითარების მარათონი და

ფიზიკური ძვრები ფარდულის აშენების შედეგ დაიწყო. ყველაფერ ამაში თავისი

გარკვეული როლი ბურთაჭიებმაც შეასრულეს, თუმცა გაბრიელის გამოჩენამ

ყველაფერი ელვის სისწრაფით დააჩქარა.

ვერ ვიტყვით რომ გაბრიელს არ ელოდებოდა. პირიქით, მოუთმენლობისგან

სუნთქვაც კი ეკვროდა. არაერთხელ უკითხავს მართასთვის, რამე უჩვეულო ხომ არ

შეგინიშნავს ეზოში ან სახლშიო. მართა ვერ ხვდებოდა შეკითხვის არსს და

ყველაფერს იმ პრობლემებს აბრალებდა, პოსტტრამვულ ეტაპზე რომ ახასიათებდა

მის მეუღლეს: შავი ლანდები, მოჩვენებები, ვიღაც მელკიადესი, პეპლები და ასე

შემდეგ. თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,

ღვთისო გაბრიელს ელოდებოდა და ეს დღეც დადგა.

და ეს დღე დადგა მაშინ, როდესაც ღვთისო ფარდულის კარს გრძელ სამსჭვალს

აჭედებდა, რათა ბოშა მელკიადესის ნაჩუქარი სუფთა პერგამენტი

დემონსტრაციულად გამოეფინა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩაქუჩის პირი

ლურსმანზე აუცდა და თითზე დაირტყა. სიმწრის ელვა გაუკრთა თვალებში.

მინდორში დავარდა და სულის ბერვას მოჰყვა. ტკივილი მაშინ გადაავიწყდა, როცა

მის წინ, ბალახზე, იმან ჩამოიარა: ბაკნიანმა, თავტლიპინამ, უცნაურპირიანმა და

ბოტოტთათებიანმა. ღვთისომ სახე ახლოს მიუტანა რეპტილიას. კუმ ფრთხილად

დამალა ჯერ თავი და მერე ფეხები. ზურგზე მიუკაკუნა. გამარჯობაო, უთხრა და

გაუცინა.

გულში ჩახუტებული შეიყვანა ფარდულში, ბურთაჭიათა დასსა და ასმეთაურ

ნესტან-ავთანდილს წარუდგინა, იცნობდეთ, კუგაბრიელიაო და მოჭრილი კაკლის

კოტრზე დააბრძანა დიდი ხნის წინ დაპატიჟებული სტუმარი.

ღვთისო სწრაფად იზრდებოდა, თუმცა გვერდითი მოვლენები სავიშვიშო იყო

და მართა ამაზე სწუხდა და ღელავდა. ერთხელ ბატონმა აბესალმომმაც კი ხელი აიღო

თავის უენობაზე, პირს ურდული ახსნა, შევიდა ღვთისოსთან ფარდულში და შეეცადა

მისთვის შეეგონებინა რამე.

ღვინო და ორი ჭიქა შეიყოლა თან. დავლიოთო, შესთავაზა. დალიეს კიდეც.

ბატონმა აბესალომმა მთელი ის დრო იმაზე ისაუბრა, თუ როგორ გაჯახირდა ის და

ქალბატონი სარა, ეს ერთადერი ქალიშვილი რომ შესძენოდათ. მოკლედ,

ყველანაირად ახვედრებდა, მართა ჩვენი მზე და მთვარეა და გთხოვ, მიხედე,

ნაადრევად ნუ დააბერე და დააბეჩავეო, თუმცა ღვთისომ ვერაფერი შეისმინა

სიმამრის სახვეწარიდან. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. განზრახ ალაპარაკდა იმ

საკითხებზე, რაც ბატონ აბესალომს არაფრად ეპიტნავებოდა. განიხილავდა წმინდა

და არაწმინდა წიგნების არსს, მსჯელლობდა ზოგიერთთა შეხედულებებზე,

Page 24: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

24

აბათილებდა თეორიებს, აბუჩად იგდებდა სუსტ და უსუსურ იდეებს, დასცინოდა

ცრუ მტკიცებულებებს. და ამას მარტო როდი აკეთებდა, პარალელურად იმოწმებდა

კუგაბრიელს და ბურთაჭიათა დასს. ეკითხებოდა მათ, ეს ხომ ასეა და ის ხომ ესეო.

ბოლოს მობეზრდა ბატონ აბესალომს ღვთისოსა და მისი მატლების სმენა, თავი

ჩაქინდრა და გამოვიდა ფარდულიდან მცირედ შეზარხოშებული და ფარ-ხმალ

დაყრილი.

ღვთისო მთელ დღეებს ფარდულში ატარებდა. წერდა და წერდა, კალმის

წვერს არ ასვენებდა. ძველის გაგრძელება გადაეწყვიტა, იმ სახელმძღვანელოსი,

რომლის წამოწყებამ ლამის ფატალურ დასასრულამდე მიიყვანა - „უწმინდური

წიგნები და ბილწი აზრები“. იჯდა თავის ფარდულში, უწმინდური წიგნებითა და

წმინდა წიგნებით ხელში და მათგან გამომდინარე ქმნიდა ახალ ორიგინალურ

ტექსტს, ისეთს, რომლის იმედი ექნებოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება, რის გამოც

ცხრა მთასა და ცხრა ზღვას გადალახავდა კუსთან, ბუსთან და ბურთაჭიებთან

ერთად, რომლის მოიმედე ყველაფერზე უარს იტყოდა და რომელიც ყველაფერს

დააკარგვინებდა მასაც და იმასაც, ვინც ამ წიგნს სამომავლოდ შეეხებოდა კარგად თუ

აუგად. ერთი სიტყვით, ეს წიგნი დაწყების დღიდანვე ყველაზე საზარელი და

გაუგონარი შელოცვებით იწყევლებოდა.

მართამ სამსახური იშოვა. მხატვართა კავშირში მცირე ცენზორის მეორე

თანაშემწის ადგილი გამოუძებნეს. თავიდან უგულისყუროდ შეუდგა საქმეს, თუმცა

მერე და მერე გულმოდგინებით ამხელდა უწმინდურ ჩრდილებისა და ბიწიერ

ნაკვთებს შავ-თეთრ მხატვრობაში. პრინციპში, არც გაუჭირდებოდა. ბოლოს და

ბოლოს, საკუთარ სახლში იმდენი არაწმინდა ნახატი ჰქონდა, შორიდან, უბრალო

თვალის შევლებით, ამოიცნობდა რომელი იყო გადახვევა წმინდა რელსებიდან და

რომელი არა. დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა. ცდილობდა ხელი არ

შეეშალა ღვთისოს მწერლობისთვის, მაგრამ ერთი კი იყო, რომ გულში რაღაც

საზარელის ბრჭყალი კაწრავდა. სადღაც გულის სიღრმეში იმასაც აცნობიერებდა,

ვჭკნებიო და წუხდა, თავის ქმარს რომ მისთვის აღარ ეცალა. ღალატი გულში არ

გაუვლია. მას მხოლოდ ის სურდა, თავის ქმართან ოდითგანვე დაწესებული ცოლ-

ქმრული მოვალეობა შეესრულებინა. როცა ველური, პირველყოფილი სურვილი

შემოაწვებოდა, ფარდულიდან შემობრუნებულ ქმარს ვნებიანად წაეთამაშებოდა,

გაუღიმებდა, თმაში ხელს შეუსრიალებდა, თუმცა ღვთისოს შარვლის უბე

დღენიადაგ დუნე იყო და არაფრისმომცემი, არც რამეს მთქმელი.

მაშინ, როცა ღვთისო ცუდად იყო და ვერაფერს გრძნობდა, მართამ ჭერს

მედუზას მსგავსი ხახადაბჩენილი ერინია მიახატა. ჰოდა, ცოდვა გამხელი ჯობია და,

მართა ჭერზე მიხატული ერინიით იკმაყოფილებდა იმ ჟინს, რასაც ფიზიონომია

ულტიმატუმის სახით უყენებდა. ერიანიას აყალყულ თმებში, გველებში, მამაკაცის

Page 25: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

25

გენიტალიას ხედავდა იმ დროს, როცა საკუთარი თითებით ამუშავებდა

განაყოფიერებისთვის მზადმყოფ ცხელ და ნოტიო ნიადაგს. უცქერდა გველებს და

ისინი თრთოდნენ, სწორედ ისე, ზუსტად ისე, როგორც ახსოვდა და როგორც

ახასიათებდა ღვთისოს ბარის ტარს, როდესაც ხელით ეხებოდა ვიდრე ნიადაგში

მოათავსებდა.

გადაიარა ახალმა წელმა, რომელიც ისეთივე უღიმღამო იყო, როგორც წინა ან

იმის წინა წელს. პალმის რტოსავით ნაძვის ხე მხოლოდ დღისით ჩანდა. ღამით

ციმციმების არქონის გამო ოთახის კუთხის წყვდიადის ნაწილი ხდებოდა:

მიჩუმათებული და გამქრალი, თითქოს არც არასდროს არსებულა. ახალი წლის

საღამოს ოჯახმა მაგიდასთან მოიყარა თავი. ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისგან.

ამათგან ორი ყველაფერს გამოთიშვოდა, ერთი უთქმელობით, მეორე თავისი

დაუოკებელი და ლაგამამოუდებელი აზრებით. მესამეც სადღაც ამ გზს შესდგომოდა.

ერთადერთი, ვინც მათ ქვეყანაზე აკავებდა და რაღაცას ცდილობდა - ქალბატონი

სარა. მანვე მოამზადა ვახშამი, მანვე გააწყო სუფრა და მანვე სცადა ძველი,

ადრინდელი ახალი წლის განწყობის შექმნა ბუხრის დანთებით. ნაძვის ხის

ციმციმებსაც შეუჩხიკინა, თუმცა ვერაფერი გააწყო. არავის არაფერი უჭამია, თუ არ

ჩავთლით ღვთისოს, რომელსაც ვერანაირი ტკბილეულობა ვერ გადაურჩა.

ახალი წლის დღეებში მოსულმა თოვლმა თეთრად გადაფარა მომწვანო გაზონი

და ფარდულის ძოწეულისფერი სახურავი, თეთრად ათოვდა სახლს და ათოვდა

დეკორატიულ ჭიშკარსაც, მთელ ქვეყანას ათოვდა თეთრად, ჩუმად, თავისებურად.

შორეული მთებიც უმანკოდ გადაქათქათა. არასდროს ბეზრდება ბუნებას ფუნჯის

მოქნევა. ყოველწლიურად აფერადებს და აფერადებს, დაუღალავად.

ფარდულში იჯდა ღვთისო. სიცივისგან ხელები დასივებოდა, მაგრამ მაინც არ

წყვეტდა მუშაობას. მართას მოთხოვნით თბილი ქურქი ეცვა, ქუდი ეხურა და შარფიც

შემოეხვია, ხელთათმანებზე კი ვერაფრით დაიყაბულა გაჯიქებული კაცი, მუშაობაში

ხელს შემიშლისო. პირიდან ორთქლი ამოსდიოდა. ციოდა ფარდულში და ამ სიცივეს

კარზე მიჭედებული პერგამენტიც იგრძნობდა. მართა შედიოდა. აიღებდა

ხელნაწერის ერთ გვერდს და შეავლებდა თვალს. ეტყოდა, კუგაბრიელი მაინც

შეიცოდე და შემოდით სახლში, ცოტა შეთბითო. არ ეცოდებოდა და არც სახლში

შედიოდა. ისე, არც რამე სჭირვებიათ საცოდავი. პირიქით, არხეინად გრძნობდნენ

თავს: ღვთისო წერდა, კუ ჭამდა ბოსტნეულს, იყო თავისთვის და დარდიმანდულად

დააბოტებდა, ბურთაჭიები კი მათი ბუნებისამებრ - უშფოთველად ფუთფუთებდნენ.

Page 26: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

26

ოცდაცხრა თებერვლის საღამო ზამთრის უკანასკნელ დღეს ჩაკლავდა. უკვე

აღარც თოვლი იდო და აღარც იმდენად სუსხავდა. დასავლეთის უკიდურესი

კიდეებიდან ნახევრად დეკორატიული დიდი მზე გამოანათებდა ხოლმე და თავისი

მატყუარა სხივებით სითბოს თუ ვერა, ენერგიასა და ფერებს მაინც აწვდიდა შორეულ

დედამიწას. ეს უმადურობისგან გადარეული პლანეტაც მისით საზრდოობს აგერ

უკვე რამდენი მილიარდობით საათია, კაცი ვერ მოთვლის.

მართა სახლის უკანა გასასვლელთან იდგა და ელოდებოდა ქმრის გამოსვლას.

დაღამდა და არ გამოჩენილა ღვთისო. არც ის უნდოდა ქმარი შეეწუხებინა.

შეწუხებაზე მეტად უადგილო და უაზრო საუბარს გაურბოდა. აღარ სიამოვნებდა

წიგნებზე ლაპარაკი. აღარ სიამოვნებდა ახალი იდეების მოსმენა. ეზიზღებოდა

ყველაფერი ის, რასაც მისი ქმარი აკეთებდა. მას სურდა სითბო. მას სურდა ის, რომ

გაეთვალისწინებინათ, ეგრძნოთ მისი არსებობა. მართას უყვარდა ღვთისო, მაგრამ

ღვთისოს ატანა მხოლოდ სიყვარულით აღარ შეიძლებოდა. მართას სურდა, რომ

ღვთისო ამას მისით მიმხვდარიყო და ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს. მაგრამ

მიხვდებოდა? ალბათ მიხვდებოდა, ოდესმე, მაგრამ ჯერ თავად უნდა მიმხვდარიყო

მართა, რომ ღვთისო ამას კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებოდა. ღვთისომ ნელ-ნელა

სიკვდილთან დაამეგობრა ეს ქალი. არადა მართას სიცოცხლე უყვარდა. არადა

მართას ბედნიერება უნდოდა. მართას ბევრი რამე უნდოდა, მაგრამ ვარსკვლავს,

რომელზეც დაიბადა, ყველაფერი დანანებოდა მისთვის. მართა კარგი ქალი იყო და

ისიც იცოდა, რომ ღვთისოს უფრო მეტი რამ წაართვა, წაართვა ან არ მისცა, ბედის

ვარსკვლავმა. თუმცა, ისევ და ისევ თუმცა, მართა რომ ღვთისოზე ფიქრობდა,

ღვთისო რატომ არ ფიქრობდა მართაზე და არ ითვალისწინებდა მას?

ბოლოს მართას მოთმინებამ უმტყუნა და ფრთხილად მიაკაკუნა ფარდულის

კარზე. ჯერ ერთხელ და შემდეგ უკვე გაბმულად. ღვთსოს ბუტბუტი შეწყდა. მერე

ნაბიჯის ხმა მოესმა მართას და კარი ფრთხილად გაიღო. თმები და წვერი უშნოდ

გასწეწვოდა ამ კაცს, უცხოს, სხვას, ახალს. ასე არც მაშინ გამოიყურებოდა, როდესაც

მათუსალეს ძილით ეძინა კომაში მყოფს. ეს სხვა ღვთისო იყო. ძველისგან

განსხვავებული. უცნობი. მართა ამ კაცს არ იცნობდა და ვერც გაიცნობდა, თუმცა

იქნებ ეს უნდოდა კიდეც. იქნებ სხვა სურდა. სხვასთან უნდოდა.

- მოვრჩი, - თქვა ღვთისომ, მაგრამ მართას არ აინტერესებდა რას მორჩა,

მისთვის ეს უცხო კაცი გახლდათ სასურველი და მთავარი.

ჩაეხუტა. აკოცა. ხელები შემოხვია და თითქოს ამით სამუდამოდ კლავდა ძველ

ღვთისოს და ეგებებოდა ახლას. მთელი ძალით ახრჩობდა ძველს. მისი ნასახის

დარჩენაც აღარ სურდა. და მართამაც ვეღარ გაუძლო, როცა საბოლოოდ ჩაკლა ძველი

კაცი, ჯერ იყო და აკანკალდა და მერე აქვითინდა, მერე აზლუქუნდა და ჩაიკეცა.

სველ მინდორში ეხუტებოდა და კოცნიდა მართას ღვთისო. და ეს არ ყოფილა

შორეული მოგონებების გამოძახილი. მართას თვალებიდან წამოსული სისველე

ტუჩებს სწვდებოდა და ამ ცრემლის, გაწეწილი წვერისა და სიხარულის მორევში

Page 27: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

27

ჩაძირული მგრძნობელობით კოცნიდნენ ისინი ერთმანეთს.

მერე იყო აზრზე მოსვლა, გამოღვიძება, სველი ბალახიდან წამოდგომა, სახლში

შესვლა, და ისევ ირაციონალური მგრძნობელობა: ტანისამოსის გახდა და

საძინებლამდე ძლივს მისვლა. ვნება, ცხოველი და შეუკავებელი. ვულკანივით

ერთიანად ამოხეთქვა ამ ვნებათა დიდი ხნის დაბმულობისა. ადამიანური ბუნების

ძახილი, ძახილი იმისა, რომ გამრავლება, გმრავლება, გამრავლება. და ამან თერთმეტ

წუთზე ბევრად მეტხანს გასტანა.

და იდგა ჟამი იგი მწუხრისა.

ახალ კაცთან სარეცელის გაყოფა ახალი ემოციებიც იყო და ახალი სიცოცხლეც.

მოკლედ, ყველაფერი იმის დაგვირგვინება, იმ ორი ტრანსცედენტალური

პარარელული ხაზის გადაკვეთა, რაც რომ ამდენი წელიწადია დამოუკიდებლად

მიედინებოდა. ახლა ეს ორი ხაზი შეერწყა ერთმანეთს, სინთეზირდა და ყოფაში

გაერთიანება მოახერხა, მაგრამ იყო კი ეს მარადიულად მოცემული სტატიკურობა თუ

ეფემერული, მოკლე დროში განსაზღვრული რაღაც წამიერი შემთხვევითობა? თუმცა,

ეს ხომ არა პარალელურის, არამედ უბრალოდ დამოუკიდებელი ხაზების გადაკვეთა

იყო და მეტი არაფერი.

იმ ღამით ცაზე მთვარე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და მერე ისევ ღრუბლებმა

გადაფარეს ზეცა. სადღაც შორიდან ძაღლის ყეფაც მოისმოდა. და სადღაც უფრო

შორიდან საპატრულო პოლიციისა თუ სასწრაფო დახმარების ავტომობილის

გოდებანარევი სირენის ხმა მოჰქონდა გაზაფხულის პირის ცივ სიოს. სადღაც უფრო

შორს კი, ძალიან, ძალიან შორს, სამყაროს რომელიღაც ნაწილში, იქ, ზემოთ თუ

ქვემოთ, უსასრულოდ გაფართოვებისა და მოძრაობის ხმა ფარავდა პატარა კომეტების

გზააბნეული ხეტიალისას გამოცემულ შიშინს.

დილით, ვიდრე გათენდებოდა, მართას ისე ტკბილად ეძინა, როგორც რომ

არასდროს. ღვთისოს კი ნაადრევად გამოღვიძებოდა. ძრწოლა აქამდეც ჰქონია მის

სულს, თუმცა ასეთიც არა. საძინებლის კართან იდგა და ფეხებისა და ხელების

კანკალით გაჰყურებდა საწოლზე შიშვლად მწოლიარე მეუღლის სილუეტს,

რომელსაც მცირედ თუ დაჰკრავდა გარედან შემოსული ელნათურის შუქი სხეულის

ამობურცულ ადგილებზე. მშვენიერი იყო ეს ქალი, ღვთაებრივად მშვენიერი.

კიბის საფეხურზე დამჯდარმა ჩაიცვა ტანსაცმელი. სახლის უკანა

გასასვლელიდან ეზოში გასულს სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო. ფარდულში

შესვლამდე მელკიადესის მოტანილ პერგამენტს მონუსხულივით აჰყურებდა.

გამიმხილე შენი საიდუმლო, გათქვი საიდუმლოო, ევედრებოდა, მაგრამ პერგამენტი

ჯიუტად არ იცვლიდა ნირს, არაფრით სურდა მოეხდინა სასწაული. ფარდულში

შესულმა გულში ჩაიხუტა თავისი - „უწმინდური წიგნები და ბილწი აზრები“. იქედან

გამობრუნებულმა კვლავ მელკიადესის პერგამენტს ახედა და ბუტბუტით შესთხოვა

იგივე:

Page 28: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

28

- ნუ შემიყვან შეცდომაში, გამანდე რას მიმზადებს ბედის განგება! ნუ იქნები

უგრძნობი, გამიმხილე შენი საიდმულო!

წუხანდელი წვიმისგან დანამული ბატკნის ტყავი მისტიკურად გაყურსულიყო.

დეკორატიულ ჭიშკართან შეჩერდა. კუგაბირელი ძირს დასვა და

შეჭირხლულსა და თრთვილმოდებულ ახლადწამოზრდილ ბალახს მიეალერსა. მალე

ყოჩივარდები წამოიზრდებოდნენ და კვლავ დამშვენდებოდა სახლის წინა ეზო.

კაკლის ხე მოიჭრა, ღვთისოც მიდიოდა, რჩებოდა მხოლოდ მართა და დეკორატიული

თეთრი ჭიშკარი, არა, პერგამენტსაც ტოვებდა ღვთისო და იმ ფარდულსაც,

მელკიადესის ხათრით რომ ააგებინა ბატონ აბესალომს. მაშ, რა გამოდის? გამოდის

ის, რომ სახლი ღირსებებისგან არ დაცლილა, პირიქით, ერთით მეტი შესძენია. ადრე

თუ მხოლოდ ორი იყო - დეკორატიული ჭიშკარი და გამხმარი კაკლის ხე, - ახლა უკვე

სამით დაიკვეხნიდა: დეკორატიული ჭიშკრით, ფარდულითა და ფარდულის კარზე

აჭედებული მელკიადესის საიდუმლო პერგამენტით. არის ამ ყველაფერში რაღაც

იმედისმომცემი და სწორედ ეს იმედის სხივი იყო, ღვთისოს რომ თვალებში

უკიაფებდა.

დასწვდა და აიღო კუგაბრიელი. შემდეგ კი, იმ განზრახვით, რომ სამუდამოდ

გასცდებოდა და ვეღარასდროს იხილავდა ამ ეზოს, თავის ცოლს, ქუჩასა და ქალაქს,

დეკორატიულ თეთრ ჭიშკარზე გადააბიჯა და უკანმოუხედავად წავიდა.

ატალახებულ ასფალტზე მიაბიჯებდა და აღმოსავლეთის ცის უკიდურეს

წერტილს უცქერდა, სადაც მზის ამოსვლასთან დაკავშირებული ფერთა თამაში

დაწყებულიყო.

Page 29: ერთი - Palitral...2 ჩავთვლით გაზაფხულის გრილ სიოს, ვერხვის ფოთოლივით რომ უთრთოლებდა

29